"ახლა შეყვარებული ვარ. ყველა ქალისთვის სასიამოვნოა, როცა მამაკაცი შენთვის იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ შენ გვერდით იყოს" - კვირის პალიტრა

"ახლა შეყვარებული ვარ. ყველა ქალისთვის სასიამოვნოა, როცა მამაკაცი შენთვის იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ შენ გვერდით იყოს"

"თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს.

კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას მარტივად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა. სანდო მეგობარია. მატერიალისტია, ფულის მომტან გეგმებს ხშირად ადგენს. ზუსტად იცის, როგორ გამობერტყოს ოქრო სხვისი ქისიდან", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ კუროს, ეს კი მომღერალ მარიამ შენგელიას ზოდიაქოს ნიშანია.

- მარიამ, ცხენის წელში დაბადებული კურო ხარ. ასტროლოგიით რამდენად ინტერესდები?

- ვერ ვიტყვი, რომ ასტროლოგიაში კარგად ვერკვევი, მაგრამ ამ სფეროსადმი ინტერესი ნამდვილად მაქვს. მქონდა პერიოდი, როდესაც ყოველდღიურ პროგნოზსაც კი აქტიურად ვეცნობოდი. დღის განმავლობაში რაღაც კარგად თუ ვერ მიდიოდა, ამ დროსაც ინტერნეტში შევდიოდი და პროგნოზს ვკითხულობდი.

- "განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქათინაურების მიმართ. უთხარით უმნიშვნელო კომპლიმენტი და მისი გული მოგებული გექნებათ".

- კომპლიმენტის მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მთლად ასეც არ არის, როგორც ასტროლოგები ამბობენ. უზომოდ ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ როგორი ქათინაურიც უნდა მოვისმინო, მხოლოდ ამით ჩემი გულის მოგება შეუძლებელია, მიამიტი არ ვარ.

- ფეთქებადი ხარ?

- ძალიან.

- "ტემპერამენტიანი და ფეთქებადი ცხენი კონფლიქტურ სიტუაციაში წონასწორობას მარტივად კარგავს, მაგრამ მისი რისხვა ხანმოკლეა".

- ასეა. მქონდა მომენტები, როდესაც ადამიანზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მეგონა, მას ამ წყენას ვერასდროს ვაპატიებდი, მაგრამ ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩი, მშვენივრად დავამშვიდე და მერე ის ამბავიც დამავიწყდა. მართალია, ფეთქებადობა ხასიათში მაქვს, მაგრამ მერე მიზეზი მარტივად მავიწყდება, ამ მხრივ საკუთარ თავზე ვმუშაობ.

- "სიცოცხლით სავსე და მხიარული ცხენი ყველა მეგობრული შეკრების თუ წვეულების მთავარი მოქმედი გმირია".

- ასეა. იქ, სადაც ჩემზე არ ლაპარაკობენ, ჩემი მეგობარი ნუცა თოფურია ხუმრობს ხოლმე, დავახასიათოთ მარიამი რამდენიმე სიტყვით (იცინის).

- გამოდის, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა ძალიან მოგწონს.

- ეს ჩემი საქმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ძალიან მიყვარს.

- როდესაც ამჩნევ, ჩრდილში ექცევი, შენი სახელის გარშემო ხმაურის ასატეხად, ყურადღების მისაქცევად, სპეციალურად რამე გაგიკეთებია?

- არა, მსგავსი მეთოდისთვის არასდროს მიმიმართავს. ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში თავისით მოვიდა. ალბათ დავიმსახურე ის, რაც მაქვს. პოპულარობისთვის არასდროს არანაირი ნაბიჯები არ გადამიდგამს, მე ვშრომობდი და ყველაფერი ამ ფორმით თავისით დალაგდა. ხალხისგან სულ ვგრძნობ დიდ სიყვარულს. არ არსებობს ქუჩაში ისე გავიდე, ერთი კომპლიმენტი და თბილი სიტყვა მაინც არ მივიღო სრულიად უცნობი ადამიანებისგან, ეს სასიამოვნოა. ხელოვნურად შექმნილი პოპულარობა არაფერში მჭირდება.

