სენსაციური აღმოჩენა ჭიათურაში: ბონდის მღვიმის საიდუმლო - "ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ იმ გენების მიმწოდებელი ხალხი, რომელიც შემდეგ ევროპაში წავიდა“ - კვირის პალიტრა

სენსაციური აღმოჩენა ჭიათურაში: ბონდის მღვიმის საიდუმლო - "ეს ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ იმ გენების მიმწოდებელი ხალხი, რომელიც შემდეგ ევროპაში წავიდა“

ჭიათურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. რაიონში არსებულ მღიმეებში სხვადასხვა დროს არაერთი უნიკალური მასალაა აღმოჩენილი, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისა და ქვის ხანის განვითარების ეტაპებს­ გადმოსცემს. ახლახან ბონდის მღვიმეში იპოვეს ადამიანის ჩონჩხი, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეული ბრინჯაოს ხანის პერიოდისაა. აღმოჩენილი არტეფაქტების უნიკალურობის შესახებ ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკა თუშაბრამიშვილი­ გვესაუბრა:

- ჭიათურის რეგიონი და ეს ხეობა უნიკალურია. ასეთ პატარა ტერიტორიაზე ამგვარი სხვადასხვა ძეგლისა და მღვიმეების­ არსებობა საოცარია. ფაქტობრივად, ყველა ეპოქის ძეგლები გვაქვს. არის უამრავი­ ხელოვნური გამოქვაბული, რომლებსაც ერთმანეთთან აქვთ აუდიო და ვიზუალური­ კავშირი. თითქმის ყველა ხეობა კანიონია - ვიწროკლდოვანი. სწორედ ამავე ხეობაშია ბონდის მღვიმეც, რომელიც 2007 წელს ვიპოვეთ. აქ აღმოჩენილი გვაქვს უძველესი სელი და ძაფი, ვულკანური­ ფერფლი, მიწისძვრების კვალი, ადამიანის კბილები, ჰომო საპიენსის დროინდელი, და წელს კიდევ ერთი სამარხი აღმოვაჩინეთ. ეს არის პრაქტიკულად მთლიანი ადამიანის ჩონჩხი - კბილები, თავის ქალა, ნეკნები და კიდურებიც. ეს არის მოზარდის ჩონჩხი, 10-12 წლის ბავშვის, თან სამარხშია დაკრძალული. იქვე აღმოჩნდა ქვის ცული და სალესის მსგავსი რამ. ჩემი ვარაუდით, ჩონჩხი ენეოლითის ხანის, ადრეული ბრინჯაოს ეპოქისაა. ეს არის დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინანდელი პერიოდი.

ახლა ამ ყველაფრის დეტალურად შესწავლა მიმდინარეობს, გენეტიკურად უნდა გადავამოწმოთ, პასუხი როდის იქნება, ზუსტი დროის თქმა გამიჭირდება, თუმცა ძალიან დიდია უცხოელების დაინტერესება. ამიტომ შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდება სრული ანალიზის ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ იმ გენების მიმწოდებელი ხალხი, რომელიც შემდეგ ევროპაში წავიდა. პროექტში ჩართული იყვნენ ჰარვარდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტები, ისრაელის უნივერსიტეტი, პარიზის ადამიანის პალეონტოლოგიის უნივერსიტეტი, ლონდონის ბუნების მუზეუმი.

ბონდის მღვიმის ბოლომდე შესწავლას ბევრი წელი დასჭირდება. ჩვენი ვარაუდით, შეიძლება კიდევ იყოს ორი სამარხი მაინც. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მღვიმე რამდენიმე თვალსაზრისით. მაგალითად, კოტიას მღვიმეში არის მხოლოდ და მხოლოდ დათბობის პერიოდის აღმოჩენები. ძუძუანას მღვიმეში ჰომო საპიენსისა და ზედა პალეოლითური ფენებია, ხოლო ბონდის მღვიმეში, ისევე, როგორც ორთვალა კლდეში, არის როგორც ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების გენომები, ასევე გვიანდელი პერიოდებიც გვხვდება: ნეოლითი­, ენეოლითი და ა.შ. ამ ერთ ბონდის მღვიმეში ყველაფერი გვაქვს, შეგვიძლია ეპოქებს მივადევნოთ თვალი.

kote-chonchxi-w-h-1723398464.jpg

- ჭიათურის რაიონში არსებულ სხვა მღვიმეებსა და აღმოჩენებზეც გვიამბეთ...

- ბონდის მღვიმის გარდა, იქ ძალიან ბევრი რამე გვაქვს აღმოჩენილი. ძველი­ ქვის ხანის შესწავლა ჯერ კიდევ 1914 წელს დაიწყო. აღმოჩენა ეკუთვნოდათ პოლონელ გეოლოგებს და მღვიმეების შესახებ ამბავი­ მათ ევროპაში ჩაიტანეს... 1916 წელს ამ საქმის შესასწავლად ჩამოვიდა სტეფან კრუკოვსკი - პოლონელი არქეოლოგი, და აღმოაჩინა რამდენიმე მღვიმე, მათ შორის გვარჯილას კლდე. შემდეგ, 30-იან წლებში,­ იქ რუსებმა იმუშავეს და რამდენიმე ძეგლი აღმოაჩინეს. 50-იანი წლების ბოლოდან მამაჩემმა, დავით თუშაბრამიშვილმა, დაიწყო ამ რეგიონის შესწავლა და უამრავი ძეგლი აღმოაჩინა, მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სამხრეთ კავკასიისთვის - ჯრუჭულის მღვიმე. 1960 წელს იქ აღმოა­ჩინეს ნეანდერტალელის ნაშთი და კბილი, რომელიც საქართველოსა და ამიერკავკასიაში მაშინ პირველი აღმოჩენა იყო. ის დაახლოებით 260 ათასი წლის წინანდელია (ერთი თარიღია 274 ათასი წელიც). სწორედ ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი ჭიათურაში მუდმივ კვლევებს... როცა მღვიმეებში შედიხარ, სანამ შენთვის საინტერესო ფენებთან­ ჩახვალ, სხვა ფენებიც გვხვდება. ქვის ხანა ყველაზე ღრმა ფენაშია. მერე ეფინება­ სხვა ფენები, ამიტომ შეიძლება შეგვხვდეს გვიანდელი, შუა საუკუნეების პერიოდის გენომებიც. ჯერ კიდევ თბილ პერიოდში, როდესაც ტემპერატურა შესაფერისი იყო, ადამიანები გარეთ ცხოვრობდნენ­ და ცდილობდნენ იმ ადგილას დასახლებულიყვნენ, სადაც კაჟი მოიპოვება, ჭიათურის ეს ნაწილი ზემო იმერეთის პლატოზეა,­ სადაც არის კაჟი, რაც იმდროინდელი ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იქვე ჰქონდათ საცხოვრისებიც და სახელოსნოებიც. შე­მდეგ, როდე­საც მღვი­მეები გამომუშავდა და გამოშრა, ადამიანე­ბმა მათი ათვისება დაიწყეს. ირჩე­ვდნენ უფრო თბილ და მშრალ მღვიმეებს.­ ამ რეგიონში ადამიანი სხვა­დასხვა ეპოქაში სახლობდა... ძალიან ბევრი მღვიმე საე­რთაშორისო­ მნიშვნელობისაა. მათ შორისა ორთვალა­ კლდე, სადაც ჯერ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ჰომო საპიენსები­. თუმცა საქმე ის არის, ჩვენ გენომები რამდენიმე ფენაში ვიპოვეთ ანუ ერთად არის გაფანტული ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების გენომები. ისინი თანაცხოვრობდნენ თუ თანაარსებობდნენ, ეს გასარკვევია. ნეანდერტალელები, ძირითადად, ევროპაში ცხოვრობდნენ. როცა ჰომო საპი­ენსები აფრიკიდან შემოვიდნენ, მთელი ტერიტორიის გავლით მათი შეჯვარება მოხდა. ევროპაში აღმოჩენილ სამარხებში არის მათი ჰიბრიდებიც - ნაყოფებია აღმოჩენილი. ეს გენომებითაა დადასტურებული. იმის საფუძველზე, რა გენომებიც არის ნაპოვნი, მთელ ევროპასა და დასავლეთ აზიაში­ ყველაზე ადრე ჰომო საპიენსი სწორედ აქ მოვიდა. რა თქმა უნდა, ლოგიკურად სხვა ტერიტორიებსაც გაივლიდა, თუმცა ამ ეტაპზე დაფიქსირებულია ჩვენთან და ეს გენომები 48 ათასი წლის წინანდელია... ჩვენში, ევროპელებში, ნეანდერტალელების გენები 1-დან 5%-მდეა. ეს გენეტიკურად დადასტურებულია, ზოგში უფრო მეტიც არის. ძალიან საინტერესოა ისიც, თუ რა მახასიათებელი გვაქვს ნეანდერტალელების: ჟღალი თმა, ღია ფერის თვალები, ხანგრძლივი დეპრესიისკენ, დიაბეტისკენ მიდრეკილება, კუჭის წყლულის გარკვეული ფორმები, დამოკიდებულებებისკენ მიდრეკილება. ჰომო საპიენსებს მუქი კანი ჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გვაქვს ნეანდერტალელებისგან, ამის პარალელურად ნული იმუნიტეტი გვაქვს გარკვეული­ დაავადებებისადმი, მაგალითად­, წითელი­ მგლურა სისტემ­ური დაავადება იყო, რომლითაც იღუპებოდნენ. ასე რომ, როცა ჰომო საპიენსები შემოვიდნენ, მათ თავიანთი რაღაცებიც შემოიტანეს.

