პრემიერ-მინისტრმა დედამთილმა რძალი სახლიდან გააგდო, რომელმაც ოპოზიციური პარტია დააარსა - ნამდვილი ამბავი, რომელსაც სერიალებშიც კი ვერ ნახავთ - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრმა დედამთილმა რძალი სახლიდან გააგდო, რომელმაც ოპოზიციური პარტია დააარსა - ნამდვილი ამბავი, რომელსაც სერიალებშიც კი ვერ ნახავთ

ინდოეთი გასაოცარი კონტრასტების ქვეყანაა. ერთი ცის ქვეშ ცხოვრობენ წვიმის შემდეგ სოკოებივით მომრავლებული მილიარდელები და ენით აღუწერელ სიღატაკეში მყოფი მილიონობით ადამიანი; ასევე, მკაცრ პატრიარქალურ სოციალურ სისტემას დამორჩილებული მილიონობით უუფლებო ქალი და ძალზე პოპულარული ქალი-პოლიტიკოსები.

აქ უპირველესად გასახსენებელია "აღმოსავლეთის პირველ განთავისუფლებულ ქალად" წოდებული და საკუთარ სამშობლოში თითქმის გაღმერთებული ინდირა განდი, რომლის ტრადიციასაც დღეს მისი რძლები: სონია განდი (რაჯივ განდის ქვრივი) და მანეკა განდი (სანჯაი განდის ქვრივი) აგრძელებენ. დაპირისპირებულ პოლიტიკურ პარტიებში მოღვაწე ხნოვანი ქალბატონები - სონია და მანეკა, ძალზე აქტიურად არიან ჩართულნი ინდოეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამჟამად ამ ქვეყანაში მიმდინარე საკმაოდ რთული შიდაპოლიტიკური პროცესების დასაწყისი შორეული 1982 წლის 28 მარტის მოვლენებში უნდა ვეძიოთ. რა მოხდა მაშინ? იმ დღეს „მრავალსერიიან ინდურ სერიალს“ მიეცა სტარტი.

1982 წლის 28 მარტს ლონდონიდან დაბრუნებული ინდოეთის პრემიერ –მინისტრი რისხვას ვერ მალავდა. მან აეროპორტშივე განუცხადა მრავალრიცხოვან ჟურნალისტებს: საკუთარ სახლში წესრიგი მაქვს დასამყარებელიო.

picture4-1723543816.jpg

ორი „რკინის ქალბატონი“: ინდირა განდი და მარგარეტ ტეტჩერი

ინდირა განდის რისხვა გამოიწვია უმცროსი რძლის, სანჯაი განდის ქვრივის, მანეკას დასწრებამ გარდაცვლილი სანჯაის თანამებრძოლებისა და მომხრეების დიდ პოლიტიკურ შეკრებაზე. ამ ღონისძიებაზე მანეკა განდის გამოჩენა, ფაქტობრივად, ნიშნავდა მის დიდ პოლიტიკაში შესვლას და ქმრის ადგილის დაკავებას. ეს კი თავდაყირა აყენებდა ინდირა განდის გეგმებს: ის უკვე ამზადებდა უფროს ვაჟს - რაჯივს სანჯაის შემცვლელად. სხვათა შორის, „პოლიტიკურ მემკვიდრედ“ რაჯივ განდის კანდიდატურას კრემლიც მხარს უჭერდა და მანეკა განდის „მეტიჩრობა“ საბჭოთა სპეცსამსახურების დაწყობილ გეგმებსაც ურევდა.

დედამთილმა რძლის უნებართვო პოლიტიკური აქტიურობა უშუალოდ მის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად ჩათვალა და 1982 წლის 28 მარტს, საღამოს, მანეკა განდი, მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, სახლიდან გააძევა. მანეკას ნიუ-დელის ერთ-ერთ სასტუმროში მოუწია გადასვლამ. რამდენიმე დღის შემდეგ მანეკამ ჟურნალისტებს განუცხადა: „ვევედრებოდი მას, რომ არსად მაქვს წასასვლელი და ორი დღე მაინც მომეცი მოსამზადებლადო“, თუმცა ინდოელი „რკინის ქალბატონი“ ინდირა განდი შეუვალი იყო და რძალი, რომელიც უკვე შვიდ წელზე მეტხანს ცხოვრობდა მის ოჯახში, პატარა შვილიშვილთან ერთად სახლიდან გააგდო.

მანეკა, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ძალზე შეუპოვარი ქალბატონი აღმოჩნდა. მეორე დღესვე მან პრესკონფერენცია მოიწვია, სადაც განაცხადა: „მე მათი რძალი ვარ და თავს განდის ოჯახის ნაწილად ვთვლი. თუ ჩემს დედამთილს არ უნდა მის სახლში ვიმყოფებოდე, მას სრული უფლება აქვს გამომაგდოს. მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალზე უსამართლოდ მომექცნენო“. მანეკა განდიმ ისიც დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც სანჯაი გარდაიცვალა, ჩემს ფოსტას ფარულად ხსნიდნენ და ჩემს ტელეფონს მუდმივად უსმენდნენო. იმ დღიდან „ინდოეთის იდეალური ოჯახის“ მითი თანდათან იმსხვრეოდა და ბევრი, მანამდე საიდუმლო ფაქტი გახდა ცნობილი.

picture3-1723543816.jpg

ინდირა განდის „იდეალური ოჯახი“. წინა რიგში: სონია განდი, რაჰულ განდი, ინდირა განდი, პრიანკა განდი, მანეკა განდი. დგანან: რაჯივ და სანჯაი განდები.

