„ისრაელში თითქოს დრო გაჩერდა - ოთხი ქვეყნიდან ველოდებით თავდასხმას“
ამერიკისა და ისრაელის პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ირანის თავდასხმა ისრაელზე "ჰეზბოლას" მაღალჩინოსნებისა და თეირანში "ჰამასის"“ლიდერის ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გარდაუვალია. მსოფლიო ლიდერები რეგიონული ომის თავიდან აცილებას ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ "ჰეზბოლას" ლიდერი ჰასან ნასრალა ირწმუნება, რომ საერთაშორისო ძალისხმევა, დაერწმუნებინათ "ჰეზბოლა"“შური არ ეძია, უშედეგოა. ნასრალას თქმით, "ჰეზბოლა" ხელსაყრელ მომენტს დაელოდება პასუხისთვის, მაგრამ მან დეტალები არ გაამხილა პასუხის დროზე ან ფორმაზე. როგორია შესაბამისი მომენტის მოლოდინში ცხოვრება, ამის შესახებ ისრაელის ქალაქ ნათანიაში მცხოვრები თეა ჯაჭვაძე გვიამბობს.
- შეიძლება ისრაელში მოხდეს ის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა - ოთხი ქვეყნიდან ველოდებით თავდასხმას. ქუჩაში მოღიმარ სახეს ვეღარ დაინახავთ. აქ სიტუაცია 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ძალიან შეიცვალა. იმ ავბედით დღეს მძევლად აყვანილი ხალხის ნაწილი ჯერ ისევ ტყვეობაშია, ზოგიერთი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ბევრი ოჯახი ბრძოლის ველზე დაცემულ მებრძოლებს გლოვობს. ერთი სიტყვით, ქვეყანა ისედაც საომარ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ახლა კიდევ რაღაც სხვა ხდება. უკვე 14 წელია აქ ვცხოვრობ და მსგავსი არაფერი მახსენდება. ჩემი მეუღლე ისრაელის მოქალაქეა და ამბობს, რომ ამ ქვეყანას ასეთი პერიოდი ჯერ არ ჰქონია. როგორც გვეუბნებიან, უნდა მოვემზადოთ ძალიან სერიოზული დარტყმისთვის. ბოლო ორი კვირაა, გვაფრთხილებენ, რომ მოვიმარაგოთ საკვები, წყალი და პირველადი მოხმარების ნივთები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ომის კაბინეტი აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომისთვის მზადება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ისრაელში არ არის პანიკა, მაგრამ გაუსაძლისი სიჩუმეა.
თითქოს დრო გაჩერდა, მიჯაჭვული ვართ საინფორმაციო გადაცემებზე, სხვას აღარც არაფერს ვუყურებთ და არც არაფერზე ვსაუბრობთ. ისიც კი არ ვიცით, ერთი საათის ან თუნდაც წუთის მერე რა იქნება. რაღაცნაირად დავდუმდით, ჩუმად დავდივართ, ვსადილობთ, დასაძინებლადაც იმ განცდით ვწვებით, რომ არ ვიცით, ხვალინდელი დღე გაგვითენდება თუ არა. ჩვენ, ვისაც ოჯახის წევრები საქართველოში გვყავს, განსაკუთრებული სტრესი გვაქვს, იმაზეც ვნერვიულობთ, მათ რომ არ შეეშინდეთ. დუმილი პანიკაზე შემზარავი ყოფილა. ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმეა, ელოდები, მაგრამ რას?! ომს! თან არ იცი, როდის დაიწყება და საიდან. მე ყველაზე მეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მაშინებს. აქ ტერაქტები ისედაც ხშირია ავტობუსის გაჩერებებზე და ახლა ეს საფრთხე უფრო მომეტებულია. არიან ადამიანები, ადგილობრივ არაბებს ვგულისხმობ, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან თავი გაწირონ, რომ ისრაელის მოსახლეობა რაღაცით მაინც დააზარალონ.
- თუმცა მსმენია იმ არაბების შესახებაც, რომლებიც ისრაელელი ხალხის სამსახურში თავს არ ზოგავენ.
- კი, არიან ასეთებიც, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, სააფთიაქო ქსელებში. რეალიზებული, მაღალ თანამდებობებზე დასაქმებული არაბები ნამდვილად ამ ქვეყნის სამსახურში დგანან, მაგრამ არიან ფანატიკურად განწყობილი მცირე დაჯგუფებებიც.
- სამოქალაქო თავდაცვა როგორ მუშაობს?
- ძალიან გამართულად! სისტემატურად მოდის სატელეფონო შეტყობინებები სხვადასხვა ინსტრუქციით. ჩემი მეუღლე ყოფილი პოლიციელია და მუდმივი კავშირი გვაქვს ტახანასთან (პოლიციის სადგური). აქ ყველა ახალ კორპუსში თითოეულ ოჯახს ერთი სპეციალური, ბომბგამძლე ოთახი აქვს, ძველ ბინებში კი სარდაფებში აქვთ მოწყობილი თავშესაფრები. დაცულები კი ვართ, მაგრამ ომში ხომ ადამიანების სიკვდილი მაინც გარდაუვალია. დავიღალეთ ამდენი ომით. ეს ქვეყანა მუდმივად ომშია, ტერაქტები ხომ ჩვეულებრივი ამბავია, უბრალოდ, ზოგჯერ სიტუაცია განსაკუთრებულად მწვავდება.
- ალბათ, მოსახლეობა ფიზიკურადაც მომზადებულია.
- რეზერვში გამოძახება უკვე დაწყებულია როგორც კაცების, ასევე ქალების. ყველა ელის, როდის დაუძახებს მათ სამშობლო. აქ, ვისაც კი ჯანმრთელობის ცნობა და სურვილი ჰქონდა, სახელმწიფომ ყველას შეასწავლა იარაღის მოხმარება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში იარაღის ტარების 125 000 ნებართვა გაიცა. აქ ჩვეულებრივი ამბავია ავტობუსში, მაღაზიებში, კაფე-ბარებში იარაღიანი ადამიანების დანახვა, მათ შორის გოგო-ბიჭების. ძალიან ხშირად ნახავთ შეიარაღებულ ჩვილბავშვიან დედებს - ცალ ხელში ბავშვი უჭირავთ, მეორეში იარაღი. ისრაელელი ქალები ძალიან აქტიურები არიან, აქ ნამდვილი მატრიარქატია. 7-8 წლის ბავშვი ფსიქოლოგიურადაც მზად არის და ფიზიკურადაც - იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, საფრთხე როგორ ამოიცნოს, თავი სად შეაფაროს. ქუჩაში უცხო ადამიანი ბავშვს ვერ მიუახლოვდები, ის თავად დაიცავს დისტანციას. აქ ბავშვები დიდებივით ცხოვრობენ და ეს არ ეხება მხოლოდ ომს და საგანგებო მდგომარეობას, ოჯახურ საქმეებშიც აქტიურად არიან ჩართული. აქ ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მისი თანხმობისა და სურვილის გარეშე ვერ გადაწყვეტ, ბავშვს ვერავინ ეტყვის, შენ ვინ გეკითხება და ა.შ. ამ ქვეყანაში ქალები და ბავშვები ძალიან დაფასებული არიან.
- საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი თუ არის?
- დეფიციტი არა, მაგრამ 30%-ით გაიზარდა ფასები. მუშახელის ნაკლებობის გამო ადგილობრივი წარმოების თვითღირებულებამ მოიმატა. მათ შორის არის რძის პროდუქტებიც. ომი სოციალურ პრობლემებსაც ქმნის, მაგრამ ამ ერის გატეხა შეუძლებელია. მიკვირს, ეს ერთი ციდა ქვეყანა, რომელიც სულ რაღაც კახეთისხელაა, ამდენს როგორ უძლებს. ვფიქრობ, პატრიოტიზმი ასულდგმულებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა დიდი ომის მოლოდინშია, აგვისტოს დასაწყისიდან 3 000 ებრაული წარმოშობის ოჯახი ჩამოვიდა. მსოფლიოში გაფანტული ებრაელების ნაკადი არ წყდება. ომის პარალელურად მიმდინარეობს შენება, ბოლო სამი წლის განმავლობაში ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, სრულიად შეიცვალა, ნათანიას გარშემო ახალ-ახალი ქალაქები და უბნები გაჩნდა. ყველა სირთულის მიუხედავად, მთელი ერი ქვეყნის შენებისთვის არის დარაზმული.
- როგორც ვიცი, ქართველი ემიგრანტებიც არ ტოვებენ ქვეყანას.
- როდესაც შენი ფანჯრების წინ ბომბები ფეთქდება, ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუძლებ, თუ განსაკუთრებული სიყვარული ან მოვალეობის გრძნობა გაკავშირებს ამ ქვეყანასთან, ხალხთან. შარშან, 7 ოქტომბერს, მშვიდობაში დავიძინეთ და ომში გავიღვიძეთ. ეს მოულოდნელი შოკი, უმძიმესი დღე იყო, მაგრამ ახლა ჩვენ ამისთვის ვემზადებით. შესაბამისად, არავის გავამტყუნებ, თუ სამშობლოში დაბრუნდება.
- საკუთარ თავზე რას იტყვით?
- ისრაელში ომია თუ არა, რა თქმა უნდა, ჩემი გული და გონება საქართველოში, ჩემს შვილებთანაა, მაგრამ ისრაელში მეუღლე მყავს, ისრაელი ჩემი ოჯახია. სამშობლო ერთადერთი და განუმეორებელია, მაგრამ არსებობს მადლიერების განცდა, სიყვარული და მოვალეობა. არასდროს, არც შარშან 7 ოქტომბერს და არც ახლა, ომის მოლოდინში, აზრად არ მომსვლია ჩემი მეუღლისა და ისრაელის დატოვება.
ხათუნა ბახტურიძე