ბლიცკრიგი უკრაინულად ანუ გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?! - კვირის პალიტრა

ბლიცკრიგი უკრაინულად ანუ გამოაცხადებს თუ არა პუტინი საყოველთაო მობილიზაციას?!

გასულ კვირას უკრაინაში მიმდინარე ომმა სრულიად მოულოდნელად რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. პირველად 6 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ უკრაინულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ქალაქ სუმის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და კურსკის რეგიონში შეიჭრნენ. ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი ომის მიმდინარეობისას, რაც კი უკრაინამ აგრესორ რუსეთს მოუმზადა. ისინი წინ, ფაქტობრივად, დიდი ძალისხმევის გარეშე მიიწევდნენ და 9 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას და 25-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებდნენ. ურთიერთგამომრიცხავი ცნობების ფონზე, ამას ადასტურებდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც, ადგილობრივი მოხელეები და ღია წყაროებზე დაფუძნებული გამოძიება. ჯარისკაცების წინსვლის პარალელურად, ოფიციალური კიევი სამი დღის განმავლობაში დუმდა, ვიდრე 8 აგვისტოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ თქვა, დროა, რუსებმა საკუთარ თავზე იგრძნონ, რა არის ომიო... "რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და თავად უნდა იგრძნოს, რა ჩაიდინა", - განაცხადა მან. 7 აგვისტოს, როცა ვლადიმირ პუტინმა კურსკში განვითარებულ მოვლენებს „კიევის რეჟიმის პროვოკაცია“ უწოდა, რუსეთის არმიის გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა თანამოქალაქეების დამშვიდება სცადა და თქვა, რომ მათმა დანაყოფებმა შეაჩერეს დაახლოებით ათასი უკრაინელი ჯარისკაცის წინსვლა, თუმცა მალევე ცხადი შეიქნა, რომ გერასიმოვის განცხადებები არ არის სანდო - ფაქტია, ამის შემდეგ უკრაინელების წინსვლა გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა ეს ოპერაცია რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-16 წლისთავზე დაიწყეს. შესაბამისად, ჩვენთვისაც სიმბოლურია ომი ოკუპანტის მიწაზე, მით უფრო, ამ ოპერაციაში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობენ. რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ უკრაინელებს? - ამ კითხვით დავიწყეთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი კობერიძესთან ინტერვიუ, რომელიც 10 აგვისტოს ჩაიწერა.

koberidze-1665316274.jpg

- თავიდან ცოტა ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სამხედრო მოქმედებებთან გვქონდა საქმე, თითქოს უფრო რეიდს ჰგავდა. გახსოვთ, წინა წელსაც რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული სამხედრო ჯგუფები საკმაოდ ღრმად შევიდნენ, მაგრამ ეს ოპერაცია იმჟამად 24 საათში დასრულდა. ახლა კი ვხედავთ მასშტაბურ ოპერაციას, რომელშიც რეგულარული არმიის ნაწილები მონაწილეობენ.

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ამ შეტევის მიზნები, ამას აქვს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მხარე. ყველაზე მარტივი სამხედრო-ტაქტიკური მიზანი შეიძლება იყოს მოწინააღმდეგის დემორალიზება და შოკში ჩაგდება. ჩემი შეფასებით, დემორალიზება უკვე მიღწეულია, რადგან რუსეთის არმია უკვე საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვის და საკუთარ ტერიტორიას ბომბავს, რაც შოკია რუსული სამხედრო ნაწილებისთვის. ასევე შოკია ის, რომ წვევამდელები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე იყვნენ, ფაქტობრივად, უომრად ჩაბარდნენ უკრაინელებს მას შემდეგ, რაც მათი ხელმძღვანელობის ნაწილი გაიქცა, ნაწილის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შემდეგ რუსებმა იარაღი ძალიან მალე დაყარეს, რაც ასევე ძალიან დიდი დარტყმაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რუსეთის სპეცსამსახურების ჩავარდნაც, ფაქტობრივად, შეტევა, რომელიც, დიდი ალბათობით, კარგა ხნის განმავლობაში მზადდებოდა, გამოეპარათ.

გარდა ამისა, უკრაინელებს ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ დონეცკის ოლქში და ახლა გადავდივართ ამ ოპერაციის მეორე მიზანზე, რომელიც ასევე მიღწეულად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ დონეცკზე დაწოლა შემცირებულია. რუსები იძულებული გახდნენ, მოეხსნათ ნაწილები და საკუთარ ტერიტორიაზე დაებრუნებინათ უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად.

ამ ოპერაციის კიდევ ერთი სამხედრო მიზანი, სავარაუდოდ, არის სუმის ოლქისთვის ერთგვარი ფარის შექმნა. უკრაინის ეს ოლქი თვეების განმავლობაში იბომბებოდა, განსაკუთრებით მისი სასაზღვრო რაიონები, ბოლო დღეებში კი უკრაინელებმა მოახერხეს რუსეთის საცეცხლე პოზიციების სრული განადგურება და რუსული არმიის საყრდენი პუნქტების არა მარტო აღება, არამედ ახლა თვითონ იყენებენ მათ მტრის წინააღმდეგ. მოკლედ, სუმს გაუკეთეს ერთგვარი ფარი, ფაქტობრივად, მოსპეს ის ბაზები, სადაც რუსები წვრთნიდნენ ახალწვეულებს. გარდა ამისა, ამას შეიძლება ჰქონდეს სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზანიც. როგორც ცნობილია, სუჯის გაზგამანაწილებლის მართვა უკრაინელებმა მალევე აიღეს საკუთარ ხელში. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, ახლა მათ ხელშია გაზის მიწოდების რეგულატორი, რუსებს კი დაკარგული აქვთ მნიშვნელოვანი ობიექტის კონტროლი, რაც რუსეთის უსაფრთხოებისთვის ასევე დიდი დარტყმაა. ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის დროს ბრძოლები მიდის კურჩატოვისთვის, სადაც ატომური ელექტროსადგურია. თუ უკრაინელებმა შეძლეს მისი ხელში ჩაგდებაც, ისინი მთელი საზღვრისპირა რეგიონების ელექტრომომარაგებას გააკონტროლებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ მიზნებს, ეს შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სავსებით შესაძლებელია, თანაც ოკუპანტის ტერიტორიაზევე. რა გამოდის, რუსეთი მილიარდებს ყრის უკრაინის წინააღმდეგ ომში, იმავდროულად კი საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია?! ჩვენი ინტერვიუ 10 აგვისტოს იწერება და დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი უკვე მეოთხე დღეა იძულებით თავდაცვაშია, ვერ ახერხებს უკრაინის შეტევების მოგერიებას საკუთარ ტერიტორიაზე. ლაპარაკია არმიაზე, რომელიც ამტკიცებს, რომ მსოფლიოში მეორეა.

კიდევ ერთი პოლიტიკური მიზანი ისაა, რომ გადაილახა წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი ავლებდა, როდესაც აცხადებდა, რომ თუ მის ტერიტორიაზე შესვლას გაბედავდნენ, განკითხვის დღეს მოუწყობდა მოწინააღმდეგეს. არადა, ვხედავთ, რომ რუსეთი ვერც ვერაფერს აკეთებს საპასუხოდ.

კიდევ ერთი პოლიტიკური მიზანი შეიძლება იყოს ტერიტორიების გაცვლა, პრინციპით: ყველაფერი ყველაფერზე... ეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელებმა ამ ტერიტორიების შენარჩუნება მოახერხეს. ეს რთული ამოცანა იქნება, რადგან ერთია შეტევითი ოპერაცია და მეორე - მისი შენარჩუნება.

ამ ყველაფრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ რუსეთის მოსახლეობამ უკვე თავად იწვნია, რა არის ომი, რომელიც მათ სახლში მივიდა. დევნილების ტალღა მიაწყდა სხვადასხვა დიდ ქალაქს, ზოგი მოსკოვამდეც კი ჩავიდა, ითხოვენ დახმარებას და ა.შ. რაც არ უნდა ინფორმაცია აკონტროლოს რუსეთმა, ფაქტია, რუსებმა გამოცადეს ომის უბედურება და ამაზე სახალხოდ ლაპარაკობენ.

გარდა ამისა, გვახსოვს რუსეთის განცხადებები, რომ შეწყვეტილიყო ცეცხლი და გაყინულიყო ყველაფერი ისე, როგორც არის. დღევანდელი მდგომარეობით, რუსეთი ცეცხლს ვეღარ შეწყვეტს, აბა, კონფლიქტს საკუთარ ტერიტორიაზე როგორ გაყინავს?! ვფიქრობ, ამ ვითარებამ შეიძლება უბიძგოს რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებისკენ.

მოკლედ, ჩვენ ვნახეთ უკრაინელთა ბლიცკრიგი, რომელიც შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახელმძღვანელოდან არის გადმოტანილი.

- ის პროცესები, რაც გასულ კვირას განვითარდა რუსეთის ტერიტორიაზე, როგორ წარმოაჩენს ამ ქვეყნის არმიას და რა პოლიტიკური გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთის ხელისუფლებაზე?

- რუსეთს მებრძოლი ნაწილები საკუთარ ტერიტორიაზე აღარ ჰყავს, მათი დიდი ნაწილი გადასროლილია უკრაინაში და ამასთანავე, ამ არმიაში უკიდურესად დაბალია მორალური სული მაშინაც კი, როდესაც ისინი საკუთარ ტერიტორიას იცავენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთმა თავისი ყველაზე ძლიერი, ელიტური ნაწილები დაკარგა ომის პირველივე თვეებში კიევთან, მარიუპოლსა და ხარკოვთან ბრძოლებში. დღეს ეს ნაწილები შევსებულია მოხალისეებით, ახალწვეულებით, პატიმრებით, დაქირავებულებით ანუ იმ ხალხით, ვისი დემორალიზებაც უფრო ადვილია. ჰო, კიდევ ერთ ბაქიბუქს დაესვა წერტილი, რომ თითქოს კადიროველები საოცარი მებრძოლები არიან - როგორც კი უკრაინელები სუჯას მიუახლოვდნენ, პირველად სწორედ კადიროველები გაიქცნენ და შეატოვეს უკრაინელებს რუსები და ახლა სწორედ მათ აბრალებენ სუჯის დაცემას.

რაც შეეხება პოლიტიკურ გავლენას, რა თქმა უნდა, არ ველი, რომ ამ პროცესების გამო ერთბაშად ჩამოიშლება რუსეთის პოლიტიკური მმართველობა. თუმცა იმედია, რუსეთის არმიასა და მოსახლეობაში გაჩნდება პროტესტი იმის გამო, რომ მსოფლიოში მეორე არმია საკუთარი ტერიტორიის დაცვას ვერ ახერხებს. ასევე პროტესტი გაჩნდება მთავრობის მიმართ, რომელმაც ქვეყანა ასეთ მძიმე ომში ჩაითრია და ახლა საკუთარ მოსახლეობას ვერ იცავს.

რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს ინფორმაციის გაკონტროლებას. ბოლო დღეებში რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმა დაბლოკეს, მაგრამ რას უზამს ხალხს, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ეს ყველაფერი?! ამ ორიოდე დღის წინ, როდესაც უკრაინელებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო კოლონა, რომელსაც 400-მდე ახალწვეული გადაჰყავდა და მათგან ნახევარი დაიღუპა, ამ ადამიანებს ხომ ჰყავთ ახლობლები, მათ ინფორმაციას ვერ დაუმალავენ. სხვათა შორის, ამის გადამღები რუსი მოქალაქე დააკავეს. რუსეთის ხელისუფლებას აშკარად ეშინია პანიკის. იმედია, იქნება რუსეთში პროტესტი, რომელიც აიძულებს ხელისუფლებას გადახედოს პრიორიტეტებს და იფიქროს ომის დასრულებაზე.

ჩვენ ახლა ძირითადად ვსაუბრობთ უკრაინელთა წარმატების სცენარზე, ფაქტია, ჯერ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ არ ვიცით, რამდენად ღრმად წავლენ უკრაინელები. თუმცა ფრონტის ხაზი იქაც რომ გაჩერდეს, სადაც უკვე არიან შესული, ეს სავსებით საკმარისი იქნება რუსეთის კრახის წარმოსაჩენად.

- რუსეთში ე.წ. სამთავრობო ექსპერტები ბევრს ლაპარაკობენ მასშტაბური მობილიზაციის აუცილებლობაზე...

