„მე საკუთარი თვალით ვნახე...“ - რას ჰყვება ქართველი, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურისთვის სარკოფაგის აგებაში მონაწილეობდა - კვირის პალიტრა

„მე საკუთარი თვალით ვნახე...“ - რას ჰყვება ქართველი, რომელიც ჩერნობილის ატომური სადგურისთვის სარკოფაგის აგებაში მონაწილეობდა

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ხშირად საუბრობენ უკრაინის ატომური სადგურებიდან მომდინარე საფრთხეებზე. შესაძლებელია თუ არა აღნიშნული ობიექტები თუნდაც საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეულმა მძლავრმა ვიბრაციებმა დააზიანოს? - ამ კითხვას ხშირად გაიგონებთ საზოგადოებაში, რომელსაც ახსოვს 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული აფეთქების შოკი, რომლის მძიმე კვალი მომავალშიც გადავა. რამდენად საიმედოდ შენდებოდა გასულ საუკუნეში საბჭოთა ატომური სადგურები, დაზუსტებით ვერავინ გეტყვით, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც მნიშვნელოვანი ფუნქციებით მონაწილეობდნენ საბჭოთა ატომური ობიექტების მშენებლობებში. საქართველოშიც გვყავს ასეთი პერსონა - ბატონი ჯონი გიგინეიშვილი. ინჟინერი, უკრაინისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიების წევრი, უკრაინაში, აზერბაიჯანსა თუ საქართველოში ცნობილი არაერთი შენობა-ნაგებობის ავტორი ან თანაავტორი. სწორედ იგი მონაწილეობდა ჩერნობილის ატომური სადგურის მშენებლობაში როგორც კიევის ოლქის სტუდენტური ბრიგადების მთავარი ინჟინერი, რომელსაც ამ მშენებლობაზე 700-ზე მეტი სტუდენტი ექვემდებარებოდა. ბატონი ჯონი ჩერნობილის რეაქტორების მშენებლობის თითოეულ ნიუანსს დაწვრილებით იცნობდა. მანვე 1994-95 წლებში მონაწილეობა მიიღო აფეთქებით დაზიანებული ჩერნობილის მე-4 რეაქტორის სარკოფაგის შექმნაშიც, რითაც, შეიძლება ითქვას, მსოფლიო მორიგი შესაძლო აფეთქებისაგან იხსნა.

- არ მოველოდი, თუ საქართველოში გვეყოლებოდა ატომური სადგურის პროფესიონალი მშენებელი. რამდენად ხარისხიანად შენდებოდა საბჭოთა ატომური ნაგებობები. რა დამატებით საფრთხეს მოასწავებენ ისინი ომის დროს.

- ატომური სადგურები არ არის მხოლოდ კონკრეტული ქვეყნების, ამ შემთხვევაში მხოლოდ რუსეთის ან უკრაინის პასუხისმგებლობაში. მათ იცავს და მათ გარშემო მოქმედებებს აკონტროლებს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA). სწორედ ამ სააგენტომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ აფეთქების შედეგად დაზიანებული ჩერნობილის რეაქტორი 1994-95 წლებში საიმედოდ დაეხურათ, ანუ ახალ და უსაფრთხო სარკოფაგში მოეთავსებინათ. მათ აიძულეს რუსეთი, რომ გამოსხივების შეჩერებისთვის ზომები მიეღო და ფინანსებიც ნაწილობრივ მანვე გაიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელი იყო კიდევ უფრო დიდი აფეთქება მომხდარიყო, რასაც წარმოუდგენელი ტრაგედია მოჰყვებოდა. ფაქტისთვის გეტყვით: ჩერნობილის იმ რეაქტორში, რომელშიც აფეთქება მოხდა, რჩებოდა დაახლოებით 186-187 ტონა გამდიდრებული ურანი, რომელსაც გამოსხივების პარალელურად დიდი უბედურების გამოწვევა შეეძლო არა მარტო ევროპისათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვის. თუკი დავუშვებთ, რომ შესაძლოა ეს ურანი აფეთქებულიყო, რისი საფრთხეც იყო, აფეთქების ძალა ევროპის კონტინენტზე უზარმაზარ ნაპრალს გააჩენდა, მისი გამოსხივების ფონზე კი პრაქტიკულად მთელ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში, რადიაციის დონე რადიკალურად გაიზრდებოდა. ასე რომ, როგორც სპეციალისტმა საჭიროდ ჩავთვალე ჩერნობილის ატომური სადგურის გაუვნებლებაშიც მიმეღო მონაწილეობა.

