„კარგი, ცუდი და „ბოროტი“ პარიზის ოლიმპიადაზე“ - ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღონისძიება, რომლის დავიწყება შეუძლებელია - კვირის პალიტრა

„კარგი, ცუდი და „ბოროტი“ პარიზის ოლიმპიადაზე“ - ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ღონისძიება, რომლის დავიწყება შეუძლებელია

„პარიზის ზაფხულის XXXIII (33-ე) ოლიმპიური თამაშები დასრულდა - 11 აგვისტოს მისი დახურვის ცერემონია გაიმართა. მომდევნო ოლიმპიადა ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება აშშ-ში, კალიფორნიის შტატის უდიდეს ქალაქ ლოს-ანჟელესში. როგორი იქნება ამერიკული ოლიმპიური თამაშები, ჯერჯერობით ამის თქმა ძნელია, მაგრამ ერთი რამ უკვე ნათელია - პარიზულ ოლიმპიადაზე იმდენი სკანდალი და ინციდენტი მოხდა, იმდენი დავა-დისკუსია იყო, რომ მისი დავიწყება შეუძლებელია“, - ნათქვამია ბრიტანული ჟურნალის, „სფექტეიტორის“ (The Spectator) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „კარგი, ცუდი და „ბოროტი“ პარიზის ოლიმპიადაზე“ (ავტორი - ჯავად იქბალი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პარიზის Stade de France-ის სტადიონზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონიალის დროს ამერიკელი კინოვარსკვლავი ტომ კრუზი სტადიონის სახურავიდან თოკით ჩამოეშვა ანუ ისეთი სტილით, როგორც ფილმ „მისია შეუსრულებელიაში“. ეს ნიშნავდა იმას, რომ ოლიმპიური თამაშების ესტაფეტა ლოს-ანჯელესს გადაეცა - ჰოლივუდის სამშობლოს. კაცმა რომ თქვას, ასეთი ნაბიჯი დრამატულიც იყო და იმავდროულად - საკმაოდ სულელურიც, რაც სრულიად შეესაბამება აწ უკვე ისტორიად ქცეულ პარიზის ოლიმპიადას.

პარიზის თამაშები ყველაზე დასამახსოვრებელი და სადავო გახდა ოლიმპიური თამაშების მთელი ისტორიის განმავლობაში. ყველაფერი ჯერ კიდევ ოლიმპიადის გახსნიდან დაიწყო, რომელმაც კრიტიკის დიდი ტალღის პროვოცირება მოახდინა - უპირველეს ყოვლისა, ბანკეტის ეპიზოდის გამო, რომელიც ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ პაროდიას წარმოადგენდა - მაგიდასთან ტრანსვესტიტები ისხდნენ, ხოლო ცენტრალური ფიგურა, ბერძნული მითების მიხედვით, ღვინის ღმერთი დიონისე იყო. ამ სცენამ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც მომხდარი ფაქტი დაგმეს, ხოლო საფრანგეთის კათოლიკურმა ეკლესიამ ინციდენტი შეაფასა, როგორც „ქრისტიანობის მასხრად აგდებად და დაცინვად“.

თუმცა, ყველაზე ხმაურიანი დავა ქალთა კრივის რინგზე ატყდა: ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ალჟირისა და ტაივანის წარმომადგენლები და სწორედ მათი მონაწილეობის გამო არ წყდებოდა კამათი მთელი ტურნირის განმავლობაში. ისინი ხომ კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) გადაწყვეტილებით, დისკვალიფიცირებულნი უნდა ყოფილიყვნენ ქალთა ჩემპიონატებში მონაწილეობისაგან - გენდერული ტესტებით გამოვლენილი დარღვევების გამო.

