"თქვენს სახლში მოკლეს სტუმარი", "მეფე" მოკვდა, გაუმარჯოს "მეფეს"!
"ხვალ, თუკი ალაჰი ისურვებს".
თქმულება ვეზირ ნურ-ად-დინზე,
"ათას ერთი ღამე"
"თქვენს სახლში მოკლეს სტუმარი"
30 ივლისს ირანის პარლამენტში ახალარჩეულ ირანის პრეზიდენტ მასუდ პოზეშკიანის ინაუგურაცია მიმდინარეობდა. მართალია, ნახევარ მსოფლიოს ახალი პრეზიდენტისთვის გამარჯვება არც მიულოცავს, თუმცა მასპინძლები გულს არ იტეხდნენ, რადგან ღონისძიებას 80 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ (მათ შორის საქართველოს პრემიერიც). საზეიმო ცერემონიისას ირანის პრეზიდენტი ხვდებოდა, რომ უკვე გასჩენოდა თავსატეხი - მისცემდა თუ არა ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ჰომენეი იმ რეფორმების გატარების უფლებას, რომელსაც ჰპირდებოდა საარჩევნო კამპანიის დროს ხალხს.
ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" ლიდერმა ისმაილ ჰანიემ წვეულების შემდეგ ღამის გასათევად თეირანში ორგანიზაციის რეზიდენციას მიაშურა, სადაც "ჰამასის" ლიდერები დაცულად გრძნობდნენ ხოლმე თავს. 31 ივლისს, ღამის ორ საათზე, ისმაილ ჰანიე ნასროლმა რაკეტამ ლოგინშივე მოკლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი პირადი მცველი აბუ შააბანი.
მომხდარის დაჯერება, ირანის გარდა, მსოფლიოსაც გაუჭირდა. მართლაც წარმოუდგენელი იყო - ირანის გულში სპეცსამსახურების ასეთი სითავხედე ქვეყნისთვის ძალზე შეურაცხმყოფელია. მასუდ პოზეშკიანს მისი პრეზიდენტობის მეორე დილიდან მხოლოდ ერთი რამ ესმოდა - "თქვენს სახლში მოკლეს სტუმარი!" ვის შეეძლო ამ ხელაღებული ოპერაციის ჩატარება, პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - რა თქმა უნდა, "მოსადს". სკეპტიკოსები, რომლებსაც ებრაული "მოსადის" შესახებ ინფორმაცია მხოლოდ გაბუქებულად და ხშირ შემთხვევაში ზღაპრადაც მიაჩნდათ, დარწმუნდნენ, რომ ცდებოდნენ.
31 ივლისს ისრაელმა განაცხადა, რომ თეირანში მომხდარ ტერაქტთან კავშირი არა აქვს. მთელი დღის განმავლობაში ირანის უმაღლესი ხელისუფლების პირები მსოფლიოს არწმუნებდნენ, რომ ისრაელი "მკაცრად დაისჯება". რატომღაც მათი ქადილი არაფრისმთქმელი ჩანდა, მაგრამ როცა ქალაქ ყუმში შიიტების უწმინდეს სალოცავზე, მეჩეთ ჯამკარანზე წითელი დროშა აღიმართა, ყველა მიხვდა, რომ ირანის შურისძიება გარდაუვალი იყო. ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
"მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ საჭირო დროს პოლიტიკაა"
ღაზის ლტოლვილთა ბანაკში გაზრდილ ისმაილ ჰანიეს თავი ბოლო წუთამდე სამოქალაქო პირად მიაჩნდა, ორგანიზაციის პოლიტბიუროს თავმჯდომარე ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებაში იყო ჩართული. ირანის განცხადებით, ის სწორედ მაშინ მოკლეს, როდესაც მოლაპარაკება ფინალურ სტადიაზე იყო გადასული. ჰანიეს სიკვდილი "ჰამასისთვის" მხოლოდ რეპუტაციული დარტყმა თუ იქნება, რადგან ის "ჰამასის" სამხედრო მეთაური არ იყო. მეტიც, ზომიერი პოზიციის გამო მუდმივი უთანხმოება ჰქონდა ორგანიზაციის სამხედრო ლიდერებთან. ჰანიე მზად იყო ისრაელთან მოლაპარაკებაში დათმობაზეც წასულიყო, მაგალითად, "ჰამასს" ისრაელის სახელმწიფო ეღიარებინა, რის შესახებაც 2023 წლის 1-ლ ნოემბერს სატელევიზიო გამოსვლაში დაუფარავად განაცხადა: "ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის ორი სახელმწიფოს საკითხის გადასაწყვეტად, პალესტინის დედაქალაქად იერუსალიმში".
ჰანიეს ამ გამოსვლას "ჰამასის" სამხედრო ფრთაში მღელვარება მოჰყვა, წლობით ღაზის მიწისქვეშა გვირაბებში გამოკეტილ სამხედრო ლიდერებს, როგორც წესი, არ მოსწონთ ყატარსა თუ თურქეთში ფეშენებელურ სასტუმროებში მცხოვრები "ჰამასის" პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელები.