- სანდო მეგობარი ხარ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სანდო ვარ. ჩემს თავს, როგორც მეგობარს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნუცასთან გამოვცდი ხოლმე. ნუცაც იგივენაირი მეგობარია ჩემთვის, როგორც მე - მისთვის. ბოლო დღეებია ვფიქრობ, მგონი, ჩვენ უკვე მეგობრებიც აღარ გვქვია. ერთმანეთის აბსოლუტურად უსიტყვოდ გვესმის, ჩვენი ურთიერთობა უკვე სიტყვის - "მეგობარი" მნიშვნელობაზე მაღლაც დგას.

- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, ხშირად უყვარს დროის მარტო გატარება".

- ნამდვილად ასეა. დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, ვიღებ თავისუფალ დღეს, როცა შეიძლება სადმე მარტოც წავიდე, ეს განსატვირთად მჭირდება. საკუთარი სივრცის არსებობა აუცილებელია.

- რამდენად დამოუკიდებელი ხარ?

- ემოციურად ნაკლებად ვარ დამოუკიდებელი, მაინც ვიღაცებზე გახლავართ მიჯაჭვული, მაგრამ ფინანსურად და გადაწყვეტილებების მიღებაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ.

- ასტროლოგები ამბობენ: "ცხენი ხარბი და ქედმაღალია". ამ მანკიერებებში საკუთარი თავი გამოგიჭერია?

- არა და ამაში დამეთანხმება ყველა, ვინც კარგად მიცნობს. ხანდახან საჭიროც კი ყოფილა, ქედმაღლობა გამომეჩინა და ვერ შევძელი.

- რა შემთხვევაშია ქედმაღლობა საჭირო?

- კონკრეტული სიტუაცია არ მახსენდება, მაგრამ მქონია განცდა, ქედმაღლობა რომ გამომეჩინა, კარგი იქნებოდა.

- როცა შეყვარებული ხარ, შენში რა იცვლება?

- აბსოლუტურად ყველაფერი. თავს ბევრად ბედნიერად ვგრძნობ და ყველაფერს უკეთესად ვაკეთებ.

- დათმობებზე წასვლა შეგიძლია?

- ამის გარეშე ურთიერთობა არ არსებობს, თუმცა აქაც არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს.

- "სასურველ მამაკაცს დევნას არასდროს დაუწყებს. მას ურჩევნია მოხიბლოს თავის რჩეული და აიძულოს, თვითონ ელტვოდეს". ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები გადაგიდგამს?

- ვთვლი, რომ ეს პრობლემა არ უნდა იყოს ადამიანისთვის. ახლა შეყვარებული ვარ. შეიძლება ჩვენი ურთიერთობის დასაწყისში პირველი ნაბიჯები მეც გადამიდგამს. რა თქმა უნდა, ყველა ქალისთვის სასიამოვნოა, როცა მამაკაცი შენთვის იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ შენ გვერდით იყოს.

- რამდენად ინტერესდები, რომელია შენი მეწყვილის ზოდიაქოს ნიშანი?

- ეს გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა საგულისხმოა. მეგობრულ ურთიერთობაშიც მნიშვნელოვანია ზოდიაქოს ნიშანი. არ არსებობს, რამდენიმე ადამიანი შევიკრიბოთ და ეს თემა არ განვიხილოთ.

- შენი შეყვარებულის ნიშანი რომელია?

- თხის რქა.

- მასზე საჯაროდ არ ლაპარაკობ?

- მხოლოდ იმის გამო, რომ არ მინდა, თავად მას შევუქმნა დისკომფორტი.

- ფეხბურთელია?

- არა, მაგრამ სპორტსმენია.

- ახლახან გიორგი მამარდაშვილის ქორწილში იმღერე, ამ წვეულებაზე რა სტატუსით იყავი?

- ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, გიორგი ახლა გავიცანი, ჩვენი ბენდი იყო ქორწილში მიწვეული. ბენდის წევრები დიდი ქომაგები არიან, მე კი ფეხბურთის ყურება ნაკრების ბიჭებმა დამაწყებინეს. ძალიან კარგი საღამო იყო, ემოციური, ყველა გაერთო.

- როგორი ადამიანია გიორგი, რა შთაბეჭდილება დატოვა?

- ძალიან უშუალო და თავმდაბალი. თან, მაგ დღეს გახდა ცნობილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა. გასაკვირია, რომ მის სიმაღლეზე ასული მისნაირი თავმდაბალია.

- ნაკრების წევრებიდან ვინ ესწრებოდა?

- ბიჭები არ იყვნენ, ეს ქორწილი ოჯახურ გარემოში იყო.

- ინტერვიუს თემას დავუბრუნდეთ... როგორი გაბრაზება იცი?

