"მოვკვდები? მოვასწრებ ჩემს ახლობლებთან მისვლას?" - ისრაელი დიდი ომისთვის ემზადება - რეპორტაჟი მიწისქვეშა საავადმყოფოდან
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა დღითი დღე იზრდება. ისრაელი ირანისგან და მისი მოკავშირე „ჰესბოლასგან“ დარტყმას ყოველ წამს ელოდება. "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის მკვლელობის შემდეგ ირანმა განაცხადა, რომ ის საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. ისრაელში შიშობენ, რომ, პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი აღმოჩნდება, უფრო ზუსტად კი - ქალაქი ხაიფა, სადაც ომის დაწყების მოლოდინში საავადმყოფოები განათავსეს. როგორც BBC-ის სტატიაში ვკითხულობთ, ისრაელის ჩრდილოეთით, ქალაქ ხაიფაში უდიდესი მიწისქვეშა საავადმყოფოა მოწყობილი.
საავადმყოფოს ჩაბეტონებულ კედლებს მიღმა კი ათასობით ლოგინია განთავსებული. აქ საოპერაციო და სამშობიარო ბლოკებია, ასევე, უამრავი საჭირო ნივთი, თუმცა პაციენტები ჯერ არ არიან.
სამედიცინო ცენტრმა „რამბამმა“ ეს ბუნკერი ისრაელსა და „ჰესბოლას“ შორის ომის შემდეგ, 2006 წელს ააგო. სამშვიდობო პერიოდში ადგილი ავტოსადგომად გამოიყენება, თუმცა მისი გადალაგება და ფუნქციის შეცვლა სამ დღეშია შესაძლებელი.
2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ობიექტი საომარ მზადყოფნაშია.
ობიექტი 2-ათასზე მეტ საწოლზეა გათვლილი. ისრაელზე სერიოზული თავდასხმის შემთხვევაში, მას შეუძლია მიიღოს პაციენტები სახმელეთო სამედიცინო ცენტრებიდან და სხვა ახლო მდებარე საავადმყოფოებიდანაც. აქ მოიძებნება ადგილი დაჭრილთა სამკურნალოდაც.
რამდენიმე დღის წინ, ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და „ჰესბოლას“ მეთაურის - ფუად შუკრას მკვლელობის შემდეგ, რეგიონში ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების საშიშროება უფრო გაიზარდა. ექიმები აღნიშნავენ, რომ ისინი მზად არიან, თუ მოწინააღმდეგე ჰაიფას თავს დაესხმება.
„როდის მოხდება ეს? არავინ იცის. ბევრს ვსაუბრობთ ამ საკითხზე“, - ამბობს ექიმი ავი ვაისმანი, სამედიცინო ცენტრის დირექტორი.
საავადმყოფოდან ქალაქსა და პორტზე უმშვენიერესი ხედი იშლება, თუმცა ლიბანთან სიახლოვე და „ჰესბოლას“ რაკეტები ქალაქს დაუცველს და სუსტს ხდის. ადგილობრივი მოსახლეობა კი უკვე შეეჩვია საწვრთნელი განგაშის ხმას. სკოლის მოსწავლეებს კი რეგულარულად ამეცადინებენ, რა უნდა გააკეთონ თავდასხმისას.
BBC-ის ჟურნალისტი ქალაქში მცხოვრებ წყვილს ესაუბრა, რომელთაც ქალაქში არსებული მდგომარეობა აღწერეს:
„ეს ნელი მოქმედების ბომბს ჰგავს, ნებისმიერ დროს შეიძლება გაისმას განგაშის ხმა. მოვკვდები თუ - არა? მოვასწრებ ჩემს ახლობლებთან მისვლას?“, - აღნიშნავს ქალი.
ჰაიფას მერი იონო აჰავუ კი ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ ღამით უძილობა აწუხებს. ის ქალაქის 2006 წლის ომის დროსაც ხელმძღვანელობდა.
„ძალიან მაბრაზებს ეს ყოველივე, ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უფრო და უფრო საგანგაშოა. ლიდერები მხოლოდ ბრძოლაზე, ნგრევასა და მკვლელობაზე წუხან, იმის ნაცვლად, რომ აშენონ“, - აღნიშნავს ქალაქის მერი.
როგორც ამბობენ, ჰაიფა „შერეული ქალაქია“, აქ ისრაელელ ებრაელებთან ერთად ისრაელელი არაბები ცხოვრობენ და მერის განცხადებით, ამ მშვიდობიანი საზოგადოებისთვის ეს კონფლიქტი უფრო მტკივნეულია.