ომი რუსეთში: კურსკში უკრაინის ყველაზე ძლიერი ბრიგადა შევიდა - "ახმატის" მეთაურის უცნაური განცხადება და "ვაგნერელების" უარი ბრძოლაში ჩართვაზე
კურსკისკენ ბრძოლებში მესამე უკრაინული ბრიგადაც ჩაერთო-ეს უკვე ფრონტის ახალი ხაზია...
უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ჯავშანტექნიკა, მათ შორის ამერიკული Stryker-ის ტიპის ბორბლებიანი ჯავშანტრანსპორტიორებიც უკვე გამოჩნდნენ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გზებზე...
ეს კი იმას ნიშნავავს, რომ უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაც შეუერთდა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მანამდე შეჭრილ 22-ე და 88-ე მექანიზირებულ ბრიგადებს, რის შემდეგაც(სხვადასხვა უკრაინული სპეცრაზმებისა და დამხმარე დანაყოფების ჩათვლით) ამ მომენტისთვის ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის ერთი ნაწილის ოკუპაციას თითქმის 10 ათასამდე უკრაინელი და სხვა ქვეყნების მოხალისე მებრძოლები ახორციელებენ...
ეს კი უკვე აღარ არის მხოლოდ სადაზვერვო-დივერსიული სპეცოპერაცია ,ის საერთო საჯარისო სახის ოპერაციაში გადაიზარდა, მით უმეტეს, რომ უკვე დაპყრობილ რუსულ ქალაქ სუჯასთან უკრაინულმა დანაყოფებმა დაიწყეს საფორტიფიკაციო ზღუდეების აგება, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სერიოზულად აპირებს რუსეთთან სამწლიან ომში არსებული ფრონტის ხაზის დაგრძელებას და თანაც თავად რუსეთის ტერიტორიაზე...
გარდა ამისა, მოსალოდნელია,რომ უკრაინულმა დანაყოფებმა სცადონ იგივეს გამეორება კურსკის მეზობელ(აღმოსავლეთით) ბელგოროდის და ბრიანსკის(დასავლეთით) ოლქების მიმართულებებზეც...
რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინის სამხედრო დაზვერვას პროქსი ძალების გამოყენებით უკვე აქვს ორჯერ განხორციელებული რამდენიმედღიანი სადაზვერვო-დივერსიული რეიდები და შესაბამისი გამოცდილებაც დაუგროვდა, თუმცა თავის მხრივ, სწორედ ამიტომაც ბელგოროდის ოლქში სასაზღვრო ზოლი რუსებს უფრო გამაგრებული აქვთ.
სამაგიეროდ, ბრიaნსკის ოლქს ჯერ არ უნახია, რა არის ომი და მის საზღვართან, კურსკის ოლქისა არ იყოს, არ უნდა იყოს სერიოზული თავდაცვითი ზღუდეები მოწყობილი და მით უმეტეს ბრძოლისუნარიანი რუსული დანაყოფები თავმოყრილი, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში მთელი სამხედრო რესურსების მობილიზაციას რუსეთის გენშატაბი ფრონტის აღმოსავლეთ უბანზე, პაკროვსკის მიმართულებაზე ახდენდა...
მეოთხე დღეა უკრაინის საარმიო დანაყოფები ოკუპანტის ოკუპაციას ახორციელებენ, თუმცა პარალელურ რეჟიმში, სერიოზულ საჰაერო დარტყმებსაც აყენებენ, როგორც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ რუსი ოკუპანტების სამხედრო ობიექტებს, ისე თავად რუსეთის ტერიტორიის ღრმა ზურგში არსებულ სტრატეგიულ ობიექტებსაც...
