„...მაინც ბედნიერი ვარ, 13 შვილიშვილის ბებიობა ბევრს ნიშნავს“
13 შვილიშვილის ბებიობა უკვე სერიოზული სტატუსია! ამგვარ ამბავს დღეს იშვიათად თუ შეიტყობ. ეს ჩემი სტატიის გმირს, თავად 3 შვილის დედას და ყოფილ მსახიობს, ეკა ქუთათელაძეს რომ ვუთხარი, ღიმილით მიპასუხა, მით უფრო იშვიათია, 7 შვილის დედა რომ არის ჩემი ვაჟის მეუღლე თეოო. სხვათა შორის, თეო ლეჟავა ჩემთვისაც ძვირფასი ადამიანია - წარმატებული გოგონა, საქმიანი, სულ რაღაც 3 კვირის წინ მე-7 შვილი - ირინე შეეძინა. ეს უპირველესად დიდი ბედნიერებაა ბებიებისთვისაც და ბაბუებისთვისაც, თუმცა, სამწუხაროდ, თეოს და არჩილის ოჯახში ბაბუები არ გვყავსო, მითხრა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სასცენო მეტყველების პედაგოგმა და თეატრისა და კინოს ყოფილმა მსახიობმა, რეჟისორ ანზორ ქუთათელაძის ქალიშვილმა ეკა ქუთათელაძემ, რომელიც, ვფიქრობ, ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ახსოვს დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილისა და რეჟისორ მიშა ბუკიას დაუვიწყარი სპექტაკლით "დარაბებს მიღმა გაზაფხულია", სადაც ეკას პარტნიორობას ბევრისთვის საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი უწევდა.
დეკემბრის თოვლს მოყოლილი 4 მარწყვი და...
ეკამ და მისმა მომავალმა მეუღლემ, ვაჟა მინდიაშვილმა, ერთმანეთი იმჟამინდელ თეატრალურ ინსტიტუტში გაიცნეს, ორივე სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა, თანაკურსელები იყვნენ - გოგონა რეჟისორ გიზო ჟორდანიას ჯგუფში, ვაჟი - რეჟისორ რეზო მირცხულავასთან. ორივენი 17 წლისანი იყვნენ, თუმცა ვაჟი თვეებით უსწრებდა. გოგონა ძალიან ლამაზი იყო, ვაჟიც - სიმპათიური, მერე კი... მათ ცხოვრებაში ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები - მალე შეუყვარდათ ერთმანეთი და დაოჯახდნენ. ამას კიდევ რამდენიმე "მერე" მოჰყვა მათ ცხოვრებაში - ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ოჯახში სამი შვილი და 13 შვილიშვილია, თუმცა მამაკაცი, სამწუხაროდ, შვილიშვილების დიდ ნაწილს ვერ მოესწრო - გაცილებით ადრე დატოვა ეს წუთისოფელი... თუმცა იმ რამდენიმე "მერემდე" მაინც ის პირველი კურსი იყო, დიდ სიყვარულს რომ ჩაუყარა საფუძველი. ამ ამბავს კი მათი, ასე ვთქვათ, აუდიტორიებიდან დავიწყებთ და ამაში სტატიის მთავარი გმირი, ქალბატონი ეკა დამეხმარება:
- მე ვარ ვაჟა მინდიაშვილიო, თავად გამეცნო პირველივე კურსზე, და გასაქანი არ მომცა. ნელ-ნელა დავმეგობრდით და ერთად დავიწყეთ მეცადინეობა. თავიდანვე ძალიან რომანტიკული ადამიანი ჩანდა. ადრე ვაკის პარკში ღია ესტრადა იყო. მახსოვს, დეკემბერი იდგა, თოვდა და ვაკის პარკში ვსეირნობდით. უცებ ვაჟა სცენაზე ავიდა და იქიდან წამიკითხა ლექსები, მე კი ამით ძალიან მოვიხიბლე. ყველაზე კულმინაციური მომენტი იყო, როდესაც მითხრა, შენთვის რაღაც მაქვსო, ჯიბიდან ამოიღო ხელსახოცში შეხვეული 4 ცალი მარწყვი და სათუთად მომართვა. იმ პერიოდის საქართველოში ზამთარში მარწყვი წარმოუდგენელი იყო. თურმე ვაჟას ოჯახს შინ ისეთი ჯიშის მარწყვი ჰქონია, მთელი წლის განმავლობაში რომ ხარობს. მეც ვიფიქრე, ვაჟმა ზამთარში მარწყვი მომიტანა და, ალბათ, ცხოვრებაშიც სულ ხელისგულზე მატარებს-მეთქი...
