„საქართველო თვალით არ მენახა, ქართული ფოლკლორი კი მიყვარდა და კარგადაც ვცეკვავდი“ - კვირის პალიტრა

„საქართველო თვალით არ მენახა, ქართული ფოლკლორი კი მიყვარდა და კარგადაც ვცეკვავდი“

"საღამოობით ზღვის პირას სეირნობა, თეთრი სილა და ტალღები დიდ ენერგიას, სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ ახალი ქორეოგრაფია შევქმნა-, - ამბობს ეიალ ატალი (ეთერაშვილი), რომელიც ისრაელში დაიბადა და აღიზარდა. სამხედრო სამსახური ახლახან დაამთავრა, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ ქართული ხელოვნების სიყვარულით უკვე ბევრი რამ გააკეთა: 16 წლისამ ისრაელში, ქალაქ ნაჰარიაში, ქართული ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი "ყაზბეგი" დააარსა, ქართული ცეკვების საუკეთესო შესრულებით უკვე არაერთი გრან-პრი, ჯილდო მოიპოვეს, იწვევენ ისრაელში გამართულ მრავალ ღონისძიებაზეც... ეიალ ატალი ისრაელიდან გვესაუბრა:

- ქართული ფოლკლორის სიყვარული მამამ ჩამინერგა. მე რომ მოცეკვავე გავხდი, მან ამით ბავშვობის ოცნება აისრულა.­ ჯერ კიდევ 17 წლის წინ ინტერნეტის საშუალებით სუხიშვილების ანსამბლის შემოქმედებას მაცნობდა და მეც ვცდილობდი იმ ილეთების გამეორებას, რასაც ვხედავდი. მამამ ქართული ცეკვებისადმი ინტერესი რომ შემატყო, ადგილობრივ ანსამბლში შემიყვანა.... 3 წლიდან ქართულ ფოლკლორულ ანსამბლში ვცეკვავდი, რომლის ხელმძღვანელი შოთა ცვანიაშვილი გახლდათ. საქართველო თვალით არ მენახა, ქართული ფოლკლორი კი მიყვარდა და კარგადაც ვცეკვავდი. 14 წლის ვიყავი, პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში და ვიგრძენი, რომ სახლში ვიყავი. შემოვიარე ყაზბეგი, მცხეთა, ბორჯომი... ისრაელში დაბრუნებულს, ძალიან მინდოდა ქართული ფოლკლორული ცეკვის ანსამბლის ჩამოყალიბება. ჩრდილოეთ ისრაელში, სადაც მე ვცხოვრობ, პროფესიონალური ქართული ანსამბლი არ იყო. ამიტომ ბავშვები შევკრიბე და 2016 წელს ანსამბლი "ყაზბეგი" დავაარსე. ანსამბლის სახელწოდებად "ყაზბეგი- იმიტომ ავირჩიე, როდესაც საქართველოში ვიყავი, ყაზბეგი ყველაზე მეტად მომეწონა. როგორც ქართულ ცეკვებში - მამაკაცი ჰაერში დაფრინავს, სწორედ ისეა ყაზბეგი ცად აზიდული მთებით...

ანსამბლში უმეტესობა ქართული წარმოშობის ბავშვია. აქ ძალიან აკლდათ და სწყუროდათ ეს ყოველივე. თავიდან 4 ბავშვი იყო, ახლა კი ორივე ანსამბლში 55 წევრია. თავდაპირველად ყველაფერს თავად ვუძღვებოდი, ამჟამად ანსამბლის პედაგოგიურ საქმიანობაში ჩემი დაც ჩაერთო. ჩემი და, შირაზ ატალი, სამეჯლისო ცეკვების შემსრულებლების ევროპის ათეულშია. უმცროსი ძმა, ევროპაში ძიუდოშია წარმატებული, ანსამბლის საქმეებში ისიც მონაწილეობს. ოთხი დედმამიშვილი ვართ და ოთხივე ხელოვნებას ვემსახურებით, რაც გასაკვირი არ არის, რადგან მამაჩემის მხარეს ყველა ხელოვანია.

d42e8926-8b74-485f-a39f-8c30f51d2e53-1723401185.jpg

- თავიდან გეგონათ, რომ ამდენს მიაღწევდით?

- როგორც მოგახსენეთ, თავიდან გზა დამოუკიდებლად გავიკაფე. ხშირად ვხედავდი გაოცებულ სახეებს, თუმცა თუ თავდაჯერება გაქვს, ყველაფერი გამოგივა. ისრაელიც ისეთი ქვეყანაა, სადაც დიდი სტიმული გეძლევა, კედელს გაანგრევ და ყველაფერს მიაღწევ. თავიდან ისრაელის ქალაქების დღესასწაულებში ვმონაწილეობდით, შემდეგ ისრაელის დამოუკიდებლობის დღეს კონცერტზე გამოვედით და, მას შემდეგ ცნობილები გავხდით. ახლა ანსამბლი მთელი ისრაელის სცენებზე გადის... მასტერკლასებსაც ვატარებთ. რეპერტუარში გვაქვს: "ქართული", "დავლური", "ჯეირანი", "ყაზბეგური", "მთიულური", "აჭარული", "რაჭული", "აფხაზური"... 2018 წელს ისრაელში გაიმართა კონკურსი, სადაც­ ხუთი ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული.­ ჩვენმა ანსამბლმა გრან-პრი დაიმსახურა. წელსაც ვმონაწილეობდით და ისევ გრან-პრი ავიღეთ.

- ბავშვებმა იციან ქართული?

- არიან ბავშვები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ქართული კარგად იციან, მაგრამ აქ დაბადებულები და გაზრდილები ქართულად კარგად ვერ საუბრობენ, მიუხედავად ამისა, ძალიან უყვართ ქართული ფოლკლორი.

- ქართულ სამოსს სად ყიდულობთ?

- საქართველოში. ამისთვის მე და მამა საგანგებოდ ჩამოვდივართ. მხოლოდ სამოსი კი არა, საქართველოდან მოგვაქვს საკრავებიც - დოლი, გარმონი, ფანდური... სხვათა შორის, მე და ჩემმა ძმამ ფანდურზე დაკვრაც ვისწავლეთ, ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღერით.

- როგორია თქვენი გეგმები?

- ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბავშვს ჩავუნერგო ქართული ფოლკლორის სიყვარული, რათა ყველგან ვიამაყოთ ქართული კულტურის ამ საგანძურით.

გასულ თვეში კონცერტზე ანსამბლის სამი ყველაზე პატარა წევრი სცენაზე ავიყვანე, ხელში პოსტერებით: "დააბრუნეთ მძევლები სახლში"... პატარების ამ გამოსვლამ უზარმაზარი ემოცია გამოიწვია... მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, ბავშვები რეპეტიციას არ აცდენენ. ძალიან დიდი შემართებით მეცადინეობენ, ეს მათთვის ფსიქოლოგიური განტვირთვაა. ცეკვა ადამიანს სულიერად ამაღლებს!