ოკუპირებულ გაგრაში საქართველოს მოქალაქის ჩასვლამ სკანდალი გამოიწვია - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ გაგრაში საქართველოს მოქალაქის ჩასვლამ სკანდალი გამოიწვია

ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალია ქართველი ბიზნესმენის ჩასვლის გამო - რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ერასტი ბუკია, რომელსაც რუსულ-ქართული ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ოკუპირებულ გაგრაში დაკრძალვაზე ჩავიდა და შემდეგ ნახა სახლი, რომელიც აფხაზეთის ომამდე მას ეკუთვნოდა. სახლში ამჟამად სომეხი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც ის ომის შემდეგ მიისაკუთრეს და ბუკიას სწორედ ახალ მეპატრონეებთან მოუვიდა კონფლიქტი. აფხაზების თქმით, მან ყველას­ გასაგონად განაცხადა, რომ ის თავის სახლში ცხოვრებას აპირებს და "არ არსებობს ცალკე აფხაზეთი, აფხაზეთი საქართველოს ნაწილია". სწორედ მის ამ ნათქვამს მოჰყვა დიდი აღშფოთება აფხაზებში, როგორ გაბედა ქართველმა გაგრაში ჩამოსვლა და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაო. აფხაზების დასაშოშმინებლად დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უწყებამ ერასტი ბუკია აფხაზეთიდან გააძევა, მაგრამ აფხაზები მაინც არ წყნარდებიან. მთავარი კითხვაა, ვინ იყო ჩართული ბუკიას "პროვოკაციულ ვიზიტში" და ვინ მისცა უსაფრთხოების გარანტია.

სკანდალის ცენტრში სერგეი შამბას შვილი აღმოჩნდა

საქართველოს მოქალაქის გაგრაში ჩასვლის ამბავი ტელეგრამ-არხმა "აფხაზეთის პორტალმა" გაავრცელა­. გამო­ცემის წყაროს ცნობით, საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენი ფსოუს საზღვრიდან შევიდა გაგრაში. ამის მოთხოვნით კი უსაფრთხოების სამსახურს მოსკოვში დე ფაქტო აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილე­ ორხან შამბამ, სერგეი შამბას ვაჟმა­ მიმართა. სერგეი შამბა ამ სკანდალის დროს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე იყო, ხოლო რამდენიმე დღის წინ ის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. შამბა აფხაზეთში ძალიან გავლენიანი ფიგურაა და წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს, საგარეო უწყებასაც ხელმძღვანელობდა. გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების სამსახურში ერასტი ბუკია წარადგინეს როგორც გავლენიანი რუსი მეწარმე, რომელიც, სავარაუდოდ, აფხაზეთის ერთ-ერთ სამინისტროში მუშაობდა. მისი ვიზი­ტის მიზანი იყო დაკრძალვაზე დასწრება, შემდეგ კი რუსეთში უნდა დაბრუნებულიყო. ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა ბუკიას ყველა­ მონაცემი გადასცა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ ოფისს, სადაც შემოწმება ჩატარდა. გაარკვიეს, რომ ერასტი ბუკია აფხაზეთში დაიბადა და გაგრიდან წავიდა აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე, 1992 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ამდენად მას აფხაზების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომაც მის შემოსვლაზე ნებართვა გაიცა. როგორც გამოცემა წერს, ბიზნესმენი­ დაკრძალვის შემდეგ სოფელ ცანდრიფშში­ (განთიადი) წავიდა თავისი სახლის სანა­ხავად,­ რომელშიც ომამდე ცხოვრობდა­ და რესპუბლიკაში ჩამოსვლის ჭეშმარიტი მიზა­ნიც გააჟღერა - აუცილებ­ლად დაბრუნდება აფხაზეთში, საკუთარ სახლში­, რომ "ცალკე აფხაზეთი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთიანი საქართველო". მოსახლეობამ ე.წ. უსაფრთხოების სამსა­ხურში დარეკა, თუმცა­ ამ დროს ბუკია­სთან მივიდა ავტომანქანა და ის წაიყვანა­. ე.წ. უსაფრთხოების სამსახურს მოუწია დაკავშირებოდა ორხან შამბას შუამავალს, რომელიც ბუკიას თან ახლდა აფხაზეთში. მან ბიზნესმენი უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მიიყვანა და შემდეგ საქართველოს მოქალაქე ბიზნესმენს აფხაზეთი დაატოვებინეს...

