საიდუმლო ოპერაცია CONTACT-ი - როგორ შექმნა კრემლმა ამერიკისგან "მტრის ხატი" და როგორ გაუღვივა ქვეყნის მმართველებს პარანოია - კვირის პალიტრა

საიდუმლო ოპერაცია CONTACT-ი - როგორ შექმნა კრემლმა ამერიკისგან "მტრის ხატი" და როგორ გაუღვივა ქვეყნის მმართველებს პარანოია

1980 წლის დეკემბერში, ავღანეთში ჯარების შეყვანის შემდეგ, მსოფლიოში (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში) საბჭოთა კავშირის ავტორიტეტი და პრესტიჟი კიდევ უფრო დაეცა. აშშ-სა და ჩინეთთან დაპირისპირების ფონზე, კრემლის სასიცოცხლო ამოცანა ინდოეთის, როგორც „მიუმხრობელი ქვეყნების“ უპირობო ლიდერის, „საბჭოთა ბანაკში“ შენარჩუნება გახდა.

„მიუმხრობლობის“ იდეა გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში წარმოიშვა: მაშინ, როდესაც „ცივი ომიც“ უკვე ძლიერდებოდა და „ცხელი ომიც“ მიმდინარეობდა (1950–1953 წლების კორეის ომი მაქვს მხედველობაში). „ორპოლუსიანი მსოფლიო“ ორ, ურთიერთდაპირისპირებულ იდეოლოგიას ეყრდნობოდა: დემოკრატიულს („აშშ-ის ბანაკი“) და ავტორიტარულს („საბჭოთა ბანაკი“).

როგორც ლახტის თამაშშია მიღებული წრეში შეთრევა, ასევე, ამ ორ „იდეოლოგიურ ბანაკშიც“ იყო დამკვიდრებული სხვადასხვა მეთოდებით ქვეყნების დარწმუნება/გადაბირება. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში ინდოეთის, იუგოსლავიისა და ეგვიპტის ლიდერებმა გადაწყვიტეს, არც ერთ ბანაკს არ მიმხრობოდნენ, შექმნეს „მიუმხრობლობის მოძრაობა“ და ე.წ. მიუმხრობლობის მანიფესტიც შეიმუშავეს. ამ „მანიფესტის“ ძირითადი პრინციპები თავიდან ძალზე მოსაწონი იყო: ყველა სახელმწიფოს ურთიერთპატივისცემა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი; თავდაუსხმელობა; შიდასაქმეებში ჩაურევლობა; თანასწორობა და ურთიერთხელსაყრელი კავშირები; მშვიდობიანი თანაცხოვრება. დამეთანხმეთ, რომ ყველა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის შესანიშნავი პრინციპებია. თუმცა, სამწუხაროდ - უტოპიური: XX საუკუნის მეორე ნახევარში (ისევე, როგორც დღეს, გლობალიზაციის ბობოქრობის ხანაში) „მიუმხრობლობა“, „დაპირისპირებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისგან“ დისტანცირება და „ნეიტრალიტეტი“, შორს დგომა, სეირის ყურება და ნაყინის მირთმევა (ან ლუდის – ვის როგორ სურს) ისეთივე თავის მოტყუება იყო და არის, როგორც - მარწყვი ზამთარში.

კაცობრიობის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ სამყარო ისე არაა მოწყობილი, როგორც ჩვენ გვსურს: სუსტი და პატარა ქვეყანა ყოველთვის იძულებული იყო, დახმარება და მტრებისგან დაცვა დიდი და ძლიერი ქვეყნისთვის ეთხოვა. შორს წასვლა რად გვინდა: საქართველოს წარსული და დღევანდელობა ხომ ამის მაგალითია! ამ დროს კი სწორი გეოსტრატეგიული არჩევანი სუსტი და პატარა ქვეყნის თვითმყოფადობის გადარჩენის საწინდარია. ეს არჩევანი კი, ისევე, როგორც სამოცდაათი წლის წინ, კვლავ ორ უმთავრეს იდეოლოგიურ მოდელს შორის უნდა გაკეთდეს: დემოკრატია თუ ავტორიტარიზმი?