მიუხედავად ამისა, ოლიმპიურ ჩინოვნიკებს, IBA-ს გადაწყვეტილება, უბრალოდ, აინუნშიც არ ჩაუგდიათ და ზემოთ ხსენებული სპორტსმენები ოლიმპიურ შეჯიბრზე დაუშვეს. მაყურებელს ძნელად დაავიწყდება ალჟირელ იმან ჰელიფისა და იტალიელ ანჟელა კარინის შეხვედრა რინგზე, როცა იმანმა ძლიერი დარტყმებით ანჟელა 45 წამში დაამარცხა. იტალიელი ტიროდა და ამბობდა, რომ ასეთი ძლიერი დარტყმა ქალისაგან არასოდეს განუცდია.

სკანდალი მოხდა ოლიმპიადის მთავარ შეჯიბრზე - 100 მეტრზე რბენაში მამაკაცებს შორის. ამერიკელმა სპრინტერმა ნოა ლაილზმა ოქრო მოიპოვა მხოლოდ წამის ოთხი მეასედის სხვაობით, რაც დავა-კამათის მიზეზი გახდა: წესების თანახმად, გამარჯვებულად ითვლება ის სპრინტერი, რომლის ტორსი ფინიშს პირველი მიაღწევს. დავა კი იმის გამო ატყდა, რომ ამერიკელმა მკერდი სპეციალურად წინ გამოსწია. სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, ვიდეოკადრები მოწმობენ, რომ ფინიში პირველს ნოა ლაილზს არ გადაულახავს.

ხმაურიანი გამოდგა შეჯიბრი სიმაღლეზე ხტომაში, მამაკაცებს შორის: ამერიკელ შელბი მაკიუენსა და ახალზელანდიელ ჰემიშ კერის შორის, რომლებმაც უარი განაცხადეს ოქროს მედლის თანაბრად გაყოფაზე. ამის ნაცვლად მათ მოცდა გადაწყვიტეს მანამდე, სანამ პირველი-მეორე ადგილების ბედი გაირკვეოდა. საბოლოო ჯამში, წაგებული აღმოჩნდა ამერიკელი, რის გამოც მის მხარდამჭერებს შორის სოციალურ ქსელებში დიდი შეხლა-შემოხლა ატყდა. არადა, ხსენებული გადაწყვეტილება ორივე სპორტსმენმა ნებაყოფლობით მიიღო.

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ტრიატლონიც, რომლის ერთი ნაწილი - ცურვა მდინარე სენაზე განხორციელდა. ფრანგული სპორტის მესვეურებისა და პარიზის მერის მტკიცებით, მდინარეში წყალი სუფთა უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი - ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებით სავსე აღმოჩნდა, ზოგიერთ სპორტსმენს პირღებინება დაემართა, რამდენიმე კი შეჯიბრებას საერთოდ გამოეთიშა. არაფერს ვიტყვით ოლიმპიური სოფლის არასახარბიელო მდგომარეობაზე, სადაც ოთახებში რწყილები და ბაღლინჯოები ფუთფუთებდნენ...

რაც შეეხება აღებული მედლების საერთო რაოდენობას, ისე მოხდა, როგორც პარიზის ოლიმპიური თამაშებს უწინასწარმეტყველებდნენ: ამ მხრივ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ორივე სახელმწიფოს გუნდმა 40-40 ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ წინ მაინც აშშ აღმოჩნდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მეტი რაოდენობით.

მომდევნო საზაფხულო ოლიმპიური თამაშები აშშ-ში - ლოს-ანჟელესში გაიმართება. კალიფორნიის შტატის უმსხვილესი ქალაქი ადრეც მასპინძლობდა ოლიმპიადას - 1932 და 1984 წლებში. 1984 წლის ზაფხულის თამაშები პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გახსნა, თუმცა ცივი ომისდროინდელი პოლიტიკური დაძაბულობის გამო, მასში მონაწილეობა სსრ კავშირს და სოციალისტური ქვეყნების უმრავლესობას არ მიუღია (ისევე, როგორც დასავლეთმა არ მიიღო მონაწილეობა 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში). როგორ ჩაივლის 2028 წლის ოლიმპიადა, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ პარიზის ოლიმპიადამ ბევრს თავი სკანდალებით დაამახსოვრა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო