"ეს აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, მერე აღარავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს...რა დროს პორტი და ჩინეთია?!" - ექსპერტის მძიმე პროგნოზი
"ოპოზიციურ ველზე დიდი ამბებია, უახლოეს მომავალში "ევროპული საქართველოსა" და "ახლების" შეერთებასაც უნდა ველოდოთ. "ევროპული საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" ორად გაყოფა, საერთო ოპოზიციურ საქმეს სასიკეთოდ წაადგება", - ამგვარად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციურ ველზე გადაჯგუფებებს. "Edison Research-ის ბოლოდროინდელი კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, "ნაციონალები", "ლელო" და გახარიას პარტია, ფაქტობრივად, გადასცდნენ 5%-იან ბარიერს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ოპოზიციამ ჯამურად უნდა მიიღოს 51% ანუ საკონტროლო პაკეტის 51% ოპოზიციური ძალების ხელში უნდა იყოს. აი, ეს არის პრობლემა და ასევე ისიც, მანევრირების რა საშუალება ექნება ხელისუფლებას", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. Edison Research-ის კვლევით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32.4% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 17.3% "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს"; 12.8% "ძლიერი საქართველო: "ლელო"/"ხალხისთვის"/"თავისუფლების მოედანს"; 11.2% "საქართველოსთვის - გიორგი გახარიას". "ახალი"/"გირჩი"/"დროა" - 9.9%; "გირჩი" - იაგო ხვიჩია" - 5.2%; ლეიბორისტული პარტია - 3.3%; "პატრიოტთა ალიანსი" და "ალტინფო" - 2.6%; "მოქალაქეები" - 2.2%; "ევროპული საქართველო" - 1.9%; "სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია" - 0.9%; სხვა პარტიები 0.4%. ოპოზიციურ ველზე ცვლილებებსა და პროცესების შესაძლო განვითარებაზე ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- თუ ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთის ლანძღვას თავს დაანებებენ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გაიზარდება მათი პარტიების რეიტინგები. როგორც "ლელოს" ლიდერებმა განაცხადეს, საარჩევნო კამპანია დაიწყეს, თუმცა, როგორც ვიცი, ამ პლატფორმაზე პოლიტიკური სუბიექტების შემოერთება არ დასრულებულა. ამასთან, მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა "ევროპულ საქართველოში". ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია დატოვეს, ეს პოლიტიკური ძალა "ახლებს" შეუერთდება, რაც "ახლების" პოზიციას უფრო მიმზიდველს გახდის. ძალიან კარგი იქნება, თუ ძალიან ბევრი განსხვავების მიუხედავად, "ლელო" და გახარიას პარტია მოახერხებენ გაერთიანებას. მათ აქვთ რესურსი ოპოზიციურ ფლანგზე კი არა, საზოგადოდ, არჩევნებში პირველი ადგილისთვის იბრძოლონ. წესით, ამას ორივე ძალის ლიდერი უნდა ხვდებოდეს. მესმის, რომ მათ შორის მთელი რიგი პრობლემებია, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ ველზე დღეს უცოდველი არავინაა.
- თუ "ლელოს" შესახებ გახარიას პარტიის ბოლოდროინდელ განცხადებას გავითვალისწინებთ, ამ ორი პარტიის ლიდერი ერთმანეთის ცოდვებსა და შეცდომებზე თვალის დახუჭვას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ ახლახან დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა "ლელო" ინფორმაციის ფალსიფიცირებაში დაადანაშაულა და ანაკლიის პორტზე საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.
- ასეთი წამოძახებები სულ იქნება. ეს ცუდია, ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს არჩევნებზე წასვლის ხალისს დააკარგვინებს. გახარიას ნუ ჰგონია, რომ ასეთი განცხადებებით მხოლოდ "ლელო" დაკარგავს ამომრჩეველს, ნურც ხაზარაძეს ეგონება, რომ კრიტიკული განცხადებებით მხოლოდ გახარიას აზარალებს, ორივე დაკარგავს ამომრჩეველს. დღეს არ არის იმის გარკვევის დრო, ვის გამო შეჩერდა ანაკლიის პორტის პროექტი, ვინ წააგო და ვინ მოიგო. ჩვენ ახლა უნდა შევაჩეროთ ავტორიტარიზმის დამაყრება ქვეყანაში. თუ ავტორიტარიზმი დამყარდა, მერე აღარ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლება შეცვლის თუ არა დასავლურ კურსს. სანამ საზოგადოებას ჯერ კიდევ აქვს შანსი, თავად განსაზღვროს, როგორც ქვეყნის კურსი, ასევე ხელისუფლების ფორმირებაზე ზეგავლენა, უნდა გამოვიყენოთ, თორემ მერე გვიანი იქნება. არ ველოდები, რომ კოალიციური ხელისუფლება და ჩვენ ჭაობიდან თავის დაღწევას დავიწყებთ, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლა შეჩერდება.
- დიდხანს იყო საუბარი იმაზე, რომ "ლელოსა" და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობა იმიტომ არ გამოდიოდა, რომ ხაზარაძემ პიროვნული ფაქტორი ვერ გადალახა, თუმცა მან ხელი ჩამოართვა და გუნდში მიიღო ალეკო ელისაშვილი, რომელთანაც ძალიან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა.
- ხაზარაძე გახარიას ადანაშაულებს, რომ მისი ჯგუფი ანაკლიის პროექტს გახარიამ ჩამოაშორა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ყველაფერს ივანიშვილი წყვეტდა?! კი, შეიძლებოდა გახარიას უფრო კრიტიკული პოზიცია დაეკავებინა, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და საკუთარ შეცდომებს გადახედოს... სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ზნეობის მაღალი სტანდარტებით ვერ დაიკვეხნის. უამრავი რამ ვიცი... აბა, დააკვირდით, ამა თუ იმ დარგის მინისტრები, რომლებიც თანამდებობაზე ყოფნის დროს ათას სისულელეს აკეთებენ, როგორც თანამდებობას ტოვებენ, მაშინვე ადეკვატურები ხდებიან! ე.ი. რაღაცაშია საქმე, არა?! ასე მოხდა გახარიას შემთხვევაშიც. იმედია, საზოგადოებრივი აზრი აიძულებს ხაზარაძესაც და გახარიასაც, რომ შეთანხმდნენ. არ უნდა შეუშინდნენ "ქართული ოცნების" პროპაგანდას, მმართველი გუნდი იმაზე მეტ ამომრჩეველს ვერ მიიმხრობს, რაც უკვე ჰყავს. გასაგებია, მათი მხარდამჭერები იტყვიან, ნახეთ, ამ ხალხმა ერთმანეთი როგორ ლანძღა და ახლა ერთად დგანანო, მაგრამ მერე რა?! მათ შეუძლიათ თქვან, დიახ, მათ გადალახეს პირადი დაპირისპირება, გნებავთ, აუტანლობა, იმიტომ, რომ დღეს ქვეყნის წინაშე გაცილებით დიდი პრობლემა დგას. მთელი ჩემი ცხოვრება პოლიტიკურ პროცესებს ვაკვირდები, ისტორიაც კარგად ვიცი და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი ვერ დამყარდება. ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სწრაფვა იმიტომ არის საშიში, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. მერე აღარავინ იცის, რა შეიძლება მოხდეს. რა დროს პორტი და ჩინეთია?! გახარიამაც უნდა იცოდეს და ხაზარაძემაც, რომ მათი დაპირისპირება ოპოზიციურ ამომრჩეველს ხდის ინდიფერენტულს, თორემ ხელისუფლება ყოველთვის მოახერხებს საკუთარი ელექტორატის საარჩევნო ურნებთან მიყვანას.