რომელი დაავადებები მწვავდება სიცხეში და როგორ დავიცვათ თავი
ზაფხული - მზე, ზღვა, შვებულების პერიოდი - ყველასთვის სანატრელი დროა. თუმცა ამ პერიოდს ზოგჯერ ბევრი უსიამოვნებაც მოაქვს. მზისა და სითბურ დაკვრაზე, კანის დამწვრობაზე, მწერების ნაკბენებზე, ნაწლავურ ინფექციებზე - ყველას სმენია. მაგრამ ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ზაფხულის ცხელ პერიოდს უკავშირდება ზოგიერთი ქრონიკული დაავადების გამწვავება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ზაფხული საკმაოდ მძიმე დროა ამ პათოლოგიების მქონე ადამიანებისთვის. ცხელ ამინდში პერიფერიული სისხლძარღვები ფართოვდება, წნევა ეცემა და გული გაძლიერებულ რეჟიმში, ფაქტობრივად შესაძლებლობების ზღვარზე, იწყებს მუშაობას ნორმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად.
სიცხეში ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მინერალებს. გულის მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კალიუმსა და მაგნიუმს. მათი ბალანსის დარღვევა და დეფიციტი გულის გაჩერების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
სითხის დაკარგვის შედეგად კი ორგანიზმის გაუწყლოება ხდება, სქელდება სისხლი და მატულობს თრომბების განვითარების რისკი. ამ ყველაფრის შედეგად კი მატულობს ინფარქტისა და ინსულტის განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვექცეთ საკუთარ ჯანმრთელობას. გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
სიცხეში ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად, ნუ გაჩერდებით დიდხანს მზის გულზე, ნუ ატარებთ მძიმე ჩანთებს, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს აგარაკზე თაკარა მზეში წახრილ მდგომარეობაში მუშაობა. ასე ქმნით გონების დაკარგვის რისკს.
მოერიდეთ გადახურების შემდეგ ცივ წყალს. იგი იწვევს სისხლძარღვთა უეცარ შევიწროებას ანუ სპაზმს და შეიძლება ინფარქტიც კი განვითარდეს.
არ გაირუჯოთ 15-20 წუთზე მეტ ხანს. თუ გული აგიჩქარდებათ ან სუნთქვა გაგიხშირდებათ, დაუყოვნებლივ შეეფარეთ გრილ შენობას.
სვით მინერალური წყალი - იგი შეგივსებთ დაკარგულ მინერალებს და ორგანიზმსაც იდეალურად გააგრილებს.
საკვების მიღებისას დაიცავით ზომიერება. უარი თქვით ზედმეტად ცხიმიან და ძნელად მოსანელებელ პროდუქტებზე, მათი მონელებისას გადაიტვირთება კუჭ-ნაწლავი, რაც კიდევ მეტად გაზრდის დატვირთვას გულზე. მიირთვით წყლით მდიდარი ხილი და ბოსტნეული - საზამთრო, კიტრი, კომბოსტო და სხვა.
ანგინა
მიიჩნევა, რომ ანგინა ზამთრის დაავადებაა, მაგრამ ხშირია გამწვავების შემთხვევები ზაფხულშიც, რადგან ტონზილებს არ უყვართ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. ზაფხულში ყველა მიირთმევს ცივ სასმელს, ნაყინს. ზოგიერთი ცივი შხაპით გრილდება. ასევე ტემპერატურულ კონტრასტებს ქმნის კონდიციონერი. ამ ყველაფრის შედეგი კი ტონზილიტის გამწვავებაა. თუ ანგინა ხშირად გახსენებთ თავს, გაითვალისწინეთ:
ნუ დალევთ მაცივრიდან გამოღებულ ცივ სასმელებს, ერიდეთ ნაყინს.
გარუჯვის შემდეგ ჩრდილში გადადით, ტანი წყლით დაიზილეთ.
ნუ დაჯდებით კონდიციონერის ცივი ნაკადის არეში. ტემპერატურული რეჟიმი კი ისე შეარჩიეთ, რომ გარეთ გასვლისას ძალიან დიდი კონტრასტი არ იყოს.
ცივი შხაპი შეცვალეთ გრილი შხაპით.
რაც მთავარია, აიმაღლეთ იმუნიტეტი.
საშარდე სისტემის დაავადებები
ზაფხულობით მატულობს ქალების მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში ცისტიტის გამწვავების გამო. მიზეზი კი ცივ წყალში ბანაობა და შემდეგ გარუჯვა, სველი საცურაო კოსტიუმით სიარული, უსუფთაო ადგილებში ბანაობის შედეგად გადადებული ინფექციებია. გადაციების შედეგად ასევე შეიძლება განვითარდეს თირკმლის პათოლოგიები. თირკმელები ზაფხულში მთელი დატვირთვით მუშაობს, მათ უხდებათ მომატებული რაოდენობით მიღებული სითხის ორგანიზმიდან გამოტანა. ამიტომ თუ თირკმელები არც ისე ჯანსაღი გვაქვს, შესაძლოა მათ გაუჭირდეთ ამ დატვირთვასთან გამკლავება. როცა თირკმელები გაწუხებთ, ექიმები გირჩევენ:
მეტისმეტად არ გაზარდოთ მოხმარებული სითხის რაოდენობა, თუმცა არც სითხის დეფიციტი შეუქმნათ ორგანიზმს, რათა გაუწყლოება არ განვითარდეს.
არ გადაიციოთ ორგანიზმი - არ იბანაოთ ძალიან ცივ წყალში და არ იაროთ სველი საზღვაო კოსტიუმით.
რძიანა
ცხელ ამინდში მატულობს რძიანას ანუ კანდიდოზის გამწვავების რისკი - სოკოვანი ინფექცია უპირატესად სასქესო ორგანოების ლორწოვანს აზიანებს. ახასიათებს: წვა, ქავილი, გამონადენი. გამწვავების მიზეზად მიიჩნევა: ოფლიანობა, სინთეტიკური თეთრეულის ტარება, გადახურებული კანის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ცივ წყალში ბანაობისას. თუ ეს ინფექცია ზოგადად გაწუხებთ, გირჩევთ მოერიდოთ რისკ-ფაქტორებს.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილმი