„რა უნდოდა რესტორანს სოფლის სალოცავზე?!“
ბათუმისკენ მიმავალ გზაზე ხშირად გაგვივლია რიონის გადაღმა მდებარე სამტრედიის ულამაზესი სოფელი დაფნარი. სწორედ აქ უწინ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი მდგარა, სადაც ფეხით, ცხენით თუ ურმებით ათობით კილომეტრს გადიოდნენ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად. საბჭოთა წარსულში ტაძარი ერთხანს კრებების ჩასატარებელ სივრცედ გადაუქცევიათ, ხოლო შემდეგ სულაც დაუნგრევიათ და მის საძირკველზე დუქანი აუშენებიათ, მერე კი რესტორანი, რომელიც აგერ 21-ე საუკუნეშიც ფუნქციონირებდა. რამდენიმე წლის წინ დაფნარელების დიდი სურვილის, ძალისხმევის, კეთილი ადამიანების მონდომებისა და, რაღა თქმა უნდა, ღვთის ნებით, რესტორანი შეისყიდეს და მისი დემონტაჟი დაიწყეს. მთელი სოფელი მონაწილეობდა ნატაძრალის ტერიტორიის გაწმენდაში. სანთლებით ააბრიალეს წმინდა ადგილი... მერე არქეოლოგთა ჯგუფი მიიყვანეს ტერიტორიის შესასწავლად და ახლა განზრახული აქვთ, რომ იმ საძირკველზე კვლავ ტაძარი აიგოს - დაფნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის...
არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ ძვ.წ. V-II საუკუნეებში აქ, უძველესი სავაჭრო გზების გზაჯვარედინთან, ძლიერი კოლხური სოფელი ყოფილა. შუა საუკუნეებში დაფნარი ჯერ ქვაბულიძეების საერისთავოში შედიოდა, მერე ჭილაძეების სათავადოში. სოფელში ახლაც არის ადგილი, რომელსაც "ჭილა მეფის ნასახლარს" უწოდებენ. დაფნარის მასობრივად დასახლება მე-19 საუკუნეში დაწყებულა. ამ პერიოდიდან სოფელს ჰქონდა ორკლასიანი სკოლა და ღვთისმშობლის შობის ეკლესია. 1913 წელს ამ სკოლაში ასწავლიდა გალაკტიონის ძმა, პროკლე ტაბიძე. ამჟამად დაფნარში 500-ზე მეტი მოსახლეა და სახლობენ: ამაღლობელები, ქორიძეები, ნიკოლაიშვილები, ახალაძეები, ზაქარეიშვილები, ტაბიძეები, ცაბაძეები, ფულარიანები...
ღვთისმშობლის შობის ხის ეკლესია მე-19 საუკუნის ნაგებობაა. ტაძარი ნატიფად ყოფილა ნაშენი. ოსტატებს აივნებიც გაუკეთებიათ მგალობლებისთვის, ჭერზე კი 70-შანდლიანი ჭაღი ეკიდა. 1940-იან წლებში დაფნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია დაუნგრევიათ და მის ადგილას აუშენებიათ სასადილო ,,სირაჯხანა", შემდეგ კი რესტორანი ,,დაფნარი". ეს ამბავი ყოველთვის ადარდებდა სოფლის მოსახლეობას. ამიტომაც განიზრახეს სოფლის ახალგაზრდების ძალისხმევითა და ქველმოქმედი ადამიანების ხელშეწყობით რესტორნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესყიდვა. ნაეკლესიარზე დააბრძანეს ღვთისმშობლის ხატი, დაკიდეს ზარი, ამის შემდეგ კი დაშალეს რესტორანი. ტერიტორიის გაწმენდაში მთელი სოფელი მონაწილეობდა, შემდეგ დაგეგმეს არქეოლოგიური კვლევა, რის შედეგადაც გამოჩნდა ტაძრის საძირკველი.
შალვა ბუაძე, არქეოლოგი: "დაფნარის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი დაგვიკავშირდა. გვითხრეს, რომ საარქივო მასალების გაცნობითა და ადგილობრივების გადმოცემით მათი სოფლის ტერიტორიაზე არსებობს ძველი ნაეკლესიარი. საქმეში არქეოლოგების ხუთკაციანი ჯგუფი ჩავერთეთ, მთელი სოფელი ჩვენთან ერთად წმენდდა ტერიტორიას.
საარქივო მასალები მე-19 საუკუნით თარიღდება, სადაც ნახსენებია ხის ეკლესია, ეს არის დაახლოებით 1860-85 წლები. ვინაიდან მოსახლეობამ განიზრახა ამ ეკლესიის აღდგენა, საჭირო იყო ტერიტორიის შესწავლა, ამისთვის კი არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. ჩვენც ავიღეთ სანებართვო დოკუმენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული დაცვის სააგენტოში და დავიწყეთ იმ ტერიტორიის გათხრა, სადაც, სავარაუდოდ, ეკლესია უნდა მდგარიყო.