- დიახ, ეს პუტინმაც ახსენა, მაგრამ მან მშვენივრად იცის, ეს რამხელა პრობლემაა, მათ შორის პოლიტიკურად. უკრაინაში შეჭრას ომსაც კი არ უწოდებს და ამ დროს მასშტაბურ მობილიზაციას როგორ აუხსნის მოსახლეობას. გარდა ამისა, ამას უამრავი სხვა პრობლემა ახლავს. ჩვენ გვახსოვს, ომის დაწყებიდან მოყოლებული, რამდენი ადამიანი გავიდა რუსეთიდან, დაახლოებით 6-დან 9-მილიონამდე, განსაკუთრებით სწორედ ომში გასაწვევი ასაკის ხალხი. მათი დიდი ნაწილი მიაწყდა ყაზახეთს, კვიპროსს, საქართველოს, თურქეთს და ა.შ. მობილიზაცია რომ გამოცხადდეს, დარწმუნებული ვარ, ერთი ამდენი კიდევ გაიქცევა. რუსეთში კორუფცია მეფობს, რომც აკრძალონ გასვლა, კორუფციის წყალობით მაინც უამრავი რუსი გააღწევს ქვეყნიდან. ვიღაც იტყვის, ეს 140-მილიონიანი ქვეყანააო, მაგრამ ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას მობილიზაციამ შეიძლება სულ მოუთავოს ხელი. ვიღაცამ ხომ უნდა იმუშაოს, ამდენ მილიონიან ქვეყანაში რაღაც ხომ უნდა აწარმოონ... ამასთანავე, მობილიზაციას სჭირდება დიდი რესურსი: იარაღი, საჭმელი, საწვავი, მომზადება. ამ ყველაფერს კი სჭირდება დიდი დრო. მხოლოდ საზარბაზნე ხორცით ომი არავის მოუგია... მობილიზაცია ლოჯისტიკურადაც ძალიან რთულია.

- უკრაინელთა შეტევა საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-16 წლისთავს დაემთხვა, რაც ჩვენთვის სიმბოლურიც არის და ემოციურიც. ამ ვითარებაში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც თითქოს მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოების საბაბით გაიფუჭა ურთიერთობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.

- სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ არასწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო - ეს იყო დიდი შეცდომა. ვფიქრობ, რუსეთის ულაპარაკო გამარჯვების სჯეროდა ერთ კონკრეტულ პირს, რომელიც პოლიტიკურ გარემოს არის მოწყვეტილი და არასწორ გათვლებს აკეთებს. სამწუხაროდ, ეს გათვლები იქცა ჩვენი ხელისუფლების მამოძრავებელ ძალად. არადა, მას არა აქვს საკმარისი პოლიტიკური ცოდნა და მისი გათვლები, ჩემი აზრით, მცდარია. მოკლედ, ივანიშვილის რუსეთის უძლეველობის რწმენა გახდა იმ პოლიტიკის ქვაკუთხედი, რასაც „ქართული ოცნება“ 2022 წლის თებერვლიდან აწარმოებს. პარტიულმა სტრუქტურამ დაიწყო იმის საჯაროდ ლაპარაკი და კეთება, რაც მმართველმა დაავალა. შესაბამისად, ხელისუფლების რიტორიკა იყო და არის ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ასევე ანტიქართული.

ეს ომი დღეს დიდი წყალგამყოფია საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთმა წარმატებას მიაღწია, რაც წარმოუდგენელია, ამ ომის შემდეგ ვიხილავთ საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის სრულ კოლაფსს, რომელიც 1945 წლის შემდეგ შეიქმნა. შესაბამისად, დედამიწა გაეხვევა ქაოსში, ომში, კონფლიქტებში... ეს იქნება საქართველოსთვის ძალიან მძიმე, რადგან რუსეთის იმპერია აუცილებლად ჩვენც მოგვწვდება. თუ რუსეთი დამარცხდება, მივიღებთ ძალიან მძიმე რეალობას რუსეთისთვის და პრორუსული ძალებისთვის მთელ მსოფლიოში. ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ამ შემთხვევაშიც დაზარალდება.

არადა, საქართველოს შეეძლო დაეკავებინა სულ სხვა პოზიცია, ეთქვა, ვინაიდან რუსეთისგან დაცვის მექანიზმები არა გვაქვს, არა ვართ ნატოს წევრი, არ შეგვიძლია უკრაინას დავეხმაროთ მასშტაბურადო, და ლანძღვის ნაცვლად, ვერბალურად ყველგან და ყოველთვის დაგვეჭირა მხარი, ისე, როგორც მოლდოვამ, და ამას ყველა გაგვიგებდა უკრაინაშიც და დასავლეთშიც.

"ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად მივიღეთ უკიდურესად გართულებული ურთიერთობა დასავლეთთან და იქამდე მივედით, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპანტ რუსეთზე მეტად ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აკრიტიკებს, ხშირად შეურაცხყოფის ზღვარზე. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აწარმოებს სიმხდალის კამპანიას და ამას მშვიდობის პოლიტიკას ეძახის. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის გამარჯვების იმედზეა.