„დღეს პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას“ - კვირის პალიტრა

„დღეს პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას“

არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და, ფაქტობრივად, საარჩევნო კონფიგურაციებიც გარკვეულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ რეგიონებში აქტიურად მართავენ შეხვედრებს და ამის საფუძველზე საკუთარ თავს, ფაქტობრივად, გამარჯვებულებად აცხადებენ. თავის მხრივ, მმართველი პარტია ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობით დარჩენაზე ლაპარაკობს. ცხადია, არჩევნების შედეგებზე ჯერ რამის თქმა ძნელია, მაგრამ მაშინ, როდესაც თავს ყველა გამარჯვებულად წინასწარ აცხადებს, სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს ის, თუ რა მოხდება არჩევნების შემდეგ. რაც მთავარია, ოპოზიცია შეძლებს თუ არა პირობის შესრულებას და დაიცავს თუ არა პრეზიდენტის ქარტიით აღებულ ვალდებულებას. პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ვინც ამ პირობას არ შეასრულებს, მასთან ექნება საქმე, მაგრამ როგორ, ვერაფერს ამბობს, რადგან ისიც კი გაურკვეველია, ვადის ამოწურვის შემდეგ რას აპირებს... როგორ უნდა შეთანხმდეს ოპოზიცია არჩევნების შემდგომ საკითხებზე და ქვეყანას პოლიტიკური განვითარების რა შანსი აქვს, ამ საკითხებზე ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს­ ვესაუბრეთ:

- ამ ქარტიის მიმართ თავიდანვე სკეპ­ტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან­ ხელმომწერ სუბიექტებს განსხვავებული პოლი­ტიკური მიზნები ჰქონდათ, გახარიამ­ კი ხელი არც მოაწერა. ბუნდოვანი იყო ფორმუ­ლირებებიც, თუ როგორ ჩამოვაყალი­ბებთ ტექნიკურ მთავრობას, როგორ უნდა იყოს შეზღუდული უფლებამოსილებები მაშინ, როდესაც მთავრობის უფლებამოსილება კონსტიტუციით არის განსაზღვრული - ვერც ერთი პოლიტიკური­ დეკლარაცია ვერ შეცვლის კონსტი­ტუციას და ვერ დადგება­ კონსტიტუციაზე მაღლა. გარდა ამისა, საკი­თხავია, როდესაც ამდენი­ წლის განმავ­ლო­ბაში ხელისუფლებაში­ მყოფ პოლიტი­კურ ძალას ამარცხებ, რატომღა გჭირდება­ მთავრობის­ შეზღუდული­ უფლებამოსილება­. რაც მთა­ვა­რია, ქარტიაში­ არ არის ნახსენები თვითმმართველობა - თუკი თვითმმართველობას არ განავითარებ და არ გახდი მრავალპარტიულს, ძლიერს და დამოუკიდებელს ცენტრალური ხელისუფლებისგან, შეუძლებელია ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის დამყარება. არადა, ერთ წელიწადში თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს.

ჩემთვის ძალიან საეჭვოა ის მუხლიც, რომ მოსამართლეები საპარლამენტო უმრავლესობას უნდა დაენიშნა. ამით რა, უკეთეს რამეს მივიღებდით? ეს ხომ იმავეს გაგრძე­ლებაა? საპარლამენტო უმრავლესობით მოსამართლეებს ის ნიშნავს, ვინც ხელისუფლებაშია და ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია? რაც მთავარია, დოკუმენტი ერთია, მეორე კი ის, რომ პრეზიდენტს არა აქვს აღმასრულებელი, რეალური ძალაუფლება. არადა, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა პარტია ცდილო­ბდა გამოეყენებინა პრეზიდე­ნტის ავტორიტეტი სათავისოდ, მაგრამ პრეზიდენტის ქოლგის ქვეშ გაერთიანება ვერ ხერხდებოდა, რადგან ამისთვის მას, სამწუხაროდ, არც ძალაუფლება გააჩნია და არც ფინანსები... როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა მომხიბლავი იდეა ბევრი პარტიისთვის.

