აგვისტოს ომი - კითხვები, რომლებზეც 16 წლის შემდეგაც კი პასუხი არ არის
ტრაგიკულ თარიღებშიც რაღაც გაორება გვჭირს - გასულ კვირას პოლიტიკოსთა ნაწილმა აგვისტოს ომის დაწყება 7 აგვისტოს აღნიშნა, მეორე ნაწილმა - 8 აგვისტოს. არადა, რეალურად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო ივნისში, როდესაც რუსული გრუ-ს სპეცრაზმელები შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ესკალაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულეს. და ბოლომდე თუ გავუსწორებთ თვალს სიმართლეს, საქართველო-რუსეთის ომი 1991 წელს დაიწყო, ოღონდ რუსეთი ამას არ აღიარებდა და ჰიბრიდული მეთოდებით ებრძოდა ჩვენს ქვეყანას - 1991-1992 წლებში ცხინვალში, 1992-1993 წლებში აფხაზეთში და აგვისტოს ომი ამ ყველაფრისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა... კარგი, თავი დავანებოთ შორეულ 90-იანებსა და 2008 წლის ივნის-ივლისს და ასე დავსვათ კითხვა: 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო? პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს ბრძანებულებაში წერია: "სეპარატისტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებები აქტიურად იქნა მხარდაჭერილი რუსეთის ფედერაციის მიერ. კერძოდ, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა" - ანუ 8 აგვისტო საქართველო-რუსეთის ომის დაწყების თარიღად თავად საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას აქვს დასახელებული. არადა, ამ ომიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ გრუს-ს სპეცრაზმები ცხინვალის მისადგომებთან უკვე 2008 წლის ივნის-ივლისში დარბოდნენ, 7 აგვისტოს კი როკის გვირაბის გავლით 58-ე არმიის შენაერთებმა დაიწყეს შემოსვლა. ან ქართულ დაზვერვას არ ჰქონდა ინფორმაცია, ან საქართველოს ხელისუფლება ისე იყო დარწმუნებული, რომ რუსებთან ყველაფერი "დალაგებულია", ყოველივე ზემოხსენებული მხოლოდ უმნიშვნელო მანევრებად მოეჩვენა? ან საერთოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა იცოდა კი რა ხდებოდა საერთოდ?ზოგიერთი ამბავი ტრაგიკომიკურია. 2012 წელს "კვირის პალიტრაში" დაიბეჭდა ალეკო ელისაშვილის მოგონებები აგვისტოს ომზე. ელისაშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს, როდესაც რეზერვისტები ვაზიანის სამხედრო ბაზაში მიიყვანეს, ასე იხსენებს:"ამასობაში მოვიდნენ მთავრობის ძიები: ლომაია, იაკობაშვილი, გურგენიძე (პირველი მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი, მეორე - რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მესამე - პრემიერ-მინისტრი - ავტ.). გურგენიძე ჩემ მახლობლად აღმოჩნდა. მის გარშემო წრე შეიკრა. მე რისი მე ვიქნებოდი, რამე რომ არ მეკითხა. ჩვენ გვამხნევებდა და, თქვენ არ შეგეშალოთ, თორე ჩვენ ვართ მხნედ-მეთქი, მივახალე. ერთი 5 წუთი ვილაპარაკეთ. "თუ ხართ დარწმუნებულები იმაში, რასაც აკეთებთ. რუსები ჩაერევიან. მაგათთან თუ გაქვთ საქმე მოგვარებული-მეთქი. კიო, გამოსვლის წინ რუსული საიტები გადავიკითხე და ისეთი პირი უჩანს, რომ არ ჩაერევიანო. ჰაი დედასა - გავიფიქრე - ან ეს არის "ლეტნად", ან მაგარ შარში ვართ-მეთქი"...
აგვისტოს ომი და შიდა პოლიტიკა
ერთ-ერთ წინა სტატიაში თქვენი მონა-მორჩილი წერდა, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, ბოლო 30 წლის განმავლობაში მომხდარ ყველა ტრაგიკულ და ამავე დროს ბუნდოვან საკითხზე, ბოლოს და ბოლოს, პასუხები მიიღოს. ვწერდით იმასაც, რომ არც აფხაზეთის ომის გარემოებების გამოძიება იქნებოდა არააქტუალური. წაიკითხეთ მაშინდელი მებრძოლების ინტერვიუები და ისეთ რაღაცებს ჰყვებიან, თმა ყალყზე დაგიგდებათ. ამ ომის არცთუ მცირე ეპიზოდებს პირდაპირი ღალატის სუნი დაჰკრავს. ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მოსკოვიდან მიღებული ბრძანებები შეასრულო. ღალატია ისიც, რომ იცოდი, თუ რა მოჰყვებოდა შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ შიშის, შურისძიების თუ სხვა ფაქტორის გამო ეს დაუშვი... აგვისტოს ომთან დაკავშირებული პერიპეტიების გამოძიების საკითხი ხელისუფლებამ გაააქტიურა. ეს პირველად არ ხდება. როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში ვწერდით, 2013 წელს ეს ამბები სამთავრობო კომისიამ შეისწავლა, რომელსაც მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობდა, ოღონდ ამ კომისიის დასკვნას დღემდე გრიფი "საიდუმლო" ადევს, ოღონდ, 2013 წლისგან განსხვავებით, დღეს "ოცნების" წარმომადგენლები უკვე წინასწარ აცხადებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ღალატი ჩაიდინა. ერთი მხრივ, თუ ღალატი იყო, აუცილებლად გამოსააშკარავებელია. მეორე მხრივ, მიუღებელია დამნაშავის წინასწარ დანიშვნა, მით უმეტეს, როცა გამოსაძიებლად 12 წელი გქონდა.
ზოგადად, აგვისტოს ომი გახდა ქართული შიდა პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ყოველი მხარე ისე იყენებს, როგორც დასჭირდება. ზოგჯერ აქაც ტრაგიკომიკურ მდგომარეობამდე მივდივართ. კერძოდ, ავიღოთ სალომე ზურაბიშვილის ცნობილი 2014 წლის 7 აგვისტოს განცხადება აგვისტოს ომზე: "იმ ღამეს სააკაშვილმა ცხინვალზე - ანუ თავის თანამემამულეებზე, საქართველოს მოქალაქეებზე, ცეცხლი გახსნა და რაკეტები დაუშინა .... გამოიწვია მოსალოდნელი და წინასწარ გამოცხადებული რუსეთის სამხედრო რეაქცია .... მიაღწია მოსალოდნელ დამარცხებას და "გეგმურ" ტერიტორიების დაკარგვას..." ამ განცხადებას 2022 წლამდე (ანუ მანამდე, სანამ სალომე ზურაბიშვილისა და "ოცნების" გზები საბოლოოდ გაიყოფოდა) ოპოზიცია პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ იყენებდა. 2022 წლის შემდეგ კი უკვე "ოცნებამ" შეუტრიალა ზემოხსენებული განცხადება ზურაბიშვილს - ამჯერად პრეზიდენტის ადვოკატირებას ოპოზიცია ეწევა.
რეალურად, კითხვას, თუ ვინ დაიწყო ომი, 2008 წელსვე გაეცა პასუხი. ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებს. ამაზე თითქოს მთელი საზოგადოება თანხმდება თავისი პოლიტიკოსებიანად, მაგრამ მაინც გაუთავებლად ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში და ნელ-ნელა მარაზმში გადადის. რაც შეეხება კიდევ ერთ კითხვას - შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? ისტორიას ქმნიან ფაქტები და არა შესაძლო ვარიანტები. ამაზე 100-პროცენტიანი პასუხი არ არსებობს. თუმცა ფაქტია, რომ აგვისტოს ომი იყო რუსეთის მიერ დაგებული ხაფანგი, რომელშიც მაშინდელი ხელისუფლება თავფეხიანად გაება, თუმცა რატომ გაება, საკითხავი აი, ეს არის.
ამ ხაფანგის მთავარი შემადგენელი ნაწილია ვერსია (რაც ჰაერიდან ნამდვილად არ არის მოტანილი), რომ მაშინდელ ხელისუფლებას რუსეთისგან ჩაურევლობის გარანტიები ჰქონდა მიღებული. თუმცა ვისგან? - ამაზე პასუხი არ ვიცით. ზოგადად, რუსეთში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ასეთი გარანტიების მიცემა შეუძლია - პუტინი (ისიც 50/50-ზეა, რომ გადაგაგდებს). მოკლედ, ან პუტინი გაძლევს გარანტიებს, ან პუტინს ითანხმებს ამაზე შენზე უფრო ძლიერი და შენი მეგობარი სახელმწიფოს მეთაური. მაგალითად, აზერბაიჯანის შემთხვევაში, სავარაუდოდ, სწორედ ერდოღანმა დაითანხმა პუტინი, რომ ის ილჰამ ალიევს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ხელს არ შეუშლიდა. და რაც მთავარია, ეს უნდა ჯდებოდეს პუტინის ინტერესში.
2008 წლის აგვისტომდე არანაირი წინა პირობა იმისა, რომ პუტინი დათანხმდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არ არსებობდა. პირიქით იყო საქმე. გავიხსენოთ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტისა და პუტინის (თავად სააკაშვილის მონაყოლი) საუბარი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ სააკაშვილი მზად იყო პუტინისთვის დაეთმო ყველაფერი, ნატოში სწრაფვისკენ ჩათვლით. ამაზე სააკაშვილმა ცინიკური პასუხი მიიღო - "ჩვენ თქვენი სუვერენიტეტით არ ვვაჭრობთ".
გარდა ამისა, აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთმა აფხაზეთში სარკინიგზო ჯარები შეიყვანა, 58-ე არმიამ კი ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო. ამაზე დიდი ნიშნები რაღა უნდა ყოფილიყო, რომ დიახ, რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. ამიტომ რა გარანტიებიც არ უნდა მიეღო საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ყველა ზემოხსენებული ნიშანი საპირისპიროზე მეტყველებდა.
რაც შეეხება ვერსიას, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ამერიკელებმა წააქეზეს. მაშინ ამერიკის ხელისუფლების საკვანძო თანამდებობებზე ვინც იყო, ლამის ყველამ მემუარები დაწერა და ყველგან წერია, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს რუსეთისგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე და მოუწოდებდნენ, არ აჰყოლოდა. განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის მემუარები. "ბატონო პრეზიდენტო, რაც არ უნდა გააკეთოთ, არ მისცეთ რუსეთს თქვენი პროვოცირების საშუალება. გახსოვთ, პრეზიდენტმა ბუშმა თქვა, რომ მოსკოვი ეცდება, რამე სულელური გაგაკეთებინოთ. არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად და თქვენ წააგებთ", - იხსენებს რაისი სააკაშვილთან საუბარს და იქვე წერს: "ეს ვუთხარი მკაცრად და ჩემი სიტყვები ცალსახად არაორაზროვანი იყო - ეს აუცილებელი იყო, რათა თავი ამერიდებინა არასწორი ინტერპრეტაციისათვის, რომ ამერიკა საქართველოს იარაღით ხელში დაიცავდა".
უპასუხო კითხვები
დღევანდელი ხელისუფლება პროპაგანდისტულად იყენებს კეზერაშვილის ფაქტორს დღევანდელი ოპოზიციის "გასაშავებლად". მთავარი მესიჯია - "კეზერაშვილმა ჯარი გაძარცვა". თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "კეზერა" ფრთიანი ანგელოზია. დღემდე პასუხგაუცემელია (ბევრისთვის კი პასუხგაცემულიც) - თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის შემდეგ ერთ წელიწადში როგორ მოევლინა "კეზერა" ქვეყანას ახალ მულტიმილიონერად?! არსებობს ყოფილი სამხედროების ინტერვიუები, სადაც ამბობენ, რომ ძვირად შეძენილი იარაღი სინამდვილეში ლამის ჯართი გამოდგა. იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სკანდალებზე საუბრით, რომელზეც უცხოური მედია წერდა, თავს აღარ შეგაწყენთ - შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ინტერნეტში.
გარდა ამისა, უპასუხოა კითხვა - რატომ შეიცვალა ბოლო მომენტში ცხინვალის ოპერაციის გეგმა?! რატომ გახდა პრიორიტეტი ქალაქის დაკავება და მთელი ძალები არ მიემართა როკის გვირაბის ბლოკირებისკენ, საიდანაც უწყვეტად შემოედინებოდა რუსული სამხედრო ტექნიკა?! ასევე, უპასუხოა კითხვა - რატომ არ გამოიყვანეს მოსახლეობა იმ ზონიდან, სადაც საბრძოლო მოქმედებების დაწყება უკვე გარდაუვალი ჩანდა (თუ ვერ ხერხდებოდა მათი გამოყვანა, ამასაც დასაბუთება სჭირდება)?! უპასუხოა კითხვა, რატომ დატოვეს კოდორის ხეობაში მილიარდნახევრიანი შეიარაღება. უპასუხოა კითხვა - რატომ ერეოდნენ სამოქალაქო პირები სამხედროების საქმიანობაში და რა პროცესები გამოიწვია ამან?! უპასუხოა კითხვა - შეიძლებოდა თუ არა ახალგორის შენარჩუნება და რაიმე გაკეთდა თუ არა ამ მიმართულებით?! რატომ იყო უპატრონოდ მიტოვებული სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებში დიდი რაოდენობით შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, რომელიც რუსებმა უპრობლემოდ გაზიდეს?!
დიახ, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. თუმცა ვიმეორებთ, გამოძიებისთვის უნდა იყოს შერჩეული დრო, რომ ამან საზოგადოების უფრო მეტი პოლარიზაცია არ გამოიწვიოს. მეორეც, კითხვებზე პასუხები უნდა გაეცეს ყოველგვარი პოლიტიკური შურისძიების მდგენელის გარეშე.
გიორგი კვიტაშვილი