რუსების კარმა: ათეულ ათასობით რუსი ლტოლვილი - სამარცხვინო გაქცევა კურსკიდან, გაყურსული პუტინი და ქაოსი მოსკოვიდან 500 კილომეტრში - კვირის პალიტრა

რუსების კარმა: ათეულ ათასობით რუსი ლტოლვილი - სამარცხვინო გაქცევა კურსკიდან, გაყურსული პუტინი და ქაოსი მოსკოვიდან 500 კილომეტრში

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით - „რუსები ჰყვებიან, თუ როგორ პანიკურად გაიქცნენ უკრაინის არმიის შეტევის გამო: კრემლი სამარცხვინო მდგომარეობაშია, მის მორალურ სულს კიევმა დარტყმა მიაყენა“ (ავტორი - ჯეიმს კილნერი), ასახულია პანიკური მდგომარეობა, კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების შეჭრამ რომ გამოიწვია.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„რუსები, რომლებმაც საკუთარი სახლები მიატოვეს და თავს უშველეს, უკრაინის ჯარების შემოტევის გამო, ჰყვებიან, თუ როგორ გახდნენ იძულებულნი, გაქცეულიყვნენ, როცა ადგილობრივი ხელისუფლება დაემხო.

პანიკა და შიში სწრაფად გავრცელდა კურსკის ოლქის სამხრეთის რაიონებში, დაწყებული ექვსი აგვისტოდან, როცა კიევის რეგულარულმა ჯარებმა მეზობელი სახელმწიფოს საზღვარი გადალახეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. რუსეთზე ამგვარი თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არც ერთ სახელმწიფოს არ გაუბედავს.

„ჩვენ არ გვესმის, რატომ არ ამბობს ჩვენი მთავრობა სიმართლეს“, - ამბობს ერთ-ერთი კურსკელი ქალი, პროსამთავრობო გაზეთ „კომერსანტის“ ჟურნალისტთან საუბარში, - „ტელევიზორით სულ იმას ამბობენ, საგანგებო სიტუაცია გამოვაცხადეთო. რომელ საგანგებო სიტუაციაზეა ლაპარაკი, როცა უკრაინელებს ჩვენი ქალაქები ოკუპირებული აქვთ და ქუჩებში ამერიკული ტანკები დაგრიალებენ? ეს ხომ უკვე ნამდვილი ომია!“

უკრაინელმა სამხედროებმა, კვირას, 11 აპრილს, რამდენიმე ვიდეორგოლი გამოაქვეყნეს, რომლებშიც ასახულია, თუ როგორ ხსნიან ქალაქებში - რილსკსა და სუჯაში რუსეთის სახელმწიფოს დროშებს სამთავრობო შენობებიდან და მიწაზე ყრიან. ამით უკრაინელები კრემლს დასცინიან და ამცირებენ.

უკრაინელი ჯარისკაცები შეიჭრნენ კურსკის ოლქის მესამე რაიონულ ცენტრშიც - ქალაქ ბელოვშიც, რაც ადგილობრივმა ხელმძღვანელმა უკვე აღიარა.

უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეტევაში, რომლის შედეგად რუსეთის ტერიტორიის 600 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, ათასობით სამხედრო მოსამსახურე მონაწილობს. „მიზანი ისაა, რომ მოწინააღმდეგის პოზიციები გაიფანტოს, მაქსიმალური ზიანი მივაყენოთ, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე, სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით და რუსეთში დესტაბილიზაცია გამოვიწვიოთ“, - თქვა მან ანონიმურობის პირობის დაცვით.

ჩამოთვლილი სასაზღვრო ქალაქებიდან კურსკისკენ ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე გაიქცა - ავტომობილებით, ველოსიპედებით, მოტოციკლებით, მათ თან მხოლოდ სწრაფად აღებული ბარგი მიჰქონდათ. ბევრმა პირადი დოკუმენტების აღებაც კი ვერ მოასწრო.

ვიდეორგოლში, სადაც სუჯადან გამოქცეული საშუალო ასაკის მქონე ქალების ლაპარაკია ასახული, ბევრი ტირის გადატანილი საშინელების გამო და მკაცრად აკრიტიკებს ადგილობრივი ჩინოვნიკების მოქმედებას.

