როდის დაიწყო რეალურად საქართველო-რუსეთის ომი და მთავარი შეცდომა, რომელიც საბედისწერო გამოდგა
დადგა 8 აგვისტო - შესრულდა 16 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან და ქართულ პოლიტიკაში, ტრადიციულად, კვლავ იმის გარჩევები გაიმართა, დაიწყო თუ არა პირველმა ომი რუსეთმა და როდის - 8 თუ 7 აგვისტოს?
დიახ, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება არათუ 8 ან 7 აგვისტოს, არამედ - რამდენიმე დღით ადრეც, როდესაც ნაღმზე ქართული პოლიციის მანქანა აგვიფეთქეს თუ ტანკსაწინააღმდეგო „ფაგოტი“ ქართველი „ცისფერჩაფხუტიანების“ ოფიციალურ პოსტს ესროლეს, რაც კონფლიქტის ზონაში ქართულ სამშვიდობო ძალებზე ღია თავდასხმად უნდა შეფასებულიყო...
მაგრამ მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა - აგვისტოს ომისდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკურო ლიდერებო, სამხედრო და საპოლიციო სტრუქტურების სხვადასხვა დონის ხელმძღვანელებო და მეთაურებო, რომლებმაც ამ ომამდეც, ომის დროსაც და ომის შემდგომ პერიოდშიც, თქვენი ქმედება-უმოქმედობით, ხშირ შემთხვევაში, საბედისწერო შეცდომები დაუშვით, რაც ობიექტურად არ გამოძიებულა და, შესაბამისად, კანონის ფარგლებში არავის დაუსჯიხართ, იოტისოდენა სინდისის ქენჯნას მაინც თუ გრძნობთ იმაზე, რაც 16 წლის წინ საქართველოს თქვენს გამოც დაემართა?
მე, მაგალითად, ვაღიარებ ჩემს სინანულს, როგორც სამხედრო ჟურნალისტი - აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე მაშინდელი ხელისუფლების ორი მაღალჩინოსნის კაბინეტებში ერთი ერთზე შეხვედრისას - „არა პრესის“ ფორმატით, ჩემი, როგორც აფხაზეთის ომგამოვლილის დაჟინებულ კითხვაზე, - გაქვთ კი მტკიცე გარანტია, რომ რუსეთი არ ჩაერევა-თქო? მარწმუნებდით, რომ რუსეთის თემა მოგვარებული იყო და მეც „კვირის პალიტრის“ მრავალათასიანი მკითხველის აუდიტორიას შევთავაზე სტატია (რა თქმა უნდა, დეტალების დაკონკრეტების გარეშე), რომ დადგა საუკეთესო მომენტი, როდესაც საქართველოს შეუძლია, დაიწყოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აქტიური ქმედებები - ძალით დაკარგულს ძალით იბრუნებენ-თქო...
მაგრამ 8 აგვისტოს, შუადღისას, სოფელ ერგნეთში ორსართულიანი კერძო სახლის სახურავზე ამძვრალს, უკეთესად რომ დამენახა, თუ როგორ მიმდინარეობდა ბრძოლები ორიოდე კმ-ში, ცხინვალის ქუჩებში, თავზე 30-50 მ-ის სიმაღლეზე გამაყრუებული გრუხუნით ორმა მოიერიშე თვითმფრინავმა გადამიფრინა - მიმყოლ მოიერიშეს კუდის ვერტიკალურ ფრთასხმულობაზე რუსეთის სამფეროვანი დროშა დიდად ეხატა - ანუ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და ის, რასაც მარწმუნებდნენ ცოტა ხნით ადრე თბილისში, მაღალჩინოსნების კაბინეტებში, - რუსეთი არ ჩაერევაო, - უბრალო ტყუილი აღმოჩნდა, რამაც საშვილიშვილო პრობლემები დაუტოვა ჩვენს საქართველოს...
არ გამოვრიცხავ, იმდროინდელ ხელისუფლებაში შეიძლება თავადაც სჯეროდათ, რომ რუსეთის ფაქტორი მოაგვარეს და თავადაც მოტყუებულნი აღმოჩნდნენ, კრემლის მხრიდან, მაგრამ ეს ხომ არ ათავისუფლებს მათ პასუხისმგებლობისგან, მით უმეტეს - მორალური თვალსაზრისით?