„აფხაზეთში მოქმედმა­ რამდენიმე ბიზნესსტრუქტურამ ბიზნესწინადადებებით მიმართა თბილისს“ - კვირის პალიტრა

„აფხაზეთში მოქმედმა­ რამდენიმე ბიზნესსტრუქტურამ ბიზნესწინადადებებით მიმართა თბილისს“

რამდენიმე დღის წინ ამერიკელებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ძიებაში აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია...

როგორ უნდა განვითარდეს რეგიონში პროცესები და რა მოვლენები უნდა დაემთხვეს ერთმანეთს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს რიგი ნაბიჯების გადადგმა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ამასთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- მას შემდეგ, რაც მსოფლიოში არსე­ბული წესრიგი ჩამოიშალა, რუსები ამერი­კელების განცხადებებს ანგარიშს აღარ უწევენ, რეაგირებაც კი აღარ აქვთ. ახალი­ პოლიტიკური წესრიგის შექმნის პროცესში­ ყველა საკუთარი ადგილის მონიშვნას ცდილობს. რაც შეეხება საქართველოს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ორი გზა არსებობს: ომის, და გამონათქვამიც არის, "ომით დაკარგულს, ომით თუ დაიბ­რუნებო", და მეორე გზა სამშვიდობო მოლაპარაკების ისეთი სისტემის შექმნაა, რომ სეპარატისტული რეგიონების მფარველს (ამ შემთხვევაში რუსეთს) შესაბამისი ნაბიჯების გადადგმამ მოუწიოს. მსოფლიოში ამის მაგალითები იშვიათად, მაგრამ მაინც არის. ამ ორი გზიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ. რა თქმა უნდა, ომით დაბრუნებაც შესაძლებელია. ამაზე ზოგიერთი ჩემი კოლეგა ხშირად საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინის ფრონტზე მოვლენები დასავლეთისთვის სასურველი სცენარით ვითარდება. მათი აზრით, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემთხვევაში დასავლეთი მოსკოვს თავის წესებს უკარნახებს­. რასაკვირველია, ეს შესაძლებე­ლია, მაგრამ დასა­ვლეთი უკვე იყო რუსეთზე გამარჯვებული 90-იან წლებში, მაგრამ მაშინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. ასე რომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აუცილებელია შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება და ძლიერი თავდაცვა. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - საქართველოს დეკლარირებული აქვს სამშვიდობო პროცესის ურყევობა და ერთგულება. ამის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული­ მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკების გზით და, რასაკვირველია, დასავლეთის, უფრო სწორად, დანარჩენი მსოფლიოს ჩართულობით. ეს არის ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჩანდეს, არის კიდევ ერთი გზა - თავად სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობა ცვლის პოზიციას და ითხოვს ინტერპოლიასთან შეერთებას. XIX საუკუნეში ხშირად ყოფილა ასეთი შემ­თხვევა, ჩვენს ეპოქაში - იშვიათად. სეპარატისტული რეგიონები მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს სჭირდებათ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. აქ მხოლოდ რუსეთზე არ არის საუბარი, სხვა დიდი მოთამაშეებიც მიმართავენ ამ ხერხს.

- რა არის საჭირო, რომ სეპარატისტულმა­ აფხაზეთმა და ცხინვალმა შეიცვალონ აზრი და მოინდომონ საქართველოში დაბრუნება?

- საჭიროა ძალიან სერიოზული კულ­უარული მუშაობა, რბილი ძალის ამუშავება. მოსახლეობა უნდა დაინტერესდეს. აფხაზეთში უკვე არიან ძალები, რომლებიც საჯაროდ, მიტინგებზეც კი ამბობენ, რომ იქნებ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობა სჯობს. მართალია, წარსულ დროში ამბობენ, სჯობდაო, მაგრამ მაინც საგულისხმოა. ასეთი რამ ადრე არ გაგვიგონია,­ ახლა კი აპარტოტელების აშენე­ბის საწინააღმდეგო­ აქციებზე­ ასეთი მოსაზრებები ისმის. სოცქსელების კვლევის­ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შეგვი­ძლია ვთქვათ, რომ აფხაზი ხალხი რუსეთის­ პოლიტიკით აღშფოთებულია, ხოლო იქ განწყობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დავინახავთ, როგორ თანდათან იზრდება რუსული პოლიტიკით უკმაყოფილება. რა თქმა უნდა, იქ არც პროქართული განწყობები ჩანს, მაგრამ არაოფიციალური გზებით ვიღებ ინფორმაციას, რომლის მიხედ­ვითაც, აფხაზების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთ­ობა მომგებიანი შეiძლება იყოს. სხვათა შორის, ამ მიმართულებით აქტივობებსაც­ ვხედავ...