ე.წ. მიუმხრობელ ქვეყნებში, როგორც წესი, ავტორიტარული (ზოგ შემთხვევაში კი – დიქტატორული) მმართველობის მოდელი იყო და არის პრიორიტეტული. ამიტომაც იყო, რომ ამ „ნეიტრალური მოძრაობის“ თავმჯდომარეები 1961-1990 წლებში ( შემდეგ პერიოდშიც) ავტორიტარ-დიქტატორები იყვნენ, რომელი ერთი ჩამოვთვალო: ტიტო, ნასერი, კაუნდა, ბუმედიენი, ფიდელ კასტრო, მუგაბე და სხვ.

picture3-1723183966.jpg

ორი „დემოკრატი“ ლიდერი. მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ინდირა განდის ბრეჟნევმა ავტოპორტრეტით მოაწონა თავი.

1964 წლიდან, როდესაც „მიუმხრობელი ქვეყნების მოძრაობის“ თავმჯდომარე ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი გახდა (მან იოსიპ ბროზ ტიტო შეცვალა), ამ გაერთიანების ძირითად ამოცანად „იმპერიალიზმისა და კაპიტალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“ გამოცხადდა. სწორედ ამ პერიოდიდან „ნეიტრალიტეტის“ სახელს შეფარებული „მიუმხრობლობის მოძრაობა“ საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, „საბჭოთა ბანაკის“ აქტიური მხარდამჭერი და დამცველი გახდა. ეს კი საბჭოთა კავშირისა და მისი სპეცსამსახურების ხანგრძლივი და „ნაყოფიერი“ მუშაობის შედეგად მოხდა. იმ პერიოდში ამ „მოძრაობაში“ ასზე მეტი ქვეყანა იყო გაერთიანებული, მათგან, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ სხვადასხვა გარემოების გამო, ინდოეთი იყო გამოკვეთილი ლიდერი. ამიტომაც „ეკეკლუცებოდა“ კრემლი ინდირა განდის და ყველაფერს აკეთებდა, რომ „განდების დინასტია“, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ხელისუფლების სათავეში. თუმცა მოსკოვს და კა-გე-ბეს ინდირა განდის მზარდი პოპულარობაც უჩენდა საფიქრალს: უწყვეტი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარების მიუხედავად, ისინი ინდოეთის ლიდერს ბოლომდე მაინც ვერ ენდობოდნენ. მით უფრო, რომ ეგვიპტის მწარე მაგალითი სახეზე იყო.

ამიტომ, რათა ჰიპოთეტურ დონეზეც არ დაეშვა „განდების დინასტიის“ ოდნავი “შემობრუნება” დასავლეთისკენ, საბჭოთა სპეცსამსახურებმა უფრო გააქტიურეს მუშაობა. მათი ლოგიკა ისეთივე ძველი იყო, როგორც ჩვენი სამყარო: რისი ეშინიათ ავტორიტარულ მმართველებს ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა, პირადი ძალუფლების დაკარგვის. ამიტომ, თუ გვინდა მათით მანიპულირება, საჭიროა, რომ მათ მუდმივი შიში ჰქონდეთ და ამ საფრთხის განცდით ცხოვრობდნენ.

ამიტომ კრემლში გადაწყვიტეს, კა-გე-ბეში შექმნილი შიდა და გარეშე მტრის „მოჩვენებებით“, ინდირა განდი მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში ჰყოლოდათ.

1981 წლის შემოდგომაზე საბჭოთა საგარეო დაზვერვამ შეიმუშავა ძალზე რთული ოპერაცია სახელწოდებით: CONTACT-ი. ეს, ფაქტობრივად, ოპერაცია-ხაფანგი იყო „განდების დინასტიის“ ხანგრძლივი პერიოდით საბჭოთა გავლენის სფეროში დასატოვებლად. ვფიქრობ, ამ ოპერაციის მიზანი მკითხველისთვის უკვე გასაგებია. ახლა საინტერესოა, თუ ვინ შეადგინა და რა ოპერატიულ-აგენტურულ მოქმედებებს ითვალისწინებდა ეს კომპლექსური და მრავალეტაპიანი ოპერაცია.

მკითხველს შევახსენებ, რომ დეზინფორმაცია (შემოკლებით “დეზა”) სპეცსამსახურების მუშაობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდი და, ამავე დროს, “ჰიბრიდული ომის” მძლავრი იარაღია. იმ მიზნის მიღწევას, რასაც წინასაუკუნეებში ომები და არმიები სჭირდებოდა, დღეს კარგად დაგეგმილი “დეზას” ოპერაცია უსისხლოდ და უმსხვერპლოდ აგვარებს. ამ ოპერაციებს საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურებში “აქტიურ ღონისძიებებს” უწოდებენ.

