„ძალიან დაგვაკლდება მთელ კოლექტივს ჩვენი მანანა ბებო“ - კვირის პალიტრა

„ძალიან დაგვაკლდება მთელ კოლექტივს ჩვენი მანანა ბებო“

მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მას არაერთი როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მანანა ბებოს როლით მოიპოვა. "კვირის პალიტრა" უსამძიმრებს საყვარელი მსახიობის ახლობლებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებს.

"მისი გამოჩენა გადასაღებ მოედანზე ყველას უხაროდა"

ქეთი ჩხეიძე, ჩცდ-ს მსახიობი: - ბევრი­ სასიამოვნო და საინტერესო წუთი მაქვს მასთან გატარებული. ჩვენ ურთიერთობის მრავალი წელი გვაკავშირებდა, როგორც შემოქმედებითი, ისე მეგობრობის. თვითონ დამიმეგობრდა პირველივე შეხვედრიდან, მე ვერ შევბედავდი. ჩამიხუტა­ და სულ ასე იყო. ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა:­ ვერ ვარ მთლად ისე, მე რომ მინდაო...­ მანამდე ვინახულე, ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ. თბილი, მოსიყვარულე­ ადამიანი­ გახლდათ, გულწრფელი და გულუბ­რყვილო. სულ სითბოს ასხივებდა, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ადამიანებს. ყველას ძალიან დაგვაკლდება. მისი წასვლა დიდი დანაკლისია იმ გარემოცვისთვის­, რაც ჩცდ-ში იყო. მედიკოს გარშემო იქმნე­ბოდა მხიარული ატმოსფერო. მისი გამოჩენა გადასაღებ მოედანზე ყველას უხაროდა.

„სულ მახსოვს წითელი მანიკიურებით, ლამაზი თითებით, წითელი თმითა და სიგარეტით"

ეკა მჟავანაძე, მსახიობი, ჩცდ-ს კასტინ­გმენეჯერი: - მედეა ლორთქიფანიძეს­ ბავშვობიდან ვიცნობდი. მამას მეგობარი და კოლეგა იყო. ორივე სახალხო თეატრში მოღვაწეობდნენ, რომელიც 60-70-იან წლებში შეიქმნა და ძალიან წარმატებული გახლდათ. ხშირად მოგზაურობდნენ, გაჰქონდათ სპექტაკლები... თვითონ ძალიან ხშირად იხსენებდა ხოლმე, ეკას დაბადება მახსოვსო... მე მესამე ქალიშვილი ვარ ოჯახში, მამა რეპეტიციაზე ყოფილა, დედა რომ წაუყვანიათ სამშობიაროში... მთელი ბავშვობა მაკავშირებს მედეასთან, შეხვედრები ჩვენს ოჯახში. მოხდენილი და გამორჩეული ქალი იყო ყოველთვის. მაშინ ასე თამამად არ ეწეოდნენ ქალები. მედიკო ბოლოსაც მწეველი იყო და ამის გამო სულ ვეჩხუბებოდი. სულ მახსოვს წითელი მანიკიურებით, ლამაზი თითებით, წითელი თმითა და სიგარეტით. გამორჩეული იყო თავისი იუმორით, ეს უნარი ასაკშიც არ დაუკარგავს, სულ ხუმრობდა თავის თავზე, რაც დიდი ნიჭია, ხან რას იგონებდა, ხან რას...

სერიალში შემთხვევით მოხვდა. როდესაც ყველა როლი განაწილდა და რამდენიმე დღეში გადაღება უნდა დაწყებულიყო, აღმოვაჩინეთ, რომ ბებია არ გვყავდა. ამიხსნეს, დაახლოებით როგორი უნდა ყოფილიყო მანანა ბებო. ბევრი ვინმე გავსინჯეთ, მაგრამ უშედეგოდ. შუაღამისას გამახსენდა მედიკო... მაშინვე დავურეკე რეჟისორს, მგონი ვიპოვე-მეთქი. მეორე დღეს მოვიძიე მისი ნომერი და მივიყვანე, დიდი ხნის უნახავი მყავდა... ძლივს ამოქოშინდა კიბეზე, ქოშინი სულ ჰქონდა. იქოთქოთა, რა გინდა, რას გადამეკიდე, სერიალში არასდროს მითამაშია, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს, სად შემიძლიაო... მერე, სერიალი რომ გამოვიდა, ბედნიერი და კმაყოფილი იყო. ძალიან პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი მსახიობი გახლდათ. მიხარია, რომ მეც მიმიძღვის მცირე წვლილი, მედიკო ბედნიერი რომ წავიდა ამ ქვეყნიდან. ჰყავს არაჩვეულებრივი შვილი, შვილიშვილები, სიძე....

