კურსკის ატომური სადგურის „გამორთვა“ რუსეთის სამხრეთში დიდ „ბლეკაუტს“ გამოიწვევს...
Blackout- სწორედ ასე ეძახიან ენერგოსისტემაში მომხდარ სისტემურ ავარიას, რომელსაც ელექტროენერგიის მომხმარებლების მასიური გამორთვები მოჰყვა...
მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ასეთი რამ მთელი საქართველოს მაშტაბით თითქმის ყოველდღე ხდებოდა, თუმცა ამას ჩვენ ცოტა სხვანაირად ვეძახდით - „ფიდერებს“ „მოვუკითხავდით“ მაშინდელ აქაურ მთავრობას...
ის, რაც ჩვენ თაობას საბედნიეროდ დაავიწყდა, ხოლო ახალგაზრდებს ვერც კი წარმოუდგენიათ, შეიძლება მალე დაიწყოს ჩვენი მეზობელი რუსეთის მთელ სამხრეთ ნაწილში, რომელშიც ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟის, როსტოვის, კრასნოდარის, სტავროპოლის ოლქები და მთელი ჩრდილო კავკასია შედის, თავისი ჩეჩნეთით, დაღესტნითა თუ ჩრდილოეთ ოსეთით...
და ეს მაშინ მოხდება, თუკი კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის არმია შესძლებს იქვე მდებარე კურსკის ატომური ელექტროსადგურის „გამორთვას“!
ატომური ელექტროსადგურის „გამორთვა“ სულაც არ ნიშნავს მის აფეთქებას (ღმერთმა დაგვიფაროს) - უბრალოდ რაც უფრო მიუახლოვდებიან უკრაინული დანაყოფები ქალაქ კურსკსა და მისგან დასავლეთით ორმოციოდე კმ-ში მდებარე კურსკის ატომურ სადგურს, მით უფრო მალე თავად რუსი სპეციალისტები გააჩერებენ ორივე მოქმედ ატომურ რეაქტორს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე - ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემა ვეღარ მიიღებს 2 ათასი მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას, ეს კი ძალიან ბევრია...
კურსკის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1971 წელს დაიწყო და მას შემდეგ მწყობრში შევიდა ოთხი ატომური რეაქტორი, თითოეული ათასი მეგავატის სიმძლავრით.
1986 წლის მარტში კურსკის ატომური სადგურის მთავარმა ინჟინერმა კატეგორიული უარი განაცხადა მოსკოვის დავალებით ერთ-ერთ ატომურ რეაქტორზე ჩაეტარებინა სახიფათო ექსპერიმენტი-ერთი თვის შემდეგ,1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ანალოგიური ტიპის ატომურ რეაქტორზე ამ ექსპერიმენტის ჩატარებისას მოხდა საშინელი ტრაგედია,რაც მთელმა მსოფლიომ „ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის“ სახელით გაიცნო...
ამჟამად კურსკის სადგურზე ოთხიდან მხოლოდ ორი რეაქტორი ფუნქციონირებს, თუმცა მათგან 2,5 კმ-ში მიმდინარეობს კიდევ ორი ახალი ატომური რეაქტორის მშენებლობა, რომელიც ორიდე დღის წინ სასწრაფოდ შეაჩერეს უკრაინის საბრძოლო დანაყოფების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ.
მაგრამ რა ბედი ეწევა კურსკის ატომური სადგურის ორ მოქმედ რეაქტორს, თუკი უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები მათ ახლოს გამოჩნდებიან?
უკრაინელებმა, რომლებმაც თავის თავზე მძიმედ იწვნიეს მოსკოვის 1986 წლის „ჩერნობილის ავანტურა“, არ წავლენ იმაზე, რომ უშუალოდ ამ რუსულ ატომურ რეაქტორებს დარტყმები მიაყენონ, სხვა თუ არაფერი, უკრაინის საზღვარი მხოლოდ 60 კმ-შია, მაგრამ კიევი არ იქნებოდა წინააღმდეგი სამაგიერო გადაუხადოს პუტინის კრემლს იმისთვის, რომ რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს უკრაინის ზაპოროჟიეს-ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური თავისი ექვსი ატომური რეაქტორით, რის შედეგაც უკრაინის ენერგოსისტემას მოაკლდა 6 ათასს მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგია და ყოველდღიური „ბლეკაუტები“ უკრაინის მილიონობით მოქალაქისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცა.
რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანმა და გახანგრძლივებულმა ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოწინაღმდეგე მხარეები სამიზნეებად მარტო ტანკებს, თვითმფრინავებს, აეროდრომებსა თუ საზღვაო პორტებს როდი ირჩევენ-არანაკლებ „გემრიელ ლუკმას“ წარმოადგენს თბო და ელექტროსადგურებზე რაკეტებით და კამიკაძე-დრონებით საჰაერო შეტევები, რაც ჯერ რუსეთმა წამოიწყო, თუმცა უკრაინაც მალევე ვალში არ დარჩა...
მაგრამ ერთია, რუსული „ისკანდერის“ მოხვედრა უკრაინულ ელექტროგამანაწილებელ სადგურზე ან უკრაინული კამიკაძე-დრონის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „სტუმრობა“ და სულ სხვაა... ატომურ რეაქტორებზე გამიზნული სარაკეტო დარტყმების დაგეგმვა-განხორციელება...
„პირველი ცივის“ ომის დროს, როდესაც ატომურ ელექტროსადგურებს აშენებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირში, ისე აშშ-სა და ევროპაში, ითვალისწინებდნენ უბედური შემთხვევების ალბათობასაც, მაგალითად თვითმფრინავის კატასტროფისას მის შემთხვევით მოხვედრას ატომური რეაქტორის თავზეც და ამიტომაც ამ რეაქტორების შენობების კონსტრუქციები განსაკუთრებულად გაძლიერდა.
თუმცა, საშუალო ზომის თვიმფრინავის შემთხვევით დაცემა ატომური რეაქტორის გამაგრებული შენობის თავზე ერთია და სულ სხვაა, თუკი მას სპეციალურად დამიზნებული ბეტონგამტანი ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ან საავიაციო ბომბი ხვდება...
იმედია, რომ საქმე აქამდე არ მივა, არც ზაპოროჟიეს და არც კურსკის ატომურ ელექტროსადგურებზე, მაგრამ ატომური რეაქტორის მწყობრიდან გამოსაყვანად და კრიტიკულ მდგომარეობამდე მისაყვანად, მისი წყლით გაგრილების სისტემის მოშლაც კმარა-რასაც უკრაინული ჩერნობილის ან იაპონური ფუკუსიმას მსგავსი კატასტროფები შეიძლება მოჰყვეს...
ამის შიშით კი, რუსი სპეციალისტები აუცილებლად შეაჩერებენ კურსკის სადგურის ორივე ატომური რეაქტორის მუშაობას და მათ „ცივ“ მდგომარეობაში გადაიყვანენ მაშინვე, თუკი უკრაინელი სამხედროები რამდენიმე კილომეტრში მიუახლოვდნენ ამ სადგურს, შესაბამისად რუსეთის სამხრეთის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის უდიდესი დეფიციტის წინაშე დადგება- იქნებ ესეცაა კიევის ფარული გეგმის ერთ-ერთ ნაწილი, რის გამოც მან ომი მისი დამწყების ტერიტორიაზეც დააბრუნა?