დამცირებული პუტინი და გაოცებული ამერიკა - ხომ არ ემზადება გაბრაზებული კრემლი გამანადგურებელი დარტყმისთვის? - კვირის პალიტრა

დამცირებული პუტინი და გაოცებული ამერიკა - ხომ არ ემზადება გაბრაზებული კრემლი გამანადგურებელი დარტყმისთვის?

„უკრაინის არმიის ნაწილები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და მოკლე ხანში კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტები დაიკავეს, მათ შორის - ერთი საკმაოდ მსხვილი ქალაქიც. უკრაინელმა მეომრებმა ტყვედ ჩაიგდეს ათობით რუსი ჯარისკაცი, ძირითადად - მესაზღვრეები. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის არმიამ სულ რაღაც 48 საათში უფრო მეტი ტერიტორია დაიკავა, ვიდრე შარშან ზაფხულში განხორციელებული სამთვიანი კონტრშეტევის დროს“, - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატია-კომენტარში სათაურით - „უკრაინის მოულოდნელმა შეტევამ კურსკის „რკალზე“ რუსეთის რეპუტაცია შელახა და დაამცირა. ვლადიმერ პუტინს შეშფოთების მიზეზები ნამდვილად აქვს“ (ავტორი - სემუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის გენერალური შტაბი, საიდუმლოების დაცვის წესების შესაბამისად, კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს არ კომენტირებს და არც რაიმე ფაქტებს აქვეყნებს. მაგრამ კიევის „რადიოსიჩუმის“ მიუხედავად, სრულიად აშკარაა, რომ კურსკის შეტევითი ოპერაცია უკრაინისათვის სამი საკვანძო მიზნის მიღწევას ემსახურება:

პირველი - რუსეთის ჯარების სარდლობის ყურადღების გადატანა დონბასის ფრონტზე მიმდინარე მძიმე ბრძოლებიდან კურსკისაკენ. ბოლო დროს რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და რიგი სოფლები დაიკავეს, რითაც საფრთხე შეუქმნეს უკრაინის არმიის მსხვილ ლოჯისტიკურ პუნქტს - ქალაქ პოკროვსკს და ქალაქ ტორეცკს. მძიმე სიტუაციაა ქალაქ ჩასოვ იართანაც. ასე რომ, უკრაინელთა მიზანი ნათელია - სიტუაციის როგორმე განმუხტვა.

მეორე - დათესოს შიში და პანიკა რუსეთის მოსახლეობაში. მართალია, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრები ადრეც ხდებოდა (მაგალითად, ბელგოროდის ოლქში, 2023 წლის ივნისში, რუსების მოხალისეთა კორპუსისა და „რუსული ლეგიონების“ მონაწილეობით), მაგრამ ისინი მცირე ტერიტორიას იკავებდნენ და უკან სწრაფად გამოდიოდნენ, ეს შეჭრა კი უფრო მომზადებულია და მას უფრო მეტად შთამბეჭდავი ხასიათი აქვს - აჩვენებს რუსეთის მოქალაქეებს, რომ ომი საშინელებაა, „ბედი მდევარი“ მათაც დაეწევა და დროა, საკუთარი ხელისუფლების - კრემლის მიმართ პოზიცია შეიცვალონ. თავის მხრივ, კრემლში მჯდომი ვლადიმერ პუტინი ისე შეშფოთდა უკრაინელთა სამხედრო მანევრით, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და „კიევის პროვოკაცია“ დაგმო. წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება დღეს რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ეიფორიაში იყო პატიმრების გაცვლა-დაბრუნების შემდეგ.

მესამე - რაც უფრო მეტ ხანს შეინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიებს უკრაინა, მით უფრო მეტი შანსი ექნება კიევს სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებაზე თავისი უპირატესობა დაამტკიცოს. ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა უკვე განაცხადა, რომ კურსკის ოლქზე შეტევით უკრაინა სამომავლო მოლაპარაკებისათვის თავის პოზიციებს ამაგრებს - ვრცელდება ხმები, რომ მზადდება ოკუპირებული ტერიტორიების გაცვლა უკრაინის ხარკოვისა და რუსეთის კურსკის ოლქებში (თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა უკრაინა დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნებას. ცხადია, რომ უკრაინამ ისარგებლა სიტუაციით - კურსკის ოლქის სუჯის რაიონი, ფაქტობრივად, დაუცველი იყო და კიევმა იოლად მოახერხა მისი ოკუპირება).

დიდი ალბათობით, პირველდაწყებითი პოზიტიური იმპულსის მიუხედავად, უკრაინის წარმატებები „კურსკის რკალზე“ დროებითი იქნება. დასავლეთის ზეწოლით, რომელსაც სიტუაციის ესკალაცია არ სურს, კიევზე ზეწოლას მოახდენს და აიძულებს, ტაქტიკა შეცვალოს. ვაშინგტონიც საკმაოდ გაოცებულია უკრაინელთა „გადახტომით“ კურსკის ოლქში. გაზის ფასებმა ევროპაში მაქსიმალურად მოიმატა (საქმე ის არის, რომ სუჯაში მდებარეობს ევროპისაკენ მიმართული გაზსადენის მთავარი საკომპრესორო სადგური). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთმა სუჯისა და სხვა მოსაზღვრე რაიონებიდან თითქმის ყველა მოქალაქე სასწრაფოდ გაიყვანა - ხომ არ ემზადება გაბრაზებული კრემლი გამანადგურებელი დარტყმისათვის?

და მაინც, უკრაინელების მიერ „კურსკის რკალზე“ განხორციელებული შეტევა აჩვენებს, რომ მოსკოვმა შესაბამისი დასკვნები ვერ გააკეთა, წინა წლებში მომხდარი მოვლენებიდან - ვთქვათ, „ვაგნერელთა“ ამბოხებიდან. ტრადიციული განცხადებების („მტერი განადგურებული იქნება“) და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის შეხსენების გარდა, კრემლს გააზრებული რეაგირება ჯერ არ მოუხდენია. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისათვის გადაცემული ამერიკული თვითმფრინავები - F-16-ები უკვე ფრონტის ხაზთან დაფრინავენ, ვლადიმერ პუტინს შეშფოთებისათვის ბევრი მიზეზი აქვს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო