"მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები..." - რა განცხადებას ავრცელებს კახა კალაძე
მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ავარიული ბაღების დემონტაჟის შემდეგ ვისმენდით, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მათ შორის, მსგავსი კამპანიები იყო სწორედ 50-ე და 28-ე ბაღებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, როგორც ახალი ბაღების მშენებლობას, ისე ძველი შენობების განახლების პროექტებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ბავშვთა უსაფრთხოება საბავშვო ბაღებში ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და ამოცანაა.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ რამდენიმე დღის წინ სამი მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო, რაზეც მინდა უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მოგეხსენებათ, ბავშვთა უსაფრთხოება საბავშვო ბაღებში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება და ამოცანაა. ამ მიზნით, გასულ წლებში ეტაპობრივად განხორციელდა ათზე მეტი შენობის დემონტაჟი ან ჩატარდა კაპიტალური გამაგრება/რეკონსტრუქცია. ასეთი ბაღების ერთი ნაწილი უკვე შევიდა ექსპლუატაციაში, ნაწილი ახალი სააღმზრდელო წლიდან მიიღებს აღსაზრდელებს, დღეს კი მინდა სამი ასეთი სიახლე გაგაცნოთ:
გლდანის რაიონში, ე.წ. ზაჰესის დასახლებაში უკვე დაიწყო თბილისის N50 საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობა. ეს ბაღი რამდენჯერმე იყო მანამდე გამაგრებული, მაგრამ მდგომარეობა კვლავ სავალალო რჩებოდა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა მისი დემონტაჟი. აღსანიშნავია, რომ ბაღს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ის იჯარით, ალტერნატიულ ფართში არის განთავსებული. მომავალი წლის ბოლოსკენ კი ზაჰესის მცხოვრებლებს უკვე ახალ, თანამედროვე ბაღში შეეძლებათ პატარების მიყვანა. პროექტის ღირებულება 5 454 087 ლარია.
იგივე შეიძლება ითქვას სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთ მრავალჯგუფიან, N28 საბავშვო ბაღზე. მისი დემონტაჟიც ავარიულობის გამო განხორციელდა და რამდენიმე დღის წინ უკვე ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ღირებულება 7 552 545 ლარია.
ასევე, დავიწყეთ ისნის რაიონში მდებარე N37 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციის პროექტი. ბაღის შენობის ერთ ფლიგელს დაემატება სართული და შესაბამისად, გაიზრდება ჯგუფების რაოდენობა. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რასაც აქამდე სრულად ვერ აკმაყოფილებდა. პროექტის დასრულება მომავალი წლის ბოლომდე იგეგმება და მისი ღირებულება 3 182 588 ლარია.
აქვე მინდა, განვმარტო და დავასრულო პოლიტიკური სპეკულაციები, რასაც ავარიული ბაღების დემონტაჟის შემდეგ ვისმენდით, თითქოს, ამა თუ იმ ბაღის ადგილას კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მათ შორის, მსგავსი კამპანიები იყო სწორედ 50-ე და 28-ე ბაღებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს სრული სიცრუეა. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ, როგორც ახალი ბაღების მშენებლობას, ისე ძველი შენობების განახლების პროექტებს“,- აღნიშნა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"