აფხაზურმა მედიამ დაიწყო გამოკვლევა,­ ვინ არის რუსეთისა და საქა­რთველოს მოქალაქე ერასტი ბუკია? როგორც იუწყებიან, ის რუსეთის­ ფედერაციის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიხედვით სარესტორნო საქმიანობისა და საკვების მიწოდების სერვისების შპს BOLIVAღ-97-ის დირექტორია. ამასთან, ინდმეწარმე ბუკიას ძირითადი საქმიანობაა საკუთარი ან იჯარით აღებული უძრავი ქონების გაქირავება და მართვა. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა მიმართეს ორხან შამბას და ახსნა-განმარტები­სთვის შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა შამბა მათ არ შეხვედრია.

როგორ გადაინაწილეს ქართველების სახლები აფხაზეთში

მამუკა არეშიძე, სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი:­ - აფხაზებმა ცივი წყალი დალიონ, იმიტომ, რომ ეს არის პოზაში მდგომი,­ ვითომ ვეტერანული ორგანიზაციების აღშფოთება. ჯერ ერთი, ამდენი აფხაზი მეომარი არ ყოფილა იქ, რამდენი აფხაზიც არის დღეს ვეტერანთა რიგებში გაერთიანებული. პატარა აფხაზეთისთვის 60 ათასი ვეტერანი წარმოუდგენელი რიცხვია. ვისაც არ ეზარება, ყველა ვეტერანი გახდა. სულ 124 ათასი აფხაზი იყო ომამდე და ახლა, როგორ გამოდის, რომ ნახევარი ვეტერანია?! გარდა ამისა, ერასტი ბუკია გიჟი ხომ არ არის საქართველოზე ლაპარაკი თვითონ დაეწყო და მიტინგი გაემართა?! პროვოკაციული შეკითხვები დაუსვეს და ეტყობა, პასუხიც შესაბამისი გასცა.

- ამის თქმას გამბედაობა სჭირდებოდა...

- მართალი ხართ, მაგრამ მას ისეთი აფხაზები ახლდა თან, რომ იცოდა, თმიდან­ ერთ ღერს ვერ ჩამოუგდებდნენ, და მეორეც, ისეთი აფხაზები ახლდა, რომლებიც ცოტა სხვანაირადაც ფიქრობენ.

- საინტერესოა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს ბუკიას წინააღმდეგ, რადგან იქ საქართველოს დროშის ქონის გამოც შეიძლება დაიჭირონ საქართველოს მოქალაქე.

