აბჯრის ფორმულა - კვირის პალიტრა

აბჯრის ფორმულა

საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლის, ეროვნული გმირის, ფშაველი მიხა ხელაშვილის საფლავს ხელით ნაქსოვი ჯაჭვის პერანგი ამშვენებს­ - პერანგი­, რომელიც გმირი წინაპრების აჩრდილებთან საუბრების,­ თავ­ზე დათენებული ღამეებისა და მტკიცე­ ნებისყოფის შედეგად შექმნა მეიარაღე ნიკოლოზ­ ბუჩუკურმა. ნიკოლოზი ფოლადის, ჯაჭვისა და ტყავისგან საოცრებებს­ ქმნის. ის ხრიდოლის ფედერაციის წევრია, როგო­რც­ თავად ამბობს, სულში აქვს მთისა და იარაღ-საჭურვლის სიყვარული. დღეს მისი ნამუშევრები მუზეუმებში ინახება, ნაწილი კერძო კოლექციებს ამშვენებს, უმეტესობა კი შინ აქვს - ფასდაუდებლად და ხელდაუ­დებლად. დაუსრულებლად, გატაცებით შეუძლია საუბარი ჯაჭვის თითოეულ რგოლზე, საკუთარ გონებაში შექმნილ და ხელით გამოჭედილ იარაღ-საჭურველზე, წინაპრებზე, რომელთა სისხლი ახლა მის ძარღვებში ჩქეფს და სულს უფორიაქებს.

- რასაც ახლა ვაკეთებ, ყველაფერი ჩემი წინაპრებისა და იმ სისხლის დამსახურებაა, რომელიც ჩემს ძარღვებშია. პაპამ შემაყვარა მთა, იარაღი, საქმე... პატარა ვიყავი, როდესაც ჩვენი გმირი წინაპრების შესახებ სხვადასხვა ისტორიას მიყვებოდა, თან ისე ემოციურად, ხატოვნად, რომ მისი ნაამბობი გონებაში ღრმად მრჩებოდა და წარმოსახვაში კინოკადრებივით ტრიალებდა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი,­ როდესაც­ ხისგან იარაღების გამოჭედვა დავიწყე, მერე ასაკთან ერთად ხელობაც დავხვეწყე. ერთხელაც­ ჩემს ხელში შემთხვევით ჯაჭვით ნაქსოვი პატარა ნაგლეჯი აღმოჩნდა. როგორც კი მუჭში მოვიმწყვდიე, საოცარი განცდა გამიჩნდა, ხელი გავშალე, დიდხანს ვუყურე და მომინდა ასეთი­ საოცრება­ მეც შემექმნა. ჩემს თავს ვუთხარი­, რადგან­ ეს ადამიანის ხელმა შექმნა, მეც უნდა შევძლო-მეთქი. ის ახლა ჩემთვის ყველაზე ღირებული ნივთია, სწორედ მისი წყალობით ვარ ახლა ვინც ვარ. ერთი სიტყვით, მაშინ გადავწყვიტე, რომ ჯაჭვის ქსოვა უნდა მესწავლა. დავუკავშირდი რამდენიმე მეიარაღეს და ვთხოვე, ხელობა ესწავლებინათ. მითხრეს, ეს სახუმარო­ საქმე არ არის, არ გამოგივაო. მართლაც, დიდ ნებისყოფასა და შრომას მოითხოვს. ამ საქმეს ხელი რომ მოჰკიდო, სულიერადაც უნდა იყო მზად, გააზრებული უნდა გქონდეს, რას ეხები. მე კი მაშინ 16 წლის ვიყავი... ზუსტად ერთ თვეში ჩემი პირადი აბჯარი მქონდა. ვიწვალე, ვივარჯიშე, ღამეები ვათენე და გამომივიდა...

- ამ საქმეში მთავარი რა არის?

