"უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში" - კვირის პალიტრა

"უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში"

9 აგვისტოს აშშ-მა განაცხადა, რომ კიევს­ დამატებით მიაწვდის 125 მილიონი­ დოლარის სამხედრო დახმარებას. სახელმ­წიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებით, დახმარება გამოიყოფა მარაგებიდან, რომლებიც "მოიცავს საჰაერო-თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო სისტემების მასალებს­, არტილერიას, მრავალფუნქ­ციურ რადარებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს". საგულისხმოა, რომ ამ დახმარების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინელი სამხედროები კურსკში შეიჭრნენ. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ფრონტზე არსებული მდგომარეობა დასავლეთში მაინც აჩენდა პესიმისტურ განწყობებს და აქტიურად დაიწყო ლაპარაკი რუსეთთან მოლაპარაკებებზე,­ რაც თავისთავად ბევრ კითხვას აჩენს უკრაინის ინტერესების დაკმაყოფილებაზე.

საერთაშორისო­ ურთიერთობების სპეციალისტმა თორნიკე შარაშენიძემ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე­ დაპოსტა: "კურსკი. რას ნიშნავს­ სინამდვილეში? უკრაინელების მიერ გაზსაქაჩი სადგურის დაკავება სინამდვილეში­ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისაა. იმ სადგურიდან გაზსადენი სწორედ უკრაინის ტერიტორიის გავლით მიედინება ევროპა­ში და შესაბამისად, ეს მარშრუტი ისედაც უკრაინის ხელშია. ამ შეტევას უპირველესად, ალბათ, მორალ ბოოსტ-ის დატვირთვა აქვს. ეს უკრაინას ძალიან სჭირდებოდა. თუმცა ასევე საჭირო იყო დასავლეთისთვისაც, სადაც პესიმისტური­ განწყობები ძლიერდება. ახლა კიევისათვის­ ახალი დახმარების­ გაცემა უფრო გაიოლდება. პარალელურად, ცხადია, შეტევამ უნდა მოახდინოს რუსების­ დემორალიზაცია. უკვე ამდენი­ დღე მათ ტერიტორიაზე­ ყოფნა (მეტი რომც არ გაგრძელდეს) ნამდვილად უპრეცე­დენტოა. ძალიან მნიშვნელოვანია, მოუწევს თუ არა რუსეთს უკრაინელთა მოსაგერიებლად დონბასში შეტევის შეჩერება და იქიდან ძალების უკან გადასროლა. ეს თუ მოხდა, მაშინ შეტევა კიდევ უფრო მეტ მიზანს მიაღწევს, ვიდრე მორალ ბოოსტ და დემორალიზაცია. დაბოლოს, რუსეთის დაზვერვას კიდევ ერთხელ აჯობა ამერიკის დაზვერვამ. ეს, ალბათ, იმის წყალობითაც, რომ უკრაინის დაზვერვის რესურსებიც აითვისა".

რა როლს ითამაშებს კურსკის ოპერაცია უკრაინა-რუსეთის ფრონტზე, დასავ­ლეთის და რუსეთის ურთიერთობაზე, ამ საკითხებზე "ჯეოქეისის" მკვლევარს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ვესაუბრეთ:

- უპირველეს ყოვლისა, დასადგენია, თუ რა არის ამ ოპერაციის მიზანი - ეს რეიდია თუ მოწინავე რაზმის მოქმედება. ეს ორი განსხვავებული საკითხია. სარეიდო მოქმედება არის მოწინააღმდეგის­ ტერიტორიაზე შესვლა, კონკრეტული ამოცანის შესრულება და გამოსვლა, ხოლო მოწინავე რაზმის ფუნქციებია შესვლა, ტერიტორიის, გარკვეული ობიექტის დაკავება­ და ძირითადი ძალების დალოდება. ეს როგორ იქნება, ჯერ არ არის გარკვეული და

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა საინფორმაციო დუმილს ინარჩუნებს. არავინ ამბობს, რომ ეს უკრაინის სამხედრო ნაწილების გაკეთებულია. რაც შეეხება იმას, თუ რას ცვლის, ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფაქტორია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის, კარგი მაგალითი უკრაინის მეგობრებისთვის, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია ბრძოლა, მათი საბრძოლო სულისკვეთება არ განელებულა. რა თქმა უნდა, ეს რუსებისთვის სილის გაწვნა და იძულებაა, რომ გადაისროლონ ამ მიმართულებაზე გარკვეული რეზერვები.

