"4 შვილი ჰყავდათ, დაღუპული ტყუპი იყო, ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ხანძარზე, რომელმაც ზუგდიდში ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი ბავშვი ემსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დედა ოთხ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
მათივე თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, სოციალურად დაუცველი მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა.
„ყველაფერი კვამლში იყო გახვეული. აღნიშნული ოჯახი აქ ქირით ცხოვრობდა. მათთან კონტაქტი არც მქონია. ოთხი შვილი ჰყავდათ, მაგრამ ცეცხლის გაჩენის დროს ბავშვები ბინაში მარტო იყვნენ. ამბობენ, დედა ხშირად ტოვებდა შვილებს მარტოო, მაგრამ მასაც რა ექნა, ხომ უნდა ემუშავა, რომ ბავშვები დაეპურებინა?! უფროსმა ბავშვებმა ხანძარს თავი დააღწიეს, თუმცა დაზიანებები აქვთ მიღებული და ორივე კლინიკაშია მოთავსებული. დაღუპულები ტყუპები იყვნენ. როგორც ვიცით, ბავშვები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვის წინ სოციალურმა სააგენტომ დედას დაუბრუნა. უფროსი გოგო ძალიან ჭკვიანია და პატარებს დედის არყოფნის დროს, ის აქცევდა ყურადღებას“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
ზუგდიდში, გვიან ღამით ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს ტყუპი ძმები ემსხვერპლა, ორი ბავშვი კი, კლინიკაშია მოთავსებული.
IPN
იხილეთ ასევე - "შვილებს ვფიცავარ, თხილზე ვიყავით სამუშაოდ წასული, აქაა ჩემი მეუღლეც" - რას ამბობს დაღუპული ტყუპის დედა...