ზელენსკი უცხოელ პენსიონერებს პუტინის ურდოების დასაბომბად იწვევს - რა პრობლემები აქვთ უკრაინელებს F-16-ებთან დაკავშირებით?! - კვირის პალიტრა

ზელენსკი უცხოელ პენსიონერებს პუტინის ურდოების დასაბომბად იწვევს - რა პრობლემები აქვთ უკრაინელებს F-16-ებთან დაკავშირებით?!

ნებისმიერი სამხედრო ტექნიკა პროფესიონალი ეკიპაჟის გარეშე მხოლოდ რკინის გროვაა და არ შეუძლია საბრძოლო ამოცანის წარმატებით შესრულება...

დღეს ამ პრობლემის წინაშე დადგნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებმაც მართალია, ბოლოსდაბოლოს მიიღეს ათი F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი იმ 79-დან, რომელთა სრული გადაცემა მომავალ წლებშიც გაგრძელდება, მაგრამ მათ კატასტროფულად არ ჰყოფნით გამოცდილი სამხედრო მფრინავები, ამ „მებრძოლი შევარდნებისთვის“...

თითოეულ საბრძოლო თვითმფრინავზე ორი პილოტი მაინც უნდა იყოს მიმაგრებული, რომ შეუწყვეტელი პროცესით შესაძლებელი გახდეს ამ თვითმფრინავის ნებისმიერ დროს გამოყენება.

აშშ-სა და ევროპაში კი უკვე გადაამზადეს ოცამდე უკრაინელი მფრინავი F-16-ებისთვის, მაგრამ მათ ამ ეტაპზე, ძირითადად, „მებრძოლი შევარდნების“ მხოლოდ პილოტირების ხერხების დახვეწა უწევთ, საბრძოლო გამოყენება კი კიდევ ბევრად უფრო რთული ასათვისებელია.

ამიტომაც ძალზე ლოგიკურად მოჩანს, თუკი უკრაინა დაიქირავებდა იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16-ების ფრენისა და საბრძოლო გამოყენების დიდი გამოცდილება დაუგროვდათ, ათწლეულების განმავლობაში და, მიუხედავად იმისა, რომ პენსიაზე არიან, ფინანსური დაინტერესებისა და სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ უკრაინისა ცაში აჩვენონ თავისი პროფესიონალიზმი...

უცხო ქვეყნების პილოტების დაქირავება არახალია და ამას მეოცე საუკუნის თითქმის ყველა, დიდ თუ პატარა ომში ჰქონდა ადგილი.

2-zel-1723544712.jpg
გარდამავალ ეტაპზე, სანამ უკრაინელი მფრინავები უკეთესად აითვისებენ დასავლეთის მიერ ნაჩუქარ F-16-ებს, მათ მართლაც წაადგებოდათ „მებრძოლი შევარდნების“ პენსიონერი პილოტების მხარში ამოდგომა...

სხვის ომში უცხოელი პროფესიონალი სამხედროების დაქირავების ისტორია საუკუნეებს მოითვლის, რაც შეეხება მფრინავებს, ჯერ კიდევ სტალინი გზავნიდა ესპანეთის სამოქალაქო ომში თუ კორეის ომში რუსი ეროვნების სამხედრო მფრინავებს და რუსი ივანოვები ესპანეთში გონსალესები "ხდებოდნენ", ხოლო პეტროვები კორეაში კიმ ჰვანებად "გადაინათლებოდნენ", თუმცა ამით ვერავის ატყუებდნენ, რადგან გახურებული საჰაერო ბრძოლების დროს რადიოეთერს ისევ რუსული გინებით "აბინძურებდნენ"...

