"ბავშვობაში სოხუმში ნამყოფი ვარ - საოცრებაა. ალბათ, იქ თუ ჩავალთ და დაგვხვდებიან ქართველები და არა - ის ხალხი, ვისაც იქაურობა არ ეკუთვნის, ყველაზე ბედნიერი ვიქნები!" - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში სოხუმში ნამყოფი ვარ - საოცრებაა. ალბათ, იქ თუ ჩავალთ და დაგვხვდებიან ქართველები და არა - ის ხალხი, ვისაც იქაურობა არ ეკუთვნის, ყველაზე ბედნიერი ვიქნები!"

მსახიობ განო გერლიანს აქტიური შემოქმედებითი პერიოდი ჰქონდა:

ის ერთ-ერთ უცხოურ ფილმზე მუშაობდა, ასევე - 2-ეტაპიანი კასტინგის გავლის შემდეგ, განო ავსტრიული, საკმაოდ სერიოზული ბანკის რეკლამაშიც გადაიღეს. ავსტრიაში მყოფი ქართველები მსახიობს ხშირად უგზავნიან იმ ბილბორდების ფოტოებს, რომელზეც განოა აღბეჭდილი და მისით ამაყობენ. თავად მსახიობი რეკლამის ასეთ მასშტაბურობას არ ელოდა... ამჟამად, განო გერლიანი თბილისში იმყოფება. მას ზაფხულის და არდადეგების შესახებ ვესაუბრეთ.

- ჩემთვის ზაფხული ბედნიერებასთან ასოცირდება. საერთოდ, მგონია, რომ საკუთარი თავი მხოლოდ ზაფხულში ვარ. როცა ადამიანი წელიწადის სხვა დროს გამიცნობს, მგონია, რეალურად არ მიცნობს... როგორც ჩანს, ჩემთვის მზე ბევრს ნიშნავს. ვიცი, რომ ზაფხულში, კონკრეტულ დღეს რაც უნდა მოხდეს, სიტუაცია როგორც უნდა წარიმართოს, მაინც კარგად დასრულდება, რადგან ეგ დღე მე მექნება მუჭში მოქცეული (იღიმის).

- როგორ ატარებ დროს ზაფხულობით?

- თბილისში ყოფნაც ძალიან მიყვარს, ზღვაზეც... უბრალოდ, ყველგან ბედნიერი ვარ, სადაც უნდა წამიყვანო, მაგრამ ზაფხული ჩემთვის ზაფხული არ არის, თუკი 2 დღით მაინც ზღვას ვერ ვნახავ... თავდაპირველად, თბილისში ვარ, მეგობრებს ვნახულობ, ყველა მიყვარს და ყველას ვუყვარვარ (იცინის). შემდეგ აუცილებლად ზღვა უნდა ვნახო, თუნდაც - შორიდან: უნდა ვიცოდე, რომ იმ ქალაქში ვარ, სადაც ზღვა ახლოს არის... მთაში ყოფნაც მიყვარს, მაგრამ ზღვა მაინც სულ სხვანაირია...

- როგორ ატარებ ზღვაზე დროს?

- ვგიჟდები ზღვასა და მზეზე, მაგრამ მგონი, მზე ჩემზე არ გიჟდება: მზისგან დამცავ ლამის ყველანაირ კრემს ვისვამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება 15 წუთში ცოცხალი აღარ ვიყო. ბათუმში ველოსიპედით სეირნობა მიყვარს, ასეთ დროს უბედნიერესი ვარ!..

- წელს ზღვაზე ყოფნა უკვე მოასწარი?

- მდინარეზე ვიყავი, ახალდაბაში. ასევე, ივნისის დასაწყისში ევროპაში გახლდით - დედა წავიყვანე. ამსტერდამი დედაჩემის საყვარელი ქალაქია. ბავშვობიდანვე ვპირდებოდი, რომ იქ თავად წავიყვანდი... მართლა ულამაზესი ქალაქია. დედა უბედნიერესი იყო! აუცილებლად კიდევ უნდა წავიყვანო.

- ერთად დრო როგორ გაატარეთ?