8-9 აგვისტოს ღამეს, უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა სერიოზული საჰაერო დარტყმები მიაყენეს უკრაინის საზღვრიდან 300-იოდე კმ-ით დაშორებულ ლიპეცკის საჰაერო ბაზას, სადაც ფუნქციონირებს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების „მფრინავების შემადგენლობის გადამზადებისა და საბრძოლო გამოყენების მე-4 ცენტრი“ ანუ ის ძალზე მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი,სადაც ხდება რუსი სამხედრო მფრინავების საბრძოლო მოქმედებებისთვის(საჰაერო ბრძოლებისთვის,სახმელეთო დაბომბვებისთვის) მაღალ დონეზე გადამზადება.
ჯერ არ გამოქვეყნებული ლიპეცკის ცენტრზე უკრაინული საჰაერო დარტყმების შედეგების თანამგზავრული ფოტოები, მაგრამ თავდასხმის ღამეს თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში გამოჩენილი ძლიერი ხანძრის მრავალი კერები, ამ რუსული საჰაერო ბაზისთვის(რომელსაც ორი გადაბმული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი აქვს)სერიოზული ზიანის მიყენებაზე უნდა მეტყველებდეს...
რუსი სამხედრო ბლოგერები კურსკის მოსახლეობის(რომლებიც თავად პუტინს სთხოვენ სასწრაფო დახმარებას და ევაკუაციას საბრძოლო მოქმედებების ზონიდან) დასამშვიდებლად, ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს თვით აფრიკის კონტინენტიდანაც კი მოიხსნა მალიში მოქმედი „ვაგნერის“ გამოცდილი მებრძოლების დანაყოფი და მათი, კურსკელების დასახმარებლად მოიჩქარის...
ამას მალევე მოჰყვა აფრიკიდან „ვაგნერელების“ პასუხიც - ჩვენ აქედან ფეხის მოცვლასაც არ ვაპირებთ, მხოლოდ ერთი „რატიბორის“ ჯგუფია მანდ ახლოს კადიროვის „ახმატთან“ თავშეფარებული და მაგათ მოგხედონო...
საგულისხმოა,რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო რაიონების უსაფრთხოება სწორედ ჩეჩნურ სპეცდანიშნულების დანაყოფს „ახმატსაც“ ჰქონდა მინდობილი,მაგრამ მისმა მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა სამხედრო თვალსაზრისით ძალზე საოცარი განცხადება გააკეთა-უკრაინელებმა იმიტომ შესძლეს წარმატებით შემოჭრა კურსკის ოლქში,რომ თურმე...უკრაინელებს სცოდნიათ „ახმატის“ ბლოკ-პოსტების ადგილმდებარეობები და მათ სპეციალურად გვერდი აუარესო...
თავად რუს ულულტრაპატრიოტებში უფრო ხშირად გაისმის უკმაყოფილება, ამ ომში კადიროვის რაზმების მცდელობებზე, აირიდონ თავიდან ბრძოლებში ჩართვა ,მაგრამ ამასთან „ტიკ-ტოკ“-ების ვიდეორგოლებში ამაყად პოზირება გააგრძელონ...
უახლოესს დღეებში გამოჩნდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტის ამ მიმართულებაზე-თუკი უკრაინამ შესძლო კიდევ უფრო მეტი დამატებითი ძალების მობილიზირება კურსკის ოლქში ოკუპაციის გასაფართოებლად და ამასთანავე, წამოიწყო ანალოგიური შეტევები ბელგოროდის და ბრიანსკის ოლქებშიც, მაშინ ამ ომში რაღაც-რაღაცეები შეიცვლება და კიევი უფრო თავდაჯერებულად მიუჯდება იმ მოლაპარაკების მაგიდას რუსეთთან, სადაც ადრე თუ გვიან განიხილება ცეცხლის შეწყვეტის საკითხი...
მანამდე კი უკრაინის ხელისუფლება მერამდენედ თხოვნით მიმართავს ვაშინგტონს, რათა თეთრმა სახლმა დართოს ნება უკრაინის არმიას,რომ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამყენებული იქნეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტები და საბრძოლო თვითმფრინავებიც - ამის დაშვება ძალზე დაეხმარებოდა უკრაინის გენშტაბს რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაციაში...