"2008 წელს "ნაცმოძრაობის" ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა, ომი არ იქნებოდა"
2022 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, 2008 წელი განმეორდებოდა და პირიქით, 2008 წლის აგვისტოში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა - ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ და საერთაშორისო სასამართლოში ომის გამოძიება საქართველოს მხარეს შემოაბრუნა.
„ქართული ოცნების” მცდელობით, პრაქტიკულად უიმედოდ მიშვებული საქმეები, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში შემოვაბრუნეთ და ორივეგან საქართველომ გაიმარჯვა. სტრასბურგმა აღიარა, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი აქვს ამ ტერიტორიებზე [აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი], ანუ ოკუპაცია აღიარა. ჰააგამ აღიარა, რომ ომის დანაშაულები მხოლოდ რუსეთის მხრიდან იქნა ჩადენილი. მაშინდელ სეპარატისტულ რეჟიმის წარმომადგენლებზე გაცემული არის დაპატიმრების ბრძანებები და მათ შორის გენერალ ბორისოვზე, რომელიც ახლა გარდაცვლილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ბრძანება გასცა და მისი დანაშაულები ამით აღიარა.
არ დაგვავიწყდეს, თარიღებზე როდესაც საუბრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ხასიათი იმ რეზოლუციის მხარდაჭერაში გამოიხატა, რომელიც ევროსაბჭომ ომის გამოცხადებიდან რამდენიმე ხანში მიიღო, რომელშიც ისინი პირდაპირ ადანაშაულებენ ქართველ, ომ გამოვლილ ჯარისკაცებს, ომის დანაშაულში. ამით ფაქტობრივად საფუძველს უქმნიდნენ, რომ საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი ჯარისკაცები გასამართლებულიყვნენ. ეს გააკეთეს მათ 2008 წელს. არამხოლოდ დანაშაული აქვთ ომთან დაკავშირებით, ასევე იმ ომში დაღუპულები მიატოვეს და შემდეგ ეკლესიას მოუწია დაღუპულების გადმოსვენება, მიატოვეს სამოქალაქო მოსახლეობა, როდესაც გაგანია ომში არაფერი არ გააკეთეს, თითი თითზე არ დააკარეს, რომ ომში ჩარჩენილი მოსახლეობა გარეთ გამოეყვანათ. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს, რომ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომ ომ გამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი, რომელმაც ბოლოს დაადგინა, რომ არცერთ ქართველ ჯარისკაცს არ მიუძღვის რაიმე წვლილი საომარ დანაშაულში და რუსეთის არმია იყო ის, ვინც ომის დანაშაულს ჩადიოდა. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია გამოძიებულ იყოს ყველა დეტალი.
2022 წლის თებერვალში“ ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, განმეორდებოდა 2008 წელი, და პირიქით, 2008 წლის აგვისტოში, რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება, ომი არ იქნებოდა. არ იქნებოდა 400-ზე მეტი დაღუპული ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, არ იქნებოდა 125 დაკარგული სოფელი, არ იქნებოდა 1700-ზე მეტი დაჭრილი ადამიანი, არ იქნებოდა დამოუკიდებლობების აღიარებები და ასე შემდეგ. ზუსტად ეს უნდა გამოვიძიოთ, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"