მანეკა ანანდი 1956 წლის 26 აგვისტოს დაიბადა დელიში, სიქჰების ოჯახში. მისი მამა ინდოეთის არმიის პოლკოვნიკი ტარლოჩან სინგ ანანდი იყო, ხოლო დედა – ამარდიპ კაურ ანანდი, სერ დათარ სინგჰის ქალიშვილი გახლდათ. მკითხველს შევახსენებ, რომ ინდოეთში მცხოვრებ ინდუსებსა და სიქჰებს ისტორიულად საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვთ და სიქჰი რძალი პრემიერ-მინისტრ ინდირა განდისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. თუმცა მისმა უმცროსმა ვაჟმა, ძალზე ჯიუტმა სანჯაიმ თავისი გაიტანა და 1974 წლის 23 სექტემბერს ცოლად მოიყვანა 18 წლის მანეკა. 1980 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც სანჯაიმ გარდაცვლილი მამის პატივსაცემად, სახელად ფეროზი დაარქვა, თუმცა ინდირა განდიმ შვილიშვილს სახელი ვარუნიც დაუმატა. დღეს ფეროზი-ვარუნი განდი ინდოეთის ერთ-ერთი აქტიური პოლიტიკოსია და მის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი „რძალდედამთილიანის“ ინდურ ვარიანტს დავუბრუნდეთ.

მანეკა განდი-ანანდი სიჯიუტეში თავის ქმარს ნამდვილად არ ჩამორჩებოდა და თავიდანვე ხშირად ერეოდა პოლიტიკურ საკითხებში. მანეკა ინდირა განდის მმართველობის პერიოდში ყველაზე არაპოპულარული „რეფორმის“ - ე.წ. ოჯახის დაგეგმვის პროგრამის ანუ სტერილიზაციიის, წინააღმდეგი იყო. თუმცა ინდირა განდის სჯეროდა, რომ ინდოეთში სიღარიბისგან თავის დასაღწევად... უბრალოდ, უნდა შეწყდეს ღარიბი ადამიანების გამრავლებაო. ამიტომაც იყო, რომ 1977 წლის არჩევნებში ოპოზიციის ერთ-ერთი სლოგანი: „გააძევე ინდირა - გადაარჩინე შენი მამაკაცობა“ გახდა და ოპოზიციამ სენსაციურად გაიმარჯვა.

თუმცა იმ პერიოდში დედამთილისა და უმცროსი რძლის პაექრობა საოჯახო სივრცეს არ სცილდებოდა და სააშკაროზე არ გამოდიოდა. 1982 წლის 28 მარტის შემდეგ კი მანეკა განდი ღიად დაუპირისპირდა დედამთილს - ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ინდირა განდის და მმართველ პარტიას. 1983 წლის 3 აპრილს მანეკამ, გარდაცვლილი მეუღლის სანჯაი განდის თანამებრძოლ აკბარ აჰმედთან ერთად,

picture2-1723543816.jpg

სანჯაი განდი და მისი მეუღლე მანეკა

პოლიტიკური პარტია დაარსა, რომელიც, მანეკას განცხადებით, სანჯაი განდის იდეოლოგიას ეფუძნებოდა. ახალი პოლიტიკური ძალა მმართველი პარტიის („ინდოეთის ეროვნულ კონგრესის“) კონკურენტი გახდა და, უპირველესად, ინდოეთის ახალგაზრდა ამომრჩეველზე იყო ორიენტირებული. მანეკა განდის პიროვნულ-პოლიტიკური მოწინააღმდეგე არა მარტო დედამთილი ინდირა განდი, არამედ - მაზლი, რაჯივ განდიც, გახდა. პრემიერ-მინისტრი, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა ახალი პოლიტიკური პარტიის წინსვლისთვის. გასაკვირი არაა, რომ უმეტესად მიზანსაც აღწევდა: ახალი პარტიის ლიდერები რამდენჯერმე დააპატიმრეს, მათ მუდმივად უწყობდნენ პროვოკაციებს და ა.შ.

picture1-1723543816.jpg

მანეკა განდის ერთ-ერთი პრესკონფერენცია

1984 წელს ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის მაჟორიტარულ არჩევნებში, ამეტის ოლქში ერთმანეთს მანეკა განდი და რაჯივ განდი დაუპირისპირდნენ. მაშინ ინდირა განდის უფროსმა ვაჟმა, საბჭოთა რეჟიმის პროტეჟე რაჯივ განდიმ გაიმარჯვა.

ის საარჩევნო კამპანია იმითაც იყო საინტერესო, რომ მაშინ მანეკამ ღიად დასდო ბრალი ინდირა განდისა და მის უფროს ვაჟს, რომ ისინი წლების მანძილზე საბჭოთა სპეცსამსახურებიდან იღებდნენ ფულსა და პოლიტიკურ დახმარებას.

(მეთოთხმეტე ნაწილის დასასრული)