“დეზა” - ესაა აშკარა ტყუილი ინფორმაციის ფაბრიკაცია (შექმნა ან გადაკეთება) და გავრცელება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით. მას იყენებენ მკაფიოდ განსაზღვრული, ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მიზნებიც შესაბამისი პერიოდით ისაზღვრება: რაც უფრო მცირე ვადებშია მისაღწევი დასახული მიზანი (მაგ. მეზობელ ქვეყანაში კარსაა მომდგარი საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნები და საჭიროა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსის კომპრომეტირება), მით უფრო არარეალურ და დაუჯერებელ, მაგრამ - სუპერსენსაციურ “ფაქტებსა” და “დოკუმენტებს” ავრცელებენ სპეცსამსახურები. “დეზას” მიზანი, რაც უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, მით უფრო მეტად დამაჯერებელი უნდა იყოს “დოკუმენტები” და “ფაქტები”.

1950-იანი წლებიდან მოყოლებული, კა-გე-ბეს მრავალწლიანი დეზინფორმაციული ოპერაციები მიმართული იყო ინდოეთის პოლიტიკური წრეებისა და მოსახლეობის დასარწმუნებლად, აშშ-ის “ვერაგულ” გეგმებში, რომლებიც, ვითომდა, ინდოეთში სეპარატისტების მხარდაჭერას და ამ ქვეყნის დაშლას ითვალისწინებდა.

1967 წლის 18 მაისიდან საბჭოთა დეზინფორმაციულ ოპერაციებს კა-გე-ბეს ახალი თავმჯდომარე, ლეონიდ ბრეჟნევის პროტეჟე, იური ანდროპოვი ხელმძღვანელობდა.

picture2-1723183966.jpg

საბჭოთა „ახალგაზრდა ლიდერები“: ბრეჟნევი და ანდროპოვი

ოპერაცია ”CONTACT“-ის დამუშავებაში მონაწილეობდნენ: კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს „ა“ სამსახური (დეზინფორმაცია ანუ „აქტიური ღონისძიებები“); მე-17 რეგიონული განყოფილება (რომელიც მაშინ ინდოეთს, შრი-ლანკას, პაკისტანს, ნეპალს, ბანგლადეშსა და ბირმას „ფარავდა“) და სამმართველო „ОТ“ (ოპერატიული ტექნიკა). აღნიშნული ოპერაციის პროექტი კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვმა „ინსტანციაში“ (ანუ სკკპ ცკ პოლიტბიუროში) წარადგინა, საიდანაც მალევე მიიღო თანხმობა. გეგმა ამგვარი იყო: უნდა შექმნილყო „დოკუმენტური მტკიცებულებები“ იმის შესახებ, რომ ვითომ ამერიკისა და პაკისტანის ხელისუფლება მიზნად ისახავდა ინდირა განდის პრემიერ-მინისტრობიდან ჩამოშორებას და ამ მიზნით ამ ქვეყნის სპეცსამსახურები ახორციელებდნენ საიდუმლო ოპერაციებს ინდოეთში. იმ პერიოდში პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის ყველაზე დიდი პრობლემა ინდოეთის პენჯაბის შტატში სიქჰების სეპარატიზმის გაძლიერება იყო. ამიტომ ინდირა განდი უნდა დაერწმუნებინათ, რომ ვითომდა აშშ-ისა და პაკისტანის სპეცსამსახურები ამარაგებდნენ სიქჰებს, რომლებიც ცდილობენ შექმნან დამოუკიდებელი სიქჰური სახელმწიფო ჰალისტანი, იარაღით და ფულითო.

1981 წლის ნოემბერში კა-გე-ბეს მიერ დამზადებული, ვითომდა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს „საიდუმლო დოკუმენტი“ „შემთხვევით“ ხელში ჩაუვარდა ინდოელ დიპლომატ-მზვერავს აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში და მანაც ეს „ნადავლი“ სასწრაფოდ გადაგზავნა ინდოეთის დედაქალაქში, ინდირა განდისთვის. ეს „დეზა“ ამერიკელებისა და პაკისტანელების ძირგამომთხრელი საქმიანობის დამამტკიცებელი კიდევ ერთი „ფაქტი“ გახდა.