კარგი იქნებოდა ისეთი­ გაერთიანების შექმნა, რომელიც­ საშუალებას მისცემდა ყველას, არანაც-ქოცური ამომრჩევლის ასი პროცენტი მიეზიდა, მაგრამ "ლელოსა" და გახარიას შეთანხმება ვერ მოხერხდა, ეს კი მიუთითებს, რომ დავ­რჩებით იმ კონფიგურაციაში, რაც არის. თავად პრეზიდენტის გარშემო თავმოყრილ პირებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ პრეზიდენტის გარშემო მოხდებოდა გაერთიანება და ამაში იპოვიდნენ საკუთარ თავს, მაგრამ მათი სურვილი ილუზია აღმოჩნდა და არანაცურ ფლანგზე ორი მოთა­მაშე გვეყოლება­ - "ლელო" და გახარია­. საუკეთესო­ კონფი­გურაცია არ არის ოპოზიციისთვის, მაგრამ იმას ნამდვილად სჯობს, რაც მანამდე იყო, როდესაც ყველა ცალ-ცალკე ცდილო­ბდა თავისას. თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული, რომ "ლელო" და გახარია გადალახავენ ბარიერს.

- "ოცნებას" რომელი უფრო აწყობს?

- "ოცნებისთვის", ჩემი აზრით, ამ ვითარებაში სულერთია.

ოპოზიციის გამოკითხვებით, დღეს "ქართულ ოცნებას" 30-35% აქვს. შესაბამისად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით 40-45%-ზე თავისუფლად ავა და, თუკი ამ ოთხიდან ერთმა­ მაინც ვერ გადალახა ბარიერი, "ქართული ოცნება" უპრობლემოდ გაიმარჯვებს ანუ მთავრობას დააკომპლექტებს. ეყოლება თუ არა "ოცნებას" ამ არჩევნებზე ე.წ. სპოილერი პარტიები, რომლებიც ოპოზიციის ველზე ითამაშებენ და რეალურად კი "ოცნების" მხარდამჭერები იქნებიან და ოპოზიციას წაართმევენ ხმებს, ჯერ ეს არ ჩანს, რადგან "ოცნებას" დღეს იმის რესურსი არა აქვს, რომ ოპოზიციაში ვინმე გააძლიეროს. თუმცა, მეორე მხრივ, ოპოზიცია რეგიონებში ძალიან სუსტია. ადგილზე ვერ პოულობენ ისეთ პირებს, ვისაც ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტი ექნებათ და თან ამ პარტიისთვის ბრძოლა მოუნდებათ.

- თავად პარტიები ამ პრობლემას ხედავენ?­ თუ მათ დავუჯერებთ, მოსახლეობა­ მათ ლამის როგორც მხსნელებს ხვდება. რატომ არის ასეთი განსხვავებული აღქმები?

- ეს შეიძლება ორი რაღაცის ბრალია:­ პირველი - სამწუხაროდ, ცენტრში­ არსებული ლიდერები, ანუ პარტიის ლიდერები­, საქართველოს მოსახლეობაში მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით არ გამოირჩევიან და არ წარმოადგენენ მიზიდულობის ცენტრებს. ჩვენი პარტიები ლიდერებზეა აწყობილი­, არადა, ყველას დაბალი რეიტინგი აქვს - დაახლოებით 15%-ია იმ პარტიის რეიტინგი, ვინც შეიძლება ბარიერი გადალახოს, ლიდერების უფრო დაბა­ლია; მეორე - თავად ლიდერებს აქვთ უცნაური პოლიტიკა, ცდილობენ პარტიაში მოიზიდონ ადამიანები­, რომლებიც უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან, და არა საკუთარი აზრის მქონე ძლიერი პიროვნებები. ეს არის ქართული პოლიტიკური სისტემის უბედურება და ეს განსაკუთრებით გამოჩნდება ამ არჩევნების შემდეგ, რადგან პირველად სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. მაჟორიტარულ სისტემას კი აქვს თავისი­ მინუსები, მაგრამ ადგილზე­ პარტიის გაძ­ლი­ერებას, ასე თუ ისე, უწყობდა ხელს. ახლა სიას სრულად პარტიის ლიდერი დააკომპლექტებს და ვინც პარლა­მენტში შევა, თავს ანგარიშვალდებულად მიიჩნევს ლიდერის წინაშე, რადგან სიაში მან ჩასვა. ამიტომ სანამ გვექნება­ ეს საარჩე­ვნო სისტემა და პოლიტიკური პარტიების შესახებ ისეთი კანონმდებლობა, როგორიც გვაქვს, პარტიული ცხოვრება არ გვექნება, რადგან პარტიები მოწყვეტილი არიან რეალობას.­