პირველი სემესტრის ბოლოს, ჩემს ოთახში რომ ვმეცადინეობდით, ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდით - მაშინ მამა მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა და ჩვენს ოჯახში მუდამ სტუმრიანობა იყო. იმ დღეს კოტე მახარაძე და კუკური ლაფერაძე გვესტუმრნენ და სასტუმრო ოთახში ყველანი ერთად სადილობდნენ. დედამ დაგვიძახა, თქვენც გამოდით, ხომ გშიათო? რასაკვირველია, გავედით. დედა არაჩვეულებრივ ნამცხვრებს აცხობდა. იმ დღესაც შემოიტანა თავისი გამომცხვარი ნამცხვარი, სახელად "მაკოცე". მეც მივუბრუნდი ვაჟას და შევთავაზე, - ვაჟა, "მაკოცე" არ გინდა-მეთქი? საწყალი ვაჟა დაიბნა, უხერხულობისაგან არ იცოდა, სად შემძვრალიყო. ოჯახის წევრებმა და სტუმრებმა დიდად არ შეიმჩნიეს ეს ამბავი, მხოლოდ ჩუმად ჩაიცინეს.
მერე გაზაფხულიც მოვიდა. ვაჟას ძალიან უყვარდა ფოიერვერკების მოწყობა, ხანდახან რაღაც უცნაურობებსაც აკეთებდა ხოლმე და ამით ყველას ყურადღებას იქცევდა. ერთხელ, 8 მარტს, ჩემს მეგობარს ვესტუმრეთ, მინდოდა ვაჟა მეგობრებისთვის გამეცნო. მეგობრებმა ყავა და ჩაი შემოგვთავაზეს. ვაჟამ, მე ყავა მინდა, ოღონდ უშაქროდ ვსვამ, მარილითო... ჩემმა მეგობარმაც მართლაც მარილიანი ყავა მოუტანა. ყველანი ვისხედით და ვუყურებდით, როგორ სვამდა ვაჟა დამარილებულ ყავას - ბოლომდე დაცალა ჭიქა. მერე იქიდან ვერაზე, მის მამიდაშვილთან წავედით. მეტროსთან მისი ახლო მეგობარი დაგვხვდა, გოჩა ცხვარიაშვილი, ახლა უკვე მოძღვარია, მამა გაბრიელი. თითქოს რაღაცამ დამაეჭვა და ვუთხარი, ტაქსით არ წამოვალ, ავტობუსით წავიდეთ-მეთქი. რაღას იზამდნენ - წავედით ავტობუსით. მივედით მამიდაშვილთან და, რა თქმა უნდა, იქაც 8 მარტს აღნიშნავდნენ. მერე მომეჩვენა, რომ ძალიან გაგრძელდა ჩვენი სტუმრობა. მამამ მითხრა, 11 საათს არ გადააცილოო, მისი სიტყვა კი ჩემთვის ყველაფერი იყო, თანაც მხოლოდ 17 წლის ვიყავი... მოკლედ, შევხედავდი მასპინძლის საათს და, თითქოს ერთსა და იმავე დროს უჩვენებდა. თურმე მე რომ არ ავჩქარებულიყავი, საათი გადაუწევიათ. მივედი ტელეფონთან, ვიფიქრე, შინ დავრეკავ და ვეტყვი, რომ მაგვიანდება-მეთქი, მაგრამ ტელეფონიც გამორთული დამხვდა. აღარ ვიცოდი, რა მექნა და უცებ გამომიცხადეს, ეკა, ბოდიში, მაგრამ დღეს შენ აქ რჩებიო. თავიდან კი გავგიჟდი, მაგრამ... მოკლედ, ასე დამტოვეს მამიდაშვილის ოჯახში და... ასე გავთხოვდი მარტში, პირველივე კურსზე. მაშინ ასე პატარების ხელის მოწერაც არ შეიძლებოდა, ამიტომ მამამ ვინ აღარ ჩარია, ნებართვა რომ მოეცათ. ხელი მაინც მოვაწერეთ - 27 აპრილს.