- იყო ასეთი შემთხვევები, მაგრამ ეს ძალიან სპეციფიკური და დელიკატური სიტუაცია იყო. ამაში სერგეი შამბას შვილია ჩარეული, ბუკიას ძალიან გავლენიანი­ ხალხი ჰყავდა გარშემო, ვინც პოლიტიკურ კლიმატს ქმნის ამ რეგიონში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - აფხაზებმა ცივი წყალი დალიონ, იმიტომ, რომ აფხაზეთში ერთი ხელი რას აკეთებს, არ იცის მეორემ. ბუკია აფხაზეთში სასეირნოდ არ ჩასულა. ზოგიერთ აფხაზ ბიზნესმენს მასთან თანამშრომლობის ინტერესი გაუჩნდა და მათთვის ის საპატიო პიროვნება და მნიშვნელოვანი ფიგურაა. ერასტი ბუკია არც აპირებდა აფხაზეთში შესვლას, რაღაც ლაპარაკის დროს მისცეს აფხაზებმა გარანტია და ამიტომაც შევიდა. რასაკვირველია, სახლის ნახვის სურვილი ექნებოდა, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში არ ჰქონდა დაგეგმილი. აფხაზეთში არაერთი შეძლებული აფხაზია, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ბიზნესსტრუქტურები საქართველოსა და ქართველებთან ააწყონ. ჯერ ერთი, ქართველებთან უფრო მარტივად ნახულობენ საერთო ენას, რადგან ერთ სივრცეში არიან გაზრდილი და გარკვეულწილად ერთი და იმავე მენტალიტეტის ადამიანები არიან. ვგულისხმობ აფხაზეთის ქართველებს, და როდესაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქში არიან, საერთო ენას მარტივად პოულობენ. ზუსტად ამ ურთიერთობების ნაწილი იყო ბუკიასთან კონტაქტი. სერგეი შამბას შვილი სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. სერგეი შამბაც პრაგმატული პოლიტიკოსია. ის, როგორც ზოგიერთი სხვა აფხაზი, - არ მინდა გვარები დავასახელო და საქმე გავუფუჭო, - ცალსახად აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ მომხრეა, მაგრამ ქართველებთან ურთიერთობის გარკვეული წესის მომხრეცაა ბაღაფშივით და ზოგიერთ სხვასავით. მე არ მინდა დავასახელო იმ მინისტრის გვარიც, რომელსაც გასული წლის 28 დეკემბერს სამეგრელოში ვმასპინძლობდით. როცა საქმე და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, ყველაფერზე უნდა წახვიდე. დაბადების დღე კი არ გადაგვიხდია, ეკონომიკურ საკითხებზე იყო საუბარი.

- ენგურს გამოღმა საქართველოში აფხაზები ხშირად ჩამოდიან სამკურნალოდ თუ დაკრძალვებზე. არაოკუპირებული საქართველოდან ოკუპირებულ სოხუმსა და გაგრაში ეთნიკური ქართველები თუ ჩადიან?

- არაერთი ქართველი ჩადის. აფხაზეთში სპეციფიკური სიტუაციაა, ქართველებს მათი ნათესავი, მეზობელი ან სხვა კატეგორიის ხალხი აძლევს გარანტიას, რომ უსაფრთხოება იქნება დაცული. არავინ ჩადის იქ ისე, რომ ეს არ გაითვალისწინონ. ზოგი სახლის, ზოგი საფლავების მოსანახულებლად ჩადის. რასაკვირველია, ბიზნესმენებიც ჩადიან, მათ შორის ისეთი პირები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. მთავარი პირობა ის არის, რომ აფხაზეთის ომში მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეთ მიღებული. სხვათა შორის, ბუკიაც გადაამოწმეს.

- ამ ისტორიაში საინტერესოა ისიც, რომ ბუკიას სახლში ცხოვრობს ოჯახი, რომელმაც ეს ქონება, როგორც ომის ნაალაფარი მიისაკუთრა. აფხაზეთის ომის შემდეგ როგორ ხდებოდა ქართველების სახლების დანაწილება?