კი დადიან რეგიონებში, ხალხს ხვდებიან, სინამდვილეში კი ეს პარტიის აქტივის ნათესავ-მეგობრებთან შეხვედრაა. ათწლეულებია ვუყურებ და კარგად ვხედავ, რას დაემსგავსა ეს შეხვედრები. ტრადიციად იქცა, პარტია რამდენიმე კაცის კოოპერატივია და არა მისი წევრების აზრებისა და იდეების გამომხატველი. ისინი გამოხატავენ რამდენიმე ლიდერის აზრს და ამით, სხვათა შორის, ხელისუფლება სარგებლობს.

- ახლა ყველა ამბობს, რომ ეს იქნება­ განსხვავებული არჩევნები, როცა არჩევანი უნდა გაკეთდეს დასავლეთს და რუსეთს შორის. ეს არ არის საფუძვლიანი ფაქტორი საიმისოდ, რომ გადაელახათ პირადი ამბიციები?

- ვერც გადალახავენ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ლიდერები პარტიის წევრების აზრებსაც კი არ გამოხატავენ, მათთვის უპირველესია საკუთარი თავი, საკუთარი ადგილი და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. სხვანაირად რომ იყოს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გავლენა, უკუკავშირი უნდა არსებობდეს პარტიებსა და საზოგადოებას შორის, როგორც არის დემოკრატიულ სამყაროში. ამის კარგი მაგალითია ის, რომ გახარია და "ლელო" რომ გაერთიანებულიყვნენ, მათ ჰქონდათ მეორე ადგილის დაკავების შანსი და დაემთავრებინათ ის დიქოტომია, რაც არსებობს ქართულ პოლიტიკაში 2012 წლიდან - "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობა". ეს იყო საზოგადოების ინტერესში, ყველა ხედავდა, რომ თუ გაერთიანდებოდნენ, მეორე ადგილის დაკავება შეეძლოთ. ყველა ხედავდა, რომ პარტიების ლიდერები არ გრძნობენ ვალდებულად თავს ამომრჩევლის წინაშე. ჰგონიათ, ამომრჩეველმა უნდა დაიჯეროს იმის, რასაც ისინი ეუბნებიან, და არა საზოგადოების მოთხოვნები შეასრულონ. ეს არის დემოკრატიულ და არადემოკრატიულ სისტემებს შორის განსხვავება. ჩვენ 35 წელია, არადემოკრატიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არადა, გავიძახით, დემოკრატიულ სისტემას ვაშენებთო, მაგრამ გვაქვს აბსოლუტურად არადემოკრატიული ცენტრალიზებული სახელმწიფო მართვის სისტემა. ზუსტად იგივეა პარტიების ცენტრალიზებული მართვის სისტემაც.

ჩვენი პარტიები ავტორიტარული ორგანიზაციებია, რომელთა სათავეში დგას რამდენიმე კაცი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და არაფერს ეკითხებიან პარტიის წევრებს. ჩვენ კი გვინდა დემოკრატიული სისტემა ავაშენოთ ამ მასალით, მაგრამ როგორც შეუძლებელია ცუდი მასალით კარგი სახლის აშენება, ასევე შეუძლებელია ცუდი პარტიებით დემოკრატიის დამყარება.

- მაშინ კოალიციაზე როგორღა მოახერ­ხებენ შეთანხმებას? ყველას პრემიერობა უნდა და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მაინც ვადამდელი არჩევნები დადგება დღის წესრიგში?

- გარიგებაზე წავლენ ერთმანეთთან, თუკი დაინახავენ, რომ მართლა შეიძლება ხელისუფლებამდე მივიდნენ...

იმისდა მიუხედავად, ოპოზიცია კარგია თუ ცუდი, ცვლილება აუცილებელია. 2003 წელსაც, როდესაც სათავეში შევარდნაძე იყო, ცვლილება იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციით მაშინაც არ ვიყავი აღფრთოვანებული. 2012 წელსაც ცვლილება იყო აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია რაც იყო და როგორიც იყო, ვიცოდი.

ხელისუფლება, რომელიც რაღაცას აშავებს, უნდა შეიცვალოს, ამ ჩამყაყებული გარემოდან უნდა გამოვიდეთ, თორემ თუკი ამ ხელისუფლებით მივედით 2028 წლამდე, გვეყოლება ბევრად უარესი ხელისუფლება, ვიდრე ახლა გვყავს და გვეყოლება ბევრად უარესი ოპოზიციაც. რადგან ეს პოლიტიკური სისტემა არ იძლევა ნორმალური პოლიტიკური პროცესის განვითარების საშუალებას.

მეორე მხრივ, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში არის შანსი, რომ ეს ჩამყაყებული სიტუაცია შეიცვალოს. თუკი მოხერხდა კოალიციის შექმნა, მას არ ექნება ისეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რაც აქვს დღეს "ქართულ ოცნებას", რაც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალები, რისი მოთხოვნაც და რესურსიც არის საზოგადოებაში.

ჯენზის თაობა დღეს თითქოს პატარები არიან, მაგრამ საზოგადოებაში მეტი თავისუფლების პირობებში რამდენიმე წელში მათ ექნებათ საშუალება ნელ-ნელა დაიწყონ პოლიტიკურად ფორმირება, ისევე, როგორც დაიწყო პოლიტიკის ფორმირება იმ თაობამ, რომელიც 1980-იანი წლების ბოლოს გამოვიდა და დამოუკიდებლობა მოით­ხოვა. დემოკრატიული სისტემის შესანარჩუნებლად დღეს აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, თორემ რას იზამს ოპოზიცია, ამაზე არც დიდი ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს და არც ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ბევრ კარგ რამეს გააკეთებენ. დღეს მათგან გვესმის, პრობლემების მოგვარებას როგორ აპირებენ? საქართველოში რომელიმე პარტიამ თუ იცის, რომ შრომისნაყოფიერებით უკიდურესად ჩამოვრჩებით არა მარტო ევროპას, არამედ ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანს? ვინმე გვთავაზობს, როგორ უნდა შევცვალოთ ეს? ამ პარტიებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც გვესმის - მიშა გავათავისუფლოთ-არ გავათავისუფლოთ, ანაკლია ავაშენოთ-არ ავაშენოთ! არავინ ამბობს, რომ იმ დღის წესრიგით, რასაც ოპოზიცია გვთავაზობს, არც ქვეყნის წინსვლაა შესაძლებელი და არც ამ პარტიებს აქვთ წარმატების საფუძველი. "ლელო" რომ გვეუბნება, ანაკლია აშენდება და ქვეყანაც აშენდებაო, სასაცილოა, რადგან ქვეყნის აშენება მხოლოდ ერთი პორტის აშენება ხომ არაა?! ეს ხომ ხაზარაძის პირადი ინტერესია! "ლელოს" შექმნაც ხომ ხაზარაძის ინტერესი იყო. ასევეა "ნაცმოძრაობა", რომლის მთავარი სალაპარაკოა "მიშა-ფრი". რა "ფრი", კარტოფილია მამაცხონებული, რაღაც სხვაზეც ხომ უნდა ილაპარაკო? ასე რომ, ოპოზიციაშიც დიდი პრობლემებია, მაგრამ მათ აღარ ექნებათ საშუალება, აკეთონ ის ცუდი რაღაცები, რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს.

რუსა მაჩაიძე