ოკუპანტის ოკუპაცია - აგრესორ რუსეთს ომი თავის მიწაზე უბრუნდება... აგვისტოს ომის წლისთავზე... - კვირის პალიტრა

ოკუპანტის ოკუპაცია - აგრესორ რუსეთს ომი თავის მიწაზე უბრუნდება... აგვისტოს ომის წლისთავზე...

პანიკის დათესვა რუსეთის მოსახლეობაში, დონბასის ფრონტიდან რუსული საბრძოლო დანაყოფების მოხსნა კურსკის გასამაგრებლად, ფრონტის ახალი მონაკვეთის გახსნა უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე, მუდამ თავდაცვაში მყოფი უკრაინის დამცველების შეტევაზე გადასვლით მათი საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე მოსალოდნელი სამშვიდობო მოლაპარაკების წინ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის გამყარება - აი, ის ძირითადი მიზნები და ამოცანები, რამაც უკრაინელ პოლიტიკოსებსა და სამხედროებს გააბედვინა ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია წამოეწყოთ მეზობელი აგრესორი რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით, მაშინ, როდესაც ათასკილომეტრიანი ფრონტის რამდენიმე უბანზე უკრაინის არმიას ნელ-ნელა, მაგრამ მაინც უკან უწევს დახევა...საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებებს (როგორც ოფიციალურად, ისე არაოფიციალურად) თავისი ტერიტორიის გარეთ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კუთვნილ მიწაზე, ჰაერსა და წყალში იწყებდა.2022 წელს, უკრაინაზე თავდასხმის დროს, რუსეთის არმია უკრაინაში ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებიდანაც შეიჭრა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პუტინს ბლიცკრიგის გეგმა ჩაეფუშა, რუსეთის გენშტაბი იძულებული შეიქნა ამ მიმართულებებიდან თავისი დანაყოფები ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაებრუნებინა.ამით გარკვეულწილად ისარგებლა უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარმა სამმართველომ და მის რიგებში ჩამოყალიბებული "რუს მოხალისეთა კორპუსი" გენერალმა ბუდანოვმა რუსეთის ბელგოროდის ოლქს შეუსია.საერთო ჯამში, უკრაინას დღემდე ორი ასეთი, მეტ-ნაკლებად მასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში, თუმცა 2024 წლის 6 აგვისტოს დილით უკრაინამ მესამე სადაზვერვო-დივერსიული გალაშქრება დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე, ამჯერად, კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის რაიონში.

მოსალოდნელი იყო, რომ ეს ოპერაციაც წმინდა სადაზვერვო-დივერსიული გამოდგებოდა როგორც მანამდე ბელგოროდის ოლქში და მას შემდეგ, რაც ერთ-ორ დღეში უკრაინელი დივერსანტები გულს იჯერებდნენ რუსეთის კურსკის ოლქში რუს მესაზღვრეებზე "გადავლით" და მოსახლეობაში პანიკის დათესვით, ისინი უკრაინაში დაბრუნდებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა...

10 აგვისტოს, როდესაც ეს სტატია იწერებოდა, ანუ კურსკის ოლქში შეჭრიდან მეხუთე დღეს, საბრძოლო მოქმედებები არათუ მინელდა, არამედ სადაზვერვო­-დივერსიულიდან საერთო-საჯარისოს დონემდე ავიდა და კურსკის ოლქში, რუსეთის ტერიტორიაზევე, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ფართომასშტაბიანი ომის ფრონტის, ფაქტობრივად, ახალი მონაკვეთი გაიხსნა...

1-1723389352.png
კურსკის ოლქის გზაზე უკრაინული კასეტურქობინიანი "ჰაიმარსის" რაკეტებით დაზიანებული რუსული მოტომსროლელი ბატალიონის 14 შეჯავშნულკაბინიანი "კამაზი", რომელთა შეუჯავშნავ ძარაზე მსხდომი რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო შეეწირა ამ საჰაერო დარტყმას...

უკრაინამ კურსკის ოლქს ისე მძლავრად შეუტია, როგორიც რუსეთის ფედერაციას თავის ტერიტორიაზე არ უნახავს 1992 წლიდან მოყოლებული.

