"ჯერ კიდევ ვიღვიძებ ჯოჯოხეთური კოშმარისგან" - ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც პუტინმა რუს პატიმრებში გაცვალა, რუსეთის ციხეში გატარებულ დღეებს იხსენებს
ჟურნალისტმა ალსუ კურმაშევამ გასულ კვირას პატიმართა გაცვლის დროს, რუსული ციხიდან გათავისუფლება "კოშმარისგან გაღვიძებას" შეადარა.
47 წლის ამერიკის მოქალაქემ CNN-ის ჟურნალისტს, ჯეიკ ტეპერს განუცხადა, რომ “ჯოჯოხეთურ რუსულ ციხეში ყოფნის ცხრა თვის შემდეგ, როდესაც აშშ-ს მიწაზე დაბრუნდა, ახლა ისე ექცევიან, როგორც ადამიანს“.
"ჯერ კიდევ ვიღვიძებ იმ კოშმარისგან. შეგრძნება მქონდა, რომ 10 თვის წინ ჩამეძინა და ახლა ვიღვიძებ", - თქვა ორი შვილის დედამ აშშ-ში, ოჯახში დაბრუნების შემდეგ.
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ჟურნალისტი რუსეთში, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს და მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თუმცა, ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს მან და მისმა დამსაქმებელმა მედიამ.
კურმაშევა საბოლოოდ გასულ ხუთშაბათს Wall Street Journal-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩთან და თანამემამულე ამერიკელ პოლ უელანთან ერთად გაათავისუფლეს. ეს იყო “ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დიდი პატიმრების გაცვლის პროცესი, რომელიც შედგა.
ჟურნალისტთან საუბრისას კურმაშევამ გაიხსენა, რომ თავდაპირველად “არ იცოდა რა ხდებოდა“.