"ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ მისი მოპოვება გაგვიჭირდა" - რას აცხადებს ლაშა ტალახაძე?
მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა,- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ტალახაძემ ყველა იმ სპორტსმენს, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს წარმატებები უსურვა.
„პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ გენოს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი მოტივაცია შემმატა მეც პირადად. ხვალ წარმატება მინდა ვუსურვო ჩვენ მოჭიდავეს.
ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ გაგვიჭირდა ამ მედლის მოპოვება. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ მწვრთნელებს - გიორგი ასანიძეს, ავთანდილ გახოკიძეს და მამაჩემს, რომელმაც ვარჯიში დამაწყებინა. ძალიან დიდი შრომა ჩადეს ჩემ მომზადებაში. მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. ვიცი, რა ხდება ჩემ რაიონში, ჩემ საქართველოში“,- განაცხადა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. ლაშა ტალახაძე(+102) ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტსმენმა ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ორჭიდის ჯამში კი 470 დააგროვა და მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლაშა ტალახაძე გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ისტორიაში მეხუთე ძალოსანია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა, ის ასევე მსოფლიოში პირველი ძალოსანია, რომელმაც მძიმე წონაში ოლიმპიური ოქრო სამჯერ მოიგო.
ლაშა ტალახაძემ ოქროს მედლები ტოკიოსა და რიოს ოლიმპიადებზე მიიღო. ის მსოფლიოსა და ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი ოლიმპიური მედალია. ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, მოკრივე ლაშა გურულმა ბრინჯაო მიიღო, გენო პეტრიაშვილმა კი, ოლიმპიური ჩემპიონობა კარიერაში პირველად იზეიმა.
"ინტერპრესნიუსი"