12 აგვისტოს "ისკანდერით“ გორს დაარტყეს, ახლა 12 აგვისტოს იმავე "ისკანდერებით“ საკუთარ კურსკს ბომბავენ... - კვირის პალიტრა

12 აგვისტოს "ისკანდერით“ გორს დაარტყეს, ახლა 12 აგვისტოს იმავე "ისკანდერებით“ საკუთარ კურსკს ბომბავენ...

ისტორია უცნაური რამ არის, რომელსაც ერთგვარი გამეორება და პარალელების გატარება ახასიათებს... 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ბოლო დღეს, როდესაც ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი უკვე გარკვეული იყო, რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთ ოსეთის მხრიდან გამოუშვეს ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექსის "ისკანდერ-მ"-ის 3,7 ტონიანი აერობალისტიკური რაკეტა, რომლის კასეტური ქობინის 54 მსხვრევადი საბრძოლო ელემენტი ქალაქ გორის ცენტრალური მოედნის თავზე აფეთქდა, რის შედეგად დაიღუპა 12 და დაიჭრა 29 მშვიდობიანი მოქალაქე. ეს იყო რუსული „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობა (იმავე დანადგარიდან გამოშვებული კიდევ ერთი "ისკანდერის" რაკეტა ვაზიანის მიდამოებში აფეთქდა), რომელიც რუსეთის გენშტაბმა მაშინ სწორედ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა. მას შემდეგ მოსკოვის ბრძანებით "ისკანდერის" რაკეტებს რუსი სამხედროები იყენებდნენ, როგორც სირიაში ისე უკრაინაში - არ დარჩა მსხვილი უკრაინული ქალაქი, რომლის მოსახლებასაც არ გამოეცადოს რუსული „ისკანდერის“ 480 კგ-იანი საბრძოლო ქობინების აფეთქებებისგან მიღებული სიმწარე...

2-k-2-1723489552.jpg
დღეს, "ისკანდერის" ასეთივე ფრაგმენტებს უკვე კურსკის ოლქის მაცხოვრებლები პოულობენ თავიანთ ქუჩებში და ეზოებში...

და ყველაფერი ამის შემდეგ დგება მომენტი, რომელსაც 16 წლის წინ, „ისკანდერით“ დაბომბილი გორელები ვერც კი წარმოიდგენდნენ და ინატრებდნენ-ასეთივე „ისკანდერები“ეცემა... თავად რუსეთის კურსკის ოლქში... იმის გამო, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა უკრაინული არმიის შურის მაძიებელი შეტევების დროული აღკვეთა კურსკის ოლქში, რუსეთის გენშტაბმა საკუთარი დასახლებული პუნქტების მიმართულებით კურსკის ოლქში უკვე გაუშვა „ისკანდერის“ რამდენიმე აერობალისტიკური რაკეტა, იმის იმედით, რომ რამენაირად შეეჩერებინა უკრაინული მობილური ჯავშანჯგუფების სწრაფი შეტევები კურსკის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე... მაგრამ, „ისკანდერების“ რაკეტები მხოლოდ სტაციონალური ანუ უძრავი სამიზნეების გასანადგურებლადაა განკუთვნილი, ასე, რომ კურსკის ოლქის სოფლებთან აფეთქებულმა „ისკანდერებმა“ უფრო მეტი ისევ ადგილობრივ რუს მოსახლეობას დაუშავეს, ვიდრე უკრაინის არმიის სწრაფად მოძრავ შეჯავშნულ „ჰამვებსა“ თუ „სტრაიკერებს“...

3-k-2-1723489498.jpg
რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ (ზღვის ფსკერიდან ამოღების შემდეგ), რომელიც 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში სწავლების დროს ტორპედოს გაშვების მცდელობისას აფეთქდა და ჩაიძირა, რასაც მისი ეკიპაჟის 118-ივე წევრის სიცოცხლე შეეწირა, რომელთა ნაწილის გადარჩენა ალბათ შეიძლებოდა, თუკი რუსეთის ახალი პრეზიდენტი პუტინი დროულად სთხოვდა დახმარებას ნატოს წყალქვეშა მაშველებს...

P.S. „ის ჩაიძირა“-სწორედ ასეთი ცინიკური კომენტარი გააკეთა 2000 წლის 12 აგვისტოს რუსეთის ახალგაზრდა პრეზიდენტმა პუტინმა, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა დაემართა ბარენცის ზღვაში გაუჩინარებულ რუსულ ატომურ წყალქვეშა ნავს „კურსკს“...მას შემდეგ 24 წელი გავიდა და როდესაც დღეს, 2024 წლის 12აგვისტოს, უკვე არაახალგაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, იმავე პუტინს კითხვა დაუსვეს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, მისი პასუხი არანაკლები ცინიზმით გამოირჩეოდა-უკრაინა თავს დაესხა რუსეთის ტერიტორიასო...თითქოს თავად რუსეთი 2014 წლიდან არ ახორციელებდეს ჯერ შეფარულ, ხოლო 2022 წლიდან კი ღია ოკუპაციას უკრაინის წინააღმდეგ...