6 აგვისტოს დილას უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა­ სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკე­ტო კომპლექსებით, არტილერიისა და კამი­კაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, გადალახეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან და წარმატებით წაიწიეს წინ.

ორიოდე დღეში უკრაინის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი­ მე-80 სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაც შეუერთდა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე მანამდე შეჭრილ 22-ე და 88-ე მექანიზებულ ბრიგადებს, რის შემდეგაც (სხვადასხვა უკრაინული სპეცრაზმისა და დამხმარე დანაყოფის ჩათვლით) ამ მომენტისთვის ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის ერთი ნაწილის ოკუპირებას თით­ქმის 10 ათასამდე უკრაინელი და სხვა ქვეყნების მოხალისე მებრძოლები ახდენენ.უკრაინის ეს წარმატება განპირობებული იყო, ერთი მხრივ, მოულოდნელობის ეფექტით და მეორეც - უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ საზღვარს ამ მონაკვეთზე მხოლოდ რუსეთის ეფ-ეს-ბე-ს სასაზღვრო სამსახურისა და "საზღვრის­ გადაკეტვის" ახალშექმნილი პოლკის სამხედრო-სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები იცავდნენ ყოველგვარი ჯავშანტექნიკის გარეშე, რადგან ტანკები და ჯავ­შანმანქანები კურსკის ოლქიდან რუსეთის გენშტაბს უკვე დიდი ხანია უკრაინის აღმოსავლეთით, დონბასის ფრონტზე ჰყავდა გადასროლილი. რუსი მესაზღვრეების სავალდებულო სამსახურის ერთწლიანი ჯარისკაცები რანაირი მებრძოლები გამო­დგებოდნენ, ადვილი მისახვედრია, რაც მალევე გამოჩნდა - უკრაინელმა მებრძოლებმა ტყვედ მრავალი რუსი მესაზღვრე აიყვანეს, ზოგიერთი ინფორმაციით, 300 კაცამდეც კი.

კურსკის ოლქში შეჭრისთანავე უკრაინელმა გენერლებმა, კერძოდ, მთავარსარდალმა სირსკიმ გამოიყენა თავისივე ტაქ­ტიკა, რომლითაც დიდ წარმატებას მიაღწია 2022 წლის შემოდგომაზე ხარკოვის ოლქიდან რუსი ოკუპანტების გაყრის დროს, 22-ე მექანიზებულ ბრიგადასთან ერთად შეჭრილმა უკრაინული სპეცრაზმების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა დაიწყეს ყველა იმ გზის ბლოკირება­, დანაღმვა, ჩასაფრებების მოწყობა, რომელთა გამოყენებითაც რუსეთის გენშტაბი დაგვიანებით ცდილობდა დამხმარე­ ძალების, მათ შორის ტანკების უნაგირა გამწევებით სასწრაფოდ გადასროლას საბრძოლო მოქმედებების ზონამდე. ასეთ რთულ პირობებში რუსეთის არმიას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, შორი მანძილიდან გაშვებული ძვირად ღირებული "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით თავისივე ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში დაებომბა ის ადგილები, სადაც უკრაინული დანაყოფები ეგულებოდა. გარდა ამისა, რუსული ავიაციაც უტევდა, მაგრამ უკრაინულმა მხარემ ეს თავიდანვე გაითვალისწინა - კურსკის ოლქში შეჭრილ მის დანაყოფებს თან ახლდნენ მეზენიტეები, უშუალოდ უკრაინის სუმის ოლქიდან კი მათ მხარს უჭერდნენ შორსმოქმედი "პეტრიოტის" საზენიტო დანადგარებიც. ამასთან, რუსი პილოტები უფრთხიან უკრაინის ახალმიღებულ F-16-ებს, რომლებიც შორსმოქმედი "ჰაერი-ჰაერი" კლასის მართვადი რაკეტებით არიან შეიარაღებული.

