იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე
იაპონიის სამხრეთ სანაპიროზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოიწვია, - ამის შესახებ იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა.
უწყების ცნობით, სერიოზული დაზიანების ნიშნები არ ყოფილა.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდა იყო და მისი ცენტრი იაპონიის სამხრეთ კუნძულის, კიუშუს აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 30 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრამ ყველაზე ძლიერად მიაძაკის პრეფექტურაში ქალაქ ნიჩინანს და მიმდებარე ტერიტორიებს დაარტყა.
სეისმოლოგებმა საგანგებო შეხვედრა გამართეს იმის გასაანალიზებლად, იმოქმედა თუ არა მიწისძვრამ ახლომდებარე ნანკაის ღრმულზე, რომელიც წარსულში დამანგრეველი მიწისძვრების წყარო იყო.
ამასთან, კიუშუსა და შიკოკუზე ატომური სადგურების ოპერატორებმა განაცხადეს, რომ ამოწმებენ, გამოიწვია თუ არა მიწისძვრამ რაიმე ზიანი.
"ინტერპრესნიუსი"