"ქმარ-შვილზე მგლოვიარე ქალი რუსებსა და აფხაზებს ტყვეობაში ჰყავდათ, 8 წლის ქალიშვილთან ერთად... ვაჟიშვილი ოდესაში, ერთ უკრაინულ ოჯახში იპოვა და შინ ზუსტად მის დაბადების დღეს დააბრუნა" - კვირის პალიტრა

"ქმარ-შვილზე მგლოვიარე ქალი რუსებსა და აფხაზებს ტყვეობაში ჰყავდათ, 8 წლის ქალიშვილთან ერთად... ვაჟიშვილი ოდესაში, ერთ უკრაინულ ოჯახში იპოვა და შინ ზუსტად მის დაბადების დღეს დააბრუნა"

"კოკას ყველაზე კარგად ის გემი დაამახსოვრდა, რომლითაც საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა, ხშირად ხატავდა და სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის გემი კოკამ აზოვში იპოვა..."

უკრაინელების გადარჩენილი ქართველი, რომელიც უკრაინისთვის ბრძოლას შეეწირა

"შენს სამშობლოს ჩრდილად უნდა დაჰყვებოდე იქ, სადაც სტკივა..." - ეს სიტყვები აგვისტოს ომის მონაწილემ და უკრაინაში გმირულად დაღუპულმა კოკა ლაშხიამ იმ ფოტოს მიაწერა, რომელიც საკუთარ ჩრდილს გადაუღო. დღეს ეს ფოტო უკრაინელი მეგობრებისთვის აგვისტოს ომისა და ქართული ტრადიციების სიმბოლოა. ისინი მადლობას უხდიან კოკას მეგობრობისა და თავდადებისათვის.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ახალგაზრდა ქალი 8 წლის შორენასა და 2 წლის კოკასთან ერთად შინ მარტო იყო. მეუღლე - ქალაქის მთავარი პროკურორი და უფროსი ვაჟი - ჟიული შარტავას პირადი დაცვის წევრი ქალაქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში იყვნენ ჩართულნი და შინ დარჩენილი ოჯახის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ. ქალაქის პროკურორმა მეუღლეს დაურეკა და სთხოვა, გამბედაობა მოეკრიბა, ბავშვები სახლიდან გამოეყვანა და როგორმე გემამდე მისულიყო..."

0c08f27d-38be-4a6a-ad5a-72464d19143b1-1723100997.jpeg

"დედა დიდხანს წვალობდა, რომ სანაპიროზე მოზღვავებულ ხალხში გზა გაეკვალა და როგორმე, ორ შვილთან ერთად გემზე ასულიყო, მაგრამ ამაოდ... გამწარებულმა ქალმა ისღა მოახერხა, რომ უმცროსი - 2 წლის შვილი გემბანიდან გადმოხრილ უკრაინელ სამხედროს მიაწოდა, თავად კი უფროს ქალიშვილთან ერთად ომის ქარცეცხლში გახვეულ ქალაქში დარჩა...."

"თითქმის ერთი წელი ჰყავდათ ტყვეობაში რუსებსა და აფხაზებს ქმარ-შვილზე მგლოვიარე ქალი, 8 წლის ქალიშვილთან ერთად. ჯოჯოხეთური ერთი წლის შემდეგ, დედა-შვილი ქართულმა მხარემ "წითელი ჯვრის" დახმარებით გაათავისუფლა. ქალმა თბილისში ჩამოსვლისთანავე ვაჟიშვილის ძებნა დაიწყო..."

"ვაჟიშვილი იმ ავბედითი დღიდან ერთი წლის შემდეგ, ოდესაში, ერთ უკრაინულ ოჯახში იპოვა და შინ ზუსტად მის დაბადების დღეს, 1-ლ სექტემბერს დააბრუნა. როგორც შორენა ლაშხია იხსენებს, კოკა თურმე ხშირად ხუმრობდა, ორჯერ ვარ დაბადებულიო... უცნაურია, მაგრამ კოკას ყველაზე კარგად ის გემი დაამახსოვრდა, რომლითაც საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა. დეტალურად ახსოვდა ყველაფერი და ხშირად ხატავდა. კიდევ ერთი უცნაური ამბავი ის არის, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის გემი კოკამ აზოვში იპოვა..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 8 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე