"ბერის ცოდნით ისე მოხიბლულა, რომ ის თავის მრჩევლადაც დაუნიშნავს და თან წაუყვანია" - ქართული სასკოლო განათლება მე-12 საუკუნეში - კვირის პალიტრა

"ბერის ცოდნით ისე მოხიბლულა, რომ ის თავის მრჩევლადაც დაუნიშნავს და თან წაუყვანია" - ქართული სასკოლო განათლება მე-12 საუკუნეში

XI-XII საუკუნეები კავკასიაშიც და ევროპაშიც საუნივერსიტეტო/სასკოლო მოძრაობის ეპოქაა. შეხვდა თუ არა ამ ეპოქაში ევროპული და ქართული სასკოლო ტრადიცია ერთმანეთს? საკითხი ასე ჯერ არ დასმულა.

გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ დაარსებულ პეტრიწონის მონასტერში ფუნქციონირებდა ქართული სკოლა, აქვე მოღვაწეობდა ჩვენი ინტელექტუალური გიგანტი და პედაგოგი იოანე პეტრიწი.

1189 წელს ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიმავალმა საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ ბარბაროსამ ბულგარეთზე გავლისას მიიღო პეტრიწონელი ქართველი ბერები. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდრიხს მართლმადიდებელი სამღვდელოება სძულდა, იგი არნახული პატივით შეეგება ქართველ ბერებს. ანსბერტუს ავსტრიელის მიხედვით, ის დიდხანს ესაუბრებოდა ერთ-ერთ ქართველ ბერს. ფრიდრიხი მისი ცოდნით ისე მოხიბლულა, რომ ის თავის მრჩევლადაც დაუნიშნავს და თან წაუყვანია.

ეს პეტრიწონელი ბერი, იმავდროულად, პეტრიწონის დიდი ქართული სკოლის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თავად ფრიდრიხი კი ევროპული საუნივერსიტეტო კულტურის ემბლემური ფიგურაა, ცნობილია, რომ სწორედ მან გასცა სტუდენტთა პირველი ავთენტიკა. აღრიცხული მაქვს ხუთამდე შერეული, ქართულ-ლათინური სამონასტრო საძმო, ასეთი ახლო შეხვედრები კი ქმნიდა მრავალმხრივ შესაძლებლობას ძველი ევროპული და ქართული სასკოლო ტრადიციების შესახვედრად. წმინდა მიწაზე ერთმანეთს კვეთდა ნიკოლაოზ კათალიკოსის გელათური და უილიამ ტვიროსელის პარიზული განათლება.