თუმცა ინდოეთის პრემიერ-მინისტრზე საჭირო ზემოქმედების მისაღწევად, ოპერაცია CONTACT-ი სხვა სპეცოპერაციებსაც ითვალისწინებდა. ინდირა განდის ახლო გარემოცვაში მოქმედებდა საბჭოთა აგენტი, ჩემი აზრით, ინდოეთის სპეცსამსახურების მაღალი რანგის თანამშრომელი (ოპერატიული მეტსახელი S), რომელსაც ჰქონდა პირდაპირი წვდომა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ამიტომ, ოპერაციის მიხედვით, საბჭოთა აგენტს ინდირა განდისთვის უნდა ეჩვენებინა კა-გე-ბეში შექმნილი კიდევ ერთი გაყალბებული, ვითომდა, პაკისტანის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტი, სადაც ჩანდა პაკისტანის პირდაპირი „მონაწილეობა“ სიქჰების სეპარატიზმის გაძლიერებაში. კა-გე-ბეს მთავარმა რეზიდენტმა ინდოეთში, ალექსანდრე ლისენკომ აგენტს დაწვრილებითი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, თუ როგორ გადაეცა „საიდუმლო დოკუმენტი“ ინდირა განდისთვის და ყურადღებით დაკვირვებოდა „ვანოს“ (ინდირა განდის ოპერატიული მეტსახელი) რეაქციას. საინტერსოა ის გარემოებაც, რომ რეზიდენტს თავად აგენტი S-იც უნდა მოეტყუებინა და ისიც დაერწმუნებინა, რომ დოკუმენტი ნამდვილია და ის საბჭოთა დაზვერვამ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მოიპოვა. 1982 წლის 13 მაისს საბჭოთა აგენტმა „ვანოს“ წარუდგინა, თუმცა არ დაუტოვა „დოკუმენტი“ (ჩვენი ინფორმატორი გაიშიფრებაო). ამის შემდეგ ინდირა განდის სახელმწიფო გადატრიალების შიშები გაუასმაგდა.

1982 წლის ბოლოს საბჭოთა რეჟიმის ახალმა ლიდერმა იური ანდროპოვმა (1914–1984), რომელმაც ერთი წლით ადრე თავად დაამტკიცა ოპერაცია CONTACT-ი, საბჭოთა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ვლადიმერ კრუჩკოვს ოპერაციის კიდევ უფრო გააქტიურება დაავალა.

picture1-1723183966.jpg

იური ანდროპოვის უკანასკნელი აღლუმი

ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ინდოეთის და პირადად პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის პოპულარობა „მესამე სამყაროში“ ძალზე გაიზარდა. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ 1983 წელს „ნეიტრალური“ საერთაშორისო გაერთიანება „მიუმხრობლობის მოძრაობის“ თავმჯდომარედ ინდირა განდის პირადი კანდიდატი და პროტეჟე, ინდოეთის პრეზიდენტი ზაილ სინგჰი აირჩიეს. ეს „ვანოსთან“ ერთად კრემლის მნიშვნელოვანი წარმატებაც იყო. ამის შემდეგ „განდების დინასტიის“ მნიშვნელობა საბჭოთა ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო გაიზარდა.

1983 წელს ინდოეთის ეროვნული კონგრესის გენერალურ მდივნად რაჯივ განდი აირჩიეს, რის შემდეგაც ის საბჭოთა კავშირში მიიწვიეს. 1983 წლის ივლისში რაჯივი მოსკოვში ჩავიდა, სადაც მას უმაღლესი დონის მიღებები მოუწყვეს, თან კრემლი რაჯივ განდის ყურადღებით აკვირდებოდა. ინდირა განდის უფროსი ვაჟის და პოლიტიკური მემკვიდრის ფსიქოლოგიური დამუშავება მოსკოვშიც გაგრძელდა. რაჯივ განდის საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა კა-გე-ბეს თავმჯდომარის მოადგილე, პარალელურად, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროს ვლადიმერ კრუჩკოვთან. გამოცდილ „ჩეკისტს“ არ გასჭირვებია „გუშინდელი“ მფრინავისა და ახალბედა პოლიტიკოსის დარწმუნება: რაც ინდოეთს საშინაო და საგარეო პრობლემები აქვს, ყველაფერი ამერიკისა და მის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის დამსახურებაოო. ამის დასამტკიცებლად კრუჩკოვმა ამერიკის სპეცსამსახურების „საიდუმლო დოკუმენტებიც“ უჩვენა რაჯივ განდის. კა-გე-ბეს მორიგი დეზინფორმაცია იმდენად ირწმუნა ინდოეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: სწორედ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დგას პენჯაბში სიქჰი სეპარატისტების გააქტიურების უკან და ამერიკელები ცდილობენ, „ინდოეთის ეროვნული კონგრესი“ ხელისუფლებას ჩამოაშორონო. თავადაც ხედავთ, თუ რა ეფექტიანად მუშაობდა კა-გე-ბეს ოპერაცია CONTACT-ი.

(მეცამეტე ნაწილის დასასრული)