ნიჭიერი ქალი იყო. წერდა ლექსებს. ძალიან დაფასებული წავიდა და ხალხის აღიარება და დიდი სიყვარული წაიყოლა თან. ყველა ცნობდა, ყველა ეფერებოდა.... ხსოვნა და ნათელი მის სულს.

"პირველი დღიდანვე მისი ზრუნვა არ მომკლებია"

ლევან ყოჩიაშვილი, მსახიობი: - ძალიან დამწყდა გული... სერიალში დედაჩემს თამაშობდა და პირველი დღიდანვე მისი ყურადღება და ზრუნვა არ მომკლებია. ბუნებით იყო ასეთი, თბილი, ყველას ბებია და დედა. "დედიკო, დედიკო", სერიალში რომ ამბობდა, მერე ცხოვრებაშიც ასე გადაჰქონდა და მიმართავდა ყველას. ერთხელ მისი მეუღლის, ჯემალის როლის შემსრულებელ ლეო ანთაძესაც დედიკოთი მიმართა და მერე ყველამ ბევრი ვიცინეთ ამაზე. ძალიან დაგვაკლდება მთელ კოლექტივს ჩვენი მანანა ბებო.

"თითქოს წაშლილი ჰქონდა ასაკობრივი ზღვარი, ყველა მედიკოს ვეძახდით მოფერებით"

მაკა ძაგანია, ჩცდ-ს მსახიობი: - ახლახან გავიგეთ მედეა ლორთქიფანიძის გარდაცვალების ამბავი და შოკის მომგვრელი იყო, ისე განვიცადეთ, საუბარი გვიჭირს. ტურში ვართ წამოსული მე, ანი ტყებუჩავა და ნინო გაჩეჩილაძე, ძალიან გვეტკინა გული. მედიკო თბილი და საყვარელი ადამიანი იყო. თითქოს წაშლილი ჰქონდა ასაკობრივი ზღვარი, ყველა მედიკოს ვეძახდით მოფერებით. მოგვენატრება ჩვენი მანანა ბებო.

"პატივცემული და აღიარებული წავიდა"

დავით კვირცხალია, მსახიობი: - დიდებული ქალბატონი იყო და ამშვენებდა იმ ყველაფერს, სადაც ტრიალებდა, სერიალში თავისი ადგილი ჰქონდა. პატივცემული და აღიარებული წავიდა. სამწუხაროა, რომ ჩვენ საერთო სცენა არ გვქონია...

"ჩვენი საერთო ბებია..."

ირაკლი საღინაძე, ჩცდ-ს პროდიუსერი: - მედეა ლორთქიფანიძე არაჩვეულებრივი ადამიანი გახლდათ, გუნდის სული და გული იყო ყველაფრით, ემოცი­ურობით, ჩვენ მიმართ სიყვარულით, ძალიან მხიარული ქალბატონი გახლდათ. ვწუხვარ, ჩვენთვის, ვინც წლებია ამ სერიალს ვქმნით, ჩვენი საერთო ბებია­ გარდაიცვალა, უდიდესი დანაკარგია ყველა მხრივ.

"ცხოვრებაშიც ისეთივე ქოთქოთა იყო"

ლია გუდაძე, მსახიობი: - მედეა გავიცანი "ჩემი ცოლის დაქალების" გადაღების დროს. თითქმის ერთდროულად გვქონდა ხოლმე ორივე ბებიას გადაღება. ძალიან თბილი და ყურადღებიანი, ოჯახზე გადამკვდარი ქალი იყო, ძალიან უყვარდა შვილიშვილები... ცხოვრებაშიც ისეთივე ქოთქოთა იყო, ფაქტობრივად, თავის თავს თამაშობდა სერიალში.