"მიდით, გოგონებო!" - როცა ტრიბუნიდან ქართულ შეძახილს ვიგებთ, ეს არის უდიდესი სტიმული და მოტივაცია" - 7-ქალა რაგბის ისტორიული გამარჯვების ამბავი და სტერეოტიპები, რომლებსაც ქალები ამსხვრევენ - კვირის პალიტრა

"მიდით, გოგონებო!" - როცა ტრიბუნიდან ქართულ შეძახილს ვიგებთ, ეს არის უდიდესი სტიმული და მოტივაცია" - 7-ქალა რაგბის ისტორიული გამარჯვების ამბავი და სტერეოტიპები, რომლებსაც ქალები ამსხვრევენ

ისტორიაში პირველად საქართველოს 7-ქალამ წელს რაგბის ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ჯაბა მალაღურაძის შეგირდებს შარშან საოცნებო მიზნამდე სულ ცოტა დააკლდათ, წელს კი ბევრად უკეთესი თამაშის ხარისხი აჩვენეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ამ გამარჯვებაში დიდია მარიამ გოგუაძის წვლილი. სხვადასხვა თამაშში მან არაერთჯერ მოახერხა ლელოს დადება. მარიამი თავად გვიამბობს, როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები დიდ რაგბიში, როგორია ის მოედანზე თუ ცხოვრებაში?

- მარიამ, ვიცი, სანამ რაგბით დაინტერესდებოდი, ჩოგბურთზე დადიოდი.

- დიახ, ჩოგბურთზე დავდიოდი, ბევრი წელი ამ სპორტში ვიყავი, 17 წლისამ კი რაგბიში ვარჯიში დავიწყე, მანამდე კი 1 წელი მძლეოსანი ვიყავი. ოჯახში რაგბი ყველას ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით - ჩემს დას. მძლეოსან გოგონებს შორისაც იყვნენ მორაგბეები. პირველი ვარჯიშის შემდეგ, ეს სპორტი აღარ მიმიტოვებია.

- მძლეოსნობა და რაგბი საქართველოში გოგონების სპორტად ნაკლებად ითვლებოდა. როგორი იყო ადამიანების რეაქცია, როდესაც იგებდნენ, ამ სპორტში იყავი ან დღეს როგორია? მით უმეტეს, აღნაგობით გამხდარი ხარ.

- იქედან გამომდინარე, რომ 7-ქალას ვთამაშობ, აქ რაც უფრო პატარა წონა გაქვს, უფრო კარგია, რადგან სისწრაფეა ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს ჩემთვის, ფრთაზე რომ ვთამაშობ. 7-ქალა რაგბი უფრო სააზროვნო თამაშია, ვიდრე 15-ქალა. 8 წლის წინ, რაგბიზე რომ შევედი, ყველას უკვირდა, რადგან წარმოედგინათ, რომ უნდა ვყოფილიყავი მსუქანი, დაკუნთული. ახლა რომ იგებენ მორაგბე ვარ, განცვიფრებულები არიან და აღფრთოვანებას გამოხატავენ, - რა მაგარია ამ სპორტში რომ ხარო. კარგია, ეს სტერეოტიპი რომ იმსხვრევა. ბევრმა საერთოდ არც კი იცოდა, რაგბის ქალებიც თუ თამაშობდნენ. მძლეოსნობაც არ ითვლებოდა ქალების სპორტად. ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მწვრთნელებს ძალიან უნდოდათ, მძლეოსნობაში მევარჯიშა. ყოველთვის კარგი შედეგები მქონდა. მძლეოსნობა ინდივიდუალური სპორტია, ძალიან მომწონდა, ახლა გუნდურ თამაშს ვთამაშობ და ამასაც თავისებური ხიბლი აქვს.

- ისტორიაში პირველად საქართველოს 7-ქალამ წელს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, როგორია ეს ემოცია?

- ყველანი ძალიან გახარებულები ვართ, ეს დავიმსახურეთ.

- 8 წლის წინ, როდესაც ამ სპორტში ვარჯიში დაიწყე, იფიქრებდი, რომ ასეთი წარმატებული მორაგბე იქნებოდი?

- ჩემი მიზანი ყოველთვის ელიტაში თამაში იყო. როცა გუნდურ თამაშს თამაშობ, ეს სურვილი და მიზანიც ერთიანდება. ცოტათი რთული იყო ეს გზა, ყოველ წელს ვცდილობდით "ზემოთ" ასვლას, მაგრამ ისეთი დარწმუნებულები, როგორც წელს ვიყავით, არასდროს ვყოფილვართ.

- გუნდში რა ხდება, გოგონები მეგობრობთ?

- რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კარგი და ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს.

- გუნდში ურთიერთობა რამდენად ახდენს გავლენას სპორტში შედეგზე?

- რაც უფრო გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით, ჩვენი ურთიერთობა სპორტშიც ძალიან დაგვეხმარა.

- რაგბისთვის თავის დანებება არასდროს გიფიქრია?

- რაღაც მომენტებში შეიძლებოდა ჩემში მსგავსი ფიქრები მოსულიყო, მაგრამ ეგ წუთები მომენტად დავტოვე.

- როგორია მარიამი მოედანზე და მარიამი ცხოვრებაში? განსხვავება იგრძნობა?

- ძალიან დიდი სხვაობაა.

- უფრო კონკრეტულად?

- ხასიათის მოთამაშე არ ვარ. როგორ ცუდ განწყობაზეც უნდა ვიყო, მოედანზე ჩემს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებ. ცხოვრებაში კი ცუდი განწყობა თუ მაქვს, შეიძლება რაღაცებში ხელი შემეშალოს. კარგია, რომ ჩემი ხასიათის ეს დეტალი სპორტში ხელს არ მიშლის.

- გამოდის, საკუთარ სისუსტეს ერევი.

- დიახ, რაგბი იმაში მეხმარება, რომ ჯერ ჩემს თავს და მერე სხვებს, რაღაცები უკეთესად დავუმტკიცო.

- გამორჩეულად რომელი თამაში გახსოვს?

- ინგლისთან თამაში. ჩვენ ამ დღეს მსოფლიო დონის გუნდს ვეთამაშეთ, წამყვან მოთამაშეებს - ადამიანებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვუყურებდი და ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდოდა, მეც მათსავით მეთამაშა. სწორედ მათთან მეტოქეობა იყო ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი.

- რით გაგზარდა, რა ისწავლე ამ შეხვედრიდან?

- უფრო მეტად დამისახა მიზანი, რომ უმაღლესი დონის რაგბი ვითამაშო.

- ძალების აღდგენას როგორ ახერხებ?

- როდესაც ძალიან დაღლილი ვარ, უმოძრაოდ ყოფნა არ შემიძლია, ყოველთვის აქტიურ დასვენებას ვიწყობ, ეს იქნება გასეირნება, ჩოგბურთი თუ დილით სირბილი, მთავარია, მოძრაობაში ვიყო.

- ტრავმებს რამდენად იღებ, ამ მიზეზით თამაში გამოგიტოვებია?

- 7-ქალა რაგბი ტრავმული სპორტი ნაკლებად არის. თუ ყველაფერს სწორად აკეთებ, არაფერი მოგივა. შეიძლება ტრავმა იმ დროს მიიღო, თუ რამეს არასწორად გააკეთებ. მხოლოდ ერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ბარძაყის კუნთი დამიზიანდა და ამის გამო ევროპაზე ვერ წავედი, რეაბილიტაციას 3 თვე დასჭირდა.

- მარიამ, ცნობილია, რომ არა მარტო კარგი მორაგბე ხარ, მუსიკალურ ოჯახში გაიზარდე და კარგად მღერი.

- დიახ, ასეა.

- გქონდა მცდელობა, რომ საზოგადოებას, როგორც მომღერალი, ისე გასცნობოდი, მუსიკალურ პროექტშიც სცადე ბედი. მერე რა მოხდა?

- შესაბამის კონკურსებში ბედი არაერთხელ ვცადე. "საქართველოს ვარსკვლავი", "ვოისი"... სად აღარ ვიყავი. იმდენად ადრეული ასაკიდან ვმღერი, არც მახსოვს, მაგრამ ოჯახში კადრებია შემორჩენილი. 11 თვისა კი თურმე მელოდიას ვყვებოდი, ვიმეორებდი. მშობლები სულ ცდილობდნენ, ჩემთვის ხელი შეეწყოთ, მემღერა, მაგრამ.... მუსიკალურ პროექტებში თურმე არაა საკმარისი მხოლოდ მღეროდე, მანდ სხვა რამეებსაც ითხოვდნენ.

- რას გულისხმობ?

