"ამბობენ, მკვლელობის შემდეგ ხელ-ფეხშეკრულ კაცს ვიდეოები გადაუღო" - გურიაში მოხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"ამბობენ, მკვლელობის შემდეგ ხელ-ფეხშეკრულ კაცს ვიდეოები გადაუღო" - გურიაში მოხდარი შემზარავი მკვლელობის დეტალები

ლანჩხუთში მომხდარი უმძიმესი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. შემზარავი დანაშაული 8 აგვისტოს ლანჩხუთში, სარჯველაძეების ფერმაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს თემურ სარჯველაძეს მისი თანაკლასელის შვილი სასტიკად გაუსწორდა და წამებით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, რომელსაც მკვლელობამდე ფერმაში მოკლული თემურ სარჯველაძე გაუმასპინძლდა და ამის შემდეგ არაფხიზელმა ბრალდებულმა მას ჯერ ხელ-ფეხი შეუკრა, ფიზიკურად გაუწორდა და მერე ე.წ სპიცით წამებით მოკლა. რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი, ამას სამართალდამცავები ადგენენ. ერთ- ერთი ვერსიით, ფერმაში სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო კონფლიქტი, მეორე ვერსიით, ბრალდებულს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა და მთვრალმა სისასტიკე ჩაიდინა.

ნონა გიგინეიშვილი ოჯახის ახლობელი:

- უმძიმესი, ენით აღუწერელი დანაშაულია ჩადენილი. მოკლული ძალიან კარგი ადამიანია, თემურ სარჯველაძე. თემური დიდხანს თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, ლანჩხუთში დაბრუნდა და უვლიდა მამის საქონლის ფერმას. სწორედ იქ მოხდა ეს შემზარავი ამბავი. დამნაშავე ამ ოჯახის ახლობელია, ახალგაზრდა ბიჭია ბრალდებული, დათო ტუღუში. მისი დედა მოკლულის თანაკლასელი და მეგობარია. ოჯახები ახლობლობდნენ. დამნაშავის ბებია ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და გასვენებისთვის საკმარისი ყველი და არაყი თემურს მიუტანია.

ოჯახს ყურადღებას აქცევდა, მათ შორის რაიმე დაპირისპირება რომ ყოფილიყო, გვეცოდინებოდა. მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელია, ის ლანჩხუთში არ ცხოვრობს, მაგრამ პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე. ხელ- ფეხი შეუკრავს და წამებით ჰყავს მოკლული. თავიდან გაჩნდა ეჭვი, თანამზრახველი ხომ არ ჰყავდა, მაგრამ როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, დანაშაული მხოლოდ ტუღუშის ჩადენილია. თემური ძალიან ნაწამებია...

ამის შემდეგ წამოსულა დამნაშავე თემურის კუთვნილი მანქანით კლინიკაში და იქ უთქვამს, ესა და ეს პიროვნება ამ ადგილას არის ცუდად და მიხედეთო. სასწრაფო და პოლიცია მივიდა შემთხვევის ადგილას და იქ უმძიმესი სურათი დახვდათ. იქვე დააკავეს ეტყობა დამნაშავეც. ამბობენ სისხლში ამოთხვრილი იყოო. ისიც ითქვა, 4 პოლიციელი აკავებდა ხელბორკილები რომ დაედოთო, ზოგმა თქვა თვითონ ჩაბარდა პოლიციასო. იმდენად მძიმე მდგომარეობაში დახვდათ ცხედარი, რომ ფაქტის ადგილას მისულმა პოლიციელმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული გარდაცვლილს, ძვლები სულ დამტვრეულია, ნაწამებია... ეტყობა ფიზიკურად გაუსწორდა და მერე ჭრილობები აქვს მუცლის არეში. ვარაუდობენ რომ ე.წ სპიცი გაუყარა რამდენიმე ადგილას.

vmdvfcas-1723306805.jpg

- რა ვერსიები განიხილება?