- ძალიან კარგი იყო. მე, დედა, ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი ქმრის საუკეთესო მეგობარი ვიყავით. თავად ჩემი ქმარი ჩვენთან ერთად არ იყო (იცინის). დედაჩემი ხომ ჩემზე და საერთოდ, იქ მყოფ ყველა ჩვენგანზე უფროსი იყო, არა? მიუხედავად ამისა, ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობოდა - ყველანი მეგობრები ვიყავით. ვესტუმრეთ ამსტერდამს, ბრუგეს, ბრიუსელს... ბელგიის ყველა ქალაქი ისეთი ლამაზი იყო, რომ გაოცებული დავრჩი. თან, იქ პირველად არ ვიმყოფებოდი, მაგრამ - მაინც... დედას ვუთხარი, - ამდენი წელი ხომ შენ მახარებდი, ახლა ჩემი ჯერია-მეთქი...

- დედასთან ერთად სხვა დროსაც გიმოგზაურია?

- საზღვარგარეთ - არა, მაგრამ საქართველოში - კი: მგონი, 13 წლამდე დედის გარეშე არსად წავსულვარ... საზღვარგარეთ ჩვენს მოგზაურობაში ის მომწონდა, რომ მოვახერხე, დედისთვის დანაპირები შემესრულებინა. ლუკას (ჩემი მეუღლის) დახმარებით, ეს მოვახერხე და უბედნიერესი ვიყავი!.. როცა დასასვენებლად დედას მივყავდი სადმე, მან იცოდა, იქ რა დამხვდებოდა, როგორ გამიხარდებოდა, ახლა კი პირიქით იყო: მე ვიცოდი, მას რომელი ადგილების ნახვა გაუხარდებოდა. თვითმფრინავში რომ ჩავსხედით, ვიდეოებს ვუღებდი. მგონი, ამაზე კარგი არაფერი გამიკეთებია. თავად ევროპაში შარშან ვიყავი, როცა ლუკაზე დავინიშნე.

- ამის შესახებაც გვიამბე...

- სამოგზაუროდ რომ წავედით, ლუკა ყოველთვის ჩვენ უკან იყო - გვერდით არასოდეს მომყვებოდა. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. 2 კვირის მერე, პარიზში, ეიფელის კოშკთან ვიდექით, ლუკას მეგობრებიც იქ იყვნენ. რატომღაც, ლუკამ დაიჩოქა. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი? დიახ, ის ხდებოდა, რაც მეგონა... თურმე, ლუკა უკან იმიტომ დამყვებოდა, რომ ფოტოებს მიღებდა, ანუ ხელში ბეჭედი ეკავა და ბეჭდით და ჩართული კამერით დამყვებოდა. შემდეგ ეს ვიდეო "შეკრა" და სოციალურ ქსელში "დადო"...

- ახლა თქვენთან ერთად რატომ არ იყო სამოგზაუროდ?

- თავად მინდოდა, რომ ეს მოგზაურობა აბსოლუტურად "ჩემი" ყოფილიყო, რადგან როცა ჩემთან ერთად ლუკა იმყოფება, ფაქტობრივად, 2 წლის ბავშვი ვხდები: ყველგან მას დავყავარ. შემიძლია, გზაზე გადასვლისას გვერდით არ გავიხედო, რადგან ლუკა იქაა და მე რატომ უნდა გავიხედო (იცინის)?!. თან, მანამდე თავის მეგობრებთან ერთად ბარსელონაში იყო. ჰოდა, ახლა მე წავალ მარტო-მეთქი...

- პირველი შემთხვევა იყო, როცა ლუკას გარეშე დაისვენე?

- კი. ძალიან უცნაური შეგრძნება დამეუფლა: როცა ჩემს ცხოვრებაში ლუკა ჯერ არ იყო, დასასვენებლად დამოუკიდებლად ხომ დავდიოდი, არა? ახლა, როცა უკვე ჩემს ცხოვრებაშია და მის გარეშე გავემგზავრე, სხვაგვარი ემოცია დამეუფლა: როგორც ბავშვობაში მინდოდა, რომ დედა ჩემთან ყოფილიყო, ისე მსურდა ახლა, რომ ლუკა ჩემთან "გადმოტელეპორტირებულიყო".

- როგორ ატარებთ ერთად დროს და როგორ ისვენებთ ხოლმე?