- იქ ისეთი რაღაცები ხდება, რაც მაყურებელმა არ იცის და ეს მე ძალიან არ მომწონს. მათ კონკრეტულ წინადადებებზე მე არ ვიყავი თანახმა. მუსიკალურ პროექტებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ, სადაც ჩემი ნიჭისა და შესაძლებლობების აღიარება, დანახვა მოხდა, სწორედ იქ დავრჩები. დღეს რაგბი ჩემთვის ნომერ პირველია.

- ბენდი რომ შეგექმნა, არ გიცდია?

- მცდელობა მქონდა, მაგრამ ახლა სპორტით ვარ დაკავებული და დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ცოტათი რთულია. როცა ბენდთან ხარ, დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რომ ყველა ეტაპი ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარო, სულ რეპეტიციებზე უნდა იყო.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავ, ამ მხრივ რა ხდება?

- საინტერესო არაფერი, სიცარიელეა.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, მასთან ურთიერთობის დაწყების სურვილი რომ გაგიჩნდეს?

- პოზიტიური, ეს უმთავრესია.

- რაგბი უნდა უყვარდეს?

- თუ ეყვარება, კარგი იქნება.

- გულშემატკივრის როლზეც გკითხავ: თამაშის დროს გყავდეს აქტიური გულშემატკივარი, რამდენად მნიშვნელოვანია?

- იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში თამაშები არ გვაქვს, ჩვენს საგულშემატკივროდ უმეტესად უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველები მოდიან. როცა ტრიბუნიდან ქართულ შეძახილს ვიგებთ, "მიდით, გოგონებო!" - ეს არის უდიდესი სტიმული და მოტივაცია, თითოეულ ჩვენგანს გვაძლიერებს. უცხოელ რამდენიმე კოლეგასთანაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და თამაშებზე ისინიც გვგულშემატკივრობენ ხოლმე.

- მაშინ რა ხდება, როცა მეგობარი შენი მეტოქეა?

- ასეთი შეხვედრებიც გვიწევს და სტადიონზე ამ შემთხვევაშიც ერთმანეთს ვამხნევებთ.

- ფრთაზე მოთამაშე ხარ, სხვა პოზიციაზე არ გითამაშია?

- როცა სიტუაცია ირევა, ფრთაზე აღარ ვარ და შიგნით ვდგები, მაგრამ ძირითადად მაინც ფრთაზე ვთამაშობ. ჩემი მოვალეობაა მივიღო ბურთი, სწრაფად გავიქცე და ლელო დავდო. ჩემთვის მთავარია სისწრაფე, როგორც მოქმედებაში, ასევე - ფიქრში, აზროვნებაში.

- რაგბის თამაშის პარალელურად, რა განათლება მიიღე?

- სპორტის უნივერსიტეტში ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი დავამთავრე.

- წლების შემდეგ, საკუთარი მომავალი სად წარმოგიდგენია?

- რაგბიში დავრჩები, იქიდან გამომდინარე, რომ მსაჯიც ვარ. მთავარია, ფიზიკურად ფორმაში ვიყო.

- მსაჯობა რით არის საინტერესო?

- ისეთი პროფესიაა, რომ ყველა თამაშზე აუცილებლად თვითრწმენა უნდა გქონდეს. მოედანზე თავდაჯერებული თუ არ გახვედი, თამაშს ვერ წაიყვან, ამ საქმეში სწორედ ეს მომწონს. შეიძლება მოედანზე თავდაჯერებული შეხვიდე, მაგრამ იქაურობა საკუთარი თავით უკმაყოფილომ დატოვო. ამ დროსაც კი ვცდილობ, პოზიტივი შევინარჩუნო და შემდეგ თამაშებზე მეტად განვვითარდე.

- რას ურჩევ გოგონებს, რომლებიც რაგბით ახლა ინტერესდებიან?

- ვურჩევ, თავიანთ სურვილებს დაუგდონ ყური და არავის მოუსმინონ. თავდაჯერებულები იყვნენ. რაგბის თამაში ვისაც უნდა, ერთ ვარჯიშს მაინც უნდა დაესწროს. თავიდან მეც მქონდა შიშები, მაგალითად დაჯახების შიში, მაგრამ პირველივე ვარჯიშზე მივხვდი, უსაფუძვლო იყო და თავისით გაქრა. ნებისმიერ სპორტში და ცხოვრებაშიც ყველამ საკუთარი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"