- მაგალითად, რა ტიპის აქტივობას?

- ეს აქტივობები დაფარულია, საჯაროდ ამის შესახებ ვერ ვიტყვი, მაგრამ ის კი შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთში მოქმედმა­ რამდენიმე წელში კარგად გამართულმა ბიზნესსტრუქტურამ ბიზნესწინადადებებით მიმართა საქართველოს.

- ჩვენი მზაობა თუ არის ამისთვის?

- ჩვენ ჯერ ეჭვით ვუყურებთ ამ წინადადებებს, ე.ი. ზონდაჟი ხდება­. სხვათა­ შორის, 2000 წელს ერთმა მსხვილმა აფხაზმა­ ბიზნესმენმაც­ გამოთქვა ამის სურვილი, სახელს და გვარს არ დავასახელებ, მკვდარია,­ უფრო სწორად, მოკლეს. ერთი სიტ­ყვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე­ კონტ­რაბანდისტული სიგარეტი მზად­დებოდა,­ რომელიც მერე რუსე­თში შედიოდა. ეს კაცი ითხოვდა ქართულ აქციზურ მარკებს­, რათა სიგარეტის კონტრაბანდისტული ბიზნესი გაეთეთრებინა. ქართველი ჩინოვნიკების იმ ნაწილმა, რომლებიც თავად შოულ­ობდნენ ფულს ამ კონტრაბანდაში, ერთი ამბავი ატეხეს­ და ინიციატივა ჩააგდეს. სხვ­ათა შორის, მიშა მაჭავარიანი ყველანაირად ეცადა, ეს პროგრამა აემუშავებინა­, შევარდნაძეც ორი ხელით იყო თანახმა (მას ამ საკითხზე პირადად ველაპარაკე), მაგრამ ზოგი­ერთი ჩინოვნიკის ისეთი სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა, რომ პროექტი ჩავარდა. ასეთივე ამბავი მოხდა ნავთთან დაკავშირებითაც, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან­ უნდა შემოსულიყო. მაშინ ეს პროდუქტი ჩვენ ვიყიდეთ ოსებისგან, განვაბაჟეთ და ბიძინა ივანიშვილის ავზებში ჩავასხით. საქართველოს ბიუჯეტმაც მოგება ნახა და ოსებიც კმაყოფილი იყვნენ. მართალია, შედარებით იაფად მოუწიათ გაყიდვამ­, მაგრამ ხელი უცებ დაიცალეს. ამ ამბებზე­ იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ რბილი ძალის მნიშვნელობა მინდა დაგანახოთ - ეს არის მრავალშრიანი პროექტი, რომე­ლიც მრავა­ლფეროვანი საკითხების სპექტრს მოიცავს. იგულისხმება სოცქსელებიდან დაწყებული, საინფორმაციო ქსელებითა და გაგრძელებული ბიზნესით თუ სხვადასხვა სფეროთი.

დღეს მხოლოდ ჯანდაცვის სეგმენტი მუშაობს. მართალია, ერთი სეგმენტი­ საქმეში გარდატეხას ვერ შეიტანს, მაგრამ ამინდს მაინც ქმნის. სისტემური მუშაობაა საჭირო.

აფხაზეთისა და ცხინვალის საქა­რთველოს შემადგენლობაში დღესვე დაბრუნება გადამ­წყვეტი არ არის. მეტსაც გეტყვით, რუსეთმა­ უცებ ჯარი რომ გაიყვანოს ორივე რეგიონიდან და საქართველოს ხელისუფლებას უთხრას, თქვენია ბურთი და მოედანიო, იმდენი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, რომ ერთი პატარა საქართველო ვერ გაუმკლავდება.

- რატომ ვერ გაუმკლავდება?

- თუნდაც იქ არსებული კრიმინალ­ური ვითარების გამო, ადგილობრივებთან­ ურთიერთობა კიდევ სხვა პრობლემაა. ამიტომ ვფიქრობ, წინასწარ არის საჭირო­ რიგი სამუშაოები, ვიდრე კონკრეტულ შედეგებზე დავიწყებთ ფიქრს.

- საუბრის დასაწყისში 90-იანი წლები ახსენეთ, რომ რუსეთის დასუსტების მიუხედავად­, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენა­რჩუნებისთვის არაფერი გაკეთდა, მაგრამ დღეს მსოფლიოში არსებული პოლიტიკური და სამხედრო დღის წესრიგი შეცვლილია...

- დღეს არსებული პოლიტიკური და სამხედრო მოცემულობა რადიკალურად­ განსხვავდება­ 90-იანi წლების ვითარების­გან... რუსების განწყობებიც კი შეცვლილია.

რუსულ სოცქსელში ხშირად შეხვდებით ასეთ მოსაზრებებს, დავუბრუნოთ ეს უმადური აფხაზეთი საქართველოსო, და მართალიც არიან. ძალიან გახშირდა რუსების გამოყრა­ სახლებიდან, მათთვის ბიზნესების წართმევა, მკვლელობები და ა.შ. მაგალითად, კაცს, რომელსაც დიდი ფული ჰქონდა ჩადებული პოლიეთი­ლენის მილების ქარხნის­ აშენებაში, საწარმო წაართვეს... ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რუსმა ჟურნალისტებმა სერგეი ლავროვს ჰკითხეს, აფხაზეთში რუსებს რომ სახლებიდან ყრიან, იქ ტურისტად ჩასულებს რომ ძარცვავენ და ხოცავენ, როდემდე აპირებთ­ ამის უგულებელყო­ფასო? სხვათა შორის, ლავროვმა ძალიან საინტერესო პასუხი გასცა, პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და შესაბამის ღონისძიებასაც ვგეგმავთ იმ პირების, მათ შორის იმ ქართველების დასაცავადაც, რომლებსაც რუსული პასპორტები აქვთო...

- ამ განცხადებაში რა იგულისხმა?

- ლავროვის გარემოცვის განცხადებებში აფხაზებით გაღიზიანება აშკარად იგრძნობა. საჯაროდ ამის თქმას­ ერიდებიან, მაგრამ პოლიტოლოგები­ უკვე იმასაც ამბობენ, აფხაზების გამო ქართველების დაჩაგვრა არ ღირდაო. დუგინიც კი ამ აზრზეა უკვე. არ ვამბობ, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდება, მაგრამ­ განწ­ყობები შეცვლილია და ამას გამოყენება უნდა...

- ჩვენ მარია ზახაროვას განცხადებაც მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, როგორია მათი "შუამავლობა".

- მარია ზახაროვა ვითომ დიპლომატიური განცხადებების გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ის სიტუაციას არ იცნობს. სწორად შენიშნეთ, რა დიალოგზეა ლაპარაკი? წესით, მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი დიალოგი, რომელიც აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობაზეა ორიენტირებული, საქართველოსთვის მიუღებელია. ცოტა ხნის წინ შამბამ ის ამბავი გაიხსენა, პრიმაკოვმა ქართულ მხარეს კონფედერაცია რომ შესთავაზა და არძინბა თბილისში ჩამოიყვანა. შამბა ამბობს, რომ მათთვის ეს ინიციატივა მოmგებიანი იყო, რადგან კონფედერაცია ორი დამოუკიდებელი ქვეყნის თანაცხოვრებას გულისხმობს, როგორც შევიყრებოდით, ისე გავიყრებოდითო.

- ალბათ, კონფედერაციის იდეა "ქართული­ ოცნებისთვისაც" მიუღებელი იქნება.

- რასაკვირველია, არც განიხილავს,­ სხვა­თა შორის, არც აფხაზები განიხილავენ­. იქ სხვა მოსაზრებები ტრიალებს - რუსებმა როგორც ყარაბაღი დაუთმეს აზერბაიჯანს, ისე დაუთმობენ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც საქართველოსო... დღეს მსოფლიო ფუთფუთებს, ძველი კავ­შირები ირღვევა, ახალი კი ჯერ ვერ იქმნება. ამ მოცემულობაში საქართველოს მცდელობა, მრავალვექტორიანი პოლიტიკა აწარმოოს, გამართლებულია. ოპოზიცია რას ამბობს, ერთია, მაგრამ რეალობა - სხვა.

- ოპოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებებიც გვესმის?

- ამის მიზეზი ის არის, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში საქართველო არ მოიქცა­ ისე, როგორც ცალკეულ პოლიტი­კურ წრეებს სჭირდებოდათ. ამერიკა არ არის ჩინეთივით და რუსეთივით მონოლი­თური სახელმწიფო, იქ შეიძლება რიგ საკითხებზე თეთრ სახლსა და პენტაგონს განსხვავებული პოზიციები ჰქონდეთ. დასავლეთთან ურთიერთობაში შეცდომებია დაშვებული და ურთიერთობა ნამდვილად გადასატვირთია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის გატარება. ხვალ-ზეგ როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა, არ ვიცით. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორც მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, ასევე რბილი ძალის მეთოდების დახვეწა აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით.

ხათუნა ბახტურიძე