- ძალიან მშვიდი ნერვები და ძლიერი ნებისყოფა. ერთი აბჯრის შესაქმნელად ასეული კი არა, ათასეულობით რგოლი უნდა მოქსოვო. ძალიან მნიშვნელოვანია მასალის სწორად არჩევა, პროპორციების დაცვა. ოქროს შუალედი თუ ვერ დაიჭირე, ვერ მიიღებ სწორ ფორმულას, რომელიც პერანგს სიმტკიცესა და გაუვალობას მისცემს. ამ საქმის კეთების ძალა და ნებისყოფა ხრიდოლმა მომცა - საქმე პაპამ შემაყვარა, მისი კეთების ძალა კი ხრიდოლმა მომცა. 20 წელია, რაც ფედერაციაში ვარ, შეიძლება ითქვას, ბრძოლაში გავიზარდე, ან ხალიჩაზე ვიყავი, ან ხმალი მეჭირა ხელში. ხრიდოლის ფედერაციაში ჯაჭვის პერანგები არ გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ქართული აბჯრის რეკონსტრუქცია ჩამეტარებინა, გამომივიდა და შემდეგ მასშტაბური სახე მიეცა ჩემ მიერ აღდგენილი ტექნიკის გამოყენებას.

fari-1723402604.jpg

- რამდენად დიდია ამ საქმის ინტერესი­ ახალგაზრდებში?

- სხვათა შორის, არაერთი შეგირდი ავიყვანე. ხრიდოლის ფედერაციიდან დაინტერესდნენ ჩემი ძმაკაცები, იმათ კი სხვებს ასწავლეს. ერთი ძმაკაცი ფშავში წავიდა და იქაურ ახალგაზრდებს შეასწავლა ეს საქმე. იქ დღესაც ქსოვენ ბიჭები, ძალიან ბევრი ფშავლის სახლში ნახავთ ჩემი აღდგენილი ტექნიკით მოქსოვილ საჭურველს.

- ესე იგი, უკვე ბევრი ხართ?

- ბევრი არა, მაგრამ არც ცოტანი ვართ. სპეციფიკური საქმეა, ზოგს ნერვები არ ჰყოფნის, რომ ათიათასობით რგოლი სათითაოდ დაამუშაოს. ტექნიკურთან ერთად, ფიზიკური ენერგიაც არის საჭირო.

ადრე ყველაფერს ხელით ვაკეთებდი, ამ ბოლო დროს პატარა დაზგა გავაკეთებინე, რომელიც რგოლის დახვევაში მეხმარება, მაგრამ 80 პროცენტს მაინც ხელით ვამუშავებ. რამდენიმე ტიპის ქსოვას ვფლობ, რაც უფრო მეტს ვქსოვ, უფრო მეტს ვსწავლობ. ეს ამოუწურავი სფეროა.

- საინტერესოა, ადრე, როდესაც ადამიანები მუდმივად ომებში ცხოვრობდნენ და ჯაჭვის პერანგებიც სულ სჭირდებოდათ, როგორ ახერხებდნენ ასეთი შრომატევადი და რთული სამუშაოს შესრულებას?

- ალბათ, შემოდგომიდან იწყებდნენ და გაზაფხულამდე ქსოვდნენ. ზამთარში ომები­ თითქმის არ იყო. ამ საქმეში ყველაზე რთული რგოლის შეერთების ტექნიკაა. ამას მიაქვს ყველაზე დიდი დრო. ძველად, რაც უფრო მსუბუქი იყო პერანგი, მით მეტად ფასობდა. ახლაც ასეა.

xrdilis-cveneba-1723402604.jpg

- პერანგის სიმძიმეს რა განსაზღვრავს?

- რგოლი, უფრო სწორად, თითოეული რგოლის შიდა დიამეტრი და სისქე. თუ რგოლის დიამეტრი დიდია, პერანგის მოსაქსოვად ნაკლები რგოლია საჭირო, ნაკლები რგოლით ნაქსოვი პერანგი კი უფრო მსუბუქია, მაგრამ შეიძლება უფრო სუსტიც იყოს. შეიძლება ჯაჭვის პერანგი ბევრი, მაგრამ თხელი რგოლებით იყოს მოქსოვილი, თანაც ისე მჭიდროდ, რომ მზის შუქიც ვერ ატანდეს. ლუარსაბ მეფის აბჯარი რომ ნახოთ, გაოცდებით, ძალიან წვრილად ნაქსოვი და ძალიან მსუბუქია, მზის სხივს კი არა, ლანდსაც ვერ დაინახავთ.

- ქალს შეუძლია ამის გაკეთება?

- როგორ არა. ძველად საქართველოში­ ქალს იარაღის მჭედლობა არ შეეძლო, მეტიც, სამჭედლოშიც, სადაც ქურა და გრდე­მლი იდგა, არ უნდა შესულიყო. სამჭედლოში შესვლის წინ ლოცვა უნდა გეთქვა, მუშაობის დროს ბილწსიტყვაობა დაუშვებელი იყო.

- დღეს გვყავს ჯაჭვის პერანგზე მომუშავე­ ქალები?

