"ძლივს ამოქოშინდა კიბეებზე, იქოთქოთა, რას გადამეკიდე, სერიალში არასდროს მითამაშია, სად შემიძლიაო" - რას ჰყვებიან ჩცდ-ის მსახიობები "მანანა ბებოზე", რომელიც დღეს იმ ქვეყნად წავიდა - კვირის პალიტრა

"ძლივს ამოქოშინდა კიბეებზე, იქოთქოთა, რას გადამეკიდე, სერიალში არასდროს მითამაშია, სად შემიძლიაო" - რას ჰყვებიან ჩცდ-ის მსახიობები "მანანა ბებოზე", რომელიც დღეს იმ ქვეყნად წავიდა

დღეს მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მას არა ერთი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“, მანანა ბებოს როლით მოიპოვა. „კვირის პალიტრა“ უსამძიმრებს საყვარელი მსახიობის ახლობლებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებს.

ქეთი ჩხეიძე, "ჩცდ"-ის მსახიობი:

- ძალიან შევწუხდი, მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე. ბევრი სასიამოვნო და საინტერესო წუთები მაქვს მასთან ერთად გატარებული. ჩვენ ურთიერთობის მრავალი წელი გვაკავშირებდა, როგორც შემოქმედებითი, ისე - მეგობრობის. თვითონ დამიმეგობრდა, პირველივე შეხვედრიდან, მე ვერ შევბედავდი. ჩამიხუტა და სულ ასე იყო... ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა: ვერ ვარ მთლად ისე, მე რომ მინდაო... მანამდე ვინახულე, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ. ძალიან თბილი, მოსიყვარულე ადამიანი გახლდათ, გულწრფელი და გულუბრყვილო. სულ სითბოს ასხივებდა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ადამიანებს. ყველას ძალიან დაგვაკლდება. მისი წასვლა დიდი დანაკლისია იმ გარემოცვისთვის, რომელიც "ჩცდ"-ში ტრიალებდა. მედიკო რომ იყო, მის გარშემო იქმნებოდა თბილი და მხიარული ატმოსფერო. მისი გამოჩენა გადასაღებ მოედანზე ყველას უხაროდა.

ეკა მჟავანაძე, მსახიობი, "ჩცდ"-ის კასტინგ-მენეჯერი

- მედეა ლორთქიფანიძეს ბავშვობიდან ვიცნობდი. მამას უმცროსი მეგობარი და კოლეგა იყო. ორივე „სახალხო თეატრში" მოღვაწეობდა, რომელიც 60-70-იან წლებში შეიქმნა და ძალიან წარმატებული გახლდათ. ხშირად მოგზაურობდნენ, გაჰქონდათ სპექტაკლები. დიდი წარმატება იყო იმხანად, საზღვრებს გარეთ რომ გიშვებდნენ, გასტროლებზე.

თვითონ ძალიან ხშირად იხსენებდა ხოლმე - ეკას დაბადება მახსოვსო... მე მესამე ქალიშვილი ვარ ოჯახში, მამა რეპეტიციაზე ყოფილა, დედა რომ წაუყვანიათ სამშობიაროში...

მთელი ბავშვობა მაკავშირებს მედეა ლორთქიფანიძესთან, შეხვედრები ჩვენთან, ოჯახში, ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. მედეა მოხდენილი და გამორჩეული ქალი იყო ყოველთვის. იმ პერიოდში სიგარეტს ასე თამამად არ ეწეოდნენ ქალბატონები. მედიკო ბოლოსაც კარგი მწეველი იყო. ამის გამო სულ ვეჩხუბებოდი. იმ პერიოდშიც მედიკო სულ მახსოვს - წითელი მანიკიურებით, ლამაზი თითებით, წითელი თმებითა და სიგარეტით. გამორჩეული იყო თავისი იუმორით, ეს გრძნობა თუ უნარი ასაკშიც არ დაუკარგავს . სულ იუმორით გელაპარაკებოდა, ხუმრობდა თავის თავზე, რაც დიდი ნიჭია, ჩემი აზრით, ხან რას იგონებდა ხან რას...

