იაფფასიანი რუსული "ატომური ბლეფი" - საბურავების დაწვით ატომურ სადგურზე თავდასხმის ინსცენირება მოახდინეს: ვის აშინებს პუტინი?!
11 აგვისტოს, საღამოს, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ მთელ მსოფლიოს მოსდო ძალზე საგანგაშო ამბავი - უკრაინის მხარემ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შემდეგაც ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხე შეექმნაო...
მართლაც, რამდენიმე კმ-ის სიშორიდანაც ჩანდა ძლიერი ხანძრის შედეგად წარმოქმნილი შავი კვამლის სვეტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი გრადირნიადან ამოდიოდა...
ნებისმიერი სახის ხანძარი ატომურ ელექტოსადგურზე დიდი უბედურების მომასწავლებელია და ეტყობა, ბევრი შეაშინა იმ ფოტომ, რომელზეც ჩანს ორიდან ერთი გრადირნიიდან ამოსული შავი კვამლი, მაგრამ ეს... დიდი რუსული ფეიკი აღმოჩნდა!
არა, ცეცხლი და კვამლის სვეტი ნამდვილი იყო, უბრალოდ... გრადირნიაში წვა არაფერს შეუძლია, რადგან ის მხოლოდ რკინა-ბეტონისგან შედგება...
გრადირნია რკინა-ბეტონისგან აგებული ცილინდრული ფორმის კოშკურაა, რომელშიც ატომური რეაქტორების წყლით გაგრილების შემდეგ ორთქლი შედის, იქ ატმოსფერული ჰაერის ზემოქმედებით გრილდება და ისევ წყლის მდგომარეობაში ბრუნდება ანუ ვერც გრადირნიას რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და, მით უმეტეს - ვერც ორთქლი თუ წყალი ვერ დაიწვებოდა, რანაირი რაკეტა ან ბომბიც არ უნდა მოხვედროდა...
მაშინ რას გაუჩნდა ისეთი ცეცხლი, რომ ძლიერი ხანძრის კერა კარგად მოჩანდა გრადირნიის ძირში, ხოლო კოშკის ზემოდან შავი კვამლის სვეტი ამოდიოდა?
ნახმარ საბურავებს... იმ საბურავებს, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა სპეციალურად მიზიდეს ამ გრადირნიის ძირში და ცეცხლი წაუკიდეს იმისთვის, რომ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უკრაინული რაკეტის თავდასხმის ინსცენირება მოეხდინათ...
ამის ინსცენირება კი იმიტომ დასჭირდათ კრემლის სპეცსამსახურებსა და პროპაგანდისტებს, რომ დასავლეთი კიდევ ერთხელ შეეშინებინათ - ხედავთ, უკრაინელები თავის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს არ ინდობენ და რას უზამენ რუსულ კურსკის ატომურ ელექტროსადგურს, თუკი მას მიუახლოვდნენ, ამიტომაც ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან კატეგორიულად მოსთხოვეთ კიევს, რომ კურსკის ოლქიდან სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი ჯარიო...
ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია ნაწილობრივ წამოეგო ამ იაფფასიან რუსულ „ატომურ ბლეფს“ და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფმა მისმა დამკვირვებლებმა გრადირნიაში ხანძრის გაჩენამდე თითქოს აფეთქებების ხმებიც დააფიქსირეს - რუსეთის საოკუაპციო ძალებს,რომელმაც ნახევარი უკრაინა გადაბუგა, გაუჭირდებოდა რამდენიმე კონტროლირებადი აფეთქების მოწყობა?