ორთვალა კლდე იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველოში კლიმატი ყოვე­ლთვის ადამიანის საცხოვრებლად კარგი იყო. კავკასიონი ცივი კლიმატის გავრცელების ბარიერი იყო, ამიტომ ჩვენთან კი ციოდა, მაგრამ გამყინვარება არ ყოფილა. სამხრეთიდან მცირე კავკასიონიც გვიცავდა არასასურველი კლიმატისგან. დასავლეთიდან შავი ზღვა ატენიანებდა ჰაერს. აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვის გავლენაც იყო. ეს ყველაფერი განაპირობებდა, რომ სამხრეთი კავკასია და საქართველო ყოვე­ლთვის კარგ პირობებში იყო კლიმატისა და ლანდშაფტის თვალსაზრისით.

კოტიას მღვიმე, სადაც სამარხი ვიპოვეთ, გენომი აღმოჩნდა და პალე­ოლითის შემდგომ ეპოქას მიაკუთვნეს, როდესაც დათბობა დაიწყო. იმ პერიოდში, როდესაც ყინული დადნა, ჩრდილოეთი­თაც აღარ იყო ისეთი სიცივე, ევროპაშიც დათბა და ადამიანმა სხვაგან გასვლა დაიწყო, ტერიტორიები გამოთავისუფლდა. დათბობის შემდეგ დაიწყო მონადირე შემგროვებლიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. კვლევებით დადასტურდა,­ რომ ევროპის დასახლების ერთ-ერთი ტალღა სწორედ კოტიას კლდეში, ჭიათურაში აღმოჩენილი სამარხიდან მოხდა. დადასტურებულად­ ვიცით, რომ გადინება­ გვქონდა ანატოლიაშიც, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე.

- კიდევ რომელ რეგიონში ატარებთ ექსპედიციას და რამე სიახლე თუ გაქვთ?

- მალე დავიწყებთ მუშაობას ძალიან საინტერესო პროექტზე - გონიოს მახლობლად, 2 კილომეტრში, კუნძული ვიპოვეთ. ის ზღვაში 7 მეტრის სიღრმეზეა. მასთან არის პატარა კუნძულებიც. პირველადი მონაცემებით, ეს ანტიკური ხანის კუნძულია. დიდი ალბათობით, დათბობისა და წყლების ადიდების შედეგად ზღვით დაიფარა.

რამდენიმეჯერ მებადურების ბადეს რაღაც­ ნაწილები ამოჰყვა. შეიძლება ზღვის სიღრმიდან 80/90 მეტრის სიღრმიდან რამე ამოჰყვეს ბადეს, მაგრამ 7 მეტრიდან უჩვეულოდ მეჩვენა. წავედით მოსაძიებლად. სკანერით პროფილები გავაკეთეთ და მერე ძველ რუკებზეც ვიპოვეთ. ასეთი სამი რუკა გვაქვს, სადაც ეს კუნძულიც და სხვა კუნძულებიცაა დატანილი. როგორც ირკვევა, სხვადასხვა დროს, განსაკუთრებით ძველი ქვის ხანაში, ეს ტერიტორია ხმელეთი იყო. ახლა კუნძულის თავის შესასწავლად ვემზადებით. გემმა­ თითქმის ანაკლიიდან სარფამდე შეისწავლა გარემო. გემი კუნძულის თავზე­ ვერ დადგა, ამიტომ იქ პატარა სანაოსნო საშუალებით უნდა შევიდეთ, მყვინთავებთან ერთად. შესასწავლია, როგორ წარმოიშვა კუნძული. გონიოს სანაპიროსა და ამ კუნძულს შორის ჭოროხის კანიონი გადის. შეიძლება ჭოროხმა ჩაჭრა.

გონიოს ნაპირზე მდებარეობს გონიოს ციხე (აფსაროსის ციხე). როდესაც ამბობენ, რომ ჩვენთან ნაოსნობა და ზღვაოსნობა­ იყო, ნამდვილად ასეა და ამას კუნძულიც დაამტკიცებს. ამ კუნძულების არსებობაზე ძველი ბერძნებიც წერდნენ. მე-17 საუკუნეში შარდენი წერს, ვეძებე ბერძნების მიერ აღწერილი კუნძული და ვერ ვიპოვეო. ანუ იმ პერიოდისთვის უკვე აღარ იყო, ზღვით დაიფარა. მოკლედ, კუნძულის შესახებ მეტი ინფორმაცია დაახლოებით სექტემბრის დასაწყისისთვის მეცოდინება.

სოფო კაჭარავა