- სხვადასხვანაირად, ისე არ ყოფილა, რომ ყველა ბინაში აფხაზები შეცვივდნენ. არაერთი ისეთი ფაქტის მომსწრე ვარ, ისეთი ისტორიები ვიცი, რომლებიც ძალიან მძიმე მოსასმენია, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც სახლ-კარი დაკარგა. იყვნენ აფხაზები, განსაკუთრებით მთებიდან ჩამოსულები, რომლებიც ქართველების სახლებში შეცვივდნენ. იყვნენ აფხაზები, რომლებიც მეზობლის სახლებში არ შევიდნენ და პირიქით, კარგა ხნის განმავლობაში უვლიდნენ ქართველების სახლებს. ასეთი შემთხვევა მე პირადად მქონდა ერთი სოხუმში და ერთიც გულრიფშში. თუმცა ომის დამთავრების შემდეგ სახლების დატაცება მასობრივად დაიწყეს არა მარტო აფხაზებმა, არამედ იქ მცხოვრებმა სხვა ეროვნების ხალხმაც (არ დავასახელებ ეროვნებებს). გარდა ამისა, ომში მონაწილეობისთვის ჩამოსული კავკასიელებიც დასწრებაზე იყვნენ და შემდეგ სახლებზე ეწერა კიდევაც, რომ ეკუთვნის, მაგალითად, ვიღაც ჩეჩენს, ყაბარდოელს და ა.შ. გარდა ამისა, აფხაზეთში არის სახლები, რომელიც ტყემ შეჭამა. ეს ნიშნავს, რომ არავინ შევიდა. განსაკუთრებით ეს ითქმის სამხრეთ და აღმოსავლეთ აფხაზეთზე, ოჩამჩირესა და გულრიფშის რაიონებზე. მაგალითად, მწერალთა ცნობილი დასახლება, სადაც ნოდარ დუმბაძის და კიდევ რამდენიმე მწერლის სახლები იყო, მთლიანად განადგურებულია, არავის დაუკავებია.

- რატომ არ დაიკავეს, პრესტიჟული ადგილი არ იყო, თუ ომის დროს დაზიანდა?

- ეგეც იყო, სამხრეთ-აღმოსავლეთი აფხაზეთი არ ითვლებოდა პრესტიჟულად. მთავარი საკურორტო ზონა სოხუმის რაიონი, გაგრის რაიონი და გუდაუთა იყო, თუმცა გუდაუთაში არც იყვნენ ქართველები. გუდაუთაში ერთადერთი სოფელი ახალსოფელი იყო, სადაც რაჭველები ცხოვრობდნენ და სოფელი გაანადგურეს, უამრავი ხალხი დახოცეს მაშინ. ერთ ამბავს მოგიყვებით. ვასილ მესხი მთელ აფხაზეთში ცნობილი პიროვნება იყო, შემდეგში ის ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას მძახალი გახდა, მისმა შვილმა ტარიელის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სოხუმელი სერგეი კირიენკო, მისი გაზრდილი იყო. კიდევ იყო მისი გაზრდილი ერთი მილიონერი რუსი. მოკლედ, მესხი ცნობილი და შეძლებული კაცი იყო, პირველი კოოპერატიული რესტორანი მან გახსნა სოხუმის ფუნიკულიორზე და ა.შ. როდესაც აფხაზებმა სოხუმი დაიკავეს, მეზობელი აფხაზი მაშინვე გაეშურა ვასო მესხის სახლისკენ, რომ ვინმეს ოჯახი არ დაეზარალებინა, მაგრამ რომ მივიდა, უკვე გვიანი იყო, რადგან ვასოც მოკლული იყო, მისი მეუღლეც, სახლიც გაეძარცვათ და სხვა ეროვნების მეზობლის ბავშვები თამაშობდნენ უკვე ეზოში. გვამებიც იქვე ეყარა. აფხაზმა ის მეზობელი დააწიოკა, მაგრამ უკვე საშველი აღარ იყო, სახლი, როგორც ომის ალაფი, მეზობელს ჰქონდა დასაკუთრებული. უმეტეს შემთხვევაში ქართველების სახლებს იკავებდნენ და ქართველების დახოცვის ფაქტიც არაერთი იყო.

- აფხაზებს ხომ ისედაც ჰქონდათ სახლი და ნაალაფარ ქონებას რაში იყენებდნენ?

- ქართველების სახლებს, ძირითადად, მთიელი აფხაზები იკავებდნენ. სწორედ სოფლებიდან ჩამოსული აფხაზები აქტიურობდნენ, რომლებსაც პრესტიჟულ ადგილებზე უნდოდათ ცხოვრება.

ეკატერინე ბასილაია