რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ ყოველწლიურად - კვირის პალიტრა

რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ ყოველწლიურად

დაავადებათა პროფილაქტიკა გაცილებით იაფი ჯდება და ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების უფრო კარგი საშუალებაა, ვიდრე უკვე განვითარებული და გართულებული პათოლოგიების მკურნალობა. პროფილაქტიკისთვის კი საკმარისია წელიწადში ერთხელ მაინც სულ რამდენიმე ანალიზის ჩატარება.

ეს ანალიზებია: სისხლის საერთო ანალიზი; შარდის საერთო ანალიზი; სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ქოლესტერინისა და მისი ფრაქციების გამოკვლევა, გლუკოზა სისხლში, კრეატინინი, რომელიც თირკმლის ფილტრაციულ ფუნქციას გვიჩვენებს.

სისხლის საერთო ანალიზი გვაჩვენებს, ხომ არ მიდის ორგანიზმში ფარული ინფექცია, ანთება, ხომ არ არის ანემია, ხომ არ აქვს ადამიანს იმუნიტეტის დაქვეითება, ალერგიისკენ მიდრეკილება. შარდის ანალიზით კი ვნახულობთ თირკმლის ფუნქციურ მდგომარეობას, საშარდე გზების ანთებებს, სხვა პათოლოგიებს. ბიოქიმიური ანალიზები საშუალებას მოგვცემს, რომ ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და მათი რისკ-ფაქტორები. დროულად გამოვლენის შემთხვევაში კი შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ამ დაავადებების მძიმე გართულებები: ინსულტი, ინფარქტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

მათ, ვინც ხშირად სტუმრობს სტომატოლოგს, იკეთებს ტატუს, ნარკოტიკების მომხმარებელია, ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორებს, უწევს ოპერაციული ჩარევა, აუცილებლად უნდა ჩაიტარონ სისხლის ანალიზი ბ და ც ჰეპატიტებზე და შიდსზე.

40 წლიდან ქალებში - ჩავიტაროთ მამოგრაფია და გინეკოლოგიური გასინჯვა, პაპ-ტესტი. ჩვენთან ეს კვლევები სკრინინგ-პროგრამით არის უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად უფასოა. საშვილოსნოს კიბოს გაახალგაზრდავების და გახშირების გამო პაპ-ტესტი 25 წლიდან ტარდება.

50 წლიდან მამაკაცებში - სისხლში პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის - პსა-ს ანალიზი, რაც გამოავლენს წინამდებარე ჯირკვლის ავთვისებიან სიმსივნეს და სიმსივნისწინა მდგომარეობას. დროულად გამოვლენილი პროსტატის კიბო ოპერაციული მკურნალობის შედეგად სრულად იკურნება.

50 წლის შემდეგ საჭირო და აუცილებელია მსხვილი ნაწლავის სკრინინგიც - სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBT). ასევე ურიგო არ იქნება, თუ გასტროსკოპიულ კვლევასაც ჩავიტარებთ.

იმ ქვეყნებში, სადაც ეს კვლევები მასობრივად ტარდება, კუჭისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზით სიკვდილიანობამ მკვეთრად იკლო. საქართველოში, როგორც იოდდეფიციტის ენდემურ კერაში, სავალდებულო კვლევებს დაემატა ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკური გამოკვლევა (TSH, ექოსკოპია). კვლევის პასუხის შემდეგ გადაწყდება, რა პერიოდულობით დასჭირდება ადამიანს ამ მიმართულებით შემდგომი მონიტორინგი.

ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს

ექიმი თამარ მამაცაშვილმი