გეოპოლიტიკური პარადოქსი ანუ როდესაც მრისხანე იარაღი გამარჯვების საწინდარი არ არის - რა ავიწყდებათ ძლიერი ქვეყნების მმართველებს?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური პარადოქსი ანუ როდესაც მრისხანე იარაღი გამარჯვების საწინდარი არ არის - რა ავიწყდებათ ძლიერი ქვეყნების მმართველებს?!

„თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკას ორი ტენდენცია განსაზღვრავს: პირველი - მაღალტექნოლოგიური იარაღის მასობრივი გამოყენება და მეორე - პატარა ერებისა და ხალხების წინააღმდეგობა ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჰეგემონების მიმართ. ამჟამად ეს ორი ტენდენცია ერთმანეთს ეჯახება და წარმატებას ისინი მიაღწევენ, რომლებიც სწორ ლავირებას შეძლებენ ორ უკიდურესობას შორის“, - ნათქვამია ამერიკული ჟურნალის - „ფორინ პოლისის“ (Foreign Policy) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ორი საერთაშორისო ტენდენციის შეჯახება: მსოფლიოს ლიდერებს ახალი წესრიგის წინააღმდეგობების შესწავლა და მათი გადალახვა მოუწევთ“ (ავტორი - სტივენ უოლტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი).

იმ, ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი, კამალა ჰარისი და სხვა ამბიციური მსოფლიო ლიდერები მომმართავენ რჩევისთვის, საგარეო პოლიტიკურ საკითხებში, მოხარული ვიქნები, რომ შემთხვევა მომეცემა მათთან მრავალი მომენტის განსახილველად. პირველ რიგში, ვისაუბრებთ ჩინეთთან ურთიერთობაზე, ღაზას სექტორში და, საერთოდ, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე, პროტექციონისტული პოლიტიკის უგუნურებაზე, კლიმატის ცვლილებებზე, საფრთხის შეკავებისა და დაბალანსების პოლიტიკის აუცილებლობაზე და მრავალ საკითხზე. მაგრამ დავიწყებდი იმით, რომ მათ მივუთითებდი, ყურადღება გაამახვილონ მსოფლიოს ორ კონკურირებად ტენდენციაზე, რომელთა ფესვები ათწლეულებისა და ასწლეულების სიღრმეში მიდის. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, მაგრამ ერთმანეთზეც ზემოქმედებენ და რომელი ლიდერიც ამას ვერ შენიშნავს და ვერ შეაფასებს, მათი ქვეყნები ჭეშმარიტ გზას აცდება.

პირველი ტენდენცია თანამედროვე იარაღის შორსმოქმედებაში, სიზუსტესა და ლეტალობაშია (მომაკვდინებლობაში) - თუ დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ ავიაცია მხოლოდ ჩასახვით მდგომარეობაში იყო, ხოლო არტილერია დიდი სიზუსტით არ გამოირჩეოდა და მათი მოქმედების რადიუსი შეზღუდული იყო (მტრისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად საჭირო იყო არმიების განადგურება და ქალაქების ალყაში მოქცევა), დღეს ზუსტი იარაღის მფლობელი სახელმწიფო მოხერხებულად ანადგურებს მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქს, რომელიც მისგან ასეული კილომეტრით არის დაშორებული. რომელიმე კონკრეტული მოწინააღმდეგე პიროვნების ლიკვიდაცია შორიდან ზუსტი რაკეტებისა და დრონის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, კიბერშეტევების დროს პლანეტის ერთი წერტილიდან ანუ ათასობით კილომეტრის სიშორიდან, პლანეტის მეორე წერტილში მდებარე მილიონიანი ქალაქის ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანაც შეიძლება. ერთი სიტყვით, ზოგიერთი სახელმწიფოს უნარმა მეორის გასანადგურებლად ჭეშმარიტად გლობალური მასშტაბები შეიძინა.

მეორე ტენდენციას სრულიად სხვა ხასიათი აქვს: ადამიანთა იდენტურობისა და ლოიალობის ადგილობრივი ფორმების, განსაკუთრებით კი - ეროვნული ერთიანობის სტაბილურობისა და პოლიტიკური მნიშვნელობის გაძლიერება. ბოლო 500 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა იდეა, რომლის თანახმად, ადამიანები საერთო ენისა და კულტურის, ეთნიკური კუთვნილების ნიადაგზე ქმნიან თვითმართვად ხალხებს, ერებს და ისინი არც ერთი უცხო ძალის მიერ არ უნდა იყვნენ დამონებულნი. სწორედ ამ მიზეზების გამო დაიშალნენ მრავალეროვნული ავსტრია-უნგრეთის, ოსმალეთის იმპერიები, 1918-1922 წლებში, მოგვიანებით კი - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პორტუგალიისა და ესპანეთის კოლონიური იმპერიები, ბოლოს კი - საბჭოთა კავშირი, თავის ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციით. მცირე ხალხებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს.

როგორც კი მოსახლეობაში ეროვნული იდენტურობის გრძნობა ძლიერდება (ამ პროცესს პოლიტიკური დაჯგუფებები, რელიგიური ლიდერები და მთავრობები ზოგჯერ ხელოვნურად აჩქარებენ), ადამიანები მზად არიან, შეეგუონ უდიდეს მსხვერპლს, „წარმოსახვითი ერთიანობის“ სახელით. მაგალითად, ჩრდილოეთ ვიეტნამის მოსახლეობა ებრძოდა ჯერ იაპონელებს, შემდეგ - ფრანგებს და ბოლოს - ამერიკელებს, რათა გაერთიანებულიყვნენ სამხრეთთან და ერთიანი სახელმწიფო შეექმნათ. ავღანელმა მოჯაჰედებმა აიძულეს საბჭოთა კავშირი 1989 წელს, რომ მოსკოვს ჯარი ავღანეთიდან გაეყვანა, მოგვიანებით კი, 2021 წელს, იგივე დაემართა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. დღეს შედარებით სუსტი უკრაინა, რომელიც ეროვნული იდენტობით არის გაძლიერებული, წინააღმდეგობას უწევს და მსხვერპლად ეწირება მათზე ბევრად უფრო ძლიერ რუსეთს, ხოლო ისრაელის მუდმივი დაბომბვები ღაზას სექტორში, როგორც ჩანს, „ჰამასს“ უფრო აძლიერებს.