ორი მსახიობი და ორი მეგობარი
- პირველად, ფეხმძიმედ რომ დავრჩი, მუცელი მომეშალა. 19 წლის ვიყავი, ნატალია რომ გამიჩნდა. ფეხმძიმობისას ერთი ლექციაც არ გამიცდენია. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რუსთავის თეატრში გაგვანაწილეს. იმხანად მას მამა ხელმძღვანელობდა. მამამ თეატრში ახალგაზრდა მსახიობები მიგვიწვია - გიზო ჟორდანიას მთელი ჯგუფი. მომდევნო წელს შემოგვიერთდა ლილი იოსელიანის კურსგავლილი რეზო ჩხიკვიშვილიც. მე და ვაჟას რუსთავში ბინა მოგვცეს და ბავშვთან ერთად მარტო ვცხოვრობდით. ნატუკა 6 წლის იყო, მალე ვაჟი - აჩიკო გაჩნდა. ბავშვებს ვერავის ვუტოვებდით და თითქმის თეატრში გავზარდეთ. აჩიკოს ყველა "კულისას" ეძახდა, რადგან რეპეტიციების პერიოდში სულ კულისებში ეძინა. იმხანად გადაღებებზეც ხშირად მიწევდა წასვლა - ხან საქართველოში, ხან საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და ვაჟა მარტო რჩებოდა ხოლმე ბავშვებთან. სხვათა შორის, მშვენივრად უვლიდა. ყველაფერი ეხერხებოდა, ხშირად კერძებსაც თავად ამზადებდა. ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს. ჩვენი სახლის კარი კი არასდროს იკეტებოდა - ყველა ჩვენთან იკრიბებოდა და ვისაც რუსთავიდან თბილისში გამგზავრება დაეზარებოდა, ჩვენთან რჩებოდა. ერთი ტომარა ხახვი და ერთი ტომარა კარტოფილი გვქონდა მომარაგებული, ასე რომ, კარგა ხანს გვყოფნიდა. ისე კი, ვიდრე რუსთავში ვცხოვრობდით, რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე თბილისში დავდიოდით, რადგან რუსთავის თეატრში რემონტი იყო და დროებით დაკეტეს. მერე, რუსთავის თეატრი რომ გაიხსნა, უკვე თბილისში ვცხოვრობდით და იქიდან დავდიოდით რუსთავში რეპეტიციებსა და სპექტაკლებზე...
მე და ვაჟა მეგობრები ვიყავით და ერთმანეთს არაფერს ვუმალავდით. რამდენ ჭორსაც ისმენდა ჩემზე, გულთან რომ მიეტანა, ასე ვერ ვიცხოვრებდით. ადრეც მაქვს მოყოლილი, რუსთავის თეატრის პერიოდის ეს ამბავი, სპექტაკლ "დარაბებს მიღმა გაზაფხულიას" პერიოდს ვგულისხმობ. იმხანად სცენაზე აღარ ვთამაშობდი, რადგან აჩიკოზე უკვე მეცხრე თვეში ვიყავი. მაშინ ჩემი მული მუსიკალურ ტექნიკუმში სწავლობდა. ერთ დღეს, შესვენებისას, გოგონები ერთად მსხდარან. ამ დროს მისულა ვიღაც, ვინც არ იცოდა, იმ გოგონებიდან ერთი ჩემი მული რომ იყო, და გამოუცხადებია, ახალი ამბავი მაქვს, ჩემი თვალით ვნახე, გუშინ სოჭის მატარებლით ეკა და რეზო გაიპარნენო. ამტყდარა სიცილი და ჩემს მულს სიცილითვე დაუმშვიდებია, კი, კი, ეკა შინ ზის და ცხრა თვის ორსულიაო.
როდესაც ადამიანი გიყვარს, მისი გჯერა, დარწმუნებული ხარ, რას გააკეთებს ან რას არა, არასდროს იეჭვიანებ. არც მე ვეჭვიანობდი ვაჟაზე და არც ის ჩემზე. ისედაც სულ ერთად ვიყავით, თუ ჩემს გადაღებებს არ ჩავთვლით. სამეგობროც საერთო გვყავდა და სამსახურიც ერთი გვქონდა. ერთმანეთზე ეჭვიანობა ცოტათი სასაცილოც კი იქნებოდა.
რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების გზა
- უკვე თბილისში ვცხოვრობდით, ვერაზე. 1989 წლის აპრილის ამბებში ყველანი ჩართული ვიყავით, მთელი სამეგობრო, მაგრამ 9 აპრილის ღამეს ვერ დავრჩი ვაჟასა და ჩვენს მეგობრებთან ერთად, ბავშვებს მარტო ვერ დავტოვებდი, აჩიკო პატარა იყო... მთელი ღამე ველოდებოდი ბიჭების მოსვლას. წმინდა გიორგის ხატთან ვიდექი, გარედან წივილ-კივილი და ყვირილი რომ შემომესმა. ხალხი მორბოდა, დაგვარბიესო. საშინელ დღეში აღმოვჩნდი - ბავშვების გამო გარეთ ვერ გავდიოდი, გათენდა და ვაჟა და ჩვენი მეგობრები კი ისევ არ ჩანდნენ. მერე ჩემმა სიძემ მომაკითხა და ბავშვებიანად დედასთან წამიყვანა. ვაჟას ყველგან ეძებდნენ, მაგრამ ამაოდ. მერე თვითონ დარეკა, ჩურჩულებდა, არ ინერვიულო, ცოცხლები ვართ და მხატვრის სახლში ვიმალებითო. ეს დღე და ამბავი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში. ვაჟამ იმდენი საშინელება ნახა, რომ მასზე ძალიან იმოქმედა. მაშინ ღმერთმა გადაარჩინა და ამიტომაც გადაწყვიტა ცხოვრების გზის შეცვლა. ძალიან მორწმუნე არასდროს ყოფილა, მე უფრო დავდიოდი ეკლესიაში, ვიდრე ის. ჩვენი პირველი მოძღვარი მამა არჩილ მინდიაშვილი გახდა და ბავშვებიანად არასდროს ვაცდენდით მის წირვა-ლოცვასა და ქადაგებებს. ვაჟამ სტიქარი ჩაიცვა და სასულიერო სემინარიაში ჩაბარებაც გადაწყვიტა, თუმცა ერთხანს გაორება დაეტყო, რადგან მოქმედი მსახიობი იყო, რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სპექტაკლებში მონაწილეობდა. მეც ვუთხარი, რადგან გადაწყვიტე, ნაბიჯიც იქით გადადგი, საითაც შენ გინდა-მეთქი. არ ვიცი, რას იზამდა, მე რომ შევწინააღმდეგებოდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე, პირიქით, ყველანაირად მხარში დავუდექი. მერეც ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. ყველაზე საშინელ დროს, 1991 წელს, გაჩნდა ჩვენი უმცროსი ვაჟი - ალექსანდრე. ალექსანდრეზე ვიყავი ფეხმძიმედ, ჯვარი რომ დავიწერეთ ქაშვეთის ქვემოთ, წმინდა მარინეს ტაძარში. ვაჟა ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, დიაკვნად რომ აკურთხეს, შემდეგ კი, ამაღლებას, მშენებარე დიდი სამების ტაძრის საძირკველთან უწმინდესმა თავად აკურთხა მღვდლად. ვაჟას სახელად ნიკოლოზი უწოდეს. ამან ჩვენი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესის კურთხევა მქონდა, შენი საქმე უნდა გააგრძელოო, ნელ-ნელა მაინც ჩამოვცილდი სცენას. აღარ მინდოდა მსახიობობა.
