"არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა, რომ..." - რას წერს მოფარიკავე სანდრო ბაზაძე? - კვირის პალიტრა

"არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა, რომ..." - რას წერს მოფარიკავე სანდრო ბაზაძე?

თქვენ გგონიათ, რომ გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ არა! ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი… ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! - ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბაზაძე აღნიშნავს, ის ოლიმპიურ მედლებს იმსახურებდა, რის გამოც ბრძოლას აგრძელებს.

„არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს! როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშუალება ის სიხარული მეგრძნო, რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთვნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის, რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის. იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ არასამართლიანობას…. ყველაფერი ხდება თურმე, 2 ოლიმპიადა ისე გავიარე სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს ოლიმპიურ მედლებს! რომლებიც მომპარეთ ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია...

თქვენ გგონიათ, რომ მე გამტეხეთ, რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ, მაგრამ არა … ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე… უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად…. მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! ვერ გამტეხავთ! მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას, ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს, რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას! და ყველაფერი შესაძლებელია! მე ვაგრძელებ და გავაგრძელებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს, რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას! სასაცილო ის არის, რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძელებ და დავამარცხებ! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!

ლაშა, გენო მიყვარხართ!“- წერს სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ ბაზაძის ასპარეზობასთან დაკავშირებით ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს საჩივრის წერილით უკვე მიმართა. როგორც ფარიკაობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.