"ხაბიბს პირადად დაურეკეს, ომის მხარდასაჭერ განცხადებას სთხოვდნენ" - როგორ და რატომ დასაჯა კრემლმა UFC-ის ჩემპიონი?
რუსეთის ოფიციალური პირების მიერ UFC-ის ყოფილი ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის საჯარო კრიტიკა შესაძლოა, უკრაინის ომთან დაკავშირებით მის პოზიციას უკავშირდებოდეს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რუსულმა დამოუკიდებელმა მედია "პროექტმა"საგამოძიებო ვიდეო გამოაქვეყნა.
გამოძიების მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ნურმაგომედოვს დაურეკეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და სთხოვეს გამოეთქვა მოსაზრება რუსეთის სასარგებლოდ და ომის მხარდამჭერი განცხადება გაეკეთებინა. ამის შესახებ სპორტსმენთან დაახლოებული წყარო ანონიმურობის დაცვის პირობით ჰყვება.
წყაროს ცნობით, ნურმაგომედოვმა პირადად მიიღო ზარები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანტონ ვაინოსა და მისი პირველი მოადგილის, სერგეი კირიენკოსგან, მაგრამ სპორტსმენმა მათი მიმართვები უგულებელყო.
როგორც "პროექტის" ვიდეოშია აღნიშნული, ნურმაგომედოვს არასდროს გაუკეთებია კომენტარი რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ხაბიბი საჯაროდ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს და საჯაროდ სთხოვა მას "შეაჩეროს ომი პალესტინაში. "ამ საუბარმა შესაძლოა კრემლში ხაბიბის მიმართ დამატებით უკმყოფილება გამოიწვია", - ამბობს ხაბიბთან დაახლოებული პირი.