- როცა მარტო ვისვენებდი, ბევრად ზარმაცი ვიყავი. შეიძლება, ბათუმში ჩავსულიყავი და მთელი დღე სახლში გამეტარებინა - ზღვა და სახლი... ახლა პირიქითაა: ლუკა არ მასვენებს, - წამოდი, ბათუმში ტყუილად ხომ არ ჩამოვედით? ყველაფერი ვნახოთო... ლუკასთან ერთად ბევრად აქტიურად ვატარებ დროს და ამით ბედნიერი ვარ.

- გახსოვს, პირველად დამოუკიდებლად როდის, სად გაემგზავრე დასასვენებლად?

- კი, მახსოვს: ალბათ, 17 წლის. მანამდე დედაზე "მიწებებული" ბავშვი ვიყავი. მე და ჩემი მეგობრები რამდენიმე დღით ბორჯომში წავედით. ვისი ბინაც ვიქირავეთ, ის ქალი ძალიან საყვარელი იყო. ბოლოს ისე შევუყვარდით, რომ რამდენიმე დღის ქირა გვაჩუქა - დარჩით, რამდენ ხანსაც გინდათო. ბორჯომში დასვენება ძალიან მომეწონა. თავს დიდად ვგრძნობდი. მივხვდი, რომ მშობლები მენდობოდნენ და სჯეროდათ, საკუთარ თავს მივხედავდი. მათგან ეს ნდობა მესიამოვნა...

- ლაშქრობის ტიპის დასვენება შენთვის საინტერესოა?

- სიარული მიყვარს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში უძლური ვარ ხოლმე - წადით, დამტოვეთ, მე აქ დავრჩები, ჩემზე არ ინერვიულოთ-მეთქი. იგივე დამოკიდებულება მაქვს სირბილის მიმართაც: ტყეში მგელი რომ გამომეკიდოს, გავჩერდები, - შემჭამე-მეთქი (იცინის). სირბილი მეზიზღება. ბავშვობაში, "დაჭერობანას" თამაშისას რომ მომდევდნენ, ისტერიკა მემართებოდა: ახლა დამიჭერენ და რაღაცას დამიშავებენ-მეთქი. არავის არაფერი დაუშავებია, მაგრამ ვიღაც რომ მომდევდა, ცუდად ვხდებოდი.

- ლაშქრობაში ყოფნის გამოცდილება გაქვს?

- კი. ბოლოს სვანეთში ვიარე. სვანი ვარ, იქაურობაზე ვგიჟდები - ულამაზესი ადგილია, მაგრამ მგონია, რომ აღმართზე ასვლას და ფეხით დიდხანს სიარულს ნიჭი სჭირდება, რაც ჯერჯერობით, არ მაქვს.

- თუ არსებობს საქართველოში რომელიმე კუთხე, სადაც ჯერ არ ყოფილხარ და ძალიან გინდა, ესტუმრო?

- ასეთი ბევრია: თუშეთი, ხევსურეთი... ახლაც, ახალდაბაში ყოფნისას, როცა ვხედავდი, ირგვლივ რამდენი სოფელი იყო, სადაც ფეხი არასოდეს დამიდგამს, ძალიან მაინტერესებდა... მირჩევნია, ჯერ ჩემი ქვეყანა ვნახო უკეთ, მერე - სხვა ქვეყნები.

- ახალდაბა დასასვენებლად რატომ შეარჩიე?

- ჩემი ქმრის და ჩემი მეგობარი რეკლამას იღებდა. ჩვენ, "მაწანწალებიც" "ავეკიდეთ" (იცინის). თან, რეკლამის გადაღებაში დავეხმარეთ. ულამაზესი ადგილია!..

- საქართველოს გარდა, ბევრ ქვეყანაში ხარ ნამყოფი? მოგზაურობისას შენს ყურადღებას რა იქცევს?