მაშინ, როდესაც აჩიკოს და ალექსანდრეს ეცვათ სტიქარი, ფაქტობრივად, სტიქაროსანი ბავშვები არც იყვნენ. სანდრო განსაკუთრებით უყვარდა უწმინდესს, რადგან ყველაზე პატარა სტიქაროსანი იყო, თანაც ძალიან საყვარელი, თავისი აბურძგნილი თმით. ის წლები ძალიან ბედნიერად მახსენდება, რადგან ორივე ვაჟი პატრიარქის სტიქაროსანი იყო. უწმინდესი ხშირად გვეპატიჟებოდა ვახშამზე. მხოლოდ ჩვენ ვიყავით - მამა ნიკოლოზი, მე, აჩიკო, სანდრო და ნატალია. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, კეთილი, უთბილესი ბაბუა რომ დაჯდება ოჯახის წევრებთან ერთად... ამდენი ხანი გავიდა და არასდროს მიფიქრია, იქნებ ჯობდა, შევწინააღმდეგებოდი მეუღლეს და ეს გზა არ აერჩია-მეთქი. მამა ნიკოლოზი საბურთალოზე, ამაღლების ტაძარში წირავდა, მისი წინამძღვარი იყო. იმ ტაძრის არქიტექტორი იყო ჩემი მაზლი, არჩილ მინდიაშვილი, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორიცაა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
არ მავიწყდება კიდევ ერთი ამაღლების დღესასწაული... საერთოდ, ამაღლების დღესასწაული თითქოს გასდევს ჩვენს ცხოვრებას... იმ დღეს პატრიარქმა ყველასთვის მოულოდნელად მოიხსნა ჯვარი და ეს გამშვენიერებული ჯვარი დაჰკიდა მამა ნიკოლოზს. იქვე უთხრა, რამდენიმე წელიწადში პანაღეასაც გადმოგცემო, მაგრამ მერე აღარ დასცალდა - მამა ნიკოლოზი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან წლების შემდეგ, როდესაც პატრიარქი ისევ სტუმრობდა ამაღლების ტაძარს, ძალიან თბილად თქვა მამა ნიკოლოზზე, სიყვარულის მამაო იყოო... დიდი დრო გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მოულოდნელად, გულით გარდაიცვალა 49 წლის ასაკში. დაუვიწყარი, საოცარი კადრი იყო: როცა ამაღლების ტაძარში ესვენა, იქვე, სხვა მხარეს, ნატუკას 40 დღის ბარბარეს ნათლავდნენ... მისი დაკარგვა ძალიან ძნელი აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა, 30 წელიწადს ვიცხოვრეთ ერთად და, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, მაგრამ სულიერი კავშირი მუდამ გვაქვს, ხშირად ვესაუბრები ხოლმე...
რითიც დავიწყეთ, იმითვე დავასრულებ: მაინც ბედნიერი ადამიანი ვარ, 13 შვილიშვილის ბებიობა ბევრს ნიშნავს - ნატალიას ოთხი შვილი ჰყავს: უნივერსიტეტის სტუდენტი ბარბარე, სპორტით გატაცებული ვახტანგი, მათემატიკური ტვინით გამორჩეული ალექსანდრე, ხატვით და მუსიკით გატაცებული გიორგი; სანდროს ორი ჰყავს - იოანე და ქლოე; აჩიკოს და მის მეუღლე თეას - შვიდი. შვიდიდან ყველა ერთმანეთისგან განსხვავებულია: უფროსი, 19 წლის ეკატერინე, სტუდენტია, 18 წლის ნიკოლოზმა წელს ჩააბარა უმაღლესში; მაშიკო ბალერინაა; კესარია ისეთი გოგოა, ვერაფრით იტყვი, 14 წლის რომ არის; ეფემია ყველას "მმართველია"; თეკლა პატარაა და ძალიან საყვარელი; თითოეულს უკვე საკუთარი დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისადმი, საკუთარი სურვილებითა და მისწრაფებებით. თეას ნაბოლარა კი, ირინე, ვნახოთ, რით გამოიჩენს თავს! ლამის ყოველ წელს ბებიის სტატუსი მიმყარდება. აჩიკომ და თეამ შეასრულეს ჩვენი პატრიარქის კურთხევა: აჩიკო უწმინდესის სტიქაროსანია. ჯვარი რომ დაიწერეს, უწმინდესმა დალოცა თეა, გულში ჩაიხუტა და უთხრა, კურთხევას გაძლევ, 7 შვილი გყავდესო, ფაქტია, თეამაც შეასრულა კურთხევა. ყველას თანაბრად გამორჩეული ადგილი აქვს ჩემს გულში, ერთი თაიგულივით არიან და სიმხნევეს, სიყვარულს, ჰარმონიას, ბედნიერებას მანიჭებენ. ერთადერთი, ლოცვების კითხვისას თითებზე ვითვლი ხოლმე, რომელიმე არ გამომრჩეს. სულ მინდა, ყველამ ერთად მოვიყაროთ ხოლმე თავი, მაგრამ ვერსად ვეტევით. მხოლოდ ჩემს დასთან, წავკისში თუ ვთავსდებით, თუმცა იქ კიდევ მისი 5 შვილი და 5 შვილიშვილი გვხვდებიან.