„ჩვენს მიწაზე ნატოს ტექნიკით შეიარაღებული უკრაინელები შემოიჭრნენ და რამდენიმე საათში მთელი ქალაქი ნანგრევებად აქციეს. ჩვენ დავკარგეთ კარ-მიდამო, დავკარგეთ სახლები. ცეცხლის ქვეშ გამოვიქეცით, ბევრმა დოკუმენტების აღებაც კი ვერ მოასწრო“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

ამ დროს ლაპარაკში ჩაერია იქვე მდგომი მამაკაცი, რომელმაც რუსი სამხედროები რუსეთის ტერიტორიის დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა: „ევაკუაცია ისეთი ქაოსური იყო, რომ ადამიანები ქვედა საცვლებით და მაისურებით გარბოდნენ, ბავშვები კი ჩვრებში გახვეულები მიჰყავდათ. ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა, როცა უკრაინელები მათ სოფელში შეიჭრნენ, იძულებულები გახდნენ, მდინარე გადაეცურათ.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლმა თავის პროპაგანდისტებს უბრძანა, შეემცირებინათ უკრაინის თავდასხმის მნიშვნელობა, ადამიანების შოკი და დაბნეულობა პროსამთავრობო მასმედიაშიც კი გაიჟონა. „ადგილობრივი მოსახლეობა ბედის ანაბარად იყო მიტოვებული. სატელეფონო ზარებს არავინ პასუხობდა. გზები დამსხვრეულ-აფეთქებული ავტომანქანებით იყო მოფენილი, დრონების თავდასხმის გამო. რა უნდა ექნათ მოხუცებსა და ინვალიდებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეეძლოთ? ქალაქებში აკლიათ სურსათი და სასმელი წყალი, არანაირი კომუნიკაცია და ინფრასტრუქტურა არ მუშაობს“, - ამბობს ერთ-ერთი მამაკაცი.

„მე მრცხვენია რუსეთის არმიის გამო, რომელიც კორუმპირებულია და სამშობლოს დაცვაზე არ ფიქრობს. მეგონა, რომ უკრაინელებს დავამარცხებდით, მაგრამ გამოდის, რომ ისინი გვამარცხებენ... ვინ ადგენს ასეთ გეგმებს? იქნებ ჯობდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევისაკენ კი არ გაგვეგზავნა, არამედ აქ დარჩენილიყვნენ და მოსახლეობა საიმედოდ დაეცვათ“, - ამბობს ერთ-ერთი ქალი.

უკრაინის არმიის თავდასხმამ კურსკის ოლქზე შოკური ტალღა გამოიწვია მთელ რუსეთში და ღრმად შეაღწია რუსეთის მმართველ სისტემაში. კრემლთან დაახლოებული პირების თქმით, ამ ფაქტმა „დიდი დარტყმა მიაყენა ვლადიმერ პუტინის რეპუტაციას და რუსეთის არმიის სარდლობას“. ასეთი განწყობების გაჩენით შეშფოთებულია კრემლი, რომელიც, ჩვეულებრივ, მკაცრ პროპაგანდისტულ კამპანიას ეწევა, რათა მოსახლეობის კარგი განწყობა და ომის მიმართ მხარდაჭერა შეინარჩუნოს.

როგორც იუწყებოდნენ, კურსკის ოლქში შეჭრა ჯარისთვის თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკის უბრძანებია, რაც სულ მალე თვითონაც დაადასტურა: „აგრესორზე ასეთი ზეწოლა აუცილებელია, მან უნდა იგრძნოს მთელი საშინელება“. ასეთმა პოზიციამ უკრაინელებს მნიშვნელოვნი მორალური ბიძგი მისცა.

უკრაინაში ადამიანები რუსეთის სამარცხვინო მდგომარეობაში ყოფნას ზეიმობენ და თავიანთ ჯარისკაცებს ქება-დიდებას უძღვნიან: „დაე, რუსებმა გაიგონ, როგორია საკუთარი წამლის გემო".

„ამერიკული ავიაგამანადგურებლების - F-16-ების მიღება და კურსკის ოლქში ძლევამოსილი შეჭრა მოსახლეობას სიხარულისა და პოზიტიური საუბრის საფუძველს აძლევს“, - უთხრა „დეილი ტელეგრაფის“ კორესპონდენტს კიევში ერთ-ერთმა წყარომ, - "ადამიანებს იმედი გაუჩნდათ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო