ბაბუშერის აეროპორტი ჯერ არ აშენებულა და სოხუმის რეჟიმი ავიათაღლითობაში უკვე ამხილეს - კვირის პალიტრა

ბაბუშერის აეროპორტი ჯერ არ აშენებულა და სოხუმის რეჟიმი ავიათაღლითობაში უკვე ამხილეს

კვირაზე მეტია ოკუპირებულ აფხაზეთში­ არ ცხრება დე ფაქტო ხელისუფლების­ დადანაშაულება,­ რომ სოხუმის აეროპორტი ჯერ არ აშენებულა და ასლან ბჟანიას გუნდი ავიათაღლი­თობაში უკვე დაადანაშაულეს - დე ფაქტო ხელისუფლებამ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმის შედგენისთვის­ ჯერ ფული გადაახდევინა რუსულ კომპანიას, ხოლო შემდეგ "გადააგდო", მოტყუებული ბიზნესმენი კი ახლა აფხაზებისგან 240 მილიონ რუბლს ითხოვს და ვალის დასაბრუნებლად სასამართლოში ჩივილსაც გეგმავს.

აფხაზურ მედიაში განსაკუთრებით ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს აკრიტიკებენ­ და მას რკინიგზის გამო აღებულ ვალსაც აყვედრიან. საუბარია 2010 წელს აფხაზეთის რკინიგზის რეკონსტრუქციის სახელით რუსეთის ხელისუფლებისგან 2 მილიარდი რუბლის სესხის აღებაზე. მაშინ ე.წ. მთავრობა პირობას დებდა, რომ რკინიგზის ამუშავების შემდეგ ვალს გადაიხდიდნენ, თუმცა გაირკვა, რომ რკინიგზის გადაზიდვებითა და მგზავრების გადაყვანით შემოსავალი იმდენად მცირე იყო, კრედიტის დაფარვაზე კი არა, მოგებაზეც ვერ გადიოდა. აფხაზებმა მოსკოვთან დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაგროვილი პროცენტების ჩამოწერას და გადახდის 2029 წლამდე გადავადებას მიაღწიეს, შემდეგ კი თავად პუტინსაც სთხოვეს ვალი გაენულებინა. საბოლოოდ, მხოლოდ 2034 წლამდე გადაიდო ვალის დაბრუნების დრო... აფხაზური მედიისა და ოპოზიციის განცხადებებით, რკინიგზის გადაუხდელ ვალს ახალი რამდენიმემილიონიანი ვალიც დაემატა, თანაც ჯერ აუშენებელი აეროპორტის­ გამო და ამაზე ბჟანიას პასუხი უნდა მოსთხოვონ. "სატესტო ფრენაზეც კი არ არის საუბარი და უკვე ვალებში ვართ. არ დავუშვებთ 2010 წლის სარკინიგზო სესხის მსგავსი თაღლითობის გამეორებას, რის გამოც აფხაზი ხალხი კვლავ იხდის მრავალმილიონიან ვალებს. ქვეყნის წინაშე დარჩენილ ვალებზე ასლან ბჟანია საკუთარი ქონებით აგებს პასუხს", - ამბობს ოპოზიციის ლიდერი და ე.წ. არჩევნებზე მომავალი წლის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ­ არძინბა.

სოხუმის ბაბუშერის აეროპორტის გამო აფხაზეთში ასლან ბჟანიას ისედაც აკრიტიკებენ ცრუ დაპირებების გამო. დე ფაქტო პრეზიდენტმა ჯერ წლის დასაწყისში თქვა და შემდეგ არაერთხელ გაიმეორა, რომ აეროპორტიდან პირველი ფრენა ივლისის ბოლოს შესრულდებოდა, თუმცა უკვე აგვისტოა და აეროპორტის ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ დემონტაჟის ნარჩენებია; ბჟანიამ ივნისის დასაწყისშიც გამოაცხადა, რომ პირდაპირი ფრენები რუსეთის შვიდ დიდ ქალაქში მიმდინარე წელს დაიწყებოდა და დაასახელა ქალაქებიც. აფხაზურმა­ მედიამ გადაამოწმა ამ აეროპორტებთან იყო თუ არა შეთანხმება­ 2024 წლისთვის სოხუმიდან თვითმფრინავების მიღებაზე და გაარკვია, რომ ეკატერინბურგის აეროპორტი დაკეტილია, ხოლო დანარჩენი ქალაქების აეროპორტების წლის განრიგში სოხუმიდან ფრენები გათვალისწინებული არ არის. ბჟანიას ამ ორ ცრუ დაპირებას ახლა ერთი პრობლემაც დაემატა - ინვესტორის მოტყუება.

როგორ მოატყუა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რუსი ინვესტორი

5 აგვისტოს აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გამოჩნდა რუსული კომპანია "აერო მენეჯმენტის" (ყოფილი სააქციო საზოგადოება "დარტი") დირექტორის წერილი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისგან 240 მლნ რუბლის (2,8 მლნ დოლარი) გადახდას ითხოვს. ადრესატები ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და სოხუმის აეროპორტის გენდირექტორი არიან.

წერილში ნათქვამია, რომ კომპანიასა და დე ფაქტო მთავრობას შორის სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტისთვის 2022 წელს არაერთი ხელშეკრულება­ დაიდო. ინვესტორმა ვალდებულებები შეასრულა და აეროპორტს სესხად 120 მილი­ონი რუბლი გადასცა "აეროპორტის რეკონსტრუქციის საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემქმნელი კომპანიისთვის გადასარიცხად". თუმცა ამ თანხით სამუშაოს დასრულების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ სხვა ინვესტორთან­ გააფორმა შეთანხმება. "მეტიც, აფხაზეთის ეკონომიკის­ სამინისტროს ქმედებების შედეგად, ინვე­სტორს ჩამოერთვა ფაქტობრივი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს რეკონსტ­რუქციის პროექტში, ამ პროექტში სხვა ინვესტორის ჩართვის გამო", - წერია საჩივარში.

ინვესტორი მოითხოვს 120 მილიონი­ რუბლის გადახდას, დამატებით სესხით სარგებლობის პროცენტს და საურავს პროცენტის დაგვიანებით გადახდისთვის. ამასთან, შეთანხმების დარღვევისთვის საჯარიმო დავალიანებასაც და ჯამში ეს 200 მილიონ რუბლზე მეტია...

მედიაში ატეხილი ხმაურის შემდეგ საპასუხო განცხადება გაავრცელა დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ, სადაც ნათქვამია: "აერო მენეჯმენტის ხარჯების ანაზღაურების წესისა და ვადების განსაზღვრაზე უფლებამოსილება გადაცემულია ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტროსთვის. გარდა ამისა, 2022 წელს ამ კომპანიასთან შეთანხმება შედგა აეროპორტის რეკონსტრუქციის გეგმის შექმნის განზრახვაზე, მაგრამ 2023 წელს სათანამშრომლოდ სხვა კომპანია შეარჩიეს, რომელიც წინა ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას იღებს". ეს სხვა კომპანია კი შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტია", რომელმაც აეროპორტის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო, თუმცა ჯერ არაფერი უთქვამს ვალის გადახდის ვალდებულებაზე.

კომპანია რუსეთის ყოფილი შს მინისტრის, ამჟამად რუსეთი­ს უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის რაშიდ ნურგალიევის ვაჟს ეკუთვნის. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას უპრეცედენტო შეღავათები მიენიჭა, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კი მძიმე ვალდებულებები აიღო. ნურგალევის კომპანიას აეროპორტი 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. ის 25 წლის განმავლობაში არ გადაიხდის ქონებისა და მოგების გადასახადს. ინვესტორს გადაეცემა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიებიც და მასზე განთავსებული შენობებიც­. აფხაზური მხარე­ ვალდებულია აეროპორტამდე მიიყვანოს გზა, ელექტროენერგიით უზრუნველყოს და თან დენის ტარიფიც შეღავათიანი დაწესდეს. იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო პროექტი ვერ განხორციელდება, აფხაზური მხარე ვალდებული იქნება ინვესტორის მიერ გაღებული ყველა ხარჯი­ აანაზღაუროს.

დაანონსებულია, რომ რუსი ინვესტორი განაახლებს ასაფრენ ბილიკს და სატრანსპორტო გზას. იგეგმება აეროპორტის ახალი­ სამგზავრო ტერმინალის აშენება და ისტორიული შენობის განახლება. ახალი აეროპორტის კომპლექსის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში. აფხაზური მედიის ცნობით, ეს იქნება არა მარტო აეროპორტი, არამედ ერთგვარი დახურული ქალაქი აპარტამენტებით, სასტუმროებით, რესტორნებით, საგანმანათლებლო დაწესებულებებით...

"ძალიან ბევრი რუსი ბიზნესმენია მოტყუებული"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - დაიქირავეს კომპანია,­ რომელსაც საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა. კომპანიამ იმუშავა, 120 მილიონი რუბლი მისცა­ ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს, თუმცა "გადააგდეს" და ხელშეკრულება დადეს ყოფილი შს მინისტრის მოადგილის შვილთან ნურგალიევთან, რომელმაც სახელდახელოდ შექმნა კომპანია. გასაგებია რატომაც, ნურგალიევი გავლენიანი ფიგურაა კრემლში. სად წავიდა ეს მილიონები, არავინ იცის. ნურგალიევის კომპანიას უნდა აეღო წინა კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები, მაგრამ ასე არ მოხდა. დე ფაქტო ეკონომიკის სამინი­­სტრომ გაუგებარი განცხადება გააკეთა, არ უარყოფენ, რომ დავალიანება არსებობს და ამავე დროს არც აღიარებენ. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აფხაზეთში შესული ფულის ძალიან დიდი ნაწილი ე.წ. ატკატების სახით ნახევარი მოსკოვში მიდის, ნახევარი სოხუმში რჩება. როგორც წერენ, 120 მილიონი რუბლი ჯარიმების დარიცხვით 240 მილიონი გახდა და ახლა გადაგდებულ ინვესტორი ვალს ითხოვს.

- რამდენად აქვს შანსი კომპანიას, რომ სასამართლოს გზით გადაახდევინოს მათ ვალი?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ ჩაიჯიბა ეს ფული. თუ დიდი ნაწილი აფხაზებმა მიითვისეს, კომპანია მოიგებს და სეპარატისტული ხელისუფლება იძულებული გახდება ვალი გადაიხადოს. თუმცა, თუ რუსი მაღალჩინოსნები არიან გარეული, მაგალითად, ნურგალიევის დონის ფიგურები, მაშინ კომპანია წააგებს. რუსეთში სასამართლო არ არსებობს და ყველაფერს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე წყვეტს. მსგავსი აფერები აფხაზეთში ხშირია, ძალიან ბევრი რუსი ბიზნესმენია მოტყუებული და რუსი საზოგადოება ამით ძალიან შეწუხებულია. სხვათა შორის, აფხაზებისგან ასე "გადაგდებული" არაერთი რუსი ბიზნესმენი ჩივის. არის ბევრი შემთხვევა, როდესაც რუსებმა ჩადეს სოლიდური ფული აფხაზეთში­ და ააწყვეს კარგი ბიზნესი. აფხაზური­ კანონმდებლობით, ბიზნესი უნდა გაფორმდეს აფხაზზე, რადგან უძრავი ქონების ფლობის უფლება აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის არმქონეს არა აქვს, ამიტომ რუსი იძულებულია პარტნიორად აიყვანოს ადგილობრივი, შემდეგ კი აფხაზები ისაკუთრებენ ამ ბიზნესებს. ძირითადად, სასტუმროების ბიზნესები აქვთ. წლების წინ გუდაუთაში­ პლასტიკური მილების ქარხანა ააშენა რუსმა ბიზნესმენმა მიხაილ პანოვმა­ და მას ქარხანა ორმა აფხაზმა წაართვა. მილიონები იყო საწარმოში ჩადებული, მილები რუსე­თშიც გაჰქონდათ. პანოვი აცხადებდა, რომ ორი აფხაზი მისგან შემოსავლის გაყოფას ითხოვდა, ხოლო უარის შემთხვევაში ქარხნის წართმევით და მოკვლით ემუქრებოდა. მან შემოსავლის გაყოფა არ მოისუ­რვა, უარის­ თქმის შემდეგ კი 50 კაცი დაესხა თავს და აფხაზეთიდან გააძევეს. პანოვი 3 წელი დარბოდა საჩივრებით, მაგრამ ვერაფერს მიაღწია... ახლა აფხაზეთში "აპარტამენტების კანონთან" ერთად აქტუალურია კიდევ ერთი საკითხი, - რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობას შორის არსებობს ხელშეკრულების პროექტი ეკონომიკის საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო დავების აღიარების შესახებ. ხელშეკრულებას ხელს მალე მოაწერენ. ამ ხელშეკრულების აუცილებლობა ასეთი ფაქტების არსებობამ გამოიწვია. რუსი ბიზნესმენების დავები განიხილება აფხაზურ სასამართლოში, რომელიც ყოველთვის აფხაზების სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს. ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, როდესაც რუს ბიზნესმენს "გადააგდებენ" სოხუმში, დავას რუსეთის ნებისმიერ სასამართლოებში განიხილავენ და მისი აღსრულება აფხაზეთში სავალდებულო გახდება. ეს ხელშეკრულება ანექსიის პოლიტიკასაც ემსახურება და ამგვარი ფაქტების პრევენციაც არის.

- ნურგალიევის კომპანია გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან, თავად დე ფაქტო ხელისუფლებას კი ბევრი ვალდებულება­ აქვს ნაკისრი... რა ხდება დღეს აეროპორტის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით?

- აეროპორტი უნდა გაფართოვდეს, ის იქნება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულების და ეს საყურადღებოა. სამოქალაქო ფრენები, ალბათ, კვირაში­ 1-2-ჯერ იქნება. ეს იქნება სამხედრო აეროპორტიც, რასაც დიდი ინფრასტრუქტურა სჭირდება. დე ფაქტო ხელისუფლებამ დააანონსა, რომ ივლისის ბოლოს შესრულდებოდა პირველი ტექნიკური ფრენა, მაგრამ ჯერ მხოლოდ დაანგრიეს რაც იყო, მშენებლობა არც დაუწყიათ და უკვე ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნათ.

- ამ ახალი სკანდალის ფონზე აფხაზეთში გაიხსენეს 2010 წელს რკინიგზის გამო აღებული 2 მილიარდი რუბლის ვალიც. მოუწევს სეპარატისტულ ხელისუფლებას ვალის გადახდა?

- ეს საკითხი 2034 წლამდეა გადავადებული, ახლა არაფერს იხდიან, მაგრამ მოვა დრო და გადაახდევინებენ, ისე როგორც შარშან მოუწიათ ელექტროენერგიის საფასურის, დაახლოებით მილიარდი რუბლის გადახდა რუსეთისთვის. რკინიგზის ფულის გადახდის დროც მოვა. რუსეთს თავისი ტაქტიკა აქვს, როდესაც ამა თუ იმ პრორუსუ­ლი კანონის მიღება უნდა, ასეთ მწვავე საკითხებს მაშინ ააქტიურებს. ახლა ბევრი პრობლემა აქვს და ჩანს, რკინიგზის ვალის საკითხის წამოჭრისთვის არ სცალია, თუმცა საჭირო დროს ამასაც გაააქტიურებს. თუკი მოთხოვნას არ შეასრულებს სოხუმი, რუსეთი ამას ზეწოლის ბერკეტად გამოიყენებს. სავსებით შესაძლებელია აეროპორტის 240 მილიონთანაც რუსეთის ხელისუფლება იყოს დაკავშირებული და ამ ვალის ახლა გააქტიურება ზეწოლის ბერკეტიც არის. რუს საზოგადოებას აფხაზების თვითნებობები მოჰბეზრდა. ჩივიან, ჩვენ აფხაზები ქართველებისგან გავათავისუფლეთ, დამოუკიდებლობა მივეცით, ჩვენ ვარჩენთ და ამ დროს გვიკრძალავენ იქ დასახლებას, მიწის, უძრავი ქონების შესყიდვას, ცუდად ექცევიან რუს ბიზნესმენებსა და რუს ტურისტებსო და ა.შ. ასე რომ, რუსულ საზოგადოებაში გააქტიურებულია აზრი, რომ აფხაზებმა წითე­ლი ხაზი გადაკვეთეს და ჭკუა უნდა ასწავლონ.

ეკატერინე ბასილაია