- საფრანგეთში, ჰოლანდიასა და ბელგიაში ვარ ნამყოფი. ვინტერესდები, მაგალითად - სამზარეულოთი: ვაღიარებ, სადაც ვყოფილვარ, იმ ქვეყნების სამზარეულო ჩვენს კერძებთან ახლოსაც ვერ მოვა და ეს არავის ეწყინოს... საერთოდ, არ მიყვარს ადგილები, რომლებიც ტურისტებისთვისაა შექმნილი. ამსტერდამი ულამაზესია, მაგრამ ძალიან ეტყობა, რომ აბსოლუტურად იმაზეა "გადართული", თუ რა მოეწონება ტურისტს, რას იყიდის... ისეთი ქალაქები მიყვარს, სადაც ბევრი ტურისტი არ არის, თუნდაც - ბურგე. რა თქმა უნდა, ტურისტები იქაც არიან, მაგრამ საოცრად ლამაზი ქალაქია ულამაზესი არქიტექტურით. მართლა შოკში ვიყავი! ალბათ, ეს ქალაქი ყოველთვის გამაოცებს, რამდენჯერაც უნდა ვესტუმრო.

- ბარგის ჩალაგებისას, უსარგებლო ნივთების თან წაღება გჩვევია?

- მახსოვს, შარშან ნიღაბი წავიღე - თავზე რომ დაიხურავ, მელოტი ხდები. რა ჯანდაბად მინდოდა, არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემმა ქვეცნობიერმა "თქვა", რომ ეს აუცილებელი ნივთი იყო.

- ეს ნივთი შინ რად გინდოდა?

- ეგ ლუკას ჰკითხე. რაღაც პაროდიებს აკეთებს ხოლმე (იცინის)...

- ბარგის ჩასალაგებლად რამდენი დრო გჭირდება?

- ყოველთვის ასე ვამბობ, - 15 წუთში ჩავალაგებ-მეთქი და ბოლოს, ვნერვიულობ: უი, რამე ხომ არ დამრჩა-მეთქი? სულ პასპორტს ვეძებ. არადა, სულ ხელში მიჭირავს.

- აეროპორტში დაგიგვიანია?

- არა, რადგან ფობია მაქვს, რომ შეიძლება, თვითმფრინავში არ ამიშვან. ამიტომ აეროპორტი 3 დღით ადრე შემომივლია, "გეითი" სამჯერ შემიმოწმებია... ჩემთვის ეს ყველაფერი ტანჯვაა, ასევე - გადაჯდომები, მაგრამ ბოლოს, დედასთან ერთად რომ ვიმოგზაურე, ცოტათი გავერკვიე.

- ახლა, თბილისში მყოფი, ზაფხულის სიცხეს თავს სად აფარებ?

- კონდიციონერზე ალერგია მაქვს. თან, სიცხე მეზიზღება: ვერც ვჭამ, ვერც ვსვამ... თუ ძალიან მცხელა, ვითიშები, კონდიციონერთან კი - ვცივდები. სანამ დღის მზე არ გადავა, შანსი არაა, სახლიდან გავიდე, რადგან თვალებს საერთოდ ვერ ვახელ. თუნდაც, მზის სათვალე მეკეთოს, მაინც თვალებმოჭუტული დავდივარ. თან, ჩემს ოთახში მზე ისე აჭერს, რომ დილით "კივის" ხოლმე, - გაიღვიძეო (იცინის)!.. საღამოობით, ცოტათი ნიავი რომ ქრის, მანქანით სეირნობა (ცხადია, ავტომობილით სწრაფად სიარულს არ ვგულისხმობ) ძალიან მიყვარს, მუსიკის ფონზე...

- შენი უახლოესი საზაფხულო გეგმები როგორია?

- 18 აგვიტოს მე და ლუკა "ბლექ სი არენაზე", ჩვენი საყვარელი ჯგუფის "Jungle" მოსასმენად მივდივართ. წუთებს ვითვლი, ეს დღე როდის დადგება!..

- შენთვის საოცნებო არდადეგები როგორ წარმოგიდგენია?

- ბავშვობაში სოხუმში ვარ ნამყოფი - საოცრებაა! იქ ზღვა სულ სხვანაირია. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორი სხვანაირი ტალღები იყო - ოკეანე მეგონა... ალბათ, იქ თუ ჩავალთ და დაგვხვდებიან ქართველები და არა - ის ხალხი, ვისაც იქაურობა არ ეკუთვნის, მართლა ყველაზე ბედნიერი ვიქნები!..

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"