"შეიძლება ვიღაცამ გაბედა და შემოიტანა ირანული რძე, რაც საქართველოში დიდი ხანია აკრძალულია" - რას ურჩევს მომხმარებელს სპეციალისტი - კვირის პალიტრა

"შეიძლება ვიღაცამ გაბედა და შემოიტანა ირანული რძე, რაც საქართველოში დიდი ხანია აკრძალულია" - რას ურჩევს მომხმარებელს სპეციალისტი

„იატაკქვეშა რძის ორგანიზაცია ზუსტად იგივეა, რაც იატაკქვეშა აფთიაქი. იმიტომ, რომ პირდაპირ გადის ჩვენს ჯანმრთელობაზე,“ - ამის შესახებ ყველის ასოციაციის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რძის ასოციაციები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ბაზარზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი კი მომხმარებელმა უნდა შეასრულოს.

როგორც ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ამბობს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც პროდუქტის წარმომავლობა, სუნი, ფერი ან გემოვნური თვისებები არ მოეწონება, ჩივილი არ უნდა მოერიდოს და აუცილებლად სურსათის უვნებლობაში უნდა დარეკოს.

„უკვე 2 თვეზე მეტია, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ. შეიკრიბა რძის სტანდარტთან დაკავშირებული ყველა ასოციაცია - რძის, ყველის, მომხმარებელთა. საკითხი შეეხება რძის ფხვნილს, იყო საუბარი იმაზეც, რომ შეიძლება ვიღაცამ გაბედა და შემოიტანა ირანული რძე, რაც სახელმწიფოს განკარგულებით, დიდი ხანია აკრძალულია.

შევთანხმდით იმაზე, რომ კონტროლი უნდა გამკაცრდეს. თუ არსებობს უამრავი იატაკქვეშა ორგანიზაცია (და დარწმუნებული ვარ, არსებობს), არ აიღებს ლიცენზიას, არც აღიარების კოდი აქვს, მაშინ აგრარული ბაზრების შემოწმება უნდა გამკაცრდეს. იატაკქვეშა რძის ორგანიზაცია ზუსტად იგივეა, რაც იატაკქვეშა აფთიაქი. იმიტომ, რომ პირდაპირ გადის ჩვენს ჯანმრთელობაზე. შეიძლება ადამიანმა პური საერთოდ ამოიღოს კვებიდან, მაგრამ ყველს ვერ ამოიღებ, ჩვენ ვართ ყველდამოკიდებული ქვეყანა და ყველაფერი უნდა ვიცოდეთ, მათ შორის, ორგანიზმში რა ცვლილებები შეიძლება მოახდინოს რძემ და რძის პროდუქტებმა", - განაცხადა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

განაგრძე კითხვა