ისმაილ ჰანიეს მოკვლა ორჯერ სცადეს, 2003-2006 წლებში. 2023 წელს ღაზის სექტორში მორიგ ავიაიერიშს მსუბუქი ავტომანქანა ემსხვერპლა, რომელშიც ჰანიეს სამი ვაჟი და 4 შვილიშვილი ისხდნენ.
"ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის სიკვდილმა ბუნდოვანი გახადა როგორც მოლაპარაკების, ისე მძევლების ბედი. რაც მთავარია, მასშტაბური ომის ზღვარზე მიიყვანა ახლო აღმოსავლეთი.
"ციხე შიგნიდან ტყდება?
სანამ ირანი შურისძიებისთვის ემზადება, ხოლო ისრაელი დარტყმის მოსაგერიებლად, სპეციალისტების, სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და მედიის ინტერესს იწვევს თეირანის ტერაქტის დეტალები. ცნობისმოყვარეობას ისიც აღვივებს, რომ თეირანი, სავარაუდოდ, საეჭვოდ მალავს ინფორმაციას "ჰამასის" ლიდერის მკვლელობაზე.
სპეცსამსახურების ანალიტიკოსებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ აქამდე გავრცელებულ ვერსიებზე. ვერსია პირველი - ჰანიე მოკლეს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა. ამისთვის კი თვითმფრინავის კონკრეტულ დისტანციაზე მიახლოება იყო საჭირო რაკეტის გასაშვებად. რუკას თუ დავხედავთ, ადვილი მისახვედრია, რომ ვინაიდან ისრაელი ირანის მეზობელი არ არის, მას საკმაოდ დიდი ტერიტორია უნდა გაევლო. ყველაზე მოკლე გზა სირია-ერაყის საჰაერო სივრცეზე გადის, მაგრამ ეს ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ამ ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები თვითმფრინავს თუ ვერ ჩამოაგდებდნენ, დააფიქსირებდნენ მაინც. ნაკლებად რისკიანი მარშრუტი იქნებოდა, მაგალითად, თვითმფრინავს ლიბანის ტერიტორიაზე გადაეფრინა, მით უმეტეს, ერთი დღით ადრე, 30 ივლისს, ისრაელმა ავიაიერიში მიიტანა ლიბანში ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰეზბოლაზე" და მისი მეორე პირი მოკლა. ქვეყანაში, სადაც ისრაელის ავიაიერიშები დიდი ხანია აღარ უკვირთ, თვითმფრინავი რომც დაეფიქსირებინათ, ვინ იფიქრებდა, რომ სამიზნე თეირანი იქნებოდა?
ლიბანის შემდეგ მისი გზა სირიის ჩრდილოეთზე გადის, რომელსაც ოფიციალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, სირიის დატოვების შემდეგ თვითმფრინავი ერაყის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო, ოღონდ იქ, სადაც ქურთები არ ცხოვრობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაღდადის კონტროლირებადი ძალები მას აღმოაჩენდნენ.
გარდა იმისა, რომ თვითმფრინავს დაახლოებით 1500 კილომეტრი უნდა ეფრინა, თავად რაკეტებიც არ იყო მსუბუქი, რაც უფრო შეასუსტებდა თვითმფრინავის აეროდინამიკურ თვისებებს და შესაბამისად, გაზრდიდა საწვავის მოხმარების ხარჯს. ასეთი ოპერაციის ჩატარებისთვის საჭირო იქნებოდა კიდევ ორი - საწვავმზიდი და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებით აღჭურვილი თვითმფრინავი. გამოდის, ამ სამ თვითმფრინავს უნდა აეცილებინა ამდენი საფრთხე, გაევლოთ ამხელა ტერიტორია, რათა მერე ერთს ესროლა რაკეტა, რომელიც პირდაპირ ფანჯარაში შევარდებოდა? ამ ვერსიას ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ, რადგან შენობის ნალესობაც კი არ დაზიანებულა, რაც ასეთ შემთხვევაში არარეალურია.
ვერსია მეორე - გამოყენებულ იქნა მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მას შემდეგ, რაც აგენტებისთვის გახდა ცნობილი, რომელ ოთახში იქნებოდა "ჰამასის" ლიდერი, რა დროს, და შენობას უნდა მიახლოებოდნენ იმ დისტანციაზე, საიდანაც რაკეტის გაშვებას შეძლებდნენ. ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის გადასატანი სისტემით ეს შენობიდან რამდენიმე კილომეტრიდან უნდა მომხდარიყო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემა დამიზნებით პირდაპირ ღია კარში არტყამს. თუმცა სისტემა არ უპოვიათ, რაც მიანიშნებს, რომ აგენტებმა დანაშაულის იარაღი, რომელიც მინიმუმ 10 კილოგრამზე მეტს იწონის, ხელს გააყოლეს, მაგრამ მათ ხომ თეირანში უნდა გაევლოთ, სადღაც ხომ უნდა დაეტოვებინათ?! ამიტომ ეს ვერსია დამაჯერებელი არ უნდა იყოს, თუმცა, თუ აღმოჩნდა, რომ ტერაქტში მართლაც ტანკსაწინააღმდეგო რაკეტაა გამოყენებული, სპეციალისტების აზრით, ეს უკვე პროფესიონალიზმის უმაღლესი პილოტაჟია.