კიევის უნივერსიტეტში შევისწავლე როგორც ინჟინერ-მშენებლის, ასევე მშენებელ-კიბერნეტიკოსის სპეციალობა. მშენებლობის დაწყებისას მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი. როდესაც მივხვდი, რომ მსოფლიო ობიექტი შენდებოდა, მოვისურვე ამ საქმეში მონაწილეობა. მითხრეს, Aარ მიგიღებენო, თუმცა დეკანის მოადგილემ დამაკვალიანია, წაიღე შენი განათლების დოკუმენტაცია და ეგებ Mმიგიღონო. Mმერე, როგორც ჩანს, ცუდი შთაბეჭდილება არ დავტოვე და მიმიღეს. ცოტა ხანში უფრო მეტი ნდობაც გამომიცხადეს. ერთხელაც მითხრეს: სამუშაოებზე კიევის სტუდენტობის მობილიზაცია გადავწყვიტეთ, 700 კაცს ჩაგაბარებთ და თუ გაუძღვებიო. Aამის შემდეგ მუშაობა ამ ხალხთან გავაგრძელე. ყოველ კვირაში უნდა ჩამებარებინა მონაცემები მშენებლობის, მისი ხარისხისა და მოცულობის შესახებ. ამიტომ დაბეჯითებით გეტყვით, რომ ამ ატომური სადგურის და შესაბამისად, სხვა სადგურების მშენებლობა წარმოუდგენლად მაღალი ხარისხით მიმდინარეობდა. სიმბოლოდ, ალბათ, ერთი მაგალითიც კმარა: როდესაც ჩვეულებრივ სამშენებლო ბეტონის სიმკვრივე 2.2-2.3 ერთეულით იზომება, ატომური რეაქტორის კონსტრუქციებში 7.0 და მეტ ერთეულამდე სიმკვრივის ბეტონს იყენებდნენ. ამ ხარისხის ცემენტის გამოშვება მხოლოდ ერთ, სპეციალურ ქარხანას ჰქონდა დავალებული. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდებოდა, რომ სადგურიდან რადიოაქტიური გამოსხივების საფრთხეა, არამედ იმიტომაც, რომ ატომური სადგურები ურთულესი ნაგებობებია თავისი კონსტრუქციით. კერძოდ, უნდა ააშენო რეაქტორები, შემდეგ რეაქტორში ჩაყარო ურანი (ნაწილობრივ თორიუმი). შემდეგ ურანი უნდა დაასხივო, რის შედეგადაც ის გაცხელდება და მოგცემს ენერგიას. ამ ენერგიით გაცხელდება ატომური სადგურის წყლის მთელი რესურსი. ბოლოს წყალი გადაიტუმბება გენერატორში. გენერატორი ამუშავდება წყლის ენერგიით, საიდანაც საბოლოდ მიიღება ელექტროენერგია. ამ რეჟიმში და ამ ენერგიით ატომური ელექტროსადგური დაახლოებით 50 წელი მაინც იმუშავებს ისე, რომ არანაირი ჩარევა და რესურსის მიშველება არ დასჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ბირთვული სადგური, ფაქტობრივად, პერპეტუუმ მობილე იქნება, რომელიც უზარმაზარ საქმეს გააკეთებს ადამიანებისათვის ელექტროენერგიის გადამუშავებით ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. დღეს არ არსებობს ქვეყნის განვითარების უკეთესი წყარო, ვიდრე ამ ატომური ენერგიის მოპოვება. ჩერნობილში აშენდა დაახლოებით 20 მეტრი სიმაღლის ოთხი ატომური რეაქტორი, რომელთა ბეტონის კედლების სისქე 2 მეტრი იყო. ოთხივე მათგანში, სათითაოდ, დაახლოებით 200 ტონა გამდიდრებული ურანი მოთავსდა.

- როგორც ამბობთ, ეს იყო საიმედო კონსტრუქცია, თუმცა მაინც აფეთქდა. რატომ? ხომ შეიძლება იგივე განმეორდეს თუნდაც დღეს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს?

- დღესაც არავინ იცის, რამ გამოიწვია ჩერნობილის აფეთქება, შემთხვევით არასწორად დააჭირა მორიგე ოპერატორმა თითი ღილაკს თუ სხვა რამ იყო, მაგრამ ამ მაგალითის განზოგადება წარმოუდგენელია. ასე რომ იყოს, მთელი განვითარებული მსოფლიო ატომური რეაქტორების მშენებლობაზე არ გადავიდოდა. შემიძლია დავამშვიდო საზოგადოება, რომ მსგავსი არასოდეს განმეორდება! რაც შეეხება იმას, რომ დღეს გვეშინია საბჭოთა სადგურების მშენებლობის ხარისხის, საბჭოთა ატომური სადგურები იყო და არის ძალიან მაღალი ხარისხის და საიმედო ნაგებობები! აფეთქების დროს თავად ჩერნობილის მე-4 რეაქტორი რომ არ დაბზარულა, ეს ბევრს ნიშნავს. ის გადარჩა, არც დაინგრა და არც ნაპრალები გასჩენია. მე ეს საკუთარი თვალით ვნახე, როდესაც ჩერნობილში ახალი სარკოფაგის პროექტირებაზე ვმუშაობდი. დაზიანებული იყო მხოლოდ რეაქტორის სახურავი და მის ზემოთ არსებული უზარმაზარი ნაგებობა, რომლის ნანგრევები საიმედოდ უნდა მოგვექცია სპეციალური სარკოფაგის ქვეშ.