ისე, რაღა შორს წავიდეთ: როდესაც აფხაზეთის ომის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ძალებმა რუსი სამხედრო მფრინავი ჟიტნიკოვი დაიქირავა, რომელსაც, მართალია, აფხაზეთის ომში არც ერთი საბრძოლო გაფრენა არ განუხორციელებია, მაგრამ 1993 წლის ოქტომბერ-ნოემბრის სამოქალაქო ომში ძალზე აქტიურობდა (იქ, სადაც ქართველი მფრინავები ან უარს აცხადებდნენ დასავლეთ საქართველოს თავზე გასაფრენად ან სპეციალურად აცილებდნენ ბომბებს)... იმ „დონემდეც“, რომ 20 ნოემბერს ახალთახალი Су-25 (რომელსაც მხოლოდ ექვსი საათი თუ ჰქონდა ნაფრენი) მოგვპარა და მეზობელ სომხეთში გაიტაცა...

უკრაინაში F-16-ებისთვის უცხოელი პენსიონერი პილოტების მიწვევის თემა გასულ წელს პირველად გაჟღერდა.

2023 წლის 11 აპრილის ჩემს ბლოგში, სტატიაში - „F-16-ების პილოტებო, გეპატიჟებით უკრაინის ცაში საბრძოლველად!“ ვწერდი -„უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი იმ უცხოელ მფრინავებს, რომლებსაც F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვა შეუძლიათ, უკრაინის დასაცავად იწვევს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.

"ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ (ომში), უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს", - განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის ხელისუფლებიდან ასეთი შეთავაზება დიდი ხანია, მოსალოდნელი გახლდათ, რადგან, თუკი უკრაინის მხარეს, უცხოურ ლეგიონში იბრძვიან ქვეითები, ტანკისტები თუ მეზენიტეები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაშინ რატომ არ შეიძლება ეს უცხოელ სამხედრო მფრინავებზეც გავრცელდეს?“

და ამ თემამ ორიოდე დღის წინ გაგრძელება ჰპოვა, როდესაც კიევში, პრეზიდენტ ზელენსკისთან სტუმრად მყოფმა ორმა ამერიკელმა სენატორმა - ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა გააჟღერეს მათი საუბრის შინაარსი, - პრეზიდენტმა ზელენსკიმ გვითხრა, რომ აპირებს სპეციალური პროგრამის ამოქმედებას. კერძოდ, უკრაინის საჰაერო ძალებისთვის ნატოს წევრი ქვეყნებიდან იმ პენსიონერი პილოტების დასაქირავებლად, რომლებსაც F-16-ების საბრძოლო ექსპლუატაციის დიდი გამოცდილება აქვთო...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში მართლაც ბევრი პენსიონერი სამხედრო მფრინავი მოიძებნება, რომლებსაც ათასობით საათი აქვთ ნაფრენი F-16-ების სხვადასხვა მოდიფიკაციაზე, თუმცა მათ შორის არც ისე ბევრნი არიან ისინი, ვისაც რეალურ საბრძოლო მოქმედებებში მიუღიათ მონაწილეობა -დაუბომბავთ ან, მით უმეტეს, საჰაერო ორთაბრძოლაში ჩართულან.

რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი არის ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენება - როგორც ერთი, ისე მეორე მებრძოლი მხარის მიერ, რის მაგვარსაც F-16-ების ევროპელი (და ამერიკელიც) სამხედრო მფრინავები არც ყოფილი იუგოსლავიის და არც ერაყის ცაში არ შეხვედრიან, რომ აღარაფერი ვთქვათ ავღანეთის კამპანიაზე.

ამიტომაც არცთუ ისე მარტივი იქნება პენსიონერი პილოტების დაყოლიება, თუნდაც დიდი გასამრჯელოს ფასად, რომ კვლავ ჩასხდნენ F-16-ის ლამაზ და მოხერხებულ კაბინაში და უკრაინის იმ ცაში აიჭრნენ, სადაც მათ რუსული С-400-ების შორსმოქმედი საზენიტო რაკეტები ან Су-35-იდ ტიპის მოდერნიზებული მაღალმანევრირებადი გამანადგურებლები უნდა დახვდნენ...