2-1723389352.jpeg
არის თუ არა კურსკის ატომური ელექტროსადგური უკრაინის გენშტაბის ოპერატიული გეგმის მთავარი სამიზნე, რომლის დაპყრობის შემთხვევაში, თითქოს კიევი მოსკოვს მის "გაცვლას" ზაპოროჟიეს ელექტროსადგურში შესთავაზებს, როგორც ამის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერები იტყობინებიან? ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ უკრაინულმა საიერიშო დაჯგუფებამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე მიაღწიოს და მეორეც - ამას კიევს კატეგორიულად აუკრძალავენ ამერიკიდან და ევროპიდან, რადგან ატომური ელექტროსადგურების ბრძოლით აღების უდიდესი რისკი არავის სჭირდება. ისიც ეყოფათ, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ, ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხდება...

რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს უკრაინულ მხარეს რუსეთის ტერიტორიაზე ამ მოულოდნელი და ჯერჯერობით წარმატებული შემტევი რეიდის დაგეგმვა-ჩატარების დროს?

პირველი - ეს არის რუსეთის არმიის მსხვილი დაჯგუფების მოხსნა ფრონტის სხვა ხაზიდან და რუსეთის კურსკის ოლქში გადასროლა უკრაინელების შეტევების შესაჩერებლად, რის შემდეგაც მოსკოვს მოუწევს განუწყვეტელი იერიშის ინტენსივობის შემცირება დონბასის ფრონტზე.

მეორე - რუსეთ-უკრაინის სამწლიანი­ ომი მაინც მიდის მოლაპარაკების მაგიდამდე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინ, რომელ მოწინააღმდეგე მხარესაც იმ მომენტში უკეთესი სიტუაცია ექნება ფრონტის ხაზზე, შეეცდება ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.

მესამე - სავარაუდოდ, რუსეთი რამდენიმე დღეში მოახერხებს დამატებითი ძალების თავმოყრას კურსკის ოლქში გადასასროლად და შეაჩერებს უკრაინულ მოიერიშე დაჯგუფებას, რის შემდეგაც კიევის გადასაწყვეტია - გაგზავნის დამატებით ძალებს რუსეთის კურსკის ოლქში პოზიციური ბრძოლების გასაგრძელებლად და ფრონტის ხაზის ახალი მონაკვეთის შესაქმნელად (რისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფაც უკრაინის მხარეს გაუჭირდება), თუ ამ წარმატებულ მსხვილმასშტაბიან საჯარისო ოპერაციას ამთავრებს და თავის მებრძოლებს უკრაინის ტერიტორიაზე აბრუნებს.

მეოთხე - 6 აგვისტოს დაწყებული საბრძოლო ოპერაციით უკრაინის არმიამ ისარგებლა მოულოდნელობის ეფექტით (თუმცა გამორიცხულია რუსეთის დაზვერვას არ შეემჩნია უკრაინელი სამხედროების მზადება კურსკის ოლქის საზღვართან) და დიდი პანიკა დათესა არა მარტო კურსკის ოლქის მოსახლეობაში, არამედ მეზობელი ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებშიც - აგრესორ რუსეთს მის მიერვე წამოწყებული ომი თავისივე ტერიტორიაზე უბრუნდება, რაც ათწლეულების განმავლობაში წარმოუდგენლად მიაჩნდა რუსეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. თავიანთი ქვეყნის სამხედრო აგრესიას შორიდან აკვირდებოდნენ, უხაროდათ და დიდი ცინიზმით წერდნენ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის შემოჭრაზე საქართველოში, ხოლო 2014 წელს უკრაინის ყირიმის ოკუპაცია-ანექსიას სიხარულით შეხვდნენ და მხარს უჭერდნენ პუტინს, როდესაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ ბლიცკრიგით კიევის დაპყრობა სცადა. ამჟამად კი საბრძოლო მოქმედებების გადატანა რუსეთის კურსკის ოლქში, ასევე რუსეთის ტერიტორიის დიდ სიღრმეში უკრაინული კამიკაძე-დრონების სისტემატური საჰაერო თავდასხმები ყველაზე ურაპატრიოტ რუსეთის მოქალაქესაც უკვე აგრძნობინებს, რომ ერთ დროს მისი ქვეყნის გაჩაღებული შორეული ომის კადრები ტელევიზორის ეკრანიდან ფანჯარაში გადმოვიდა და უკვე მის ქუჩასა თუ ეზოში ხდება.