- ასტროლოგები რას ამბობენ?

- "თუ გაბრაზდა, უფრთხილდით, მისი განრისხება საშინელებაა, სტიქიასავით დაუნდობელია და ყველაფერ გზად შემხვედრს ანადგურებს".

- უეცარი აფეთქება ვიცი, მერე საკუთარ თავს თავად ვიწყნარებ, ჩემში ყველაფერს ვალაგებ. რაც მთავარია, უსამართლო არ ვარ.

- ემოციის გამოშვების შემდეგ თავისუფლდები?

- დიახ, ყველაზე მეტად დამშვიდებაში ეს მეხმარება.

- "ყოველგვარ უსიამოვნებას ვაჟკაცურად ხვდება, დასახული მიზნისკენ მტკიცედ მიიწევს".

- მართალია, მე თუ მინდა, მიზანი თუ ძალიან ძვირფასია, ყველაფრის გაკეთება შემიძლია, არ დავიღლები, უკან არ დავიხევ.

- "ბევრი ცხენი ხშირად არაკეთილსინდისიერი მეთოდით თამაშსაც არ ერიდება".

- არასდროს, მსგავსი რამ არ დამჭირვებია. რასაც ვაკეთებ, კეთილსინდისიერად. არასწორი ნაბიჯი რომ გადავდგა, ეს პირველ რიგში, მე შემაწუხებს, ამიტომ ასე არასდროს მოვიქცევი.

- რა დროს ჯიუტდები?

- ჯიუტი ვარ, ამაში ორი აზრი არ არსებობს. სიტუაციას გააჩნია, შეიძლება ვიცოდე, მართალი არ ვარ, მაგრამ მაინც ჩემსას "ვაჭერ".

- "მატერიალისტია, ფულის მომტან გეგმებს ხშირად ადგენს".

- როცა შენი შრომის ფასი იცი, მერე უფრო და უფრო მეტი გინდა. მატერიალური გეგმების დასახვაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. უზრუნველი ცხოვრება ყველას უნდა.

- "კურომ ზუსტად იცის, როგორ გამობერტყოს ოქრო სხვისი ქისიდან".

- ეს ჩემი თვისება არ არის. სხვის ქისას არასდროს შევხებივარ.

- საკუთარ თავს სურვილების ასრულებაზე უარს არასდროს ეუბნები?

- არასდროს და მადლობა ღმერთს, ამის შესაძლებლობა მაქვს.

- რისკზე თამამად მიდიხარ?

- გადაწყვეტილებებს ვიღებ, მაგრამ როცა აზრს იმ ადამიანებს ვეკითხები, ვისთანაც ემოციური მიჯაჭვულობა მაქვს და მეუბნებიან: მიდი, აბა, რაო, ამ შემთხვევაში შემიძლია რისკზე უდიდესი ენერგიით წავიდე. ჩემს სფეროში, საქმიანობაში კი აბსოლუტურად თამამი ვარ. სიფრთხილეს უფრო ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ვიჩენ.

- "ძალიან იტანჯება, თუ მისთვის არავის სცალია".

- მართალია. დღის განმავლობაში, როცა მე თავისუფალი დრო მაქვს, ახლობლებს ვურეკავ და მათ არ სცალიათ, ცუდად ვხდები.

- "ლიდერობაზე პრეტენზია არასდროს აქვს".

- მე ჩემი ადგილი მაქვს სამყაროში და ლიდერობაზე პრეტენზიას არ გამოვთქვამ.

- "მთელი ცხოვრება საკუთარ სისუსტეებს ებრძვის".

- 22 წლის მარიამი ისეთი მიყვარს, როგორიც არის, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით.

- "მისთვის პანიკის მომგვრელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება მარტო დარჩეს".

- ყველაზე მეტად ამის მეშინია.

- "მისი ოპტიმიზმი ზოგჯერ მოჩვენებითია".

- კი, ასეა. ზოგჯერ ძალიან დაღლილიც ვარ და უხასიათო, მაგრამ ვალდებული, ბედნიერად გამოვიყურებოდე. სცენაზე ასვლამდე ცუდად ვხდები, ისე არ მინდა ვიმღერო, მაგრამ აუცილებელია და ავდივარ, პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.

- "მისი ინტუიცია უტყუარია".

- თუ ვთქვი, ასე იქნება, ე.ი. ზუსტად ისე იქნება. ახლო მეგობრებს ჩემი წინასწარმეტყველების ეშინიათ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"