- ჩემი მეგობარი ნუცა - ოტია იოსელიანის რძალი. ერთად გავიზარდეთ. ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჯაჭვის პერანგის ქსოვა ვასწავლე. ჯაჭვის პერანგის შემდეგ ფოლადზე მუშაობაც დავიწყე, გავაკეთე ფარები, ქართული სამკლავეები, ჩაჩქანი, ახლა მუზარადსა და ბექთარზე ვმუშაობ. ბექთარი ფოლადის ფირფიტანარევი­ აბჯარია­ - ნაქსოვიც არის და ფოლადის ფირფიტებიც აქვს. სულხან-საბასაც აქვს მოხსენიებული ლექსიკონში. ჩემს კოლექ­ციაში თითოეულ ნივთთან სულიერ კავ­შირს ვგრძნობ. ზოგიერთს სახელიც კი დავარქვი, ზოგს წოდება მივანიჭე. სხვათა­ შორის, იარაღს სახელებს ჩვენი წინაპრებიც არქმევდნენ. ეს ძალიან ბუნებრივი დამოკიდებულებაა, ვისაც იარაღი უყვარს, მიხვდება, რასაც ვამბობ.

- და მათი გაჩუქება და გაყიდვა გიჭირთ.

- ჯაჭვის პერანგებზე მოთხოვნა გაიზარდა. გაყიდვაც მიწევს და გაჩუქებაც, მაგრამ ჩემს კოლექციაში არის ნამუშევრები, რომლებსაც ხელი არ დაედება.

- აბჯარზეა მოთხოვნა გაზრდილი თუ იარაღზე?

- მოთხოვნა ორივეზე დღითი დღე იზრდება. ქართველებს, განსაკუთრებით მამაკაცებს, იარაღი ძალიან უყვართ, იარაღის კოლექციას კი ისე არაფერი უხდება, როგორც აბჯარი.

- ამ საქმით საქართველოში ოჯახის რჩენა შესაძლებელია?

- პროფესიით მანუალური თერაპევტი, რეაბილიტოლოგი ვარ. მედიცინა და მეიარაღეობა ორი სხვადასხვა პროფესიაა, მაგრამ ორივე ჩემია. ჰობის დონეზე დაწყებული მცირე ბიზნესი შემოსავლის გაზრდაში კარგად მეხმარება. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ქსოვის პროცესი ჩემთვის თერაპიაა და არა საქმე. სამსახურიდან დაღლილი რომ მოვდივარ, ამით ვისვენებ, ძალის, ენერგიის აღდგენაში მეხმარება. ბევრჯერ ისე გავრთულვარ ქსოვაში, ვერც მივმხვდარვარ, ისე დამთენებია.

- იარაღსაც ჭედავთ?

- სამჭედლო არა მაქვს და ხანჯლებს­ ვერ გამოვჭედავ, დანები კი, რამდენიც გინდათ, მათრახებს ვწნავ, კაპარჭებს ვამზადებ, ხევსურული ფარებს ვაკეთებ. ხევსურებს სამნაირი ფარი ჰქონდათ - უბის, ტრადიციული ხევსურული და დელამფარი, რომელიც არც ერთ მუზეუმში არ არის დაცული. მისი რეკონსტრუქციაც გავაკეთე, ახლა კი სვანური ფარი და ქართული მუზარადი მინდა აღვადგინო.

- ოჯახი როგორ უყურებს თქვენს გატაცებას?

- ძალიან მოსწონთ. ღმერთს მადლობა, საცოლეც ისეთი შემხვდა, აბჯარ-იარაღის სიყვარული სისხლში აქვს, ხევსურია. მოსწონს ჩემი საქმე და გადაწყვიტა, რომ თავადაც ისწავლოს.

- თქვენი ნაკეთობებით უცხოელებიც თუ ინტერესდებიან?

- ძალიან მოსწონთ. იაპონიასა და საფრანგეთში ქართული ეთნოკუთხე წარვადგინეთ. საფრანგეთში მასშტაბური ღონისძიება არ იყო, ლევილში გაიმართა ფესტივალი და ბევრი ხალხი იყო, თუმცა, ვინც იყვნენ, ძალიან მოეწონათ. ტოკიოში კი სასწაული მოხდა - ჯერ ხრიდოლის საჩვენებელ გამოსვლაზე გაგიჟდნენ, მერე ჯაჭვის პერანგებზე. მასტერკლასების ჩატარებამაც კი მოგვიწია.

ხათუნა ბახტურიძე