სერიალში შემთხვევით მოხვდა. როდესაც ყველა როლი განაწილებული იყო და რამდენიმე დღეში გადაღება უნდა დაწყებულიყო, აღმოვაჩინეთ, რომ "ბებია" არ გვყავს. დრამატურგმა, სცენარისტმა ამიხსნეს, დაახლოებით, როგორი უნდა ყოფილიყო მანანა ბებო. ბევრი ვინმე მოვსინჯეთ, უშედეგოდ. შუაღამისას გამახსენდა მედიკო... მაშინვე დავურეკე რეჟისორს, - მე მგონი, ვიპოვე-მეთქი. მეორე დღეს მოვიძიე მისი ნომერი და მივიყვანე, დიდი ხნის უნახავი მყავდა... ძლივს ამოქოშინდა კიბეებზე, ქოშინი სულ ჰქონდა. იქოთქოთა, რა გინდა, რას გადამეკიდე, სერიალში არასდროს მითამაშია, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, სად შემიძლიაო?! მერე, სერიალი რომ გამოვიდა და მოხდა ის, რაც მოხდა, ბედნიერი და კმაყოფილი იყო . ძალიან პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი მსახიობი გახლდათ. მიხარია, რომ მეც მიმიძღვის მცირე წვლილი, მედიკო ბედნიერი რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი, შვილიშვილები, სიძე.... ნიჭიერი ქალბატონი იყო. წერდა ლექსებს. ძალიან დაფასებული წავიდა და ხალხის აღიარება და დიდი სიყვარული წაიყოლა თან. ყველა ცნობდა, ყველა ეფერებოდა... ხსოვნა და ნათელი მის სულს.

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი:

- ისე დამწყდა გული... სერიალში დედაჩემს თამაშობდა და პირველი დღიდანვე მისი ყურადღება და ზრუნვა არ მომკლებია. ბუნებით იყო ასეთი, თბილი, ყველას ბებია და დედა. „დედიკო, დედიკო" ,- სერიალში რომ ამბობდა, მერე ცხოვრებაშიც ასე გადმოჰქონდა და მიმართავდა ყველას. ის კი არა, ერთხელ მისი მეუღლის, ჯემალის, როლის შემსრულებელ ლეო ანთაძესაც დედიკოთი მიმართა და მერე ყველამ ერთად ბევრი ვიცინეთ ამაზე. ძალიან დაგვაკლდება მთელ კოლექტივს ჩვენი მანანა ბებო.

მაკა ძაგანია, "ჩცდ"-ის მსახიობი

- ახლახან გავიგეთ მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალების ამბავი და -შოკისმომგვრელი იყო, ისე განვიცადეთ, საუბარი გვიჭირს. ტურში ვართ წამოსულები მე, ანი ტყებუჩავა და ნინო გაჩეჩილაძე, ძალიან გვეტკინა გული. მედიკო თბილი და საყვარელი ადამიანი იყო, თითქოს, წაშლილი ჰქონდა ასაკობრივი ზღვარი, ყველა მედიკოს ვეძახდით, მოფერებით. მოგვენატრება, ჩვენი მანანა ბებო.

დავით კვირცხალია, მსახიობი:

- დიდებული ქალბატონი იყო და ამშვენებდა იმ ყველაფერს, სადაც ტრიალებდა. თავისი ადგილი ჰქონდა მას სერიალში. პატივცემული და აღიარებული წავიდა. სამწუხაროა, რომ ჩვენ საერთო სცენა არ გვქონია....

ირაკლი საღინაძე, "ჩცდ"-ის პროდიუსერი:

- მედეა ლორთქიფანიძე არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, ყველას ძალიან გვიყვარდა. გუნდის სული და გული იყო, თავისი ყველაფრით - ემოციურობით, ჩვენ მიმართ სიყვარულით, ძალიან მხიარული ქალბატონი გახლდათ. ვწუხვარ , ჩვენთვის ვინც წლებია, ამ სერიალს ვქმნით, ჩვენი საერთო ბებია გარდაიცვალა, უდიდესი დანაკარგია ყოველმხრივ.

ლია გუდაძე, მსახიობი:

- მედეა გავიცანი „ჩემი ცოლის დაქალების" გადაღების დროს. თითქმის ერთდროულად გვქონდა ხოლმე ორივე ბებიას გადაღებები და ამიტომ ერთად მივყავდით და მოვყავდით. ურთიერთობაში იყო ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ოჯახზე გადამკვდარი ქალი, ძალიან უყვარდა შვილიშვილები, ამას ყოველთვის ხაზს უსვამდა. ცხოვრებაშიც ისეთივე ქოთქოთა იყო, ფაქტობრივად, თავის თავს თამაშობდა სერიალში.

ეკა სალაღაია

(სპეციალურად საიტისთვის)