ყოველივე ასეთი მოქმედების შედეგად იქმნება ერთგვარი პარადოქსი: ტექნოლოგიურად განვითარებულ და ძლიერ სახელმწიფოებს ყველაფერი აქვთ მოწინააღმდეგის დისტანციურად გასანადგურებლად, მაგრამ ამგვარი დამანგრეველი უნარის ქონა მათთვის არც მტკიცე პოლიტიკური გავლენისა და არც სტრატეგიული გამარჯვების მომტანი არ არის. აშშ 1992-2010 წლებში ერაყის ცას მთლიანად აკონტროლებდა და ნებისმიერ მომენტში შეეძლო მოწინააღმდეგეების განადგურება, მაგრამ უდიდესი ტექნიკური შესაძლებლობაც კი ვერ დაეხმარა ამერიკას, რომ პროირანული მოლაშქრეები დაემარცხებინა და ერაყის განვითარების პოლიტიკური კურსი თვითონ განესაზღვრა.

ეს ორი ტენდენცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველით სარგებლობა მეორეს აძლიერებს. წარსულში ავიაციის თეორეტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო მოსახლეობის მორალურ სულს ძირს გამოუთხრიდნენ და მოწინააღმდეგეს დათმობებს აიძულებდნენ, მაგრამ როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, დაბომბვები და ნგრევა მოსახლეობის სულს უფრო აძლიერებს, ადამიანები ერთიანობისაკენ მიილტვიან და წინააღმდეგობის სული უფრო მტკიცდება. მტრის მხრიდან ტკივილის მიყენება ადამიანში უკურეაქციას ბადებს, თანაც - ასმაგად გაზრდილს. უკრაინის დაბომბვით რუსებისა და უკრაინელების „ერთიანობის“ იდეა გაცამტვერდა. იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ომი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსებსა და უკრაინელებს შორის ისეთი დიდი მტრობა გააჩინა, რომელიც მრავალი ათწლეულის განმავლობაში არ გაქრება.

რატომ მსურს, რომ ამბიციურ ეროვნულ ლიდერებს ამ ორი ტენდენციის შესახებ ვესაუბრო? იმიტომ, რომ ძლიერი სახელმწიფოების ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ისინი, თავიანთი ბომბებით და რაკეტებით მცირე ქვეყნებს „შიშით დაშოკავენ და აათრთოლებენ, პირობებს უკარნახებენ. ეს აზრი მიმზიდველია, რადგან საკუთარი მოქალაქეებისათვის რისკი მინიმუმამდე მცირდება, მაგრამ, იმავდროულად, მაცდურია: სამწუხაროდ, აფეთქებებითა და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილით ის მთავარი პოლიტიკური პრობლემები, რომელთა გამოც ომები იწყება, არ მოგვარდება. შეხედეთ იმ სასაკლაოს, რომელიც ისრაელმა ღაზაში მოაწყო, ბოლო 10 თვის განმავლობაში. გასაგებია, რომ ისრაელმა თავი უნდა დაიცვას და ამისათვის იარაღი უნდა გამოიყენოს, მაგრამ ნუთუ ვინმეს სერიოზულად სჯერა, რომ მილიონობით პალესტინელი უარს იტყვის თვითმმართველობის (ავტონომიის) უფლებაზე? ზუსტად იგივე მოხდება მეორე მხარეს: დღეს „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ უფრო მეტი იარაღი და შესაძლებლობა აქვთ, წინააღმდეგობა გაუწიონ ისრაელს, ვიდრე 20 წლის წინ ჰქონდათ. განა ისრაელი მათ კაპიტულაციას აიძულებს?

ცხადია, მე არ ვამბობ იმას, რომ თანამედროვე ძლიერი იარაღის - ავიაციისა და სარაკეტო ტექნიკის მფლობელი სახელმწიფო მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევს, მაგრამ მხედველობაში უნდა გვქონდეს ხელშემწყობი მომენტებიც. მაგალითად, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოსა” და მისი ხალიფატის განადგურებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ერაყისა და ირანის სახმელეთო ძალებმაც, თავის მხრივ, წარმატებას მიაღწიეს.

რასაკვირველია, მე-19 საუკუნის 20-30-იანი წლების სამხედრო თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი მართალი იყო, როცა ამბობდა - ომი პოლიტიკის გაგრძელება არისო, მაგრამ ამა თუ იმ სახელმწიფოსათვის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მხოლოდ ერთი დამანგრეველი პოტენციალის არსებობა არასაკმარისია. წარმატება, პირველ რიგში, დამოკიდებულია რეალისტურ მიზნებზე და ყოველი სახელმწიფოს თვითმმართველობის უფლების აღიარებაზე. ყოველი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბომბების მეშვეობით გაიკვლევს გზას გამარჯვებისაკენ, მას ქვეყნის მართვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ყველა მოიგებდა იმით, რომ დედამიწაზე უფრო მეტი ისეთი ლიდერი იყოს, ვინც ამ ჭეშმარიტებებს აღიარებს და გააცნობიერებს.

წყარო