- რა გახდა ამ მკვლელობის მიზეზი, ნამდვილად არ ვიცით. ამას იმედია, მალე დაადგენს პოლიცია. ერთ - ერთმა პოლიციელმა მითხრა, რაც მოვიკვლიეთ ის იყო, რომ სიმთვრალეში მკვლელობაში ბრალდებული პათოლოგი ხდებოდაო. არადა ქალაქში მას არ ჰქონდა ცუდი სახელი, მეზობლები გაოგნებულები იყვნენ და ამბობდნენ, ვერ წარმოგვიდგენია მან ეს დანაშაული რომ ჩაიდინაო. არადა, ხელები და ფეხები შეუბორკა თემურს... ეს როგორ მოახერხა არ ვიცი, რადგან თემური ფიზიკურად ძლიერი იყო. საუკეთესო ადამიანი იყო, გამორჩეული, არ არსებობს ადამიანი ვინც მასზე ცუდს იტყვის. როგორც ირკვევა, დამნაშავეს იმ დღეს დაურეკავს თემურისთვის და უთქვამს, წავიდეთ ფერმაში, იქ ფოტოები გადავიღოთო. თემურს უნდოდა ამ ფერმის გაყიდვა და ეტყობა, ეს მან იცოდა.

თემურისთვის დაურეკავს, თურქი კლიენტი მყავს, რომელსაც უნდა ყიდვა და მას ფოტოები უნდა გავუგზავნოთო. ამ მიზნით წაუყვანია ფერმაში საღამო ხანს. ჩაიტყუა ეტყობა, მერე იქ დაულევიათ და იქ ჰყავს წამებით მოკლული. როგორც ამბობენ, ბოლო დროს რომ დათვრებოდა, მერე პათოლოგი ხდებოდაო, ეს ამბავი იცოდა მისმა ცოლმა. განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ამიტომაც ბრალი წარდგენილი. პოლიციელებთან ჩვენების დროს თვითონ მოუყოლია, რომ ხელ-ფეხი შეუბორკა. როგორ შეძელიო - რომ უკითხავთ ასე უპასუხია - მე ვისთანაც უნდა გადავგზავნო ფოტოები, მათ ვეუბნები, რომ ეს არის ჩემი ფერმა და ვითომ შენ ხან ჩემი მოსამსახურე და ამ დროს ხელ-ფეხი შეუბოჭიაო. ეს მონათხრობი არარეალურად მეჩვენება.

თემური ორი გოგონას მამაა, მისი ერთი ქალიშვილი ინგლისშია გათხოვილი, თემურის მეუღლე 5 დღის წასული იყო თბილისში და თემურიც რამდენიმე დღეში უნდა გამგზავრებულიყო იქ დროებით. როგორც ვიცი, ბრალდებული ღამით, პირველის ნახევარზე მკვლელობის შემდეგ დაჯდა მოკლულის მანქანაზე, სადღაც 7 წუთი დასჭირდებოდა მანქანით კლინიკამდე მისვლას. ამბობენ, თვითონ სისხლში იყო ამოსვრილიო.

ყველა მისტირის თემურს, გლოვობს მთელი ლანჩხუთი, რადგან ძალიან სათნო ადამიანი იყო, კარგი ოჯახის შვილი. თემურის დედა ექიმი გახლდათ, მამა პედაგოგი, რომელიც 2 წელია გარდაიცვალა.

- ამბობენ, რაღაც მიწა უყიდია დამნაშავის ბაბუისგან და შვილიშვილი ფულის დამატებას ითხოვდაო, ეს მართალია?

- 30 წელია დაახლოებით გასული, რაც მისმა ბაბუამ გაყიდა და იყიდა თემურის მამამ. კი ამბობენ, უთქვამს, ძალიან იაფად გაყიდა ბაბუაჩემმა და ახლა ფული მომეციო, მაგრამ ეს რამდენად არის სწორი, ვერ გეტყვით. არც ის ვიცით, პოლიცია რა ვერსიაზე მუშაობს. პოლიცია ამბობს, რომ დამნაშავეს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, საზოგადოებამ ეს არ იცოდა, თუმცა ოჯახმა იცოდაო.

როგორც ვიცი, გარკვეული წლები ტუღუში თურმე თურქეთის სპეცრაზმშიც მუშაობდა. იმასაც ამბობენ, წამების შემდეგ ფოტოები გადაუღიაო, ეს მასალა უკვე დევს საქმეში.

კიდევ ერთი ახლობელი ამბობს, რომ დამნაშავე მოკლულს სავარაუდოდ ფულის დამატებას სთხოვდაო.

"20 წლის წინ 600 ლარად მისი ბებიისგან იყიდა შენობა - ძროხების სადგომი. აღმოჩნდა, რომ 20 წლის შემდეგ მოუნდა ფულის დამატება, ჩააკითხა და ეს გაუკეთა. ეს ტიპი ამოვიდა საავადმყოფოში და თქვა, რომ ცუდად გახდაო და შესაბამისად იქნებ ექიმი გაუშვათო. პოლიცია და სასწრაფო ერთად ჩავიდნენ და გარდაცვლილი დახვდათ, მიწაზე დაგდებული და ხელ-ფეხ შეკრული. ამბობდნენ, რომ ვიდეოები და "სელფი" გადაუღია ხელ-ფეხ შეკრულ კაცთან. მთელი სხეული ჩაშავებულია და რაღაც პატარა ნაჩხვლეტები აქვს. მოასვენეს ექსპერტიზიდან, მისმა კლასელებმა დაასვენეს და იმათ გვითხრეს. თავიც დაშავებული აქვს და სხეულიც სულ ჩაშავებულიო," - ამბობს მოკლულის კიდევ ერთი ნათესავი.

ყველა დადებითად ახასიათებს მოკლულს. კიდევ ერთი ადგილობრივი გვიამბობს:

"თემურ სარჯველაძეს პირადად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. კაცური კაცი. ნეტავ ყველა ქართველი ასეთი იყოს. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ქვეყანაზე შეყვარებული ქართველი იყო. ფერმა ჰქონდა მამის დანატოვარი. მკვლელობაში ბრალდებულს არ ვიცნობ, ამბობენ, რაღაც ძველი გაყიდული მიწის გამო ითხოვდა ფულსო. ბებია ახლახანს მოუკვდა დამნაშავეს. ახლა ათასი ჭორი დადის და ალბათ, სიმართლე გაირკვევა გამოძიებით. ფერმა ქალაქ ლანჩხუთიდან 4 კილომეტრის მოშორებით აქვს. დააბინავებდა საქონელს და მოდიოდა სახლში მანქანით ან ცხენით. თემური ყველას დამხმარე და გვერდში მდგომი იყო. ძალიან უმწიკვლო ადამიანი, უკონფლიქტო, კარგი ქართველი მოკლეს. სადისტურად რომ არის მოკლული, ეს ფაქტია. სპორტსმენი იყო თემური, 66 წლის არის, ასე ადვილად ვერ მოერეოდი მას, მაგრამ როგორ შეძლო დამნაშავემ მისი შებოჭვა და წამება არ ვიცი. ისე დიდი ყოფილა ტანად ბრალდებული, 38 წლის. ალბათ თვითონ იტყვის, რატომ გაიმეტა ასე ეს კარგი ადამიანი. მან უნდა აგოს პასუხი საკადრისად", - ამბობს ადგილობრივი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რა ჩვენება მისცა მან გამოძიებას ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის დანაშაულს აღიარებს და საქმეში უკვე დევს მისი ტელეფონიდან ამოღებული ფოტო-ვიდეო მასალა, რომელიც თავად დამნაშავემ ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ გადაიღო.

(სპეციალურად საიტისთვის)