- ბოლო დროს ამ ომზე ძალიან პესიმისტური განწყობები იყო. ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ განწყობები შეიცვლება?

- თუკი განწყობები პესიმისტური იყო, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ­ უკრაინა­ თავის ძალებს ინარჩუნებს­. უკრაინამ სამ დღეში აიღო იმაზე გაცილებით მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთმა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში. მე პირადად არც პესიმისტურად ვუყურებდი და არც ძალიან ოპტიმისტურად. ჩვეულებრივი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და მიმაჩნდა, რომ უკრაინას­ ძალუძს რუსეთის შეჩერება. ვაფიქსირებდი იმასაც, რომ რუსეთს არ ჰქონდა ფრონტის ხაზზე გარღვევის ძალა. არც დასავლეთშია პესიმიზმი, პირიქით, მუდმივად იყო საუბარი, რომ უკრაინას მეტი დახმარება სჭირდება.

- უკრაინის ეს წარმატება F-16-ების დამსახურებაა თუ ამაზე არ იყო დამოკიდებული და სხვა ფაქტორებმა განაპირობა?

- ეს წარმატება ნამდვილად არ არის დაკავშირებული F-16-ებთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკრაინის დახმარება, გავრცელებულ ვიდეოფი­რში ჩანს კიდეც დასავლური ტექნიკა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის გენშტაბი ძალიან ბრიყვულ მდგომარეობაში ჩააგდეს ოპერატიული ფანდის, ოპერატიული სამხედრო ხერხის გამოყენებით. როგორც გახსოვთ, მუდმივად იყო საუბარი. ბუდანოვიც, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, ხშირად ამბობდა, რომ უკრაინელები ელოდებოდნენ შეტევას ჩრდილოეთიდან, სუმის ოლქიდან, და იძულებული იყო რეზერვები გადაესროლათ ამ მიმართულებაზე. ამის გამო რუსები გახარებული იყვნენ, ჩვენმა მოქმედებებმა უკრაინა იძულებული გახადა, რეზერვები იქით გადაესროლაო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეზერვები­ არა რუსეთისგან თავდასაცავად, არამედ შეტევისთვის გადაისროლეს.

არ ვიცი, გერასიმოვმა კიდევ რა უნდა გააკეთოს, ალბათ, დედა უნდა აგინოს პუტინს ღია ეთერში­, რომ ამ თანამდებობაზე აღარ დარჩეს­. მეტი რაღა უნდა შეეშალოს გენშტაბის უფროსს?

- დასაწყისში ახსენეთ, კარგია, რომ უკრაინა ამ შეტევაზე არაფერს ამბობსო. რა უპირატესობას ანიჭებს უკრაინას ეს?

- კარგია იმით, რომ დასავლეთს არ აგდებს იმ მდგომარეობაში, ვინმემ უსაყვედუროს, უკრაინელებმა რატომ გამოიყენეს მათი ტექნიკა შეტევისთვისო. გარდა ამისა,­ უკრაინა ამით გადაჭარბებულ მოლოდინს არ ქმნის. რაც მთავარია, როგო­რც ჩანს, ოპერაცია არ არის დამთავრებული და აქვს მიზეზები, რატომაც დუმს კიევი.

- ცოტა ხნის წინ გააქტიურდა ლაპარაკი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკების დაწყებაზე, რათა ეს ომი დასრულდეს. არსებულ მოცემულობას ეს შეტევა­ როგორ ცვლის, თუნდაც პოლიტიკური კუთხით?

- რა თქმა უნდა, ეს შეტევა ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ქმნის გარემოებას, რომ უკრაინას მოლაპარაკებაზე უპირატესობა ჰქონდეს. მას ხელთ ექნება ძალიან მნიშვნელოვანი რამ სავაჭროდ. ჩვენ ხომ არ ვიცით, ეს რითი დამთავრდება და კიდევ რა ამოცანები აქვთ რუსეთის ტერიტორიაზე 35 კილომეტრზე შეჭრილ უკრაინულ ძალებს? გზაზე კიდევ ატომური ელექტროსადგურია. გაზგამანაწილებელი სადგური კი აიღეს, მაგრამ შემდეგ ამ ტერიტორიას უკრაინელები კიდევ რისთვის გამოიყენებენ, ჩვენ ხომ არ ვიცით, არ ვიცით, გენშტაბს რა გეგმები და ამოცანები აქვს, რა დგას ამ ოპერაციის უკან. ის, რომ ნებისმიერი სამხედრო წარმატება მოლაპარაკების წინ ამ მხარეს აძლიერებს, უდავოა.

