ქართველი ბერების ფლოტილია ათონის მთასთან - კვირის პალიტრა

ქართველი ბერების ფლოტილია ათონის მთასთან

ივერონის ქართველთა მონასტერს მე-12 საუკუნეში ჰყავდა საკუთარი ხომალდები და ხომალდის მშენებლები, რომელშიც დასავლეთევროპელი მეზღვაურებიც მსახურობდნენ.

158-ე აღაპი იუწყება, რომ როდესაც ქართველთა წინამძღვარი მთავარმამა პავლე (თამარ მეფის თანამედროვე) გადადგა, ახალმა მთავარმა, გიორგიმ გადაიბარა მონასტრის მთელი ქონება, მათ შორის, ხომალდები, "სრული, ყველანაირი აღჭურვილობით", აქვე აღნიშნულია, რომ მონასტრის კუთვნილი მამულებიდან (პოროსში) ლობერდმა ხომალდით 300 პერპერას ღირებულების კანაფიც ჩამოიტანა.

ქართველთა სამსახურში მყოფ ამ ევროპელ მეზღვაურს ქართველი ბერები მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აკისრებენ, ჩანს, ენდობიან.

ჯვრის მონასტრის აღაპები ამავე ეპოქაში ევროპელ შემომწირველთა შორის მოიხსენიებენ ციცილიას (სესილიას) და ხსენებულ ლობერდს/ლომბარდს. ვინ იცის, იქნებ ლობერდი იმ ,,ფრანგ მენავეთაგანია, რომელიც ნიავკეთილობასა შინა თამარის ქებათა მელექსეობდინ".

ლომბარდის გარდა, ამავე პერიოდში ქართველთა მონასტერში მსახურობდნენ სხვა დასავლეთევროპელი ბერებიც, ათონელი ბენედიქტელების - მორფიტის მონასტრიდან ბერი იანიკ ამალფიტი ქართველთა მონასტერში შევიდა მაშინ, როცა ბერძნებს ქართველთა მონასტერი სასტიკად ჰქონდათ შევიწროებული, ერთგული სამსახურისთვის მთავარმამა პავლემ თავისი ხელით გაუჩინა აღაპი იანიკს:

,,თუესა დეკენბერსა ლ, დღესასწაულსა წმიდისა.... (ვერ ვკითხულობ) განვუწესეთ აღაპი ესე ძმასა ჩუენსა იანიკსა მორფიტიან ყოფილსა, მრავალთა ჟამთა მსახურებისათვის და შემდგომად სიკვდილისა მისისა პერპერა მ (40) [დაგუიტევა]. აღესრულებოდეს ყოვლითა გულმოდგინებითა".

ამალფიელმა ბენედიქტელებმა ათონზე მონასტერი დააარსეს სწორედ ქართველთა დახმარებით, კარგადაა ცნობილი ლეო რომაელის და გაბრიელ ქართველის ლეგენდად ქცეული მეგობრობაც, ევროპელი ბერები მეგობრობდნენ ქართველ ათონელებთან გიორგი მთაწმინდელის დროსაც.

ივერონის ქართველთა მონასტერში შემონახული ბალავარიანის ძველფრანგული თარგმანის ფილოლოგიური ანალიზიდან ირკვევა, რომ ქართველთა მონასტერში უნდა ყოფილიყო სხვა, ფრანგი ბერიც, რომელმაც ქართველ ბერთან ერთად ძველფრანგულად თარგმნა ბალავარის და იოდასაფის სიბრძნე, თარგმანმა დიდი გავლენა იქონია ძველი ფრანგული ლიტერატურის განვითარებაში.