ეს რომ არ გაკეთებულიყო, საფრთხეში მთელი კაცობრიობა იყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ აიძულა რუსეთი, რომ რეაქტორის სარკოფაგზე ეზრუნა. თუმცა უკვე ამ პერიოდში გამოჩნდა მანკიერი მხარეები, რაც საბჭოთა სისტემას ჰქონდა. კერძოდ, მუშაობის პროცესში რუსეთისა და უკრაინის სპეციალისტებიც გვეუბნებოდნენ, რომ ამისთვის ჩვენ დიდ ფინანსებს ვითხოვდით და სარკოფაგის მოწყობის სახსრები უნდა შეგვემცირებინა. ფაქტობრივად, გვაიძულებდნენ, საქმე უხარისხოდ გაგვეკეთებინა. ამიტომაც 1997 წელს "დიდი შვიდეულისა" და დონორი ქვეყნების გადაწყვეტილებით დაიწყეს ჩერნობილის ახალი სარკოფაგის მშენებლობის პროექტზე მუშაობა. მოგვიანებით მოიწვიეს ფრანგი სპეციალისტებიც, რომელთაც ვერავინ ვერაფერს დაავალებდა და რომლებიც ერთადერთი პირობით შეუდგნენ დაზიანებული რეაქტორისათვის ახალი ლითონის სარკოფაგის მშენებლობას: სარკოფაგის აშენების შემდეგ სრულიად უნდა გაეტანათ ის გამდიდრებული ურანი, რომელიც დაზიანებულ სარკოფაგში იყო ჩარჩენილი. სრულად, 187-ვე ტონა! სარკოფაგის მშენებლობა დაზიანებული რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, 20 წელიწადს გაგრძელდა და 2018 წელს დასრულდა. ეს სარკოფაგი, რომლის სიმაღლე 100 მეტრია, სიგანე კი დაახლოებით 256 მეტრი, რელსებითა და სხვადასხვა დანადგარით მიიტანეს დაზიანებულ რეაქტორამდე. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა დაზიანებულ რეაქტორზე მისი "ჩამოცმის" პროცესი. ყველა ამ სამუშაოში 3.5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

საქმე ის არის, რეაქტორიდან ურანს ისე ვერავინ წაიღებს, თუ რეაქტორი სარკოფაგში არ მოთავსდა, შემდეგ კი სულ თავდაპირველი სარკოფაგი გაიბურღება და რეაქტორიდან ურანის ამოღება (ამოტუმბვა) დაიწყება. ამ ეტაპზე ფრანგებს ეს ურანი გატანილი არა აქვთ. ასე არ იქნებოდა, რომ არა უკრაინის ომი რუსეთთან, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში წაიღებენ. ეს იქნება მათი დიდი გამარჯვება და გამუდმებით ბევრად მეტი თანხის გამომუშავება, ვიდრე სარკოფაგის გაკეთებაზე დახარჯეს. საფრანგეთის ელექტროენერგიის 80% სწორედ ატომური სადგურებიდან გამომუშავდება. ამ რაოდენობის გამდიდრებული უნარის გატანა უკრაინიდან ნიშნავს, რომ საფრანგეთი ახალ ატომურ სადგურს ააშენებს და ამ ურანით ათეული წლების განმავლობაში ისარგებლებს ისე, რომ დამატებით სამუშაოებში ცენტსაც არ დაკარგავს.

- გასულ წლებში საქართველოშიც აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი ატომური სადგურის აშენებაზე, თუმცა საზოგადოება ამის წინააღმდეგია.

- ადამიანების შიში გასაგებია, მაგრამ ჯობს წინ გავიხადოთ და მივბაძოთ განვითარებად ქვეყნებს, რომლებმაც მსგავსი დაბრკოლება დიდი ხანია დაძლიეს, ატომური სადგური ააშენეს და განვითარების გზას დაადგნენ. ეს ლოგიკური რომ არ იყოს, არც ერთი ქვეყანა არ ააშენებდა ატომურ სადგურებს, ვერ განვითარდებოდა. ატომური სადგური აქვს მეზობელ სომხეთს, რომელიც ამ სადგურიდან ელექტროენერგიის უდიდეს ნაწილს იღებს. 4 რეაქტორის მშენებლობა მიმდინარეობს თურქეთში, ორი ახალაშენებული რეაქტორი ფუნქციონირებს ბელარუსში. მიმდინარეობს მშენებლობები და ატომური სადგურები აქვს იაპონიას, ჩინეთს და მრავალ სხვა ქვეყანას, მათ შორის ეგვიპტესა და ბანგლადეშსაც კი. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანსაც სურს მისი აგება,. ჩვენც რაც მალე ავაშენებთ, მით უკეთესი.