როდესაც გავწმინდეთ ნაეკლესიარი, ერთი რამ ცხადი შეიქნა. კერძოდ, თუ საარქივო მასალებში ნახსენები იყო ხის ეკლესია, ჩვენი გათხრების შედეგი ვერაფრით ვერ მივუსადაგეთ ხის ეკლესიის ნაშთს. მთელი არქიტექტურით ის ქვის ეკლესია უნდა ყოფილიყო, ვინაიდან აქვს საკურთხევლის ნაწილი, მინაშენი, საკმაოდ დიდი საძირკველი, მასზე დაახლოებით 50-55-სანტიმეტრის სისქის კედლებია აღმართული, რომელსაც შუაში დამჭერი აქვს, რაც, სავარაუდოდ, კამარას იჭერდა. თვითონ ეკლესია საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, დაახლოებით 20 მეტრი 19 მეტრზე. როგორც გითხარით, უნდა ყოფილიყო ქვის ეკლესია, რაც წყაროებში, დოკუმენტებში არ არის მოხსენიებული. ეკლესია თითქმის საძირკვლამდეა დანგრეული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ ღრმა ფუნდამენტი აქვს, სავარაუდოდ, ეკლესიაც მაღალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ შიდა სვეტები არ ფიქსირდება, ისევე როგორც იატაკი. ალბათ, დროთა სიავის გამო, როდესაც გაიძარცვა ტაძარი, მაშინ გამოიყენეს სამშენებლო მასალად, ან საერთოდ არ ჰქონდა.
მხოლოდ რამდენიმე არტეფაქტი ვნახეთ, რომელიც ახლომახლო მთა-გორებიდან, ძველი ნამოსახლარიდან უნდა ყოფილიყო დაგორებული და არანაირი კონტექსტი არ ჰქონდა ეკლესიასთან. ჩვენი მამების და ბაბუების თაობას კარგად ახსოვს, რომ იმ ადგილზე რესტორანი იყო. სწორედ მისი კედლების დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა ნაეკლესიარი. სამომავლოდ დაფნარის მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის აღდგენას გეგმავს, რაც ძალიან კარგი ინიციატივაა, მივესალმებით".
91 წლის ოთარ ტორონჯაძე ერთადერთი უხუცესი იყო სოფელში, რომელსაც თავისი თვალით ჰქონდა ნანახი დაფნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია. საბედნიეროდ, მისი ნაამბობი ტაძრის აღდგენით დაინტერესებულმა პირებმა ჩაიწერეს და შემოინახეს: "დაფნარის ღვთისმშობლის შობის ეკლესია თლილი ქვით იყო ნაშენი, შიგნით დიდი დარბაზი და ხისმოაჯირებიანი იარუსები ჰქონდა. მოაჯირები ორნამენტებით იყო დამშვენებული. ეკლესიის მაღალი გუმბათიდან დაშვებული იყო უზარმაზარი მრავალსანთლიანი ჭაღი. ჩემი აზრით, დარბაზში 300-მდე კაცი დაეტეოდა. იარუსებზეც ბევრი ხალხი თავსდებოდა. ჩემი ბავშვობისას ეკლესია გაუქმებული იყო და შენობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცა. ძირითადად, ღონისძიებები და მშობელთა კრებები ტარდებოდა. ყოველი კრების შემდეგ კონცერტს ვმართავდით. მერე კომუნისტებმა ეკლესია დაანგრიეს. მახსოვს, სოფელმა როგორ განიცადა ეს ამბავი, მაგრამ ხალხი შიშისგან ხმას ვერ იღებდა. მართალია, ეკლესია არ ფუნქციონირებდა და ის წმინდა ადგილად იყო მიჩნეული, ეკლესიის ქვებით ფერმა და ბეღელი ააშენეს. ეკლესიის საძირკველზე მისივე თლილი ქვებით აშენდა სასადილო. ხალხი ,,სირაჯხანას" ეძახდა. წლების შემდეგ ის დაანგრიეს და რესტორანი აშენდა, იმავე თლილი ქვებით. ახლა ძალიან მახარებს რესტორნის დანგრევის ამბავი. რა უნდა რესტორანს სოფლის სალოცავზე?!"
ვალიდა ღირდალაძე, დაფნარის მკვიდრი: "დაფნარის მოსახლეობას არც სკოლა გვაქვს, არც ტაძარი და აუცილებლად უნდა აღვადგინოთ ეს ეკლესია. ჩემი მამამთილი მიამბობდა, რომ ამ ტაძარში კომუნისტები კრებებს მართავდნენ. გვინდა ამ ფუძეზე ტაძარი აიგოს. ამ საქმეში სოფელი ძალასა და ღონეს არ დაიშურებს, ალბათ, კეთილი ხალხიც დაგვეხმარება, ღვთის ნებით".