მესამე ვერსიასაც ეჭვით უყურებენ - რამდენიმე კამიკაძე-დრონით აღჭურვილმა საფრენმა აპარატმა ჰანიეს ოთახში მიაკითხა, შემდგომ კი სადღაც მთებში თუ უდაბნოში თავი გაინადგურა. იბადება კითხვა: საიდან უნდა გაეშვათ საფრენი აპარატი? ცხადია, ისრაელიდან ვერ გაუშვებდნენ.
არსებობს მეოთხე და ყველაზე სარწმუნო ვერსია, რომლის დადასტურებაც არ იქნება სასიამოვნო ირანისთვის - წინასწარ ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. ეს ირანის უმაღლესი ეშელონების პირების, მაგალითად, ძალოვანების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. ვიღაცას დაინტერესებული სპეცსამსახურისთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია "ჰამასის" ლიდერის ჩამოსვლის, გადაადგილებისა და დაბინავების შესახებ. ვიღაცას უნდა დაემონტაჟებინა ნაღმი შენობის კონსტრუქციაში, რომ შემდეგ არ აღმოეჩინათ. არ არის გამორიცხული, "ჰამასის" რეზიდენციაში რამდენიმე ადგილას ყოფილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობა - სადაც მსხვერპლს გამოიჭერდნენ, იმას აამოქმედებდნენ.
"როგორც ქუხს, ისე არ წვიმს"
შურისძიების მომლოდინე ირანი, სავარაუდოდ, თავს ძალზე უხერხულად გრძნობს, რადგან მსოფლიომ დაინახა, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში თავს "როგორც სახლში" ვეღარავინ იგრძნობს, დღეს თუ "ჰამასის" ლიდერი მოკლეს, ხომ შეიძლება ხვალ ქვეყნის პირველ პირებს გაუსწორდნენ. ეს ძალიან აშინებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ამიტომ რამდენად ასიმეტრიული იქნება საპასუხო დარტყმა ისრაელზე, არავინ იცის. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - "ჰამასი" ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, "ჰეზბოლასგან" განსხვავებით, რომელიც მან გამოზარდა და დღემდე აფინანსებს. "ჰამასი" სუნიტურია და ის ტერორისტულ ორგანიზაცია "ძმებ მუსლიმანებს" უკავშირდება. ირანსა და "ჰამასს" შორის პოზიტიური განსხვავებებიც არსებობდა - 2011 წელს ირანმა სირიაში ბაშარ ასადის ხელისუფლებას დაუჭირა მხარი, "ჰამასმა" - ოპოზიციას. ამიტომ გამორიცხული არ არის, შურისძიების მახვილი ისრაელზე იემენელმა ხუსიტებმა და "ჰეზბოლამ" აღმართონ, ოღონდ პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად, როგორც ადრეც აკეთებდნენ.
"ხანუნისელი ყასაბი"
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" ახალი ლიდერი ჰყავს - მოკლული ისმაილ ჰანიეს სავარძელი ორგანიზაციის ცნობილმა სამხედრო ლიდერმა და 7 ოქტომბრის სასაკლაოს ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა იახია სინვარმა დაიკავა და ამით, სავარაუდოდ, "ჰამასში" შინააშლილობებს ბოლო მოეღება. ისრაელის რეაგირებამაც არ დაახანა. ებრაელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში სააგიტაციო ფურცლები გაავრცელეს, სადაც 400 000 დოლარს ჰპირდებიან იახია სინვარის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ. წინამორბედებისგან განსხვავებით, სინვარს ღაზა არ დაუტოვებია და წლებს "ჰამასის" მიწისქვეშა ლაბირინთებში ატარებს.
1988 წელს სინვარს ისრაელის სასამართლომ ოთხჯერ მიუსაჯა უვადო პატიმრობა პალესტინელი ინფორმატორის მოკვლისა და ორი ებრაელი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობის სანაცვლოდ. მსჯავრდადებულმა 22 წელი ციხეში გაატარა, როგორც ამბობდა, არცთუ უსაქმოდ: ისწავლა ივრითი, ისრაელის სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ბიოგრაფიები და მიიღო სამუშაო გამოცდილება, დაწერა რომანი "ეკალი და მიხაკი", რომელიც მისი და პალესტინელი ხალხის ბრძოლას ეხება, და ციხეშივე არაბულადაც თარგმნა. 2011 წელს იმ 1000 პალესტინელ მსჯავრდადებულს შორის იყო, რომლებიც ისრაელმა ერთ ებრაელ ჯარისკაცში გაცვალა. სინვარი ერთხანს ორგანიზაციის უშიშროების სამსახურის უფროსი იყო და სასტიკად უსწორდებოდა მათ, ვინც ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, ამისთვის მას "ხანუნისელი ყასაბიც" შეარქვეს.
მსოფლიო დიდი ომის მოლოდინშია. კითხვაზე, როდის დაიწყება ირანის შურისძიება, პასუხი შეიძლება იყოს ერთი - "ხვალ, თუკი ალაჰი ისურვებს".