- რუსეთმა ვერ მოახერხა, რომ ამდენი­ დღის განმავლობაში­ პასუხი გაეცა. თუნდაც სხვა ტერიტო­რიიდან რატომ არ გადაჰყავს ჯარი? სამხედრო თვალსაზრისით ეს რუსეთის­ რა პრობლემების მაჩვენებელია?

- ასე მარტივად და სწრაფად არ ხდება სხვა ტერიტორიებიდან ძალების გადასროლა. სხვა თუ არაფერი, ამას დრო სჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ იმ ტერიტორიებზე რუსები არ ელოდნენ შეტევას. ვიმეორებ - ამაზე პასუხი კრემლმა გერასიმოვს უნდა მოჰკითხოს, რატომ იყვნენ იქ მხოლოდ მესაზღვრეები და ახალწვეულებით დაკომპლექტებული საზღვრის დაცვის ნაწილები. "ახმატი", კადიროვის დანაყოფი, როგორც მას სჩვევია, "გმირულად" გაიქცა პირველივე გასროლის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ გერასიმოვმა ორი კვირით ადრე იცოდა უკრაინული დაჯგუფებების შესახებ, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს. ეს არ არის რკინის ხაზი, სადაც შეიძლება მთელი ტერიტორია იყოს დანაღმული. საკუთარ ტერიტორიას ხომ არ დანაღმავდნენ? იქ არც ფორტიფიკაციების მოწყობას აპირებდნენ, რადგან ეგონათ, უკრაინელებს ამის არც ძალა და არც გამბედაობა არ ეყოფოდათ. არადა, მწარედ შეცდნენ. რუსები ყოველ ნაბიჯზე შეცდომებს უშვებენ.

- შესაძლებელია, რომ ეს კრემლში რაღაც დიდი დაპირისპირების, პოლიტიკური არეულობის შედეგი იყოს?

- ჯერ მე ვერ ვხედავ რუსეთში ასეთ არეულობას და გამიჭირდება ამაზე საუბარი, მით უმეტეს, არც ეს ოპერაცია დამთავრებულა და არც ისეთი დიდი დროა გასული, რომ ამას რაღაც მნიშვნელოვანი რეაგირება მოჰყვეს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, გამორიცხული არაფერია.

შესაძლებელია ეს არც არის რუსეთის რომელიმე დაჯგუფებების წინასწარ განსაზღვრული, შიდა არეულობისთვის გათვალისწინებული ქმედება, მაგრამ როდესაც რუსეთზე გვაქვს საუბარი, ნურასდროს ვიტყვით ნურასოდეს. ჯერჯერობით რაც ვნახეთ, ის იყო, რომ გერასიმოვი ენის ბორძიკით ელაპარაკებოდა პუტინს, რომლის გამომეტყველებას ვინც შეხედა, დასკვნას თვითონ გამოიტანდა.

- უკრაინის გამარჯვებად რა ჩაითვლება­, რა შემთხვევაში ვიტყვით, რომ რუსეთი დამარცხდა?

- ამ ეტაპზე, ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე, და არა საბოლოოდ, უკრაინისთვის გამარჯვება იქნება, თუკი დაბრუნდება 2022 წლის საზღვრებამდე, ყირიმისა და ლუგანსკი-დონეცკის გარდა, ხერსონის და ზაპოროჟიეს ჩათვლით. თუ ამ სტატუს-კვოს აღადგენენ, ეს უკრაინის დიდი გამარჯვება იქნება.

უკვე შემდგომისთვის მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ. ეროვნულ-სტრატეგიულ დონეზე ასეთი ერთი ბრძ­ოლა გამარჯვებას არ ნიშნავს. ისიც გასათვალისწინებელია, ქვეყანა რას მიიჩნევს­ გამარჯვებად. ფაქტია, რუსეთი უკვე დამარცხებულია, ეს ტერიტორიები რომც შეინარჩუნოს, პოლიტიკურ-სტრატეგიულ და სამხედრო დონეზე ეს მისთვის ძალიან წამგებიანი ომია. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის, რომ 1200 კილომეტრი ნატოს საზღვარი დაიმატა, ეს მისი დამარცხებაა.

რუსა მაჩაიძე